საქართველო
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც ბოლო სამი თვე მაუწყებლის ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.


აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ემზარ პაქსაძე "ბათუმელებთან" განმარტავს, რომ შორენა ლონტის ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უსწრებდა სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც მაუწყებელში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ დაიწყო. ბრძანებაში, რომელიც მაშინ დირექტრის სახელით ონლაინ სამსახურს გადაეგზავნა, ნათქვამი იყო, რომ "ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება''.

ასეთი პოზიცია მაუწყებლის ვებგვერდის კონსულტანტის პოზიცია იყო, სადაც შორენა ღლონტი ბოლო სამი თვე მუშაობდა.

"მედიაჩეკერი" ცდილობს შორენა ღლონტთან დაკავშირებას და დამატებითი დეტალების გარკვევას.





alt
კატეგორია - საქართველო
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, გია ჟორჟოლიანის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2021 წლიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ინიციატივა იმ არგუმენტით არის ახსნილი, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად უნდა შეეძლოს და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდნენ.

“ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ის, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა არ იყოს სასყიდლიანი და მასზე წვდომა იყოს უფასო და თანაბარი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, როგორც ეს აპრობირებულია მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში”, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი სხვა ქვეყნების გამოცდილებას იმოწმებს და წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში საერთოდ აკრძალულია ფასიანი პოლიტიკური რეკლამები; გერმანიაში პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილები არიან უფასო საარჩევნო დროით და იმავდროულად მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ შესაბამისი საფასური და განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საფრანგეთში კი ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არჩევნებამდე 3 თვის განმავლობაშია აკრძალულია.

გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან მხოლოდ იტალიაში, პორტუგალიაში და ლიტვაშია დაშვებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ისიც ძალიან მკაცრი შეზღუდვებით და ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები. მისივე განმარტებით, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს საეთერო დროის განაწილებას, უკიდურესად დისკრიმინაციულია არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ, მათ არ შეუძლიათ ეფექტურად უფასო საეთერო დროით სარგებლობა და ტელევიზიებს არც იმის ვალდებულება აქვთ მათ მიმართ, რომ დებატებში მონაწილეობისას შეუქმნან ერთნაირი პირობები.

“ასეთი მიდგომა რადიკალურად ზღუდავს პოლიტიკური ძალების დინამიურად გადახალისების პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისათვის. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სატელევიზიო სივრცეში ყველა საარჩევნო სუბიექტი სარგებლობდეს თანაბარი შესაძლებლობით, რაც ეხება უფასო პოლიტიკური რეკლამითა და დებატებში არადისკრიმინაციულად მონაწილეობის შესაძლებლობას, ამასთანავე დიდი ფინანსური შესაძლებლობების პარტიებთან მიმართებაში დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები არ აღმოჩნდნენ უკონკურენტო მდგომარეობაში, იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა”,- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ინიციატივა ბიურომ პირველ ივნისს განიხილა და დასაშვებად ცნო. საკომიტეტო მოსმენები 5 ივნისიდან იწყება, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო ვადა კი 18 სექტემბერია.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო. აქტივისტმა დღეს, 29 მაისს მაუწყებლის წინ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან. Ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,- განაცხადა მან აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“ აქციამაუწყებლის შენობის წინ 26 მაისსაც გამართა.


ფოტო: რადიო თავისუფლება
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს - უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაია და აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძე. ახალი მეწილეები ჯამში არხის 38%-ს ფლობენ.

22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, ნიკა გვარამიამ თავისი წილის 37% ბაკურ ჯახაიას 37 000 ლარად გადასცა. თეიმურაზ ვასილიძემ კი წილის 1% კახაბერ ანჯაფარიძისგან 1000 ლარად იყიდა.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ტელეკომპანიაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის განაცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია და ცვლილებები რეესტრში საბოლოოდ ასახული არ არის.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” წილს სულ 8 ადამიანი ფლობს. საჯარო რეესტრის მიხედვით, 22 მაისიდან წილები შემდეგნაირად ნაწილდება: კახაბერ ანჯაფარიძე – 38%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკა გვარამია – 14%, ნიკოლოზ სისაური – 3%, მარი ანა რურუა - 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, თეიმურაზ ვასილიძე - 1%.

22 მაისამდე კი არხის საკონტროლო პაკეტს ნიკა გვარამია ფლობდა და წილები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ნიკა გვარამია – 51%, კახაბერ ანჯაფარიძე – 39%, ნიკოლოზ სისაური – 3%,მარი ანა რურუა – 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%.
კატეგორია - საქართველო
26 მაისიდან მაუწყებლობას „ევრონიუს საქართველო“ დაიწყებს. „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა.  აგვისტოს დასაწყისიდან კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“ დააფუძნეს.

უკვე ცნობილია, რომ „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ტელემაუწყებლების, ონლაინგამოცემების, რადიოებისა და ონლაინტელევიზიების შემდეგ, დღეს, 21 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთდღიანი ონლაინაქცია გამართეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ფეისბუკ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი განათავსეს - ჰეშთეგით #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.

აქციას 25-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს ეროვნული პლატფორმა
  • სამართლიანი არჩევნები
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საზოგადოება „ბათომი“
  • საზოგადოება და ბანკები
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს პენცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
  • საფარი
  • მწვანე სექტორი
  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას შეუერთდა "კოალიცია თანასწორობისთვის" და "საქართველოს ეროვნული პლატფორმა".

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა და ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.
კატეგორია - საქართველო

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ ერთდღიან აქციას აგრძელებს და მონაწილეობას ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრებმა 21 მაისს ორგანიზაციის ან/და პირად ფეისბუქ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი უნდა განათავსონ ჰეშთეგით - #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.



აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.

კატეგორია - საქართველო
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” (DRI) პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე. ხოლო “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით, შსს-სა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციებმა ამის შესახებ განცხადება აჭარის მაუწყებლიდან წამყვანისა და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, 13 და 14 მაისს გამოაქვეყნეს.

DRI აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებს და წერს, რომ დასაქმებულების სამსახურიდან დათხოვნა სიტყვის, აზრის, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოთა შეფასებას საჭიროებს.

მივმართავთ “საქართველოს პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს: გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად” - ნათქვამია DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.



EMC-ის შეფასებით კი, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფკავშირების საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

“გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მის მიზანს განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯა წარმოადგენს, რამდენადაც:

  1. კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელნი აღმოჩდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით;
  2. დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ;
  3. კორხეიძის ინიციატივითვე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებელნი;
  4. დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და გამოყენებული იქნა მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ;
  5. კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ", - წერს EMC.


შეგახსენებთ, რომ გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 11 მაისს გაათავისუფლა. იმავე მიზეზით პირველ მაისს საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ წამყვანს, თეონა თურმანიძეს ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.
კატეგორია - საქართველო

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) აჭარის მაუწყებლიდან წამყვანისა და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, იგი უსაფუძვლოდაა გათავისუფლებული და მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აჭარის მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა.

"მალხაზ რეხვიაშვილი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გაკრიტიკებისთვის გაათავისუფლეს. ვგმობთ მის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის მაუწყებლიდან და მოვუწოდებთ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა", - წერს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

rsf

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აკეთებს. ორგანიზაცია გამოეხმაურა მაუწყებლიდან დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის წასვლას და მისი გადადგომა საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშნად მიიჩნია. ასევე პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლებად შეაფასა შორენა ღლონტისა და მაია მერკვილაძის დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ RSF-ის ეს განცხადბა ევროსაბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აჭარის მაუწყებლიდან თეონა ბაკურიძის გაშვების შემდეგაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა.

გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 11 მაისს გაათავისუფლა. იმავე მიზეზით პირველ მაისს საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ წამყვანს, თეონა თურმანიძეს ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.

alt

 

კატეგორია - საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) ადასტურებს, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2020 წელს შემცირდება და ამის მიზეზად მსოფლიო პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს ასახელებს, თუმცა ეს ბაზარი ბოლო წლებში, იმ პირობებშიც, როცა პანდემია არ იყო, სულ უფრო და უფრო მცირდება.

სატელევიზიო რეკლამის ეგიდით კომუნიკაციების კომისია ითვლის ტელევიზიებში უშუალოდ რეკლამით, სპონსორობით, პროდუქტის განთავსებით, განცხადებებითა და ტელეშოპინგით მიღებულ შემოსავლებს.

GNCC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ტელევიზიებმა ჯამში 67,981,320 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 7,712,658 ლარით, ანუ 10%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე, რომელმაც 75,693,977 ლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის მონაცემი 0,3%-ით (257,543 ლარით) ნაკლებია, 2017 წლის იგივე მაჩვენებელთან (75,951,520 ლარი).


რომელ ტელევიზიას აქვს ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი


როგორც წესი, ბოლო წლებში ყველაზე მეტ სარეკლამო შემოსავალს ორი ტელეკომპანია ინაწილებს. მაგალითად, .2019 წელს საერთო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების დაახლოებით 72% გაინაწილეს “იმედმა” და “რუსთავი 2”-მა, 2018 წელს კი თითქმის - 75%.

alt

ამასთან, “იმედის” სარეკლამო შემოსავლები მზარდია, “რუსთავი 2”-ის კი - კლებადი. მაგალითად, 2019 წელს “იმედის” სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა და 26,707,502 ლარი შეადგინა. 2020 წლის პირველი კვარტლის “იმედის” სარეკლამო შემოსავლები 27%-ით გაიზარდა.

ამასთან, “ტელეიმედთან” ერთად ერთ ჰოლდინგში შედის “ჯი-დი-ეს თი-ვიც”, რომლის სარეკლამო შემოსავლებმა გასულ წელს 1,839,936.95 ლარი შეადგინა და ტოპ ათეულში მე-6 პოზიცია დაიკავა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი “ჯი-დი-ეს თი-ვის” მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა და 437,105.48 ლარი შეადგინა.

“რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავლებს 8,259,650 ლარი, ანუ 27% დააკლდა და 22,133,956 ლარი შეადგინა. 2020 წლის პირველ კვარტალში კი “რუსთავი 2-ის” სარეკლამო შემოსავლები განახევრდა.

“რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავლებში დრამატული კლება, თუკი თვეების მიხედვით შემოსავლებს გადავხედავთ, პირდაპირ კავშირშია სტრასბურგის სასამართლოს გასული წლის ივლისის გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ტელევიზია ძველ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

alt

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა მენეჯმენტმა და ძველმა გუნდმა, გასულ წელსვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 1,5 თვეში, ახალი ტელევიზია დააარსეს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაარსებიდან წლის ბოლომდე მხოლოდ 4 თვე იყო დარჩენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელევიზიების ხუთეულში შევიდა 2,465,352 ლარის შემოსავლით. ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში მისმა სარეკლამო შემოსავლებმა 1,859,641.48 ლარი შეადგინა და მას ამ წლის მონაცემებით მხოლოდ “რუსთავი 2” და “იმედი” უსწრებენ.

ბოლო წლებში სტაბილურად მზარდი შემოსავლით გამოირჩეოდა “ტელეკომპანია პირველი”. 2019 წელს ამ ტელევიზიამ ჯამში 3,802,870.63 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 571,004 ლარით, ანუ 17.7%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, TV პირველი მესამე ადგილზე იყო, თუმცა 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-მარტში მისი სარეკლამო შემოსავლები 50%-ით გაიზარდა.

გასული წლის ნოემბერში დაიწყო მაუწყებლობა “POSTV-მ”. ამის მიუხედავად, ეს ტელევიზია სარეკლამო შემოსავლების მიხედვით (465,590.91 ლარი), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რიგით მეხუთეა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო შემოსავალი გასულ წელს 51%-ით შემცირდა და 1,420,479 ლარი შეადგინა, თუმცა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს შემოსავალი 189%-ითაა გაზრდილი, რაც, ჯამში 438,038.97 ლარია.

გასულ წელს 413%-ით გაიზარდა “პალიტრა TV”-ის სარეკლამო შემოსავლები და 566,583 ლარი შეადგინა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით და 109,692.80 ლარს შეადგენს.

გასული წლის მონაცემებით, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით ტელევიზიების ტოპ ათეულში 6 საინფორმაციო და 4 გასართობი არხი იყო, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, 7 საინფორმაციო და 3 გასართობი არხია.

 alt



alt


მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული ტელევიზიების ხუთეული


2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი - 528.448.23 ლარი აჭარის რეგიონულმა ტელევიზიამ - “25-ე არხმა” მიიღო. მართალია, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მისი შემოსავალი დაახლოებით 9 ათასი ლარით შემცირდა, თუმცა ის მაინც რჩება ლიდერად რეგიონულ მაუწყებლებს შორის სარეკლამო შემოსავლების მიხედვით.

GNCC-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 317% ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთს” დაუფიქსირდა და 96,280 ლარი შეადგინა. “თრიალეთი” შიდა ქართლში მაუწყებლობს. გასულ წელს სარეკლამო შემოსავლებით იგი მეორე პოზიციაზე იყო რეგიონულ მაუწყებლებს შორის.

 alt



მწირი სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელევიზიები

ბოლო პერიოდში მკვეთრად მცირდება ტელეკომპანია “კავკასიის” სარეკლამო შემოსავლები. 2019 წელს “კავკასიამ” 322,247 ლარის სარეკლამო შესავალი მიიღო, რაც 183,076 ლარით, ანუ 36%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლთან. ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტში მისი სარეკლამო შემოსავალი 48%-ით შემცირდა და 46,468.78 ლარი შეადგინა.

შემცირებულია “ობიექტივის” სარეკლამო შემოსავლებიც. გასულ წელს ამ ტელევიზიამ 206,118 ლარი მიიღო სარეკლამო შემოსავლების კუთხით, რაც 203,837 ლარით ანუ 50%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში “ობიექტივმა” 48,890 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული.


რეკლამის წილი ტელევიზიების შემოსავლებში


მწირი სარეკლამო შემოსავლების ქონა ზოგჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიის ჯამური შემოსავლებია მწირი.

სარეკლამო შემოსავლების გარდა, როგორიცაა უშუალოდ რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი, ტელევიზიებს აქვთ სხვა ტიპის შემოსავლები, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსება, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, არქივის გაქირავება, სხვა პირების შემოწირულოებები და ა.შ.

შესაბამისად, საქართველოში, სადაც მნიშვნელოვან სახელმწიფო დაფინანსებას იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სწორედ ის გახლავთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზია და არა ის ტელეკომპანია, რომელიც ყველაზე მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებს. ამასთან, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ხუთეულში 2 სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია.

ხუთეულში შედის ასევე ტელევიზია, რომელსაც გასულ წელს საერთოდ არ ჰქონია სარეკლამო შემოსავალი. ის არც სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. ტელეკომპანია “ფორმულა” ეთერში გასული წლის ოქტომბერში გავიდა. 2019 წლის ბოლო ოთხ თვეში ამ ტელევიზიამ იმდენი შემოსავალი მიიღო მფლობელის შეწირულებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლის სახით, რომ იგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ხუთეულში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

ჯამური შემოსავლების მიხედვით, ათეულში აღმოჩნდა “ობიექტივი”, რომლის სარეკლამო შემოსავლები, ასევე, ერთერთი ყველაზე მწირია, თუმცა აქვს სხვა არასამაუწყებლო შემოსავლები, მფლობელის და სხვა პირების შემოწირულობები.

 alt


მეტი ტელევიზია, ნაკლები რეკლამა

მართალია, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გასულ წელს შემცირდა, მაგრამ მაუწყებლების რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, 2019 წლის ბოლოს ბაზარზე 3 ახალი ეროვნული მაუწყებელი გამოჩნდა - “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “POSTV”. აქედან ორმა - “მთავარმა” და “POSTV-მ” მიმდინარე წლის სამ თვეში 4%-ით ისედაც შემცირებული მთლიანი სატელევიზიო რეკლამის 17% (2,325,232 ლარი) აითვისეს.

Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავლების კიდევ უფრო კლებას ვარაუდობენ. 2020 წელს სარეკლამო შემოსავლების კლებას პროგნოზირებს კომუნიკაციების კომისიაც.

“2019 წელს რეკლამის განმთავსებლების მიერ დაგენერირებული wGRP-ების გადანაწილების მიხედვით, ჯამური wGRP-ების დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრია და სერვისები, ფინანსები. შესაბამისად, 2019 წელს სწორედ ამ ტოპ კატეგორიების კომპანიების მიერ განთავსებულ რეკლამებს უნდა დაეგენერირებინათ სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში და იქვე დასძენენ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, wGRP-ების რაოდენობა 25%-ით შემცირდა.

“სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში - 4%-იანი კლება ფიქსირდება. სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში”, - იუწყება კომუნიკაციების კომისია, თუმცა დრამატული კლების კომპენსირებას კომისია საარჩევნო რეკლამისგან ელოდება, ვინაიდან 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

თუმცა, საინტერესო სურათს იძლევა 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი. თუკი მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების ზრდის დინამიკას ინარჩუნებს ტელეიმედის ჰოლდინგი (იმედი, ჯიდიესი), რომლის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 29,172,852 ლარი შეადგინა, ანუ საერთო სატელევიზიო რეკლამის თითქმის 43%. 2020 წლის პირველ კვარტალში კი ამ ორმა ტელევიზიამ 5,841,888.75 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ანუ მთლიანი სარეკლამო შემოსავლის ასევე 43%.

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, “იმედი” მკვეთრად პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. ხელისუფლებასთან დაახლოებულ გუნდს ეკუთვნის, ასევე, POSTV. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ტელევიზიის წარმომადგენლები წარმართავენ სარედაქციო პოლიტიკას “საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში”. შესაბამისად, თუ მათ მონაცემებსაც დავუმატებთ, მივიღებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საერთო სატელევიზიო რეკლამის 68% სწორედ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებზე მოდის. ამას ემატება რეგიონული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები, რომელთა ნაწილი ასევე ნაკლებად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან. ასევე, საგულისხმოა გასართობი არხების წილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე და შედეგად მივიღებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების წილი 20%-ის ფარგლებშია. 2019 წელს იგივე მონაცემები საშუალოდ 58%/30% თანაფარდობით იყო წარმოდგენილი.
კატეგორია - საქართველო
იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის გავლენით, მარტში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები მაინც 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

ტელევიზიების წარმომადგენლებს “მედიაჩეკერი” გასულ კვირაში ესაუბრა და მათაც დაადასტურეს ჩვენთან საუბარში, რომ პანდემიის გამო, დრამატული კლება სარეკლამო შემოსავლებში, 20 მარტიდან დაიწყო და აპრილის თვეში პიკს მიაღწია. პირველი კვარტლის მონაცემები კი 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებს მოიცავს. სარეკლამო შემოსავლები მოიცავს რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს, ტელეშოპინგს და ჯამში 13,659,925 ლარი შეადგინა ყველა ტელევიზიაში პირველი კვარტლის მონაცემებით.

GNCC-ის ცნობით, ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი - 5,404,783.27 ლარი 2020 წლის პირველ კვარტალში “ტელეიმედმა” მიიღო. მისი სარეკლამო შემოსავლები 27%-ით გაიზარდა. “იმედს” მოსდევს “რუსთავი 2” 2,555,286.62-ლარიანი შემოსავლით, იმის მიუხედავად, რომ მისი სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით განახევრებულია.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მესამე პოზიციაზეა “მთავარი არხი”. მან პირველ კვარტალში 1,859,641.48 ლარი მიიღო სარეკლამო შემოსავლების სახით.

ტელეკომპანია “პირველის” სარეკლამო შემოსავლები 50%-ით გაიზარდა და 927,809.19 ლარი შეადგინა. მას მოსდევს "პოსტვ", რომლის სარეკლამო შემოსავალმა 465,590.91 ლარი შეადგინა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო შემოსავალი 189%-ით გაიზარდა და 438,038.97 ლარი შეადგინა.

სარეკლამო შემოსავლების კუთხით, მეშვიდე პოზიციაზეა “ჯი-დი-ეს თი-ვი”, რომლის მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა და- 437,105.48 ლარი შეადგინა.

231%-ით გაიზარდა სტუდია "მაესტროს" სარეკლამო შემოსავლები და 132,764.00 ლარი შეადგინა.

48%-ით შემცირდა ტელეკომპანია "კავკასიის" სარეკლამო შემოსავლები და 46,468.78 ლარი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" - 317% დაუფიქსირდა და ჯამში 96,280.00 ლარი შეადგინა;

“რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. მაგალითისთვის, უკვე თვალსაჩინოა პანდემიის უარყოფითი გავლენა ტურიზმის სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში, 2019 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 8.1% იყო. შესაბამისად, ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში - 4%-იანი კლება ფიქსირდება.

“სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში. 2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა, ჩვენი ვარაუდით, შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება. კომისია ვარაუდობს, რომ საარჩევნო წელს ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას.
კატეგორია - საქართველო
ტელემაუწყებლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ სოლიდარობის კამპანიაში, ამჯერად, ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიები ჩაერთვნენ. 

13 მაისს, დილიდან, მათ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო, ე.წ. Cover, სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალეს. აქციაში ჩაერთო რამდენიმე ცენტრალური ტელევიზიაც.

აქციაში ჩაერთვნენ:


  1. ნეტგაზეთი
  2. პუბლიკა
  3. ონ.ჯი
  4. ტაბულა
  5. ინდიგო
  6. OC Media
  7. აი ფაქტი
  8. ინტერპრესნიუსი
  9. ჩაიხანა
  10. ჟურნალისტიკის რესურცენტრი
  11. სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა “გხედავ”
  12. ბათუმელები
  13. სამხრეთის კარიბჭე
  14. ქუთაისი პოსტი
  15. გურია ნიუსი
  16. მედია.ჯი
  17. ღია რუსთავი
  18. აქცენტნიუსი
  19. ლაივპრესი
  20. newpress.ge
  21. ოდიშინიუსი
  22. TOK TV
  23. TV 25
  24. ტელეკომპანია გურია
  25. ტელეკომპანია ბორჯომი
  26. თრიალეთი TV
  27. TV რიონი
  28. რადიო მარნეული
  29. რადიო ჰერეთი
  30. რადიო თბილისი
  31. რადიო ციტრუსი
  32. რადიო ათინათი
  33. რუსთავი 2
  34. ფორმულა
  35. პალიტრა ვიდეო

(სია პერიოდულად ახლდება)



ონლაინ მედიის აქციას სამოქალაქო ორგანიზაციებიც - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შეუერთდნენ.

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". ამ ინიციატივის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 20-მდე მაუწყებელმა 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა და კადრში დატოვა წარწერა - "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".


ამ აქციებით მედიასაშუალებები და ჟურნალისტები მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, ამ პოზიციის დაკავებისთანავე, პრობლემები შეუქმნა - პოზიციები შეუცვალა, ან სამსახურიდან გაათავისუფლა.

ცვლილებები იმ თანამშრომლებს შეეხოთ, რომლებიც ბოლო ერთი წელია, ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან დღემდე ღიად ამბობენ, რომ მაუწყებელში საშიში პროცესები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის მიზანი, ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. ეს თანამშრომლები კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან ახალი დირექტორის მისამართითაც, რომლის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები, ამ ქარდიდანაც ნათლად ჩანს.

 alt


მედიაკოალიციაში ამბობენ, რომ სოლიდარობის კამპანია, სხვადასხვა ფორმით, მომავალშიც გაგრძელდება.