ბაქოში გამართულ აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმს - „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ საქართველოდან POSTV-ის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი რამილია ალიევაც ესწრებოდა.
----------------------------
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების ხარისხი 25.47 ქულით არის შეფასებული და ის 180 ქვეყნიდან 167-ე ადგილს იკავებს.
„პრაქტიკულად, მთელი მედიასექტორი ოფიციალური კონტროლის ქვეშაა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტელევიზია ყველაზე პოპულარული ინფორმაციის წყაროა. ქვეყნის შიგნიდან არცერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ გადაიცემა და ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ბეჭდური გაზეთი დახურულია“, - წერს RSF-ი აზერბაიჯანის შესახებ.
საქართველოში ამ ინდექსით, 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილზეა. ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით არის შეფასებული.
----------------------------
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი რამილია ალიევა, POSTV-ის გადაცემის - „ევროკრატია - ყოფილი ევროპა“ წამყვანთან, იოანე შაიშმელაშვილთან ერთად მონაწილეობდა პანელურ სესიაში - „მედიაეკოსისტემის გაძლიერება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
Oxu.Az-ის ინფორმაციით, „პანელზე განიხილეს მედია ეკოსისტემის გაძლიერების მიმდინარე პრაქტიკა საინფორმაციო ომების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და უცხოური გავლენის მცდელობების ფონზე“.
მეორე პანელურ სესიაზე - „ერთობლივი თანამშრომლობა ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების საქმეში“ სიტყვით გამომსვლელებს შორის კი იყვნენ POSTV-ის ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გია აბაშიძე და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მაია პაჭკორია.
გია აბაშიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ამ ფორუმზე დამსწრეებს გაუზიარა „BBC-ის სამარცხვინო სიუჟეტზე ნაცმარგინალთა გზავნილები“. Oxu.Az-ის ინფორმაციით, BBC-ზე ისაუბრა იოანე შაიშმელაშვილმაც.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, აზერბაიჯან-საქართველოს
მედიაფორუმის გახსნისას აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს
აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად ისმაილოვმა თქვა, რომ
„მედიასუბიექტებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცება და საერთო
საკომუნიკაციო დღის წესრიგის ფორმირება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების
თვალსაზრისით“.

