"იმედის" ვიდეორგოლები მარეგულირებელმა წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია და არხს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
29.10.2021
“მთავარი არხის” შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ “იმედის” მიერ მიხელ სააკშვილის საპრეზიდენტო პერიოდის შესახებ გაკეთებული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია და მაუწყებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

რა მოხდა?

28 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ სხდომაზე “იმედის” ორი ვიდეოს - მათგან ერთი 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასწრების მოწოდებას ეხებოდა, მეორე კი, სახელწოდებით „გვახსოვს“, მოიცავდა საარქივო კადრების კოლაჟს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე.

ორივე ვიდეო კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია და “იმედს” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

“იმედის” საქმის განხილვა

“იმედის” იურისტმა, ანდრო ლაშხმა, ორმელიც კომისიის სხდომაზე მაუწყებლის ინტერესებს იცავდა, თქვა, რომ არ ეთანხმება კანონის იმ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი სადავო ვიდეორგოლებს სარეკლამო მასალებად მიიჩნევს.

„პირველ რგოლზე (რომელიც “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრების მოწოდებას ეხებოდა ) არ ვაპირებ კამათს. იმ ინტერპრეტაციით, როგორც თქვენ განმარტავთ კანონს, ნამდვილად ექცევა კანონდარღვევის ფარგლებში” - თქვა ანდრო ლაშხმა.

მეორე ვიდეორგოლზე მესხმა განმარტა, რომ საკუთარი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული ვიდეოკოლაჟია და წინასაარჩევნო სარეკლამო მასალად არ უნდა იყოს განხილული.

ანდრო ლაშხის ახსნით, სააკაშვილის მმართელობაზე მომზადებული ვიდეორგოლი “გვახსოვს” - „საინფორმაციო გამოშვების გაფორმებაა”:

„რადგან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს მოვლენა მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოაქცია, ეს რატომ ართმევს მაუწყებელს უფლებას, რომ ეს საკითხი გააშუქოს? რა ბოჭავს მაუწყებელს, რომ ისტორიული კადრების კოლაჟი გააერთიანოს და გახადოს თავისი გადაცემის ქუდად და ამ ქუდით შიეყვანოს, მაგალითად, საინფორმაციო,“ - მიმართა კომისიას ანდრო ლაშხმა.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ “იმედის” იურისტს განუმარტა, რომ ვიდეორგოლები ეთერში პოლიტიკური რეკლამის სახით იყო გადაცემული და ტირაჟირებული: “სხვა ნებისმიერი ფორმით და დროს უფლება გაქვთ [განათავსოთ მსგავსი ვიდეო], დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე”.

მისივე თქმით, კომისიამ ეს საქმე, წინა დღეს განხილული “მთავარი არხის” საქმის მსგავსად განიხილა.

“მთავარი არხის” საქმე

“იმედის” საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას

ტელეკომპანია “მთავარი არხი” კი ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლები არა პოლიტიკური რეკლამა, არამედ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული მათი სამოქალაქო პოზიციაა.

რას ამბობს საარჩევნო კოდექსი?

საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

ამავე რეგულაციით, წინასაარჩევნო რეკლამად ითვლება მასალა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ