ბორდის ორი წევრის მოთხოვნა, აქცია და აქტივისტის შიმშილი - ელის თუ არა იმპიჩმენტი აჭარის TV-ს დირექტორს
06.06.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ, დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, 3 ივნისს მრჩეველთა საბჭოს მიმართა. ორშაბათს, 8 ივნისს, საბჭოში კიდევ ერთი განცხადება შევა - ბორდის მეორე წევრის, თამარ წილოსანის. პარალელურად, მერვე დღეა ტელევიზიის წინ ამავე მოთხოვნით შიმშილობს საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე მილორავა და დღეს, 5 ივნისს, ამავე მოთხოვნით, ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. “მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია, დაიწყება თუ არა დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა.

დასაქმებულთა დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სტრუქტურული ერთეულების მსხვრევა და პრიორიტეტების შეუსრულებლობა - ეს ნაწილია იმ პრობლემებისა, რის გამოც, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ საბჭოს დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების განცხადებით მიმართა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან მინიმუმ ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო. გია ქარცივაძე “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ ახლა მაუწყებელში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ გადაწყვიტა საბჭოსთვის ინდივიდუალურად მიემართა, იმ იმედით, რომ სხვა მრჩევლებიც შეუერთდებოდნენ.

“თითქმის ყველა კვარტალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ მქონდა მცდელობა, რომ მიმემართა საბჭოსთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი მრჩევლის მიმართვა საკმარისი არ იქნებოდა პროცედურების დასაწყებად. თუმცა, ახლა იმდენად დამძიმდა სიტუაცია, რომ ვიმედოვნებდი სხვა მრჩევლებიც შემომიერთდებოდნენ. ეს ნამდვილად არ გადამიწყვეტია ახლა, ამ კვირაში, აქამდეც მქონდა მცდელობა, მაგრამ სხვა მრჩევლების თანხმობა არ მქონდა. ახლა გადავწყვიტე ინდივიდუალურად მიმემართა, თუ ვინმე შემომიერთდებოდა და დაინახავდა იგივეს, რასაც მე ვხედავდი, ამ პროცესს მსვლელობა მიეცემოდა - ამ განწყობით შევიტანე მე”.

ქარცივაძის გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდება საბჭოს მეორე წევრი - თამარ წილოსანი. გადაწყვეტილების მისაღებად მას რამდენიმედღიანი ფიქრი დასჭირდა. დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებაზე შორენა ღლონტის გათავისუფლებამ იქონია გავლენა. მანამდე ის ამბობდა, რომ გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა.

“აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დაუსაბუთებელი გათავისუფლების, მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და ხელშეკრულებების ცალმხრივად შეცვლის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში. კულმინაცია იყო შორენა ღლონტის უკვე მეორეჯერ გათავისუფლება”, - წერს თამარ წილოსანი.



მეტი დეტალის გასარკვევად, რატომ დასჭირდა თამარ წილოსანს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ამდენი დრო და რატომ არ მიმართა დღესვე, ”მედიაჩეკერი” დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას. თავდაპირველად იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

გია ქარცივაძის თქმით, მან ამ განცხადების შემდეგ თამარ წილოსანს შესთავაზა, რომ დღესვე მოაწერდა ხელს ტექსტზე და დღეს შეეტანათ განცხადება, თუმცა, მან უპასუხა, რომ დოკუმენტზე შაბათ-კვირას უნდა იმუშაოს და სრულყოფილი ტექსტი საბჭოში შესატანად ორშაბათს ექნება.

ბორდის წევრების გარდა, უკვე მერვე დღეა, დირექტორის იმპიჩმენტისა და გათავისუფლებული ჟურნალისტების დაბრუნების მოთხოვნით, ტელევიზიის წინ შიმშილობს მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე მილორავა.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან. ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,- განაცხადა მან 29 მაისს, შიმშილობის დაწყების პირველ დღეს, აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

პარალელურად, დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ორგანიზებით, მაუწყებლის წინ აქცია გაიმართა, სადაც აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორება გააპროტესტეს.

ამ მოვლენების პარალელურად, უკვე არაერთი საერთაშორისო და ადგილობირივ ორგანიზაციების განცხადება იძებნება, რომელთა მთავარი აქცენტი არის ის, რომ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. ბოლო ასეთი გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განცხადება 14 მაისს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე და გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლეს. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კი, უფრო კონკრეტულად, “კოალიციამ მედიის თავისუფლებისთვის” ბოლო განცხადება გუშინ, 4 ივნისს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც მაუწყებლიდან შორენა ღლონტიც გაუშვეს. ამ განცხაებაში კოალიციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს”.

ამ ყველაფრის ფონზე, დღეს, 5 ივნისს, აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაციამ აქციის მონაწილეებისა და მოშიმშილეების დისკრედიტაცია მათი პოლიტიკური აფილაციების ძებნით სცადა.

"ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე", - ეს არის ამონარიდი საგანგებო განცხადებიდან, რომელიც დღეს აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაციის სახელით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ პაქსაძემ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

თუ თამარ წილოსანი გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის და ორშაბათს განცხადებას შეიტანს, საბჭომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს. “მედიაჩეკერი” ბორდის თავმჯდომარესთან გიგა ჩხარტიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა. ერთ-ერთმა მრჩეველმა თამილა დოლიძემ კი დღეს აჭარის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ მან, გიგა ჩხარტიშვილმა და სოსო სტურუამ იმსჯელეს და ისინი დირექტორის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ:

“შედგა კომუნიკაცია მრჩეველთა საბჭოს სამ წევრთს შორის - გიგა ჩხარტიშვილს, სოსო სტურუასა და ჩემ შორის და მინდა საზოგადოებას და ასევე მოშიმშილეებს ვუთხრა, რომ იმპიჩმენტის საკითხი შემოვა თუ არ შემოვა, მას ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნება. არ შედგება იმპიჩმენტი გიორგი კოხრეიძის, ვინაიდან სამი მხარდამჭერი არ ეყოლება ამ პროცესს”, - განაცხადა თამილა დოლიძემ.

თუ ორშაბათს მრჩეველთა საბჭოში წილოსანის განცხადება შევა, საბჭოს გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღის ვადა ექნება. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი კი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

გია ქარცივაძეს ფიქრობს, რომ ეს პროცედურა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტით არ დასრულდება, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთხელ გაცხადება სხვა მრჩევლებზეც მოახდენს გავლენას.

“სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინი არ მაქვს, რომ შედეგით დასრულდება ეს პროცედურა. მაგრამ, კიდევ ერთი მცდელობა მექნება და კიდევ ერთხელ გაცხადდება რა ხდება მაუწყებელში, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად, ეს გავლენას მოახდენს სხვა მრჩევლებზე და დაინახავენ იმას, რისი დანახვაც, სამწუხაროდ, არ სურთ. შეიძლება, გადაწყვეტილებაც მიიღონ, ფარული კენჭისყრაა და ყველაფერი მოსალოდნელია”, - ამბობს გია ქარცივაძე.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აჭარის TV-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გათავისუფლებული 3 თანამშრომელი არხზე დააბრუნოს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სამსახურში დააბრუნოს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე, რომელთა გათავისუფლებასაც საპროტესტო აქცია და ასევე, მათი დაბრუნების მოთხოვნით, 230 თანამშრომლის მოთხოვნა მოჰყვა. კონკრეტულად რა პოზიციაზე აბრუნებენ  ყოფილ თანამშრომლებს, იმ განცხადებიდან რაც გამოქვეყნდა, ძნელად ირკვევა, ამ დრომდე ასევე უცნობია დასთანხმდებიან თუ არა მენეჯმენტის შეთავაზებას გათავისუფლებული თანამშრომლები. ეს იმ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ ხვალ უნდა მიიღონ, ამ დრომდე არცერთ მათგანს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. 

ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია: 
 
"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".


"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით, რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. 

ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო გურაბანიძე. 

"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ "მედიაჩეკერთან".  

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში,  230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს. 

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.
“ტაბულას” რედაქტორი სამი თვით პოსტს ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
ონლაინგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. გამოცემის რედაქტორი ამ დროის განმავლობაში "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე იქნება.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები - სანამ კამპანიაა. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

230 თანამშრომელი აჭარა TV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, დღეს 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხელმომწერები მაწუყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი - შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, თანამშრომლები შიდა მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც მაუწყებელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს EMC იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

“პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა.”

30-31 ივლისს მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა” აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“.


მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პროფკავშირები აქციებს აანონსებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს– შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ბაჩო გურაბანიძემ 30 ივლისს ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.



იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა:

“ის რაც მოხდა, არ შეიძლება რომ დარჩეს რეაგირების გარეშე და ამას უნდა მოყვეს პერმანენტული აქციები. ამ აქციებს ვაანონსებთ მაუწყებლის თანამშრომლები განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროფკავშირში ვერთიანდებით” - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - დაუყოვნებლ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები, გადადგეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ჩაერთოს ბორდი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.

“მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რომ ჩაერთოს პროცესში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ მაუწყებელში მდგომარეობა დასტაბილურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პერმანენტული აქციების მოთხოვნა იქნება მათი დათხოვნაც” - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა და მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის შენობის წინ სიმბოლუირად ღამე გაათენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ .