საქართველო
კატეგორია - საქართველო
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, მედიისთვის შეზღუდვები დაწესდა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობენ მუშაობას ადგილობრივი მედიასაშუალებები, სხვა ყველას ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში შესვლა ეკრძალება, ისინი ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მიიღებენ.
 
"ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც 23 მარტს, გვიან ღამით, 00:30 საათზე გაიმართა.

პრემიერის ეს ბრიფინგი მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ მარნეულში კორონავირუსი დაუდგინა 62 წლის ქალს, რომელიც ბოლო 4 დღე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული. ამ ეტაპზე კლინიკაც საკარანტინო რეჟიმშია გადასული. 

 

კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შემოიღოს გარკვეული შეღავათები მედიისთვის, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადავადების კუთხით.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მედიის შეუფასებელი როლი და ფუნქცია, რომელიც ამ დროს მას აკისრია და მიიღოს შესაბამისი გონივრული ზომები, რათა ტელეკომპანიებს დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 21 მარტს გამოაქვეყნა.

ამ განცხადებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადების საკითხს ეხმიანება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ინკასო მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის ფუნქციონირებას.

"მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებული როლი მოქალაქეების ინფორმირებას ენიჭება. ამ საქმეში კი მედიის როლი შეუცვლელია.

ჩვენ გვესმის, რომ პანდემიის შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა და შემოღებულმა შეზღუდვებმა გლობალურად ეკონომიკის შენელება გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბიზნესსუბიექტები, რომელთა ნაწილსაც, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, საქმიანობის შეჩერება მოუწია. სწორედ ბიზნესია მედიისთვის რეკლამის ძირითადი დამკვეთი და შემოსავლის მთავარი წყარო. მედიის წარმომადგენლების თქმით, არსებულ კრიზისის ფონზე ტელევიზიების შემოსავალი შემცირდა და გადასახადები დროულად ვერ გადაიხადეს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების "მთავარი არხისა" და  "TV პირველის" ანგარიშებს ინკასო დაედო. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, გუშინ, ოდნავ მოგვაინებით, ინკასო დაედო ორი რეგიონული არხის ანგარიშებსაც. (ეს ტეელვიზიები ასეთ შედეგს რომ ელოდენენ, ეს ნათია კუპრაშვილმა "მედიაჩეკერს" მანამდეც დაუდასტურა).

ასეთ დროს ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მიაჩნიათ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის და ახლა ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება დაუშვებელია. კოალიციაში მედიის თავისუფლებისთვის აცხადებენ, რომ მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს. მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს.
კატეგორია - საქართველო
20 მარტს ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მომდევნო დღეებში ინკასოს ელის ორი რეგიონული ტელეარხიც. ასეთ დროს ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში კი მიაჩნიათ, რომ  მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ თანხა გადასახდელი აქვთ, ასეთ ვითარებაში ინკასოს დადება მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი ვარაუდით, ხელისუფლების მიზანია, რომ კრიტიკული მედიები, TV პირველი და მთავარი არხი გამოირთოს და ამას ემსახურება ინკასოს დადება.

“ამ ვითარებაში ასეთი დამოკიდებულება, არ ვამბობ, რომ არალეგიტიმურია და ფორმალურად არასწორად მოიქცა მთავრობა, თუმცა დისკრეცია აქვთ მათ ინკასო გამოიყენონ თუ არა, ამ ვითარებაში ეს ნამდვილად სიურპრიზია, შეზღუდვა იმის, რაც ყველაზე მეტად გეხმარება დაძლიო ასეთი მძიმე სიტუაცია”, - განაცხადა მან “მთავარ არხთან” საუბარში.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახლა ტელევიზიის შემოსავლებმა იკლო, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადი მათ ამიტომ ვერ გადაიხადეს.



ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ტელევიზიის ანგარიშისთვის ინკასოს დადება აღმოჩნდა მოულოდნელი “Tv პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლისთვისაც.

“ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი ! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !”, - დაწერა TV პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა.

დღეის მდგომარეობით ინკასო არ ადევს სხვა ტელევიზიების ანგარიშებს. ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ამჯერად მათ დავალიანება გადახდილი ჰქონდათ და “ხელისუფლებას არ ჰქონდა ბედნიერება მათი ანგარიშისთვისაც დაედო ინკასო”.

როგორც “მედიაჩეკერს” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა უთხრა, მომდევნო დღეებში ინკასოს ელის ორი რეგიონული ტელეარხიც.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მათ რამდენიმე კვირის წინ წარადგინეს შეღავათების პაკეტი გადასახადების გადავადებისთვის, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა: “შეგახსენებთ, ეს იყო ქონების და საშემოსავლოს გადასახადების გადავადება მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. ამისთვის უნდა მიემართათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და, შესაბამისად, მათ ინკასო აღარ დაედებოდათ. სხვა ყველა სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ინკასოს დადება ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან რამე სხვა ნებისმიერი კომპანია არანაირად გამონაკლისს არ წარმოადგენს”.

მისივე თქმით, იმ ტელევიზიებთან, რომლებსაც მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდათ, გაფორმდა შეთანხმება და მათ დავალიანება 5 წელზე გადაუნაწილათ:

“ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ მაქსიმალურად შეღავათიანი პეიოდი მიგვეცა და იცით, რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ, მსხვილმა მათ შორის, ისარგებლა. 5 წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ, მიმდინარეს ჩვეულებრივად იხდიდნენ,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

"დღეს ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება დაუშვებელია" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომხდარს. განცხადებაში, რომელიც ქარტიის საბჭომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ დღეს, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებულობა, ხოლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ კრიტიკული მედია ასრულებს, შემოსავლების სამსახურის ქმედება სრულიად გაუგებარია.

ქარტია განცხადებაში ხაზს უსვამს წლების განმავლობაში დაგროვილ პრაქტიკას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო სანქციის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.

ქარტია მოუწოდებს შემოსავლების სამსახურს გააზრებული იქნას ის კრიტიკული ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და დროულად მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო

"Tv პირველთან" ერთად, ინკასო დაედო ტელეკომპანია "მთავარი არხის" ანგარიშებსაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დაწერა.

"მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს", - წერს მელაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, იგივე შინაარსის სტატუსი დაწერა დღეს "Tv პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმაც. 

კატეგორია - საქართველო

TV პირველის ანგარიშებს ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას მაუწყებლის მფლობელი ვატო წერეთელი ავრცელებს.

“არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს ! მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის ! მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს ! მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას ! მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ.

ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი ! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !

გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!” - წერს ვატო წერეთელი ფეისბუკის პირად გვერდზე.


 

დავალიანების გადაუხდელობის გამო, მაუწყებელს ინკასო დეკემბერშიც დაედო. მაშინ ფინანსთა სამინისტრომ "TV პირველთან" ერთად, "რუსთავი 2-ის", "კავკასიის", ასევე, ერთი რეგიონული არხის ანგარიშებსაც დაადო.

კატეგორია - საქართველო
უკვე მოგიყევით, როგორ შეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის წესრიგი და მუშაობის სტილი ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და როგორ მუშობენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დისტანციურ რეჟიმში. ამჯერად, “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, როგორ უმკლავდება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელმაც 6 თვის წინ დაიწყო მაუწყებლობა.

“ფორმულას” გამოცდილებაზე “მედიაჩეკერს” მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ესაუბრა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როგორ მუშაობს “ფორმულა” და რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?

ორი გამოწვევაა, ერთი თანამშრომელთა უსაფრთხოება და მეორე - რომ ეთერის უწყვეტობა შევინარჩუნოთ. ორივე მიმართულებით ერთობლივად გარკვეული ზომები მივიღეთ - გავიარეთ კონსულტაციები როგორც სამედიცინო მიმართულებით სპეციალისტებთან, ისე ექსპერტებთან, რომლებიც მედიის მენეჯმენტთან მუშაობენ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის, პანდემიის საფრთხეები არსებობს და გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები ამ ტიპის მენეჯმენტის. გავიარეთ კონსულტაციები, რამდენად სწორი გზით მივდიოდით დაგეგმვის დროს.

მოგვიყევით, როგორ მუშაობთ და კონკრეტულად რა ზომები მიიღეთ?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დროებით შევაჩერეთ ბიუროების მუშაობა და წამოვიყვანეთ ამერიკის და ევროპის ბიუროებდან ჟურნალისტები თბილისში. ტელევიზია გადავიყვანეთ საგანგებო რეჟიმზე. მთელი ვები და სოციალური მედიის მიმართულება გადავიდა დისტანციურად მუშაობაზე. პროდაქშენის ნაწილსაც შეეცვალა გეგმები - ვთქვით უარი პროექტებზე, რომლის დაწყებაც დაგეგმილი გვქონდა (გასაგები მიზეზების გამო) და სხვა პროექტების კეთებაზე გადავერთეთ.

ჟურნალისტებთან და ნიუსთან დაკავშირებით, გავყავით მთელი ტელევიზია ორად და ვამუშავებთ ისეთ ცვლებში, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან მინიმალური შეხება ჰქონდეთ. ასევე, მოგვიწია საეთეროსა და სამონტაჟოს გადაწყობა.

საველე გადაღებების და სტუდიური გადაცემების ჩაწერის ნაწილში თუ შეიცვალა რამე?

ძირითადად, ჩართვების რეჟიმზე ვართ გადასული, სკაიპქოლით, მესენჯერით ჩართვები ნორმად იქცა ამ ბოლო პერიოდში. ვცდილობთ, რომ სტუდიაში სტუმრები რომ მოდიან, დისტანცია დავიცვათ.

საველე გადაღებებს რაც შეეხება, ალბათ თქვენც ხედავთ, არის ადგილები, სადაც საერთოდ აღარ დავდივართ, სადაც დავდივართ შესაბამისი აღჭურვილობით (პირბადეები, ბუმები, მიკროფონები ღრუბლების გარეშე და ა.შ.). მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი დავიცვათ.

რამდენიმე დღის წინ საგანგებო ეთერი დაიწყეთ, სხვა ცვლილებებსაც ხომ არ გეგმავთ საეთერო ბადეში?

არ გამოვრიცხავ, რომ ორშაბათიდან ცვლილებები შევიდეს ჩვენს სტანდარტულ მაუწყებლობაში. გარდა ეკა სამხარაძის გადაცემისა, რომელიც უკვე გადის ეთერში, ორშაბათიდან ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - გადაცემას “თვითიზოლაციაში”, რომელსაც დავით ქაშიაშვილი წაიყვანს და სადაც უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას შევეცდებით ამ ყველაფრის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ტოქშოუებიც კი, ბოლო პერიოდში, ძირითადად, კორონავირუსის თემაზე არიან გადართული, ჩავთვალეთ, რომ ეს მაინც არ იყო საკმარისი. უფრო პრაქტიკული რჩევების და მიდგომების დონეზე, ვთქვათ, ფეისბუკის საშუალებით რა კითხვებიც მოდიოდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა. ყველაზე კარგი და საჭირო სეგმენტი ამ გადაცემის არის ის, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა არის შესაძლებელი, ადამიანებს რაც აინტერესებთ, იმ კითხვებზე სპეციალისტები სცემენ პასუხებს, შეძლებისდაგვარად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი კონტენტი კორონავირუსს ეძღვნება?

მეტსაც გეტყვით, თითქმის ყველა გადაცემას ვიწყებთ და ვამთავრებთ კორონავირუსის საკითხით. ვცდილობთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ გავაქროთ ისეთი თემები, როგორიც არის, ვთქვათ, შეთანხმება ოპოზიციასა და პოზიციას შორის, მივადევნოთ თვალი ამ შეთანხმების შესრულებას და ა.შ. პოლიტიკურ თემებს, ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ, მაგრამ კორონავირუსის საკითხის იქით, მართალი გითხრათ, არც რესურსია და არც ინტერესი მაინც და მაინც. ყველაზე მეტად საინტერესო თემა ეხლა კორონავირუსია. ამბების რაოდენობა შემცირდა მაქსიმალურად და, ასე ვთქვათ, გასაშუქებელიც ბევრი არაფერი დარჩა, გარდა იმ თემებისა, რასაც მაყურებელი ხედავს. დღის განმავლობაში ანონსში ადრე თუ იყო ოცი-ოცდახუთი გადაღება, ახლა სამი-ოთხია, ალბათ.

კორონავირუსის გამო, შეჩერდა “ფორმულას” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის - “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს მაუწყებელზე?

რა თქმა უნდა, აისახება... “ჩემი ცოლის დაქალების” შესახებ, დეტალურად “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრებენ ზურა გუმბარიძე და ირაკლი საღინაძე. გასართობი სეგმენტის კონტენტი, რომლებზეც მუშაობა მიდიოდა და რომლებიც ეთერში უნდა ჩაგვეშვა და ა.შ., ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია, გასაგები მიზეზების გამო.

შემუშავებული გაქვთ კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობთ?

რამდენიმე ეტაპიანი გეგმა გვაქვს. მივიღეთ ძალიან კომპეტენტური რეკომენდაციები ამ საქმის სპეციალისტებისგან და შევიმუშავეთ ამ კრიზისული ეტაპის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა და ეტაპობრივად მივყვებით, იმის მიხედვით, როგორც განვითარდება მოვლენები. ძალიან კარგად გვესმის ის რისკები, ის საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს და ყველა შემთხვევისთვის გვაქვს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ.

გვაქვს გეგმა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც, აპოკალიპტური, ასე დავარქვათ, (იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, პესიმისტურად რომ შევხდოთ) - იმ შემთხვევაშიც კი თუ სრულად ვერ უზრუნველვყავით სატელევიზიო ეთერის შენარჩუნება, მაქსიმალურად გადავერთვებით და ვების და ფეისბუკის მეშვეობით მაინც გავაკეთებთ ახალ ამბებს.
კატეგორია - საქართველო

ახალი კორონავირუსული ინფექციის Covid-19-ის გამო, ტელეკომანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

"კურიერი" ყოველ ერთ საათში მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას და საათში ერთხელ გაგაცნობთ ყველა ახალ ამბავს COVID-19-თან დაკავშირებით. დარჩით სახლში და ჩვენ - ჟურნალისტები ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თქვენ სრულად იყოთ ინფორმირებული, თუ როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - ნათქვამია არხის განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 მარტს გავრცელდა.


შეგახსენებთ,  Covid-19-ის გავრცელებამ მედიის დღის წესრიგი და მუშაობის ფორმა შეცვალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში მომუშავე ონლაინ გამოცემები თითქმის მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული, მუშაობის სტილი შეიცვალა მაუწყებლებშიც, ზოგ მაუწყებელმა ცვლილებები შეიტანა საეთერო ბადეშიც. 

 

ამ თემაზე იხილეთ:


საერთაშორისო ამბები:



20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა; 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა; კარანტინის რეჟიმშია -1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანი. 

კატეგორია - საქართველო
დღეიდან, 20 მარტიდან, სპორტული გაზეთი “ლელოს” ბეჭდური გამოცემა დროებით შეჩერდა, ონლაინ გამოცემა კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარებაა. ამის შესახებ განცხადებას “ლელოს” რედაქცია ავრცელებს.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაზეთ "ლელოს" პარასკევის ნომერი არ გამოვა. lelo.ge მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით. გაზეთის გამოსვლის თარიღს შეგატყობინეთ lelo.ge.-ს მეშვეობით,” - ნათქვამია რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ლელო” 2008 წლიდან „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შედის. “ლელოს” ბეჭდური გამოცემის პირველი ნომერი თბილისში, „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით, 1934 წლის 13 აპრილს გამოვიდა. “ლელოს” სახელწოდებით კი პირველი გაზეთი 1949 წლის 10 ივლისს დაიბეჭდა. გაზეთი თავდაპირველად კვირაში სამჯერ გამოდიოდა, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოიცემა.
კატეგორია - საქართველო
როგორ შეცვალა ახალი კორონავირუსული ინფექციის, Covid-19-ის გავრცელებამ მედიასაშუალებების დღის წესრიგი და მუშაობის სტილი, - საკუთარი გამოცდილების გაზიარება  ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეკა შონიას ვთხოვეთ.

თუ შეიცვალა მაუწყებლის მუშაობის სპეციფიკა ვირუსის გავრცელების ფონზე?

პირველი არხი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სრული მასშტაბით ჩაატარა შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არხი ნაწილობრივ გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ფაქტობრივად მუშაობს მხოლოდ ახალი ამბების გუნდი, ასევე, მენეჯმენტის რგოლი მთლიანად და ცხადია, ადგილზეა გენერალური დირექტორი. დისტანციურ მუშაობაზე გადავიყვანეთ ორსულები და რისკ ჯგუფში მყოფი თანამშრომლები, მათ შორის, „ნიუს-რუმიდანაც“.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ „ნიუსი“, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს, ორად გაიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი დღის განმავლობაში მუშაობს პროდიუსერების, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის ერთი ჯგუფი, სამ დღეში კი მათ მეორე ასეთი ჯგუფი ანაცვლებს.

ამ ეტაპზე შეჩერებულია ახალი პროექტების ჩაწერა. გაჩერებულია ისეთი პროექტებიც, რომლებშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და შესაბამისად, ამ პროექტების გუნდიც გასულია შენობიდან.



რაც შეეხება საველე გადაღებებს, ამ კუთხით თუ შეიცვალა რამე?

ვცდილობთ, რომ ვიაროთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ყველაფრის გასაშუქებლად ვეღარ დავდივართ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომაც, რომ რესურსი აღარ გვყოფნის და მეორე, რადგანაც მთლიანად აწყობილი ვართ ე.წ. „საგანგებო რეჟიმზე“ და ჩვენი გამოშვებები ძირითადად ვირუსს ეხება, უფრო ვცდილობთ, რომ ამ მხრივ ვიმუშაოთ. თუმცა, ცხადია სხვა საკითხების დაფარვასაც ვცდილობთ.

ახსენეთ, რომ მეტწილად ვირუსის თემის გაშუქებაზე ხართ ორიენტირებული, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ამ შინაარსობრივ ცვლილებაზე…

როგორც ყველა არხზე, ისე ჩვენთან, რაღაც კორექტივები შევიდა. მაგალითად, ის, რომ სპორტის ბლოკი “მოამბეში” დროებით მოვხსენით, მაგრამ მნიშვნელოვანი სპორტული ამბების შესახებ ინფორმაცია კვლავინდებურად შუქდება. ასევე, კულტურის ნაწილი მოვხსენით დროებით, რადგან ამ ეტაპზე ამ მიმართულებით განსაკუთრებული არაფერი ხდება.

სოციალური დისტანცირების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხომ არ შეიცვალა რამე სტუდიური გადაცემების ნაწილშიც?

მთლიანად ჩავხსენით სტუმრებიანი გადაცემები. სტუმრების ძირითადი ნაწილი ახლა “მოამბეში” გადავიდა და ძირითადად ჩართვებზე ვართ ორიენტირებული. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუკი ეს ტექნიკურად ვერ ხერხდება, ვცდილობთ, რომ სტუმარი შიგნით არ შემოვიყვანოთ.

ამან ხომ არ გაართულა მათთან კონტაქტი, ან მათ თავად ხომ არ აქვთ რაიმე პრობლემა მუშაობის ამ ფორმატზე?

ესეც ინდივიუალურია, ვიღაცას ვწერთ სატელეფონო ფორმატში, ვიღაც ჩვეულებრივად გვეწერება, მაგრამ ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენც ვარჩევთ, სად შეგვიძლია მივიდეთ და სად არა. მაგალითად, ბრიფინგებზე.

როგორც იცით, მთავრობის კანცელარიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა არხისთვის ბრიფინგების სიგნალის მიწოდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჟურნალისტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ ერთ სივრცეში ბევრი ხალხი არ ირეოდეს. ჩვენც, ფაქტობროვად, ამის მიხედვით ვსაზღვრავთ გადაღებებს.

ხომ არ გართულდა ინფორმაციის მიღება რომელიმე უწყებისგან ან უშაულოდ რესპონდენტებისგან?

ვერ ვიტყოდი. ინფორმაციის მიღება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, არ გვიჭირს.



ვიცით, რომ სამაუწყებლო ბადეში სხვა ცვლილებებიცაა...

რადგან ძირითადად სტუდიური სტუმრების ფორმატი გვქონდა, დროებით მოიხსნა პოლიტიკური გადაცემები. დილის გადაცემა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და როგორც უკვე აღვნიშნე, დროებით შეჩერდა გადაცემების ჩაწერა. ყველა სხვა გადაცემა, რაც იყო, არხზე დარჩა.

ვირუსის გავრცელების პარალელურად, კიდევ რა გამოწვევების წინაშე დადგა მაუწყებელი?

ამას გამოწვევას ვერ დავარქმევდი, ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ახლა გაასმაგებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ დეტალს. ახლა ჩვენ არ ვართ ორიენტირებული სისწრაფეზე, მილიონჯერ ვამოწმებთ ინფორმაციას და მილიონმეერთედ ვაძლევთ ეთერში. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ახლა გაასმაგებული პასუხისმგებლობით ხდება და ამაში ჩართულია თითოეული ადამიანი.

მუშაობის პროცესში სირთულეები ხომ არ წარმოიშვა?

სირთულეები არ გვაქვს. ეს რეჟიმი ჩვენთვის ახალი არ არის. უბრალოდ, ახლა გაცილებით მობილიზებული ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაიმე შეცდომა არ გაგვეპაროს.

თუ გაქვთ რამე გაიდლაინი ან რომელიმე საერთაშორისო სტანდარტით ხომ არ ხელმძღვანელობთ მოცემულ ვითარებაში?

ჩვენი საერთაშრისო სტანდარტი არის EBU - თავიდან-ბოლომდე ვართ მიბმული ევროპულ მედიაკავშირზე და სრულად მათი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ. აქამდეც ასე ვიყავით და ახლაც ასე ვხელმძღვანელობთ.

ასევე, სულ ვეცნობით და ვკითხულობთ ექსტრემალურ პირობებში ჟურნალისტების მუშაობაზე, შესაბამისი ტრეინინგებიც გვაქვს გავლილი და თავიდან-ბოლომდე მივყვებით მათ გაიდლაინს. ამიტომ, ახლა, რაიმე ახალი და განსაკუთრებული ჩვენ თვითონ არ დაგვიწერია, უბრალოდ არსებულს მივყვებით.

იმ ჟურნალისტების შრომის უსაფრთხოებას როგორ იცავთ, ვინც არ არის დისტანციურ მუშაობაზე გადასული? 

მაქსიმალურად ვუფრთხილდებით აპარატურას, რომელიც გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ, გადის სპეციალურ შემოწმებას, იწმინდება და სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ასევე, ყველას მსგავსად, მიკროფონებს მოვხსენით ღრუბელი. ვცდილობთ, რომ ჟურნალისტები სპეციალური პირბადის გარეშე არ გავიდნენ გადაღებაზე, მითუმეტეს, ინფექციურ საავადმყოფოში.

აგრეთვე, ტელევიზიის შიგნით მომარაგებულია სადეზინფექციო ხსნარები და ყოველ დღე სველი წესით სუფთავდება ჩვენი სამუშაო სივრცე. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ერთმანეთი ამ ამბისგან და ჯერჯერობით, მგონი, რომ გამოგვდის.




გარეკანის ფოტო გამოყენებულია არქივიდან
კატეგორია - საქართველო
კორონავირუსისგან მედიის წარმომადგენლების დაცულობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგებს დისტანციურად ჩაატარებს. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

“იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანსლიტებისა.”

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მიაწვდის, რის შემდეგაც თითოეული მაუწყებელი საერთო სიგნალს მიიღებს პირველი არხისგან. მისივე თქმით, ადმინისტრაცია ჟურნალისტებისთვის სპეციალურ საკომუნიკაციო პლათფორმასაც შექმნის.

“თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ ჩვენს პრესსამსახურს შეკითხვები, რომლებზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს და, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას. აქვე გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლათფორმა და ჩვენ მზად ვართ, თქვენს ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ,” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კატეგორია - საქართველო
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თავისუფალია. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ძმამ, რამაზან მუხთარლიმ გაავრცელა.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

აფგან მუხთარლის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებმა გამართეს არაერთი აქცია მუხთარლის მხარასაჭერად.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარება უარყოფიდა აისახა საქართველოს იმიჯზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში. 

აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ, საქართველოში იმ დროისთვის მყოფი სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ აქ მათთვის უსაფრთხო გარემო აღარ იყო. მათმა დიდმა ნაწილმა, ამ ფაქტის შემდეგ, საქართველო დატოვა. 

მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ საქართველოდან წავია მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევაც. ახლა ის თავის შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, თუმცა მთავრობას დაწესებული აქვს გარკვეული შეზღუდვები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც მედიის მუშაობაში ცვლილებებსაც მოითხოვს. გასული კვირიდან რედაქციების ნაწილმა ონლაინ-რეჟიმში მუშაობის სტილზე გადაინაცვლა. რას ცვლის ეს მედიაორგანიზაციების საქმიანობაში და როგორ უნდა მოახერხონ ჟურნალისტებმა დისტანციურად და ხშირად სახლიდან გაუსვლელად მოსახლეობის ინფორმირება, ეს ახლა მედიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ რადიო თავისუფლების ქართულენოვანი სამსახურის მმართველ რედაქტორს, ნინო ჯაფიაშვილს.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში მედიაორგანიზაციები მუშაობის ახალ სტილზე გადადიან, რომელიც უკავშირდება დისტანციურ მუშაობას. რა შეიცვალა ამ კუთხით რადიო თავისუფლებაში?

ჯერ კიდევ წინა კვირის დასაწყისში თეორიულად გავიარეთ ტექნიკური საკითხები, თუ როგორ შევძლებდით ონლაინ მუშაობას, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა: როგორ შეიძლებოდა აგვეწყო ტექნიკური სისტემა ისე, რომ დისტანციურად მონტაჟის საშუალება გვქონოდა - ძირითადად, ეს ეხებოდა ვიდეო პერსონალს, სამონტაჟოებზე როგორ უნდა ჰქონოდათ წვდომა სახლიდან.

წინა კვირის ბოლოს, პარასკევს, უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული გეგმა შეგვექმნა იმის, თუ როგორ მოემზადებოდა ჟურნალისტების მთელი გუნდი დისტანციურად მუშაობისთვის. თან იმ პირობებში, როდესაც გვაქვს შეზღუდვები დაწესებული რეკომენდაციების სახით, მაგრამ არა გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, შეთანხმებით პრაღის გუნდთან.

ჩვენ ვთქვით - ყველას, ვისაც შეუძლია იმუშაოს სახლიდან, იმუშავებს ონლაინ. პირველი ხუთი ადამიანი, რომლებიც დავტოვეთ სახლში უკვე პარასკევს - ერთს ჰყავდა ორი პატარა ბავშვი, ერთი იყო ორსული, ერთი იყო თანამშრომელი, რომელიც რუსთავიდან დადის და დიდი დროის გატარება უწევდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამსახურამდე მოსვლისთვის და 2 იყო ვებ-რედაქტორი, რომლებსაც ისედაც აქვთ ონლაინ კომუნიკაციის გამოცდილება.

ამის პარალელურად განვსაზღვრეთ გუნდი, რომლის ყოფნაც აუცილებელი იყო ოფისში. ფაქტობრივად, 2 ჯგუფად გაიყო ჩვენი რედაქცია.

პატარა ნაწილი - მე, ტექნიკური კომუნიკაციის ხელმძღვანელი, ახალი ამბების მთავარი რედაქტორი, გადაცემების წამყვანები, ისეთი პირები, რომელთა ყოფნაც აუცილებელი იყო სამსახურში, ისინი სრული დატვირთვით ან ნაწილობრივ მუშაობენ ორშაბათიდან ოფისში. ნაწილობრივ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ჩაწერენ გადაცემას რედაქციაში და შემდეგ წავლენ სახლში. ან დანიშნავენ გადაღებას, გადაიღებენ, დაამონტაჟებენ და წავლენ სახლში.

პირველი, რაც გავაკეთეთ, ავირჩიეთ პლატფორმა და პარასკევსვე დავტესტეთ, როგორ ვაწყობთ თათბირებს დილაობით. ორშაბათიდან გადავედით ასეთი შერეული სისტემით მუშაობაზე.

გადაღებებზე წასვლა არ შევწყვიტეთ. მთავარი ამოცანა იყო, რომ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ საზოგადოების ინფორმირება.

ტექნიკურად როგორ ახერხებთ, როდესაც სახლებში არიან ჟურნალისტი, ოპერატორი და უცებ აღმოჩნდება, რომ გადაღებაზე უნდა წავიდნენ?

წინა საღამოს ან დილას, ჩვენს ონლაინ თათბირზე, ჩვენ ვწყვეტთ რა გადაღება გვაქვს და ჯგუფი ან აქ მოდის და აქედან მიდის გადაღებაზე, შემდეგ ბრუნდება, მასალას ამონტაჟებს და მიდის სახლში, ან იღებს და გვიგზავნის მასალას, იმის მიხედვით, რა არის საჭირო. არანაირი გადაღება არ ჩაგვიშლია. მაგალითად, ვიცით ზუსტად, რომ ყოველ დილით, 10:30 საათზე, ჯერჯერობით სანამ სახელმწიფოს არ აქვს საგანგებო ზომები შემოღებული, ინფექციური საავადმყოფოს წინ გვაწვდიან ინფორმაციას ინფიცირებულთა მდგომარეობის ან ახალი შემთხვევების შესახებ. ჩვეულებრივად, ჩვენი გადამღები ჯგუფი მიდის და გვაქვს პირდაპირი ჩართვა.

პრესკონფერენციების გაშუქება გასაგებია, მაგრამ როდესაც შემთხვევის ადგილზე უნდა გაგზავნოთ გადამღები ჯგუფი, სადაც ადგილი ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებას ან სადაც არის ამ მხრივ სახიფათო ადგილი, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას?

წინასწარ ვმსჯელობთ და ვაფასებთ, სად ვაკონტროლებთ სიტუაციას და სად ვერ. თითოეული ისტორიის შესაბამისად ვწყვეტთ, არის თუ არა ეს გადაღება უსაფრთხო. ჯერჯერობით ასეთ შეზღუდვებს საჯარო სივრცეებში არ ვიწესებთ. მინიმუმამდე დაგვყავს კომუნიკაცია რესპონდენტებთან, მაგრამ აუცილებელს აუცილებლად ვიღებთ. რისი გაკეთებაც შეგვიძლია დისტანციურად - რესპონდენტის ჩაწერა ან თვითმხილველის კომენტარის ჩაწერა, ამას ვაკეთებთ პირველ რიგში დისტანციურად.

გადაცემების შემთხვევაში როგორ ხდება? - გასაგებია, რომ წამყვანები მოდიან რედაქციაში, მაგრამ სტუმრები?

პირველ რიგში დეზინფექცია გავაკეთეთ ოფისში, დავაყენეთ დისპენსერები, შესრულებული გვაქვს ყველა საჭირო მოთხოვნა და რეკომენდაცია ამ კუთხით. რაც შეეხება გადაცემებს: მაგალითად, დილის საუბრები ჩვეულებრივ გადის ეთერში, თუმცა სტუმრებს ვრთავთ დისტანციურად, სტუდიაში აღარ ვეპატიჟებით: ანუ არ შეგვყავს სტუდიაში, დახურული სივრცეში. სადაც შეგვიძლია skype, messenger, zoom, hang out გამოვიყენოთ, ამას ვიყენებთ: პირველ რიგში, ამ შესაძლებლობებს განვიხილავთ და თუ არ გამოდის, მერე ვგეგმავთ ფიზიკურ კონტაქტს, ისევ ღია სივრცეში უფრო მეტად და ნაკლებად დახურულში.

რამდენად გაართულა ჟურნალისტების საქმიანობა მუშაობის ასეთმა ფორმებმა?

ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ამ ფორმატით მუშაობა და თანდათან ჩნდება სირთულეები. მაგალითად, უკვე გამოჩნდა, რომ აუცილებელია რედაქციაში იყოს ერთი მორიგე ჟურნალისტი მყისიერი რეაგირებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევამციროთ ვიდეოწარმოება, სხვა მხრივ, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან რთული არ იყო დისტანციურად მუშაობა. დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკა ისედაც გვქონდა, მაგალიტად ინტერვიუებს დიდ ნაწილს ტელეფონით ვწერდით. ანუ ძირითადად პრობლემა მაინც ვიდეოამბებთან დაკავშირებით იქმნება. ტელევიზია რომ ვიყოთ, გაცილებით გაგვიჭირდებოდა იმიტომ, რომ მათი წარმოების 100% არის ვიზუალური და ჩვენ გვაქვს შერეული და გვაქვს ეს არჩევანი.

რაც შეეხება სირთულეებს, აქ შემოდის ისეთი საკითხები, რამდენად აქვს ჟურნალისტს სახლში მუშაობისთვის საჭირო კომპიუტერი, ინტერნეტი, შესაბამისი პროგრამები ვიდეო ან აუდიო ფაილების ჩასაწერად, სათანადო სკამი, რომელზეც 8 საათი უნდა იჯდეს და ა.შ. ანუ ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მანამდე არ გვიფიქრია, უცებ შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი.

რესპონდენტების მხრიდან ხომ არ გაქვთ რაიმე გართულებები - რომ გეუბნებიან, ვერ ჩაგერთვებით ან საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე, თუ პირიქით, ისინიც გადმოეწყვნენ ახალ რეჟიმზე ურთიერთობის?

კი, გადმოეწყვნენ. თვითონაც სახლში არიან და ყველა ძალიან კარგად ხვდება სინამვდილეში ამის მნიშვნელობას.

საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, ხომ არ აქვს ადგილი თავის არიდებას პასუხებზე, რადგან მათთანაც დისტანციურად ხდება მეტწილად კომუნიკაცია?

ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას, ახლა ყველა ძალიან გადატვირთულია და ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფიზიკურად ვიყოთ პრესკონფერენციებზე (იქნება ეს საჯარო მოხელეების, თუ ბიზნესმენების, მედიკოსების, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების და ა.შ.), შეკითხვები თავად დავსვათ.

კონტენტის თვალსაზრისით, თუ მოხდა გარკვეული ცვლილების შეტანა და რაში გამოიხატება ეს?

ჩვენი სტრატეგია ახლა ასეთია - მაქსიმალურად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ სრულიად არაორდინალურ სიტუაციაში: სიმპტომები აქვთ? - როგორ მიხვდნენ; მიხვდნენ? - რა უნდა გააკეთონ; აუცილებლად უნდა გავიდნენ საჯარო სივრცეში? - როგორ უნდა გააკეთონ ეს ; რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ? - როგორ დაადგინონ; რისკ-ჯგუფში თუ აღმოჩნდნენ როგორ უნდა მოიქცნენ; თუ რამის შეძენა უნდათ - ონლაინ რისი შესაძლებლობა აქვთ და ა.შ. საზღვარგარეთ დარჩნენ? - როგორ ჩამოაღწიონ საქართველოში; საქართველოში არიან და აუცილებლად უნდა წავიდნენ? - როგორ გააკეთონ. ანუ ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა ახლა არის ამაზე მიმართული..

ანუ მთელი კონტენტი ეძღვნება კორონავირუსს?

მთელი არა. რა თქმა უნდა ვაშუქებთ სხვა თემებსაც, უბრალოდ ჩვენი მასალების ვიტყოდი აბსოლუტური უმრავლესობა ეხება ახალი კორონავირუსის პანდემიას. და ჩვენი სტრატეგია არის ასეთი - მაქსიმალური ინფორმირება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ და რა გააკეთონ სწორად, რა რეკომენდაციები აქვთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელბიც ახლა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სტრატეგიაზე მუშაობს.

სხვა რაიმე დამატებითი გაიდლაინები თუ გაქვთ კორონავირუსის გაშუქების კუთხით?

გვაქვს გარკვეული შეზღუდვები კონკრეტული ტერმინების გამოყენებაზე. მაგალითად, არ ვიყენებთ სიტყვებს - პანიკა, კატასტროფა, საშინელება, შემზარავი, გამოუსწორებელი და სხვა მსგავს შეფასებებს. ეს სიტყვები შეიძლება იყოს ციტატებში, მაგრამ ხაზგასმით არა ჟურნალისტების ტექსტებში. ამასთან, სოციალურ მედიაშიც ვცდილობთ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ იმას რასაც ვწერთ- ჩვენთვის სოციალური მედია არის საჯარო სივრცე და შესაბამისად არ ვწერთ იმას, რასაც არ დავწერდით რადიო თავისუფლების პლათფორმებზე.


გარეკანის ფოტო: ონლაინ თათბირი რადიო თავისუფლებაში.
ფოტოს ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი