ხეების “გადარჩენის” ამბავი იმედზე
17.04.2018
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა დენდროლოგიურ პარკში დიდი ხანია მედიის კრიტიკის საგანია. უმეტესად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ხეების გადატანის პროცესში ზიანდება გზა, სხვა ხეები, ეკოსისტემა. სადენების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი რჩება ელექტროენერგიის გარეშე, უფრო მეტიც, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეც არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

ამ კრიტიკის საპირწონედ, 15 აპრილს, გადაცემა “იმედის კვირამ” მოსიარულე ხეების დადებითი კუთხით წარმოჩენა სცადა. წამყვანმა თქვა, რომ “გურიაში დენდროლოგიური პარკის გაშენების პროცესი არც თუ ისე მშვიდ გარემოში გრძელდება და ამ ყველაფერმა ოპოზიციის და მისი მიმდევარი ტელევიზიის კონტექსტში, ცოტა არ იყოს კომიკური სახე მიიღო”. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერის ოპონენტები თითქმის ყოველდღიურად იუწყებიან, რომ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.  დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ კი იმასაც ამბობენ, რომ ხეების მთხრელი ცხოვრობს და ივანიშვილს ბუნების მტერს უწოდებენ, თუმცა რეალურად არავის უნახავს რა ხდება პარკში “რომლის ანალოგიც მსოფლიოში, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე იყოს და სადაც წლების შემდეგ მისვლა ყველას შეეძლება”. წამყვანმა იქვე რიტორიკული კითხვაც დასვა - “გარემოს მტერი თუ ქველმოქმედი? რა მიზნით ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს”

სიუჟეტში ამ კითხვის პასუხი არ უძებნიათ, მასალის მთლიანი ფოკუსი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის ჩვენება იყო.

დასაწყისშივე, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, აუდიტორიას პარკში არსებული ხეები გააცნეს, მეტყევის კომენტარით კი უთხეს, რომ ყველა ხე იმაზე უკეთეს პირობებშია ამ პარკში, ვიდრე იმ ადგილას, საიდანაც გადმოიტანეს. მაგალითად, პარკში გადაინაცვლა ციხისძირიდან ევკალიპტმა, რომლის მოჭრასაც მოსახლება ითხოვდა. მოქალაქე ადასტურებს როგორი შეწუხებული იყვნენ ამ ხის გამო.

ჟურნალისტს უკმაყოფილო მოქალაქე არ უჩვენებია მაშინ, როდესაც სხვა არაერთ მედიასაშუალებასთან ადგილობრივები ხეების მოჭრის გამო წუხილს ვერ მალავდნენ, განსხვავებული აზრი აუდიტორიას პრაქტიკულად არ მოუსმენია. მაგალითად, არ უსაუბრიათ არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგრონომებს თუ ბიოლოგებს, რომლებიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ამახვილებენ ყურადღებას.

“გადარჩენილი” ხეების ბედნიერი ისტორიების პარალელურად, ხეში გაცვლილი სიკეთის არაერთი ამბავიც მოვისმინეთ. მაგალითად, როგორ შესთავაზეს თავად მაცხოვრებლებმა ბიძინა ივანიშვილს ხე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ გზა გააკეთეს, ეზო მოაპირკეთეს, ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდა. წვერმაღალოს ამბავს უკვე ჟურნალისტი ჰყვება - ხეების ნაცვლად როგორ დაუგეს გზა და გააკეთეს საბავშვო ბაღი, რომელიც სოფელში ბოლო ოცი წელია არ ყოფილა. ბობოყვათში კი გზების დაგებაში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა.

სიუჟეტში მხოლოდ კმაყოფილი მოქალაქეები საუბრობდნენ. ამის პარალელურად, თითქმის იმავე დროს სხვა არხზე, “რუსთავი 2-ის” ეთერში, მსგავს თემაზე მომზადებულ მასალაში, მხოლოდ უკმაყოფილო მოქალაქეები ჩანდნენ. ისინი წუხდნენ, რომ მაგალითად სოფელ კახათში გზა მხოლოდ გადასატან ხემდე მიდის და სხვაგან არაფერი გაუკეთებიათ.

ხეების გადამრგველი კომპანიის, “ზიმოს” წარმომადგენელი სიუჟეტში ირწმუნება, რომ ერთი გადარგული ხის ნაცვლად იმ ადგილას ასს ნერგს რგავენ, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ. მოთხრილ ადგილებს კი იმ კონდიციამდე ამუშავებენ, რა შეთანხმებაც მეპატრონესთან აქვთ. ალაგ-ალაგ დარჩენილი მოშიშვლებული ადგილებიც სწორედ შეთანხმების შედეგი ყოფილა, რადგან მეპატრონეს სახლის აშენება ან ბოსტნის გაშენება ჰქონია გადაწყვეტილი იმ ადგილას. ამ სიტყვების გადამოწმება ჟურნალისტს არ უცდია, არ დაინტერესებულა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახლი ვინ ააშენა. გადატანილი ხეების ადგილას კი დატოვებული სიცარიელე და გამოწვეული პრობლემები რომ არაერთია, არც ეს უთქვამს ჟურნალისტს.

“იმედის კვირის” სიუჟეტში სრულ ჰარმონიას, ისევ ოპოზიცია არღვევს. “ნაციონალური მოძრაობა” აჭარაში ჟურნალისტის თქმით, “გარემოს დამცველების სტატუსით გვევლინება”, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რომ ხე გადაიტანოს სახელმწიფო გზას უკეთებს და ბიუჯეტის ფულს ხარჯავს. ბრალდებას უარყოფს საგზაო დეპარტამენტი. ჟურნალისტს არც ამ საკითხის გარკვევა უცდია, არ დაინტერესებულა დოკუმენტების მოძიებით, რომ რეალურად გაერკვია მართლაც იხარჯება თუ არა ბიუჯეტის სახსრები ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. მაყურებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარის ამარა დარჩა.

ეკოსისტემის რღვევაზე წუხილის საპასუხოდ კი ისევ მეტყევე საუბრობს და ნიცშეს ციტატაზე დაყრდნობით აიმედებს საზოგადოებას, რომ ერთი ხე ვერავითარ პრობლემას ვერ შექმნის. იქვე მაყურებელს ახსენებს, რომ წლების წინ, ხეები უმოწყალოდ იჩეხებოდა და ამაზე ხმას არავინ იღებდა. ეკოლოგიური კატასტროფა კი არა ხეების გადატანა, არამედ, მაგალითად, “მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაა”.

შემდეგ “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ჩნდება. იგი ამბობს, რომ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება ოპოზიციურ პარტიას სურს “ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”. შემდეგ კი რესპონდენტი და ჟურნალისტი იმ პროექტების საერთო ღირებულებას დეტალურად გვახსენებს, რაც ფონდმა წლების განმავლობაში განახორციელა. რამდენიმე წუთით სიუჟეტის ფოკუესი იცვლება და თბილისის და ბათმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტსაც აცნობენ მაყურებელს. ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ბუნების მტერი არ არის.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ისევ დენდროლოგიურ პარკს უბრუნდება. ყვება, თურმე აჭარაში აჟიოტაჟი არ წყდება, მოსახლეობის ერთი ნაწილი ხეების ასაკის დადგენითა და მათი სარფიანად გაყიდვით ყოფილა დაინტერესებული. მეორე უკმაყოფილო ნაწილი კი გარემოზე ზიანის მიყენებაზე საუბრობს. თუმცა, ასეთ დროს ყურადღების მიღმა დარჩენიათ ის ასწლოვანი ხეები, რომლებიც, ჟურნალისტის თქმით, სხვადასხვა დროს და სხვადსხვა მიზეზით თავად მოსახლეობა გაუჩეხავს.

“ეს ელოდათ იმ ხეებსაც, რომელიც დღეს გადასარევ პირობებში ბოტანიკოსების და მეცნიერების ხელშია აღმოჩენილი და იცოცხლებს კიდევ რამდენიმე წელი, რას ხედავთ ამაში ცუდს, ვერაფერი ვერ გავიგე” - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და მოსიარულე ხეების 15 წუთიანი ისტორიაც აქ მთავრდება.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ