რატომ გაუარესდა საქართველოს მედია მდგრადობის ინდექსი
10.05.2019
მედიის მდგრადობის ინდექსში (MSI) საქართველოს კოეფიციენტი გასულ წლებთან შედარებით გაუარესდა. კვლევის მიხედვით, რომელსაც საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) ატარებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოსთვის მინიჭებულმა კოეფიციენტმა 4-დან 2,25 შეადგინა. ეს ქულა წინა წლის მონაცემს (2.31) ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა ინდექსში 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2,63) კი ქვეყანას 2014 წელს ჰქონდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველო კვლავაც მდგრადთან მიახლოებულ ქვეყანათა ბლოკში რჩება, თუმცა კოეფიციენტის შემადგენელი ხუთი მთავარი მიზნიდან 4-ში ქვეყნისთვის მინიჭებულმა ქულებმა დაიკლო. ეს მიზნებია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი და მედია ბიზნესის მართვა. ერთადერთი კრიტერიუმი სადაც ქვეყანას წინსვლა აქვს მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციებია.

„ინდექსში ქულის კლება ნიშნავს, რომ არამდგრადთან მიახლოებული მედია სისტემისკენ გადავიხარეთ. უკეთ რომ განვმარტო, მდგრადთან მიახლოებულ სისტემაში ვრჩებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არამდგრადთან მიახლოებულისაკენ მივცოცავთ. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს“, - აღნიშნავს მედია მკვლევარი და IREX-ის კვლევის თანაავტორი ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბარში.

2018 წელს ქართული მედიისთვის არსებული გამოწვევებიდან ზოგიერთი პრობლემა წინა წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აისახა და ისინი დღემდე მოუგვარებელია. მათ შორის, პრობლემურად რჩება ზოგიერთ საჯარო უწყებაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და თვითცენზურის პრაქტიკა მედიასაშუალებებში. თუმცა, უშუალოდ გასულ წელს მედიაში მიმდინარე რამდენიმე სხვადასხვა პროცესიც უარყოფითად აისახა მედიის მდგრადობაზე, რაც გაუარესებულ ინდექსის ნიშნულში გამოიხატა.

IREX-ის კვლევა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მაუწყებლობის შესახებ კანონში 2018 წელს შესულ ცვლილებებზე. კვლევის მონაწილეების თქმით, შესული ცვლილებები გაუმჭვირვალეს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების ნაწილს, ისევე როგორც გაზრდილი სარეკლამო საეთერო დრო არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა მაუწყებლებს.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე. ესენია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ე.წ. „ცენზურის კანონპროექტი“ რომელიც ითვალისწინებდა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას თუკი ის ლახავს ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში წამყვან მედიასაშუალებებს შორის გაზრდილ პოლარიზაციასა და პოლიტიკური მიკერძოების ზრდაზე, რის გამოც ინდექსის მეორე კომპონენტმა, პროფესიონალურმა ჟურნალისტიკამ ყველაზე მეტად, 0.13 ნიშნულით დაიკლო. ექსპერტთა შეფასებებით, გასულ წლებთან შედარებით, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმებიც.

„არ ვიცი, ვინმე აწარმოებს თუ არა სტატისტიკას, მაგრამ, როგორც ეს კვლევის პროცესში გამოვლინდა და ფოკუს ჯგუფის წევრებმაც აღნიშნეს, წინა ორ წელთან შედარებით გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმები. ერთი ორი წელიწადი შედარებით სიმშვიდე იყო ამ კუთხით, მაგრამ შარშანდელ ანგარიშში მოხვდა ისეთი ფაქტები, როგორებიცაა მაგალითად TV პირველის ჟურნალისტს საარჩევნო პერიოდში სახეში ჩაარტყეს, აგრეთვე როდესაც ულტრა-მემარჯვენეები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მანქანას გარს შემოერტყნენ და თავდასხმა სცადეს", - აღნიშნავს ეკატერინე ბასილაია.

მედია მდგრადობის ინდექსის ანგარიშში საუბარი არის ქართული მედიასივრცის დადებით მხარეებზეც. მაგალითად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ მედიაბაზარზე შესვლის თვალსაზრისით არ არსებობს საკანონმდებლო ბარიერები. გარდა ამისა, არ დაფიქსირებულა ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტები. თუმცა, როგორც კვლევის თანაავტორი მედიაჩეკერთან საუბრისას აღნიშნავს, ქართულ მედია სივრცეზე საუბრისას უმთავრეს პოზიტიურ ფაქტორად, უკვე წლებია, მიიჩნევა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მაღალი სტანდარტი.

„ჩვენი მიღწევა და ამაზე საუბრობენ ჩვენი ექსპერტთა პანელის წევრები, ბოლო 15 წელია, ეს არის კარგი კანონმდებლობა, რომელიც არის რეგიონში მოწინავე. რეგიონში ვგულისხმობ არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპას,“ - აცხადებს ბასილაია.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რამდენიმე კანონპროექტის შესახებ დაიწყო საუბარი, რასაც შესაძლოა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისათვის ზიანი მიეყენებინა, აღნიშნული პროექტები ამ დრომდე კანონად არ ქცეულა. ეს კი, კვლევაში მონაწილეთა შეფასებით, ცხადყოფს რომ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობის რესურსი საზოგადოებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე იჩენს თავს. თუმცა, იქვე საუბარია, რომ პრობლემად რჩება კანონმდებლობის რეალურ ცხოვრებაში აღსრულება.

„ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ და რასაც ქვია სული კბილებით გვიჭირავს,“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე, მედია პროგრამის მენეჯერი საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოდან, კვლევის დოკუმენტში.

რაც შეეხება მხარდამჭერ ინსტიტუტებს, მედია მდგრადობის ინდექსის ერთადერთ კომპონენტს, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს, ანგარიშის შეფასებით, ქვეყანაში მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, რომლებიც ჟურნალისტებისა და მედიის ინტერესების დასაცავად მუშაობენ. კვლევის მონაწილეები ხაზს უსვამენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მნიშვნელობას მედიაგარემოს გაჯანსაღებისათვის. ანგარიში ხაზს უსვამს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განსახილველად შესული საქმეების რაოდენობის ზრდასა და სხვა აქტორების, მათ შორის მაუწყებელთა ალიანსის, მედია ადვოკატირების კოალიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

მედიის მდგრადობის ინდექსზე IREX 2001 წლიდან მოყოლებული მუშაობს და მედიის განვითარების პერსპექტივიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 21 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი წყაროს კი ქვეყნებში ადგილობრივ ექსპერტთა და მედიაში გავლენის მქონე ადამიანთა მიერ დაკომპლექტებული პანელი წარმოადგენს.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ