“ტვ პირველი” და “მთავარი” წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს
22.11.2021
“ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს. ტელევიზიები მომხდარს დისკრიმინაციულ მიდგომად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობებად აღიქვამენ.

რა მოხდა

“მთავარი არხსა” და “ტვ პირველში” ამბობენ, რომ 22 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგის შესახებ შემთხვევით გაიგეს. გასაშუქებლად მისული ტელევიზიები დაცვამ პრესკონფერენციაზე არ შეუშვა და განუმარტა, რომ “ასეთი მითითება აქვთ”.

“მთავარი არხის” პროდიუსერი თეონა გილიგაშვილი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროდან ბრიფინგებისა და კონფერენციების შესახებ ინფრორმაციას არასდროს აწვდიან და ანონსები მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიებს ეგზავნებათ: “მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ ბრიფინგების შესახებ, როდესაც სამთავრობო არხებზე ვხედავთ წულუკიანის გამოსვლებს”.

“გვაქვს კითხვები და დასმის შესაძლებლობა არ გვეძლევა” - ამბობს თეონა გილიგაშვილი.

იმავეზე საუბრობს “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და გვეუბნება: „პრესსამსახურის თანამშრომელი არ პასუხობს ზარებს. საშვთა ბიურო კი ამბობს, რომ მითითება გვაქვს, რომ შევუშვათ მხოლოდ ეს კონკრეტული ტელევიზიებიო“.

“ტვ პირველსა” და “მთავარ არხში” ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საკთხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიმართვას აპირებენ.

ნოდარ მეალაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც გეგმავენ: „ერთადერთი ინსტიტუციაა დარჩენილი, რომელსაც შეუძლია რაღაც გააკეთოს“.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ

კონტექსტი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.

ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრის ბრიფინგზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედია ვერ მოხვდა

11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზეც ვერ მოხვდნენ “ტვ პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ