მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 10 კანდიდატს სურს
20.11.2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 10 განმცხადებელი დარეგისტრირდა. მათ შორის 6 ისეთი კანდიდატია, რომლებიც წინა კონკურსებშიც მონაწილოებდნენ, ოთხი კი ახალი. ამ ოთხ კანდიდატს შორის არიან მაუწყებლის თანამშრომლები, მათ შორის ნათია ზოიძე, რომელიც ამჟამად ასრულებს დირექტორის მოვალეობას.


დირექტორობის მსურველთა სია ასეთია:

  • დავით ჩხარტიშვილი - ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომელი.
  • ფირუზ ბოლქვაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი;
  • შოთა ზოიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში;
  • გიორგი კოხრეიძე - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი;
  • შოთა  გუჯაბიძე - საზოგადოება "ბათომის" დამფუძნებელი, მაუწყებლის თანამშრომელი;
  • ნათია ზოიძე -  ამჟამად იგი ასრულებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, რადგანაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებმდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ის დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მანამდე ნათია ზოიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის ოფისში მუშაობდა
  • ნათია შავაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების პროდიუსერი;
  • მაია მერკვილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ლაშა ზარგინავა  -  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის  ტოქშოუს "მთავარი აჭარაში" წამყვანი;
  • შოთა (ბაჩო) გურაბანიძე -  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი;

მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, სოსო სტურუას თქმით, რადგან ათიდან ექვსი კანდიდატი კონკურსებში ადრეც მონაწილეობდა და მათი ბიოგრაფიები მათთვის ცნობილია, განაცხადების გადარჩევა და შესაბამისად, დირექტორის არჩევა დროში არ გაჭიანურდება. 


"ხვალ დღის პირველ ნახევარში უკვე გვეცოდინება იმ კანდიდატთა სია, რომელთაც მოვიწვევთ გასაუბრებაზე", - განაცხადა  სოსო სტურუამ აჭარის მაუწყებელთან.

მაუწყებლის ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭომ უნდა შეარჩიოს, რომელიც ამ ეტაპზე 4 წევრისგან შედგება.  


შეგახსენებთ, ეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსია. ბოლო 7 თვის განმავლობაში, აპრილიდან დღემდე, დირექტორის შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩავარდა. მეოთხე კონკურსი კი საბუთების მიღების დასრულებამდე ორი დღით ადრე, წინა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ შეაჩერა. კონკურსი ორი დღის წინ, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგრძელდა.

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. ამ დრომდე მაუწყებელს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე მართავს.

მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი შიშობს, რომ მრჩეველთა საბჭო, რომელიც უკვე ახალი წევრებისგან შედგება, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ კანდიდატს აირჩევს. ამის შესახებ მათ არაერთხელ ღიადაც განაცხადეს.

ამ შიშებს იზიარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

“ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 ნოემბერს, ქარტიის საბჭოს სახელით გავრცელდა.

ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა”.

ასევე, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა: “ უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ”.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დღეს გავრელდა მედიაკოალიციის განცხადებაც. 

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა და შემდგომში განვითარებული მოვლენები ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს პროცესი მართულია ხელისუფლების მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მედიაკოალიციას  კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიაჩნია დირექტორად შერჩეული იქნეს ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ