როცა მედია ხუმრობის სახელით დაგ(ვ)ცინის
03.02.2022
თუ გულწრფელები ვიქნებით, არავის გაგვიჭირდება ცხოვრებიდან ისეთი ეპიზოდის გახსენება, როცა შეურაცხყოფა მოგვაყენეს ან გვაწყენინეს ხუმრობის სახელით. თუ ეს მანკიერება პირადი ურთიერთობების ნაწილია, შეიძლება, გაჩუმდე, რადგან შეურაცხყოფაზე სწრაფი პასუხი ვერ მოიფიქრო, ან თავადაც დასცინო საკუთარ თავს, და თავი აარიდო ახალ თავდასხმას - „ხუმრობა არ გესმის“. ყველა ეს გამოცდილება მტკივნეულია.

რა ხდება მაშინ, როდესაც პრობლემა უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს? მაგალითად, როცა იუმორისტული გადაცემა დასცინის ადამიანს კონკრეტული ნიშნის მიხედვით, როგორც ამ ვიდეოში. ეს იუმორისტული სკეტჩი (თუ საერთოდ შეიძლება, ამ ვულგარული ვიდეოს განხილვისას სიტყვა „იუმორისტული“ გამოვიყენოთ) ჭარბწონიანი და მსუქანი ქალების სრულ დეჰუმანიზებას ეწევა. მათ არამხოლოდ ზარმაც და არამიმზიდველ, ასევე უჭკუო ადამიანებადაც გვიხატავს. „გოგოებო, ჯანზე ხართ და კაცურად მანქანაზე წამიკარით ხელი“ - ამ სიტყვებით აცლის მათ ქალის იდენტობას.

სიმსუქნის მიუღებლობას, სიძულვილს ან მასზე დაფუძნებულ სტიგმას ხშირად მოიხსენიებენ სოციალურად მისაღებ დისკრიმინაციის ფორმად. თუ ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საზოგადოებებში არსებობს, შესაძლოა, მცირე მასშტაბის ან გავლენის, მაგრამ მაინც თანხმობა, ჭარბ წონასთან დაკავშირებით ასეთი კონსენსუსი არ გვაქვს. ამას მოწმობს ის უკუკავშირიც, რაც სკეტჩმა სოციალური ქსელებით მიიღო. 7 000-ზე მეტი რეაქციიდან მხოლოდ 67 გამოხატავს ვიდეოს შინაარსისადმი უკმაყოფილებას. დამაიმედებელი ვითარებაა კომენტარებში, მათი უმეტესობა ვიდეოს იუმორისგან დაცლილად და შეურაცხმყოფლად განიხილავს.

სხეულის აღქმის და მედიის კავშირი არაერთგზის ნაკვლევია. ამ შემთხვევაში მედიას სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით ვიყენებ და მასში მოვიაზრებ ტელევიზიას, სტრიმინგ სერვისებს, რეალურ და სატელევიზიო შოუებს და სოციალურ ქსელებსაც. 2019 წელს მენტალური ჯანმრთელობის ფონდმა დიდ ბრიტანეთში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, რეალური შოუები ამწვავებს სხეულთან დაკავშირებულ შფოთვას.

კვლევა ეხმიანებოდა იმ დროისთვის ერთ-ერთ პოპულარულ რეალურ შოუს, „სიყვარულის კუნძული“ და მასში მონაწილე ადამიანებს. პროგრამისადმი კრიტიკის მთავარი ფოკუსი სწორედ ჭარბწონიანი სხეულების არარსებობას უკავშირდებოდა. ფონდმა შეშფოთება გამოხატა იმ გავლენაზე, რაც სატელევიზიო გადაცემებს განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიაზე აქვს. მონაცემები მართლაც შემაშფოთებელია. კვლევის თანახმად, საკუთარი სხეულის ნეგატიური აღქმის გამო, 18-24 წლამდე ადამიანების 24% -ს შფოთვა განუვითარდა, გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ ამავე მიზეზით სუიციდური ფიქრები გაუჩნდა, 15%-მა კი თავი მიზანმიმართულად დაიზიანა.

alt



მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, 18 წელს გადაცილებულ 1.9 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემები გვეუბნება, რომ ჭარბი წონის მაჩვენებელი ქვეყანაში 62%-ია, ხოლო სიმსუქნის - 31%. ეს არის მასშტაბი და ადამიანების ის რაოდენობა, ვის მდგომარეობასაც ზემოთაღნიშნული ვიდეო აბუჩად იგდებს.

რამდენიმე მიზეზი არსებობს სიმსუქნის გამო ადამიანების დაცინვის არაეთიკურად განსახილველად. ჭარბ წონას და სიმსუქნეს აქვს ეკონომიკურ-სოციალური განზომილება. არაერთი საერთაშორისო კვლევა მოწმობს, რომ ჭარბი წონა დაბალი ეკონომიკური შემოსავლების ქვეყნებს და ოჯახებს აწუხებთ, და ასეთ დროს ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან.

გარდა ამისა, ჭარბი წონა და სიმსუქნე დაკავშირებულია კვებითი აშლილობის სხვადასხვა ფორმასთან. გამუდმებით დიეტაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და პირად პასუხისმგებლობაზე საუბარი ისედაც სტრესულია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანისთვის. აღარაფერს ვამბობ ამ ძალიან საფრთხილო საკითხის იუმორის, თანაც ასეთ ვულგარული იუმორის, პერსპექტივით გაშუქებაზე. როგორც სიმსუქნესთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარი, პროფესორი არაია შარმა აღნიშნავს, მსუქანი ადამიანისთვის იმის თქმა, რომ ნაკლები ჭამოს და მეტი იმოძრაოს, იგივეა, დეპრესიაში მყოფ ადამიანს უთხრათ, რომ გამხიარულდეს. ეს თანაგრძნობის და გაგების ნაკლებობაზე მიანიშნებს.

იუმორისტული გადაცემები რომ ხშირად პრობლემურია, ახალი არ არის. ისინი ხშირად, სავსეა უხამსი ხუმრობებით ადამიანებზე და დანაშაულებზეც კი. ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალის გაშუქებისას, ამერიკული ტელევიზიების წამყვანი სახეები დაუზოგავად ამცირებდნენ ლევინსკის. მათი ხუმრობები მიზოგინური და შეურაცხმყოფელი იყო. ეს შემთხვევა კიბერბულინგის ლამის პირველ და ქრესტომათიულ მაგალითადაც ითვლება. მაიკლ ჯექსონის მიმართ პედოფილიის უმძიმეს ბრალდებასაც სიცილ-ხარხარით შეხვდნენ იგივე წამყვანები.

ამ ადამიანების უმეტესობა დღესაც ეკრანიდან გველაპარაკება, მაგრამ ქართული მედიისგან განსხვავებით, მათთვის დრო გავიდა, კონტექსტი შეიცვალა, შესაბამისად, დღეს ვეღარავინ გაბედავს 25 წლის წინანდელ უხამსობას. კონტექსტის ცვლილების შედეგია ისიც, რომ „ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა სატელევიზიო სერიალის გადაღება, რომელიც, მაყურებლების შეფასებით, აძლიერებდა სტიგმას ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანების მიმართ. სერიალი გაუმაძღარი 2018 წელს გამოვიდა. მაყურებლის უკმაყოფილება პირველივე ტრეილერის გავრცელებას მოჰყვა. შოუს მთავარი გმირი, პატი, წარსულში ჭარბწონიანი გოგოა, რომელიც წონის დაკლების შემდეგ ცდილობს, შური იძიოს იმ ადამიანებზე, ვინც სიმსუქნის გამო ამცირებდა. სერიალის შეწყვეტის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ასი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამ მაგალითების ფონზე ქართული სატელევიზიო სივრცე, დრომოჭმული იუმორისტული გადაცემებით ღრმა კრიზისში მყოფად გამოიყურება. იმედის საფუძველი მაინცდამაინც არ ჩანს, მაგრამ ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, შესაძლებელია, ვიხილოთ გადაცემები, რომლებიც სიმსუქნეზე დაცინვის ნაცვლად, სიმსუქნის სიძულვილს დასცინებს.

ავტორი : ელენე ხაჭაპურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ