როცა მედია დანაშაულს ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირებს
20.09.2017
მედიას უშუალოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებს, თუმცა მაშინ როცა ანტისოციალურ ქცევას, მკვლელობას, ძალადობას ან რაიმე მსგავს შემთხვევას აშუქებს, ჟურნალისტები ხშირად სვამენ კითხვას - ხომ არ აქვს ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა მედიამ დანაშაული - სავარაუდოდ ოჯახის წევრის მკვლელობა ფსიქიკურ პრობლემებს დაუკავშირა 17 სექტემბერს იყო. ამ შემთხვევაშიც მედიას არ ჰქონდა არც სამედიცინო დასკვნა და არც გამოძიების შედეგები, რომელითაც ამ ორი ამბის ერთმანეთთან კავშირი დადასტურდებოდა.

მასალაში მეზობლებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა:

“50 წლამდე კაცმა სანადირო თოფით საკუთარი მამა მოკლა, დედა კი - დაჭრა. შემთხვევა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მოხვდა. მეზობლების თქმით, ბრალდებულს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს და ბოლო დღეების განმავლობაში ის თავს ცუდად გრძნობდა. ოჯახის წევრებს ფისიქიატრიულ დაწესებულებაში ის დღეს უნდა წაეყვანათ”, - ამ სიტყვებით დაიწყო ამბის მოყოლა “კურიერის” წამყვანმა 17 სექტემბერს 18 საათიანი საინფორმაციო გამოშვებაში.

თითქმის იდენტური იყო შესავალი ტექსტი “მოამბის” 17 სექტემბერს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში: “ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ საზარელ დანაშაულზე გამოძიება გრძელდება. სოფელ დიმში სანადირო თოფიდან გასროლით კაცმა საკუთარი მამა მოკლა, დედა კი - დაჭრა. ბრალდებული 50 წლამდე ასაკისაა. მეზობლების ინფორმაციით, მშობლებთან ჩხუბის დროს ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც გადიოდა”.

“ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა?” - ეს კითხვა მედიამ მაშინაც არაერთხელ დასვა, როცა გასულ წელს, ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის გახმაურებულ შემთხვევას აშუქებდა. მედიის დიდი ნაწილი ამგვარ კითხვას ავტომატურად სვამს, როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე ან უჩვეულო დანაშაულს ეხება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების შესახებ სახელმძღვანელო წესები მოამზადა, სადაც ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების დაკავშირება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან:

- კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.

- მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.

- არ გამოთქვათ ვარაუდი ადამიანის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, თუკი ზუსტად არ იცით, რომ მას ამგვარი დიაგნოზი აქვს. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ხაზგასმა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ დეტალის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.

- განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ანდა ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. საჯარო ინტერესი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული.

- არ მოიხსენიოთ ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ, თუკი ეს დეტალი ჟურნალისტური პროდუქტის თემას ცხადად არ უკავშირდება და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული.

- როდესაც ასახელებთ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია დააზუსტოთ დიაგნოზის დასმის დრო და ამჟამინდელი მდგომარეობა. შესაძლოა, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა დიაგნოზი, მაგრად დღეს მისგან თავისუფალია.

თეგები : სტიგმატიზება; სტერეოტიპები;
ავტორი : გელა ბოჩიკაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ