მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმე მხოლოდ ორმა ტელევიზიამ გააშუქა
10.10.2015
12 ოქტომბერს „კურიერის“ მიერ მომზადებულმა ექსკლუზიურმა სიუჟეტმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის საქმის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილი თითქმის ორი წლის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიების გააქტიურებას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი 2-ის“ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ირიბ თუ პირდაპირ ზეწოლად აფასებს და შესაბამისად, საქმიდან ურთმელიძის აცილებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ოჯახური დაპირისპირების მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირება დაუშვებელია.

„მედიაჩეკერი“ დაინტერესდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის რა დეტალები გააშუქა სხვადასხვა მაუწყებელმა. აღმოჩნდა, რომ 13 ოქტომბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნულ საკითხს, „რუსთავი 2-ის“ გარდა, არც ერთმა მაუწყებელმა არ მიაქცია ყურადღება. ერთადერთი არხი, რომელმაც თემას მცირე დრო (1,2 წუთი-) დაუთმო, „კავკასია“ იყო - არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 20:54 საათზე პროკურატურის მიერ გავრცელებული ვრცელი განცხადების მცირე ნაწილი წაიკითხა, ბოლოს კი დაამატა: „შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაჟღერდა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე, რომელიც ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ დავას იხილავს, სწორედ დედასთან დაკავშირებული საქმის წამოწევით ზეწოლა ხორციელდება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მოამბეს“, „ქრონიკას“, „მაესტროს „კონტაქტს“ და „2030-ს“ თემისთვის საეთერო დრო არ დაუთმიათ. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ „2030-ში“ 13 ოქტომბერს სტუმრად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიწვიეს, კითხვების უმრავლესობა სასამართლო რეფორმის მიმართ მოსამართლეთა ნაწილის პრეტენზიებს ეხებოდა, თუმცა არც ერთი კითხვა ურთმელიძის შესაძლო თვითაცილებასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანს სტუმრისთვის არ დაუსვამს. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძემ „რუსთავი 2-ს“ „2030-ში“ სტუმრობამდე უპასუხა, რომ თვითაცილება თავად მოსამართლის გადასაწყვეტია, მიზანშეწონილი იქნებოდა, „2030-შიც“ გამოეხატა იგივე პოზიცია - ამით, ახალი ამბების რედაქცია თავიდან აიცილებდა ეჭვებს, რომ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის გაშუქებაზე უარს შეგნებულად ამბობს.

რაც შეეხება „კურიერს“, 12 ოქტომბერს მთავარი გამოშვება ასეთი წარმდგენი ტექსტით დაიწყო: „პროკურატურის მძევალ მოსამართლეs - თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა. დაახლოებით ორი წლის წინ მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა. ქონების დავის გამო მომხდარი დანაშაული სამართალდამცველებს წლისა და 8 თვის განმავლობაში თაროზე მანამდე ჰქონდათ შემოდებული, ვიდრე „რუსთავი 2-ის“ საქმე თამაზ ურთმელიძეს არ გადაეცა. ამის შემდეგ მდინარა გიორგობიანის წინააღმდეგ ძიება განახლდა, რასაც შესაბამისად, ავტომატურად მოსამართლის მხრიდან, „რუსთავი 2-ის“ ქონების დაყადაღებაც მოჰყვა. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ურთმელიძის დედას ბრალსაც წაუყენებენ და უკვე წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ქიბარ ხალვაშის საქმეზე“, - „კურიერის“ წამყვანების ეს ტექსტი შეიცავს უაპელაციო მტკიცებას, რომ მოსამართლეზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს, ასევე აუდიტორიას ექმნება წინასწარი განწყობა, რომ ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აუცილებლად გამოიტანს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას.

როგორც წესი, წამყვანების ტექსტები გაცილებით მკვეთრი ტონით არის დაწერილი, ვიდრე სიუჟეტის ავტორების. ასე, მაგალითად, იმავე 12 ოქტომბრის მთავარ გამოშვებაში წამყვანები თუ მოსამართლეს პროკურატურის მძევლად მოიხსენიებენ და „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მის მიერ გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას ოჯახური კონფლიქტის შედეგად პროკურატურის მიზანმიმართულ დაგვიანებულ ქმედებას უკავშირებენ, სიუჟეტში, პირიქით, ფაქტების თანმიმდევრულად დალაგების გზით არის ნაჩვენები ურთმელიძის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზები: „მოსამართლე ურთმელიძის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისათვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ ქონებას დააყადაღებდა“, - ეს არის ჟურნალისტის ტექსტი, რომელსაც ამყარებს უკვე დაზარალებულად ცნობილი ურთმელიძის სიძის, ვალერიან სილაგაძის, კომენტარი ამავე სიუჟეტიდან: „არავის გახსენებია წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში ეს საქმე, ან დაზარალებული ხარ, ან ვინმე რამეს გიშვრება, ან ის მაინც ეთქვათ, რომ დაზარალებული არ ხარ და დამთავრდა ეს საქმე. არც დაზარალებულად ვუცნივართ, არც საქმე გამოუძიებიათ... გარკვეულწილად საეჭვო ვითარება ნამდვილად არის - სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნეს, იმ პერიოდში, როცა ირჩევა რაღაც საქმეები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და ამ საქმის მოსამართლე არის თამაზ ურთმელიძე“.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „კურიერის“ ჟურნალისტები ყველა გზით ეცადნენ, დაკავშირებოდნენ თავად ურთმელიძის დედას - მდინარა გიორგობიანს. კომენტარის ჩასაწერად რეპორტიორები ჩავიდნენ ცაგერში, ურთმელიძის მეორე დის სახლში, ასევე თბილისში, ურთმელიძის სახლში და სილაგაძე-ურთმელიძეების სადაო ბინაშიც მივიდნენ, თუმცა არც ერთ მისამართზე მათ იმ დროს სავარუდო ბრალდებული არ დახვდათ.

კითხვებს აჩენს თავად ფაქტის „კურიერისეული“ სამართლებრივი კვალიფიკაციის მცდელობა: 12 ოქტომბრის ეთერში არაერთხელ ითქვა, რომ მდინარა გიორგობიანმა სიძეს ნაჯახი ჩაარტყა; მეზობლები კი აქცენტს არც თუ მძიმე დაზიანების გამომწვევ დაჭრაზე ამახვილებენ. 12 ოქტომბერს „კურიერი“, ვალერიან სილაგაძეზე დაყრდნობით ამბობდა, რომ „ურთმელიძის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ“ (ასეთივე სათაურით არის გამოქვეყნებული ხსენებული სიუჟეტი ტელეკომპანიის ვებგვერდზე). იმის გათვალისწინებით, რომ „კურიერს“ 12 ოქტომბერს არ უცდია, პროკურატურისგან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიეღო განმარტება, თუ რა მუხლით არის აღძრული საქმე გიორგობიანის წინააღმდეგ, სასურველი იქნებოდა, ფაქტის ხელოვნური გამძაფრების ეჭვის თავიდან ასარიდებლად არა მკვლელობის მცდელობა, არამედ დაჭრა მიეთითებინა. 13 ოქტომბერს სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პროკურატურამ სპეციალურ განცხადებაში და აღნიშნა, რომ საქმე აღიძრა არა მკვლელობის მცდელობის, არამედ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.

12 ოქტომბრის ეთერიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც, ვფიქრობთ, ყურადღებას იმსახურებს: ვალერიან სილაგაძის სახლში გადაღებულ კადრებში ნაჩვენებია არასრუწლოვანი გოგონას ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, სილაგაძის და ურთმელიძის გარდაცვლილი დის ქალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ტელეკომპანიის რეპორტიორმა მშობლისგან მიიღო ნებართვა არასრულწლოვანი შვილის ფოტოს საჯარო ჩვენებაზე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, „კურიერს“ უნდა გაეთვალისწინებინა მოზარდის ინტერესები და რისკები, რომელიც შეიძლება დამდგარიყო რეზონანსული საქმისა და ოჯახური კონფლიქტის გაშუქებისას. მითუფრო, რომ ბავშვის ფოტოს ჩვენებას არ ჰქონდა არანაირი საინფორმაციო ღირებულება.

თუ 12 ოქტომბრის „კურიერი“ ძირითადად ფაქტებს, ფაქტებიდან გამომდინარე დასმულ კითხვებსა და დასკვნებს დაეთმო, 13 ოქტომბრის ეთერის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა იმის განხილვას, უნდა გააგრძელოს თუ არა თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვა: „დარჩება თუ არა ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსამართლედ, ორშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც ქიბარ ხალვაშის საქმეზე მთავარი სხდომაა ჩანიშნული. ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის აცილებას და ამჯერად შუამდგომლობის მოსამართლის დედის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეა. მანამდე კი ხელისუფლება ურთმელიძის დედის გარშემო ატეხილი სკანდალის განეიტრალებას ცდილობს“, - ასეთი იყო წამყვანის წარმდგენი ტექსტი. სიუჟეტებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ურთმელიძეს ხელისუფლება აშანტაჟებს და ამიტომ თვითაცილების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა კი შანტაჟის შესაძლებლობა გამორიცხეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მიმდინარე საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რათა პროცესი არ დაზარალდეს, იუსტიციის საბჭოს მდივანმა კი აღნიშნა, რომ თვითაცილების საკითხი ერთმნიშვნელოვნად მოსამართლის გადასაწყვეტია. ოპოზიციური პარტიების აზრს ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: პროცესთან დაკავშირებული კითხვებისა და შესაძლო ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, ურთმელიძემ თვითაცილების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, - ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. მმართველი გუნდის წევრები კი, ტელეკომპანიას არაეთიკურობასა და მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ