“რუსთავი 2-ში” მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინგამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა. გამოცემამ მოპოვა დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებისა და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია არხზე გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია”.
მაუწყებლის გენერალური დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი საეთერო ბადის განახლება და არხის სტრუქტურულად დახვეწაა.
“ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლობას რაიმე საფრთხე ემუქრება, პირიქით - ვფიქრობთ, გავზარდოთ ეთერში არსებული პროდუქტების რაოდენობა და უფრო მეტად ორგანიზებული იყოს სტრუქტურა, ეს არის ამოცანა. ყველა ადამიანს ჰქონდეს გაწერილი თავისი პოზიციის შესაბამისი ვალდებულებები, უფლებამოვალეობები და ა.შ. რომ მოვიდეს შესაბამისობაში მათი სამსახურეობრივი უფლებამოვალეობები, აღრიცხვის წესი, სამუშაო საათები და ა.შ. ჩვენი სტრუქტურა საჭიროებს დახვეწას”.
მისივე თქმით, შარშანდელი წელი ძალიან დატვირთული იყო და, ძირითადად, მობილიზებულნი იყვნენ, რომ სატელევიზიო ბადე შეევსოთ და ეთერში პოლიტიკური ტოქშოუ დაემატებინათ: “აქამდე ვერ მოვიცალეთ ამისთვის და ახლა ვფიქრობთ, რომ არის შესაბამისი დრო და, ალბათ, ერთ თვეში ამ ყველაფერს დავალაგებთ. გამოვყავით შიდა ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ მოვახდინოთ სწორად დაგეგმარება.”
ჩვენს კითხვაზე, რეორგანიზაცია შეეხებათ თუ არა მაუწყებლის თანამშრომლებს და იგეგმება თუ არა გუნდის შემცირება ან პირიქით - გაზრდა, პაატა სალია გვპასუხობს, რომ არ გამორიცხავს, გარკვეული ცვლილებები მოხდეს სტაფის შემადგენლობაში, თუმცა, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული:
“მასობრივი გათავისუფლება არ იგეგმება, საუბარი იყო თანამშრომლების გარკვეულწილად დამატებაზეც, ოღონდ ვნახოთ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. არ არის განზრახვა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვათ”.
მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაცია სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებსაც მოიაზრებს:
“ბადეში ცვლილებები ისედაც იგეგმება იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბრის ბოლოს კომედი ჯგუფმა დაგვტოვა და გადავიდა სხვა არხზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ ჟანრის გადაცემები შეიძლება დავამატოთ, გასართობი გადაცემები. ამ ეტაპზე ჩვენი ბადე საჭიროებს გადახალისებას, გამრავალფეროვნებას და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დავაანონსებთ ახალ გადაცემებს და გაიგებს ამის შესახებ მაყურებელი, თუ რითი შეივსება ჩვენი სამაუწყებლო ბადე. შეიძლება ერთი-ორი თვე დასჭირდეს ამ ყველაფერს. უკვე ვმუშაობთ გარკვეულ პროექტებზე”.
ორგანიზაციული ცვლილებების ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა. ჩვენს კითხვაზე, რას უკავშირებს რეიტინგების კლებას და რას გეგმავენ ფინანსური რესურსის გასაუმჯობესებლად, სალია გვპასუხობს:
“მას შემდეგ, რაც არხი ორად გაიყო, რეიტინგიც, ფაქტობრივად, ორად გაიყო. დღეს რომ შეხედოთ რეიტინგებს, “იმედი” დარჩა პირველ ადგილზე და, შესაბამისად, მეორე ადგილზე არის კონკურენცია ჩვენსა და “მთავარს” შორის. ფაქტობრივად, ორად გაიყო არხი და მივიღეთ ორად გაყოფილი რეიტინგი, რაც თავისთავად ამცირებს სარეკლამო შემოსავალს. ისედაც შემცირდა შემოსავალი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და, შესაბამისად, შემცირდა ის ფინანსური რესურსიც, რომლის მოზიდვაც შეგვიძლია კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ ისეთი გადაცემების შემუშავებას და ისე დალაგებას სტრუქტურის, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ეფექტი მივიღოთ.”
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწვდილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა. 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტელევიზიებმა ჯამში 42,204,809 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად, 9.4 მილიონი ლარით შემცირდა “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი და 7,689,254 ლარი შეადგინა.
"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. რის შემდეგაც ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.











“ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ
ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი შედეგია იმ მიზანმიმართული
სიძულვილისა, რასაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად
აფრქვევს პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის
მიმართ”, - წერს დავით ზურაბიშვილი, “ერთიანი ნაციონალური
მოძრაობიდან”, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისაა,
რომ ხელისუფლებას საკუთარ სამსახურში ჰყავს ჩაყენებული ეს ე. წ.
შპანა, უბნის ხულიგნები და კრიმინლური ბანდები, რეგულარულად იყენებს
მათ არჩევნების და არა მარტო არჩევნების დროს, - “ეს არის პირდაპირი
შედეგი იმის, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ოპოზიციურ პარტიას,
რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, საპარლამენტო
ტრიბუნიდნ ერის და ქვეყნის მტრებს ეძახის და დეპუტატებად წოდებული
უპრინციპო კონფორმისტები მას ტაშს უკრავენ”.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ
ლიდერს გიგა ბოკერიას, მსგავსი ძალადობა ბიძინა ივანიშვილის
პროპაგანდისა და მსგავსი ძალადობის ჩამდენი პირების დაუსჯელობის
შედეგად მიაჩნია:
“როცა ოპოზიციური არხის
ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ
ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით. ვხედავთ რა
პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი
მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის
გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე
პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე".
“ეს ფაქტი გამომდინარეობს იქიდან,
რომ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა საზოგადოების დაყოფის
სტანდარტი. ოცნების სტანდარტია, როგორ გაყოს საზოგადოება და როგორ
დააპირისპიროს ისინი და თუ ვინმე რამე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს მათი
პოლიტიკის მიმართ, იმ წუთშივე მიაწებონ რაღაც ჯგუფს, შერაცხონ ისინი
რადიკალებად და ა.შ”.
“ეს არის შედეგი ხელისუფლების
მიერ სიძულვილის ენისა და აგრესიის წახალისების, განსხვავებული აზრის
მქონე ადამიანების ან ჯგუფების მიმართ”, - ამბობს “სტრატეგია
აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და შესაბამის უწყებებს მკაცრი
რეაგირებისკენ მოუწოდებს, - “რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და
წახალისებების შედეგად, ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი
დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!”
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია
წერს, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ
საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ: “და არც ერთ
პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან
რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა
იყოს გათავისუფლების საფუძველი”.
“ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს
კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ
აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ
სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია
სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს
ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი
ნამდვილად არის შემაშფოთებელი და უნდა იყოს
გამოძიებული”.
“ამ ინციდენტზე დროული და
ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც
გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, - ამბობს “ქართული ოცნების”
წევრი, პარლამენტის თავმჯდოარე არჩილ თალაკვაძე.
"ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ
ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ
სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა
ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი
ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ
იქნება გამოძიებული", - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი ირმა
ზავრადაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.
“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და,
უარს ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის
სრულუფლებიანი, როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენი კრიტიკა ხშირ
შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
დამოკიდებულება, ადამიანურიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან
დამოკიდებულებაზე, ვერანიარ კრიტიკას ვერ უძლებს”, - ამბობს
“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი.
“სამწუხაროდ, მახსოვს, როცა ანრი
ოხანაშვილის მიმართ მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა
მოძალადეს. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ღირს ამად და იმედია,
ამ შემთხვევაში მაინც გვექნება ყველას საერთო პოზიცია. სოლიდარობას
ვუცხადებ ვახო სანაიას და მადლობა სამართალდამცავებს, რომ მყისიერად
მოახდინეს რეაგირება და მოძალადეები დააკავეს შემთხვევის
ადგილზე”, - ამბობს იგი.