უფლებრივი რისკები რუსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც Covid-19-ის თემას აშუქებენ
10.05.2020
მიმდინარე წლის 1 აპრილს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მანამდე მსგავსი ქმედება ადმინისტრაციული ჯარიმით ან მასალის ბლოკირებით ისჯებოდა. “მედიის უფლებათა დაცვის ცენტრის დირექტორი” ორგანიზაციის დირექტორი გალინა არაპოვა განმარტავს, რას ნიშნავს ეს კანონი და რა რისკებს შეიცავს რუსი ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის თემის გაშუქება.

ახალი კანონით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და პირად ცხოვრებაში შეჭრა, ასევე სამედიცინო საიდუმლოების გამჟღავნება, ჟურნალისტის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ მედიას ასეთი ბრალდების შემთხვევაში ფინანსური სანქცია და მასალის დაბლოკვა ელის, მასალის ავტორი აღნიშნული ქმედებისთვის, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშიც მისცენ. მანამდე მსგავსი ქმედება ადმინისტრაციული ჯარიმით ან მასალის ბლოკირებით ისჯებოდა.

“მედიის უფლებათა დაცვის ცენტრის დირექტორი” გალინა არაპოვა ფიქრობს, რომ ახლა რუსეთში კორონავირუსის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ეს ყველაზე მთავარი და საშიში რისკია.

რისკი #1 - ყალბი ამბის გავრცელება

რა მიიჩნევა კორონავირუსის შესახებ ყალბ ამბად?

უშუალოდ ტერმინი „ყალბი ამბავი“ რუსულ კანონმდებლობაში არ იძებნება. საუბარია საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც ნეგატიური შედეგების საფრთხეს ქმნის. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობასთან, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. ან უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ასეთმა ინფორმაციამ ხელი შეუშალოს სიცოცხლისთვის აუცილებელი ობიექტების მუშაობას. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი ეს გაგება უფრო ფართოა.

ყალბი ამბების კატეგორიაში ხშირად ხვდება ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს, განსხვავდებოდეს ოფიციალური ცნობებისგან. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს მასალა, რომელიც ეხება მიღებული ზომების არაფექტურობას, ან მედიკამენტებისა და მედპერსონალის არასაკმარის რაოდენობას, ან ისეთ წამლებსა და მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც უშედეგოა.

მაგალითად, თუკი ჟურნალისტმა დაწერა, რომ ეპიდემიის დროს მაღაზიებში წიწიბურა გათავდა, რამაც პროდუქტის საყიდლად მაღაზიებში ხალხის დიდი ნაკადის მისვლა გამოიწვია. თუკი, აღმოჩნდება, რომ ჟურნალისტმა პრობლემა გააზვიადა, არასანდრო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია, ჟურნალისტი და რედაქცია ფინანსური სანქციებით რისკავს. რა ემუქრებათ მათ:

  • არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც პოტენციური ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ინდივიდუალური პირი 30 000-დან 100 000 რუბლამდე (400$-დან 1300$-მდე) თანხით დაჯარიმდება, ჟურნალისტი და რედაქცია 60 000-დან 200 000 რუბლამდე (800$-დან 2600$-მდე), მასობრივი მედიასაშუალება კი - 200 000-დან 500 000-მდე რუბლის (2600$-დან 6700$-მდე) ოდენობის თანხით. ამასთან, მათ შესაძლოა, ის პლანშეტი ან კომპიუტერი ჩამოართვან, საიდანაც „ყალბი ინფორმაცია“ გავრცელდა;

  • ამასთან, შესაძლოა დაიბლოკოს თავად სტატია და ვებგვერდი, რომელზეც ის გამოქვეყნდა. ბლოკირების შესახებ გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს. იგი ინფორმაციას „როსკომნადზორს“ (მედიის მაკონტროლებელი სააგენტო) უგზავნის, რომელიც თავის მხრივ მედიასაშუალებას „ყალბი ამბის“ წასაშლელად 24 საათიან ვადას აძლევს. თუკი აღნიშნული სისრულეში არ მოვა, თავად ეს მასალა ან მთელი რესურსი, შესაძლოა, დაიბლოკოს; 

  • თუკი „ყალბი ინფორმაციის“ შედეგად ზიანი ადამიანის ჯანმრთელობას მიადგა, მაშინ ამ ამბის გავრცელებისთვის ჯარიმა 700 000-დან 1.5 მლნ-მდე (9400$-დან 20 000$-მდე) რუბლის ფარგლებში იქნება ან, პირს, შესაძლოა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს. მედიისა და სხვა ორგანიზაციისთვის ფინანსური სანქცია 1.5-დან 3 მილიონი რუბლის ფარგლებში განისაზღვრება (20 000$ -დან 40 000$-მდე); 

  • თუკი „ყალბი ამბის“ გავრცელებას ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, მაშინ კერძო პირისთვის ფინანსური სანქცია 1.5-დან 2 მლნ რუბლის ფარგლებში იმერყევებს, ან მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. მედია და სხვა ორგანიზაციები მსგავსი ქმედებისთვის 3-დან 5 მლნ რუბლით დაჯარიმდებიან.

რისკი#2 - პირად ცხოვრებაში შეჭრა ან პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება

ეპიდემიის შესახებ ამბები ხშირად ადამიანების პირად ისტორიებს ეხება. კონკრეტული ადამიანის შესახებ მოყოლისას ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს - მოძებნოს ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის აუცილებლობასა და პატივისცემას შორის.

რა მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს?


ეს არის ნებისმიერი ისეთი სახის ინფორმაცია, რომლითაც ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს მისი პასპორტის მონაცემები, სამუშაო ადგილის, საკუთრების, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ა.შ..

დაირღვა თუ არა პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნა, ამას, ყოველ ჯერზე, „როსკომნადზორი“ წყვეტს. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევისთვის რედაქცია 75 000 რუბლის ოდენობის თანხით ჯარიმდება (1000$)

რისკი#3 - სამედიცინო საიდუმლოების გამჟღავნდება

ეს პროფესიული საიდუმლოა და მასზე პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა სამედიცინო პერსონალს ეკისრება, მათ შორის, ფარმაცევტებსაც. პაციენტის შესახებ ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნებით, სამედიცინო საიდუმლოების გამჟავნებაზე პასუხისმგებლები ჟურნალისტებიც ხდებიან. ჟურნალისტს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟაღავნების უფლება მისი თანხმობის გარეშე მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში აქვს, როდესაც ამას საზოგადოებრივი ინტერესი ითხოვს.

რა არის სამედიცინო საიდუმლოება?

ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხება სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვას, ანალიზების პასუხებს, დიაგნოზს და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

რა ემუქრებათ ადამიანებს მისი დარღვევისთვის?

პრესაში სამედიცინო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ჟურნალისტი 5 000 რუბლის ოდენობის თანხით დაჯარიმდება; შესაძლებელია, აღნიშნული სასამართლომდეც მივიდეს და მოქალაქემ მორალური ზიანისთვის კომპენსაციაც მოითხოვოს. როგორ შევამციროთ რისკი მასალაზე მუშაობის დროს?

გალინა არაპოვა რუს ჟურნალისტებს, რომლებიც Covid-19-ის შესახებ მუშაობენ, ურჩევს:

  • გადაამოწმეთ ყველა მონაცემი, რომელსაც კორონავირუსის შესახებ აქვეყნებთ. მნიშვნელოვანია, მასალში ჩანდეს, რომ თქვენ ფატები სათანადოდ გადაამოწმეთ; 

  • თუკი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენზე საქმეს არ აღძრავენ. თუკი ინფორმაციას ბოლომდე არ ენდობით, აუცილებლად მიუთითეთ, რომ მის სისწორეში დარწმუნებული არ ხართ და ის კითხვისა და დაშვების სახით ჩამოაყალიბეთ და არა როგორც დადასტურებული ფაქტი; 

  • გამოკვეთეთ, რომ თქვენი თვითმიზანი დეზინფორმაციის გავრცელება არ არის და რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმაში დასარწმუნებლად, რომ ინფორმაცია ნამდვილად სწორია; 

  • აუცილებლად დაიცავით წყაროს კონფიდენციალურობა, რომელმაც ინფორმაცია ანონიმურად გაგიზიარათ. აღნიშნული ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოს შესახებ კანონით არის დაცული;

  • არ გამოაქვეყნოთ იმ პაციენტების ვინაობა, რომლებსაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ნიშნები აქვთ. მატი თანხმობის გარეშე არ დააკონკრეტოთ მათი წარმომავლობა, მათი სავარაუდო დიაგნოზი და ასევე, მონაცემები იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა მათთან კონტაქტში, თუკი ამას საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა არ ითხოვს;

  • ოფიციალურ წყაროსთან კავშირი სრული გარანტია არ არის. არ გამოაქვეყნოთ ყველა ინფორმაცია, რაც ხელისუფლებისა და სხვა ოფიციალურ განცხადებებშია. ხშირად შეცდმობისა და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, ასეთ დოკუემნტებში ისეთი ინფორმაცია ხვდება, რომლის გავრელებაც არ შეიძლებოდა. ასეთ შემთხვევაში, მედიებად დარეგისტრირებულ ორგანიზაციები დაცულები არიან, თუმცა არარეგისტრირებულმა პორტალებმა, შესაძლოა „როსკომნადზორის“ ყურადღება მიიპყრონ.

წყარო: ijnet.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ