ბავშვები ქველმოქმედების ობიექტებად
04.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული ბავშვთა საკითხების მედიამონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მედიაში არასრულწლოვნები კვლავ ხშირად არიან ქველმოქმედების მიმღებ ობიექტებად წარმოჩენილნი. ქველმოქმედების გამცემებად კი გვევლინებიან საჯარო უწყებები, კერძო კომპანიები, პოლიტიკოსები და ა.შ. არასრულწლოვნებს ხშირად ვხედავთ სარეკლამო მასალებშიც.

ის, რომ მედიაში ბავშვები ქველმოქმედების ობიექტები და რეკლამის ან პიარის მონაწილეები ხშირად ხდებიან, რაოდენობრივი მონაცემების მიხედვითაც ჩანს. სამონიტორინგო პერიოდში ბავშვები ქველმოქმედების ობიექტებად 465 მასალაში იყვნენ წარმოჩენილნი, ხოლო 418 მასალა კი იმგვარი იყო, სადაც არასრულწლოვნები კონკრეტულმა უწყებებმა, პოლიტიკოსებმა თუ კერძო კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის გამოიყენეს: „ასეთ შემთხვევებშიც მედია მთლიანად მიყვება მათ მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს, აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დღესასწაულების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების დროს,“ - აღნიშნულია კვლევაში.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაგალითად, აუტიზმის ცნობადობის დღეს პარლამენტარებმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს. რამდენიმე სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაშიც მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ დამსწრე საზოგადოებას ფრაქციის თავმჯდომარე მიესალმა, დაათვალიერეს 12 წლის ბავშვის ნამუშევრების გამოფენა, მაგრამ თავად ბავშვებზე აქცენტი არ გაკეთებულა. „ეტანიუსს“ არც ის გამორჩენია, რომ საბავშვო ბაღის ზეიმს ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე და კულტურის სამსახურის უფროსი დაესწრნენ. Kvira.ge-ს სიახლე კი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის წინ 900 კვადრატულ მეტრზე სკვერი მოეწყო და რომლის პროექტიც IX და X კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგმა დაწერეს და თავად განახორციელეს, კარგად აჩვენებს მედიის ზოგად მიდგომას ბავშვებისადმი - სიახლეში მთავარი იყო არა ის, რომ პროექტი მოსწავლეებმა განახორციელეს, არამედ აქცენტი გაკეთდა სკვერის გახსნასა და გამგებლის მიერ წითელი ლენტის გაჭრაზე. პროექტის ავტორი მოსწავლეების შესახებ მხოლოდ ერთი წინადადებით, ნიუსის ბოლოშია აღნიშნული. ისინი ფოტოზეც კი ვერ მოხვდნენ.

ქარტიის კვლევის მიხედვით, გამოწვევად რჩება ჯანმრთელობის პრობლემების და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები არასრულწლოვნების გაშუქება - მედია ცდილობს, რაც შეიძლება სენტიმენტალურ ჭრილში გააშუქოს კონკრეტული ბავშვის მძიმე მდგომარეობა და ხშირად, აუდიტორიასაც მაუწოდებს ხოლმე, დაეხმაროს არასრულწლოვანს. „ერთი მხრივ დღის წესრიგში დგას ბავშვის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, რის გაუმჯობესებაში მედია ფიქრობს, რომ დაეხმარება, თუ აუდიტორიას მოუწოდებს თანხის ჩარიცხვისკენ, მეორეს მხრივ კი მედიის ფუნქცია არ არის ქველმოქმედება“ -ვკითღხულობთ ანგარიშში.

მაგალითად, Newpost.ge-მ გაავრცელა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია მის დასახმარებლად. გამოცემამ გაასაჯაროვა არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის დიაგნოზი, არამედ გამოყენებული აქვს ფოტო, სადაც ბავშვი ნახევრად შიშველია და მისი სხეულის დაზიანებული ნაწილი ჩანს. ანგარიშის მიხედვით, „მსგავსი ფოტოს გამოყენება, მიუხედავად გამოცემის კეთილი მიზნებისა, არაეთიკურია და ბავშვის ამ მდგომარეობაში გამოსახვა. ამ სტატიებს შესაძლოა ჰქონდეს კეთილშობილური მიზანი დაეხმაროს პატარებს, მაგრამ რადგანაც ჟურნალისტის მოვალეობა პრობლემის არსის ხალხამდე მიტანა, მისი მხილება და ხელისუფლების იძულებაა, რომ არსებული პრობლემები გადაჭრას, აუცილებელია ამ თემების სიღრმისეულად გაშუქება. ნათლად უნდა ჩანდეს, რატომ სჭირდება ამ ხალხს ქველმოქმედება და რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება დაიცვას პატარები ამ ყოფისგან. თუ ბევრი ჟურნალისტი მოსთხოვს პასუხს ხელისუფლებას, უფრო მეტია შანსი, რომ ძირეული რეფორმები გატარდეს. ამ პრობლემის ასე ფრაგმენტულად, ზედაპირულად გაშუქებამ კი დღეს შეიძლება იხსნას კონკრეტული ბავშვი, მაგრამ ხვალ სხვები კვლავ დადგებიან ამ სისტემური პრობლემის წინაშე. სოციალური შეჭირვების საკითხები მედიაში ფაქტობრივად ქველმოქმედებს კონტექსტში შუქდება, იმის მაგივრად, რომ მედიამ პრობლემა აჩვენოს და დასვას კითხები სახელმწიფოს მიმართულებით, გვიყვება კონკრეტული ბავშვების სენტიმენტალურ ისტორიებს მძიმე სოციალური პირობების შესახებ“.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია - არასრულწლოვნები ქველმოქმედების ობიექტები განსაკუთრებით, რელიგიური თუ სხვა ტიპის დღესასწაულების დროს ხდებიან. მედიასაშუალებები ასეთ დღეებში ყველაზე მეტ დროს უთმობენ სხვადასხვა პოლიტიკოსის, ფონდისა თუ ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ, სად და როგორ მოინახულა ბავშვები; მიუტანა საჩუქრები და ა.შ. “ეკრანებსა და სტატიებში რომელიმე სახელმწიფო უწყების ან კერძო კომპანიის ვიზიტისას ნახსენები ბავშვებით, მედია იმ დღის შემდეგ, როგორც წესი, აღარ ინტერესდება”- აღნიშნულია კვლევაში.

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვების თემაზე მიძღვნილი მასალების 63% (217 მასალა) სწორედ საპირველივნისო ღონისძიებებმა, სარეკლამო/პიარ მასალებმა და საქველმოქმედო ღონისძიებებმა დაიკავა.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მასალების უმეტესობაში აქცენტირებული იყო არა თავად არასრულწლოვნები, არამედ მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობის ფონდთან ერთად კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებთან. აჭარის ტელევიზიამ კი გააშუქა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ვიზიტი ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და ბენეფიციარებისთვის ტკბილეულისა და საჩუქრების დარიგება.

ამ საკითხებზე საუბარია ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეიმუშავა. წესებში ვკითხულობთ:

· „ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარმოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯისშესაქმნელად აქტიურად იყენებენ ბავშვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების გამოყენებით“.

· „უმჯობესია, ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს. მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გაშუქდეს თანმიმდევრობით, კონკრეტული ისტორიები კი ჟურნალისტებმა სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად გამოიყენონ“.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : ლანა როყვა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ