საქართველო
კატეგორია - საქართველო

ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული ვიდეორგოლის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ტელეკომპანია "მთავარი არხი" წერილობით გააფრთხილა და რგოლის ეთერიდან მოხსნა დაავალა.  

კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამაა და არასაარჩევნო პერიოდში არხს მისი გაშვების უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცოების კომისიამ დღეს, 30 დეკემბერს იმსჯელა. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, 2019 წლის 19 დეკემბრიდან გადიოდა,

"კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა", - ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ტელეკომპანია "მთავარი არხში" ამ განცხადებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიდეორგოლი არის არხის სარედაქციო პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.  არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ცენზურის ტოლფასია.

 "გასცდა კომისია საკუთარ უფლებამოსილებას, მათ არ აქვთ აზრის გამოხატვის და მითუმეტეს პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვის უფლება. ეს იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს, კანონი  არ კრძალავს ამგვარი კლიპის გაშვების უფლებას. შესაბამისად, ეს იყო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. ცხადია, გავასაჩვრებთ სასამართლოში, თუმცა, სასამართლოც ამ ხელისუფლების არის, ამიტომ მათი იმედიც არ გვაქვს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას


კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “მთავარ არხს” ახალი მეწილე ჰყავს. ნიკოლოზ სისაურმა ტელეკომპანიის 3%-იანი წილი, 3 000 ლარად, საწესდებო კაპიტალში 300 000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის ვალდებულებით კახაბერ ანჯაფარიძისგან იყიდა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 19 დეკემბერს აისახა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ნიკოლოზ სისაური შპს “ტელეკომპანია საქართველოს” დირექტორია, რომლის 25-25%-იან წილებს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ფლობენ.

ამ დროისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, “მთავარი არხის” დამფუძნებლებს შორის წილები ასე ნაწილდება: ტელევიზიის 3%-ს ნიკოლოზ სისაური ფლობს, 2.5-2.5%-იან წილებს გიორგი და მარი ანა რურუები, 2%-ს შპს “საქართველოს უნივერსიტეტი” (“საქართველოს უნივერსიტეტის” 37.5 და 12.5-%-ებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა და ბიძა - გიული და ნიკოლოზ ალასანიები ფლობენ), 39%-ს კი - კახაბერ ანჯაფარიძე. რაც შეეხება არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, იგ კვლავ აქცეიბის საკონტროლო პაკეტის - 51%-ის მფლობელია.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი მას სახელი და მფლობელები შეეცვალა და გახდა მთავარი არხი. პირველ ეტაპზე არხს მხოლოდ ორი მფლობელი ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%) ფლობდა. ეს უკანასკნელი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.
კატეგორია - საქართველო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად ფრაქცია ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' გია ქარცივაძე დაასახელა. სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცხრა განმცხადებლიდან სამი - ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა, 24 დეკემბერს შეარჩია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი მათგან სასურველი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოს დღეს, 27 დეკემბერს წარუდგინა.

გია ქარცივაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი და აჭარის ტელევიზიის HR-ია. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ასმათ დიასამიძე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, რომ სამივე კანდიდატი კვალიფიციური იყო, თუმცა გია ქარცივაძეზე არჩევანის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეს:

“დილემის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ყველა კანდიდატი იყო კვალიფიციური, ღირსეული და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ თითოეულს. გია ქარცივაძეზე არჩევანი, პირველ რიგში, იმიტომ შევაჩერეთ, რომ გიამ ძალიან კარგად იცის მთელი შიდა სამზარეულო ტელევიზიის. წლებია იქ მუშაობს და პროცესებში იყო ჩართული ორივე დირექტორის შემთხვევაში(იგულისხმება ნათია კაპანაძე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე). მეორე მიზეზი არის, რომ ის არის კვალიფიციური იურისტი და ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბორდში იყოს წარმომადგენელი, რომელსაც არ გამოეპარება იურიდიული ნიუანსები. ამ ძირითადი მიზეზების გამო შევაჩერეთ მასზე არჩევანი.”

ჩვენს კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვთ ფრაქციაში, ასმათ დიასამიძე გვპასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ უმაღლეს საბჭოს კითხვის ნიშნები, კვოტირებასთან და პარტიულობასთან დაკავშირებით, არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ პარტიული ნიშნით არ შეგვირჩევია. ვალდებული არიან, რომ მხარი დაუჭირონ, რადგან ეს არის საზოგადოების და ჩვენი კვოტა, საზოგადოების პოზიცია.”

მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე ოთხი წევრია. სამი მათგანი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ბორდში ''ქართული ოცნების'', ხოლო ერთი თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული. წილოსანი, ამავე დროს, არჩევისას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელი იყო, - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე.
კატეგორია - საქართველო

“მედიაზე ზეწოლა სირცხვილია”, “სოლიდარობა კავკასიას“, “ვერ დაგვადუმებთ”, “სოლიდარობა ტვ პირველს”, “თავისუფლება მედიას” - ამ ლოზუნგებით დღეს 12:00 საათზე ტელეკომპანია “კავკასიასთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაუწყებლების ანგარიშებზე ინკასოს დადება გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ტელევიზიებზე ინკასოს დადებას უსამართლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა არხი თანაბარ პირობებში უნდა იყოს:

“ეს არის მარტივად დასანახი ხელწერა “ქართული ოცნების”, რომელსაც არ მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი, თავისუფალი მედია… თითზე ჩამოსათვლელი მედია დაგვრჩა, რომელსაც ვერ აკონტროლებს, მათ შორის ერთ-ერთი კავკასიაა, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ექცევა”, - თქვა გიგა მაქარაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

ტელეკომპანია TV პირველის, რუსთავი 2-ის, კავკასიის და ერთი რეგიონული არხის ანგარიშებს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო 25 დეკემბერს დაადო. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მაუწყებლებში უსამართლობად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.


ერთდღიანი ვადა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მაუწყებლებს პირველი ოქტომბრიდან დაგროვებული დავალიანებების დასაფარად მისცა, 24 დეკემბერს ამოიწურა. “ტვ პირველი”, “რუსთავი 2” და, ასევე, ერთი რეგიონული არხი, რომელსაც ინკასო დაედო, დავალიანების დაფარვას შეძლებისთანავე აპირებენ. რაც შეეხება ტელეკომპანია “კავკასიას”, არხის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიმდინარე დავალიანების გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ “კავკასია” იქამდე არ გადაიხდის გადასახადს, სანამ “იმედი” და “მაესტრო” მილიონობით ლარის დავალიანებას არ დაფარავენ.



სტატიაში გამოყენებულია ინტერპრესნიუსის ფოტო.

კატეგორია - საქართველო
ხელისუფლების გავლენის ზრდა ტელევიზიებში, სამართალდამცველებისგან დაზარალებული ათობით ჟურნალისტი, გალაშქრება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით და სხვა. “მედიაჩეკერი” გამოყოფს 5 მნიშვნელოვან მოვლენას, რომლებმაც 2019 წელს საქართველოში მედიაგარემოს მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.

1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2-ის” საქმეზე

alt2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ აღიარებული იქნა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა “რუსთავი 2-ის” წილებთან დაკავშირებით. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ წილები ამორალური გარიგების საფუძველზე დაათმობინეს და არაკეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ ისინი, ვინც მომდევნო წლებში დაისაკუთრეს “რუსთავი 2”.

ხალვაშამდე 3 წლით ადრე, 2012 წელს, “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იჩივლეს, ოღონდ, ხალვაშისგან განსხვავებით, არა სასამართლოში, არამედ პროკურატურაში. პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. ამის პარალელურად, 2019 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დვალისა და აქიმის სარჩელი, რომლითაც ისინი კუთვნილი 60% წილის დაბრუნებას ითხოვენ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” იგივე არგუმენტებით, რა არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა ტელევიზია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და რამდენიმე მთავარი სახე, რის გამოც, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ტელევიზიის თანამშრომლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა.

არხის საინფორმაციო პროგრამა “კურიერი” 1 თვის განმავლობაში არ გადიოდა ეთერში, ხოლო 25 სექტემბერს ეთერს ახალი წამყვანით დაბრუნდა - ნათია ლაზაშვილი მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და პროკურატურაში მუშაობდა კონსულტანტად.

alt

“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “მთავარი” დააფუძნა. “მთავარი” 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს და მის კონტენტს “რუსთავი 2-დან” წასული თანამშრომლების ნაწილი ქმნის.



alt
 “რუსთავი 2-დან” წასული თანამშრომლების ნაწილი მუშაობს კიდევ ერთ ახალდაფუძნებულ ტელეკომპანიაშიც. “ფორმულა” 1-ლი ოქტომბრიდან მაუწყებლობს. “ფორმულაში” საკონტროლო წილს დავით კეზერაშვილი ფლობს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობდა.  






2. ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ხელისუფლების გავლენის ზრდა ტელევიზიებში


altაჭარის ტელევიზიაში 2019 წლის აპრილში დაწყებული პროცესები ნოემბერში ისე დასრულდა, როგორც ამას ტელევიზიის ჟურნალისტები და მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ და რის გამოც ისინი აქტიურად და ღიად გამოხატავდნენ პროტესტს:

ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტიდან აპრილში გადააყენეს ნათია კაპანაძე, რის შემდეგაც ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელიც ინარჩუნებდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლების ზეგავლენისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველი პარტიის გენერალური დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის სამიზნე გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა მან ტელევიზია “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად მოიხსენია.

ნოემბერში, რამდენჯერმე ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელსაც იმთავითვე მოიაზრებდნენ სახელისუფლებო კანდიდატად. გიორგი კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და იგი ამ პოზიციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იყო არჩეული. აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას კოხრეიძე იმით შეუდგა, რომ ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალა, რომლითაც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება ჩამოართვა.

ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სამსახურის და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რას და როგორ შეცვლის ახალი გენერალური დირექტორი, ეს უკვე 2020 წელს გამოაშკარავდება.

altრაც უკვე აშკარად ჩანს, ეს ტელეკომპანია “იმედში” გაძლიერებული პროსამთავრობო ვექტორია. ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ივანიშვილის “მე-9 არხისა” და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი ტელეკომპანია “მზის” ხელმძღვანელი ელდარ მდინარაძე დაინიშნა. ამას მოჰყვა, ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილება. არხის სარედაქციო პოლიტიკას არსებითად გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი განსაზღვრავს, რომელიც საზოგადოების და თავად “იმედის” არხზე მომუშავე ჟურნალისტების კრიტიკის ობიექტი გახდა აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმის გამო. ფილმში ომის ერთადერთ და მთავარ დამნაშავედ საქარველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო წარმოჩენილი, ხოლო რუსეთის როლი განსაზღვრული იყო სააკაშვილის ქმედებებზე რეაქციად.

ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგვარ დითირამბებს ეთმობა “იმედის” ახალი პოლიტიკური ტოქშოუ “არენა”, ხოლო თავად ლალიაშვილის გადაცემა “SWOT ანალიზი” ერთადერთია, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით და რომლებთანაც არასდროს აქვს კრიტიკული შეკითხვა გადაცემის წამყვანს.

alt

25 ნოემბრიდან მაუწყებლობა დაიწყო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ჯგუფმა - “პოს ტვ-მ”.


3.  ჟურნალისტებზე გახშირებული და გამოუძიებელი თავდასხმები


alt21 დეკემბერს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მოუხდათ მიკროფონებისა და დიქტოფონების ნაცვლად სასტვენების ხელში აღება და ამ ფორმით ხელისუფლების უმოქმედობის გაპროტესტება. საქმე ის არის, რომ ისევ გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

40-მდე ჟურნალისტი დაშავდა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს, როცა მათ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს. ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა 2019 წელს, რომელთა დიდი ნაწილი, ასევე, გამოუძიებელია.





4. სისხლის სამართლის საქმეები კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ


ტელეკომპანია “მთავარის” 2 მესაკუთრის ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას წინააღმდეგ ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. რურუა 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით (სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) და 20 ნოემბერს პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, 25 დეკემბერს პროკურატურამ მას ახალი ბრალი წარუდგინა - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვინაიდან ბრალდებული უარს აცადებს დნმ-ის ნიმუშების ჩაბარებაზე.

მანამდე, 2019 წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინეს “რუსთავი 2-ში” გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში “საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებისთვის ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია” (სსკ 220-ე მუხლი). მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 1 ნოემბერს ამავე საქმეზე გვარამიას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას დამატებით ბრალი ედება “საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. 5 დეკემბერს გვარამია სუს-ში დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია, ამჯერად კონკრეტულად რომელ საქმეს უკავშირდება მისი დაბარება. თავად გვარამია ვარაუდობდა, რომ ეს უკავშირდება მის ფეისბუკ პოსტს ხელისუფლების დამხობის შესახებ.

altტელეკომპანია “პირველზე” ზეწოლად შეაფასეს არხის წარმომადგენლებმა თიბისი ბანკის საქმის გამოძიების ფარგლებში, ტელევიზიის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამის - ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენა. წერეთელს ბრალი წარედგინა “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება” (სსკ 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). მას 500 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.


5.  ტროლები, ყალბი ამბები და ოცნება ცენზურაზე


საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ტროლების და ბოტების შესახებ Freedom Houses-ის ანგარიშში იყო საუბარი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. რამდენიმე დღის წინ კი ფეისბუკმა განაცხადა, რომ100-ზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომელთა უკან საქართელოს მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები იდგა. Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს.

სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით ცდილობს მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ აუცილებელია ამ საკითხის კანონით რეგულირება, რაც მედიის სპეციალისტების შეფასებით, რეალურად გამოხატვის თავისუფლებისკენაა მიმართული და გააუარესებს მედიაგარემოს ქვეყანაში.

ამ მხრივ, საინტერესოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში ინაცვლებს მედიის შინაარსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ.

ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე წელს არაერთხელ ალაპარაკდა ხელისუფლება, სულ ბოლოს ფეისბუკიდან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლების წაშლის კომენტირებისას ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია სატელევიზიო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რაზეც პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ GNCC-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეა საუბარი.

altკანონპროექტის მიღებამდე, GNCC უკვე ცდილობს მედიის შინაარსის განხილვაში ჩართვას, რისთვისაც ახალი პლატფორმა - mediacritic.ge აამუშავა. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიის წევრობის შესარჩევი ე.წ. კონკურსების ამბავი. კონკურსი ძნელად შეიძლება ეწოდოს პროცესს, როდესაც უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შესარჩევი კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში, როდესაც პრეზიდენტს უგზავნის ან არ უგზავნის შერჩეული კონკურსანტების ნუსხას, ხოლო შემდეგ ასევე რის საფუძველზე ახდენს შერჩევას პრეზიდენტი, რომელსაც უნდა დაეთანხმოს პრემიერი და ბოლოს, როგორ არჩევს პარლამენტი სათანადო კადრს. სწორედ, ამ გაუგებარი და ჩაკეტილი სქემის შედეგად შეიძლება განვიხილოთ ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრად განმეორებითი ვადით დაამტკიცეს წლის ბოლოს კახა ბექაური, რომელიც მანამდე ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო. ასევე, ამ გაუგებარი სქემით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დაიწუნა კომისიაში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცადებულ კონკურსში მონაწილე ხუთივე კანდიდატი.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანიების: TV პირველის, რუსთავი 2-ის, კავკასიის, ასევე, ერთი რეგიონული არხის ანგარიშებს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. მიმდინარე პროცესებს მაუწყებლებში უსამართლობად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. მაუწყებლები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

“აღშფოთებას და პროტესტს იწვევს, როდესაც სხვა ტელევიზიები აგროვებენ მილიონობით ვალს და ჩვენ მიმდინარე დავალიანებაზე სახელმწიფო გვებრძვის და ულტიმატუმებს გვიყენებს. ეს არის პრობლემა, თორემ ვალდებულებებს ჩვენ არ გავურბივართ და არც არასდროს არ გავქცევივართ”, - ამბობს “TV პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

მისი თქმით, ნოემბრის მიმდინარე დავალიანება დაახლოებით 100 000 ლარი იყო.

“TV პირველისგან” განსხვავებით, “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი არ აპირებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, რაც მისი თქმით, ძალიან სასაცილო თანხაა. ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არათანაბარ პირობებში აყენებს ტელევიზიებს და ამბობს, რომ “კავკასია” იქამდე არ გადაიხდის გადასახადს, სანამ “იმედი” და “რუსთავი 2” მილიონობით ლარის დავალიანებას არ დაფარავენ:

“ეს არის კატასტროფული უსამართლობა, ეს არის საბაზრო უპირატესობის მინიჭება სამი კონკრეტული არხისთვის. რაც მათ იმდენად დიდ უპირატესობას აძლევს, რომ წარმოუდგენელია ასეთ კონკურენციაზე ლაპარაკი. პირველ რიგში, მე ვითხოვ, რომ ფინანსთა მინისტრმა გაგვაგებინოს, “რუსთავი 2-თან” და “იმედთან” რა მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ მეტყვიან, რომ ისინი ფარავენ ხვალ 55 მილიონს, მეც უსიტყვოდ, მივდივარ და ჩემს დავალიანებას მთლიანად ვფარავ ხვალ”.

მათ გარდა, ინკასო დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ანგარიშებს. მაუწყებლის დირექტორი პაატა სალია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ არხისთვის ინკასოს დადება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებაა, რადგან, შესაძლოა, ტელეკომპანიის საქმიანობა შეფერხდეს.

“მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ, დღესასწაულების წინ, არხის პარალიზება არ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა იჩენს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი გროვდებოდა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ახლა ისინი ვალებს იხდიდნენ, უბრალოდ, აქვთ მცირედი გადაცილება დროში, - “აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ესეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს ესეთი ღონისძიებები მომავალში. ჩვენ ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ”

დავალიანების გამო დღეს ინკასო დაედო ერთი რეგიონული არხის ანგარიშებსაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ამ ტელევიზიის დავალიანება 1200 ლარი იყო.

“ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, შერჩეული საგადასახადო პოლიტიკით. კონკრეტულად ვამბობთ, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, როცა კონკრეტული პირის მხრიდან (და გასარკვევია, ვისი მხირდან) გაიცა ბრძანება, რომ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ კონკრეტულ მაუწყებლებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ვალების დაგროვება. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, ვითხოვთ შედეგებს, ვითხოვთ პირობების გათანაბრებას”, - ამბობს იგი.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსიც.

“ხელისუფლება იყენებს ეკონომიკურ ბერკეტს დამოუკიდებელი მედიის შესავიწროვებლად, ეს ჩანს ძალიან ბევრ რამეში. ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს მოწადინებული, ესაუბროს მედიას და აუხსნას, რატო აწარმოებს ამგვარ პოლიტიკას. მიხვდეს, რომ არასწორია ეს პოლიტიკა და შეეცადოს გამოსწორებას. თუმცა არანაირი მცდელობა არ აქვთ და პირიქით, უფრო სადამსჯელო ნაბიჯებს დგამენ, რაც ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზე. ეს კარგად არ დასრულდება”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

როგორ განვითარდა მოვლენები

ფინანასთა სამინისტროს განცხადება, რომ ძველი ვალების დასაფარად მაუწყებლებს შემოსავლების სამსახურისთვის მათეული განრიგები უნდა წარედგინათ, 1 ოქტომბრიდან კი ვალები აღარ დაეგროვებინათ, მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.

„ვიქნებით ლოიალური წარსულ დავალიანებასთან, მაგრამ პრინციპული მიმდინარე ვალებთან“, - განაცხადეს მაშის სამინისტროში და მაუწყებლებს ორკვირიანი ვადა მისცეს ვალის დაფარვის მათთვის მოსახერხებელი პირობების შესათავაზებლად.

მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე მსხვილი დავალიანება სამ ტელეკომპანიას ჰქონდათ ესენია: „რუსთავი 2“ – 28 მლნ დავალიანებით, „იმედი“ – 19 მლნ და „მაესტრო“ დაახლოებით 8 მლნ ლარით.



“მედიაჩეკერი” მთელი დღის განმავლობაშ ცდილობდა ამ ტელევიზიებთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, რა შეიცვალა მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, დაფარეს თუ არა დავალიანება, ან დაიწყეს თუ არა მათი დაფარვა, რამე განრიგის მიხედვით, თუმცა, არც "იმედიდან" და არ "რუსთავი 2-დან" მედიაჩეკერის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება დავალიანებებს, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან წარმოეშვებოდათ ტელევიზიებს, მათი დაფარვისთვის 1-დღიანი ვადა მაუწყებლებს 23 დეკემბერს მისცეს და ეს ვადა გუშინ, 24 დეკემბერს ამოიწურა.

კატეგორია - საქართველო
ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა - “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით წარდგენილ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს აჭარის უმაღლესი საბჭო ამ სამი კანდიდატიდან შეარჩევს. ეს კანდიდატები საკონკურსო კომისიამ 9 განმცხადებლიდან დღეს, 24 დეკემბერს შეარჩია.

ხუთკაციანი საკონკურსო კომისიის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ირმა ზოიძე - 5 ხმა
  • გია ქარცივაძე - 4 ხმა
  • ლაშა ზარგინავა - 3 ხმა



როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, თამარ მამეიშვილი “მედიაჩეკერთან” ამბობს, კომისიამ საბჭოსთვის წარსადგენი კანდიდატები კენჭისყრით, მიღებული ხმების მიხედვით შეარჩია: “საკმაოდ კარგი კანდიდატები იყვნენ, გვქონდა ფუფუნება, რომ კარგებს შორის საუკეთესოები შეგვერჩია"

მისივე განმარტებით, კანდიდატების შერჩევისას კომისიამ რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის: კანდიდატის პრინციპულობა, ბრძოლისუნარიანობა, კეთილსინდისიერება, ასევე, მათი ხედვა, კონცეფცია და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სიტუაციის მათეული შეფასება.

“დებატები გაიმართა აჭარის მაუწყებელზე კანდიდატებს შორის და გარკვეული მოსაზრებები ამ დებატების შემდეგაც გაგვიჩნდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასაუბრება, სადაც უკვე ცოცხალ რეჟიმში ვცდილობდით, რომ გაგვეგო კანდიდატების ხედვა და მიგვეღო კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები”, - ამბობს თამარ მამეიშვილი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს, ამ სამი კანდიდატიდან, უმაღლესი საბჭო შეარჩევს. ბორდში ვაკანტური “ნაციონალური მოძრაობის” კვოტაა.

ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 5 დეკემბერს განაცხადეს, რომ თავიანთ კვოტას საზოგადოებისთვის და მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის მისაღებ კანდიდატს დაუთმობდნენ.

''ჩვენს კვოტას ვთმობთ საზოგადოების სასარგებლოდ... ჩვენ აჭარის ტელევიზიის იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის და საზოგადოებისათვის მისაღებ კანდიდატს დავუჭერთ მხარს", - განაცხადეს დეპუტატებმა​.
კატეგორია - საქართველო

21 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მეთერთმეტე საერთო კრებაზე, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი და ქარტიის სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა აირჩიეს.

ქარტიის საბჭოს სამი ახალარჩეული წევრიდან, ერთი თბილისის კვოტითაა არჩეული, ორი კი რეგიონების.

საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ზვიად ქორიძე
  • რეგიონების კვოტით  - ნინა ხელაძე, ჟურნაისტიკის რესურსცენტრი;  ნათია ზოიძე - აჭარის ტელევიზია. 
საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს (სტუდია მონიტორი).

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევენ. 

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  1. ნანა ბიგანიშვილი (თავმჯდომარე)
  2. ლიკა ზაკაშვილი
  3. ზვიად ქორიძე
  4. გელა მთივლიშვილი
  5. ირმა ზოიძე
  6. ნინა ხელაძე
  7. მაია მერკვილაძე
  8. კამილა მამედოვა
  9. ნათია ზოიძე

რაც შეეხება ქარტიის სარევიზიო კომისიას, კომისიის წევრებად აირჩიეს:   

  • მარიკა დუდუნია
  • ნინო კაკულია
  • გუბაზ მეგრელიძე

სარევიზიო კომისია აკონტროლებს ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ ქარტიის წესდების შესრულებასა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებას.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2019-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:


პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის, პრიზი დაწესებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ;

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.
კატეგორია - საქართველო

21 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში მომრავლებული ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები გააპროტესტეს. აქციაში რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებებიდან და დედაქალაქიდან.

აქცია სპეციალურად დაემთხვა 21 დეკემბერს, ამ დღეს ზუსტად ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა. ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.

ქარტიის აღამსრულებელი დირექტორის, გიორგი მგელაძის განცხადებით, ქარტიის დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო. ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. .

აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა, პლაკატებით: "გამოიძიე", "ნუ გვესვრი", "ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში", "გვიპასუხე", ასევე, საყვირებითა და შეძახილებით - "გამოიძე", პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო თბილისი მარიოტამდე, სადაც ქარტიის წევრთა კრება იმართებოდა, მსვლელობაც გამართეს.

alt

alt

alt

მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ონლაინგამოცემა "პუბლიკას". 

კატეგორია - საქართველო
“ტაბულას” ჟურნალისტ თიკო ერაძის იურიდიული კომიტეტის სხდომის დარბაზიდან გაძევების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

როგორც უწყებაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, გამოძიება ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “ტაბულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი ითხოვდა გამოძიება ორი მუხლით დაწყებულიყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ფიზიკური ძალადობა.

12 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, მანდატურებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
კატეგორია - საქართველო

2019 წლის დეკემბრიდან ონლაინგამოცემა „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა.  ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა.  განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. 

ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში,  მფლობელის, შორენა შავერდაშვილის შეთავაზების საფუძველზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გუნდმა, მფლობელთან შეუთანხმებლობის მოტივით, გამოცემა დატოვა.

"ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინ ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა", - ვკითხულობთ გამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  სირთულეების მიუხედავად, ახალმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და მუშაობა განაგრძო იმ რწმენით, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა. ეტაპობრივად, გამოცემის ირგვლივ  რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი შეიკრიბა: " ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა"

ამავე განცხადების მიხედვით, ამ პროცესების პარალელურად,  „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა:  "დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.

„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.


"ლიბერალის" შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია პირველად დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.  

“გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომელთან გამკლავებასაც ვცდილობთ. როგორ გავუმკლავდებით ამ პრობლემებს, ამაზეა ბევრი რაღაც დამოკიდებული”- თქვა შორენა შავერდაშვილმა ტელეკომოანია “ფორმულასთან” საუბრისას. “მედიაჩეკერს” კი მაშინ განუცხადა, რომ ლიბერალთან დაკავშირებით იმ ეტაპზე საჯარო კომენტარებს არ აკეთებდა.  შორენა შავერდაშვილთან დაკავშირება დეტალების დასაზუსტებლად, "მედიაჩეკერმა" ამჯერადაც სცადა,  თუმცა, მან განაცხადა, რომ დამატებით საჯარო კომენტარებს არც ამჯერად აკეთებს. 

"ლიბერალზე" ბოლო ამბავი 29 ნოემბერს არის გამოქვეყნებული. 

6-წლიანი მუშაობის შემდეგ,  “ლიბერალის” ყოფილმა გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მათი სპეციალური განცხადებიდან, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, იკითხება, რომ გუნდს შეუთანხმებლობა ჰქონდა გამოცემის მფლობელთან შორენა შავერდაშვილთან მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით. ახალი სარედაქციო გუნდი, ხედვა და მიზნები  საზოგადოებას მფლობელმა 6 აგვისტოს წარდუგინა. იმ განცხადებაში ნათქვამი იყო,  რომ გუნდი განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე მუშაობდა და განახლებულ პლატფორმის წარდგენას შემოდგომის ბოლოს გეგმავდა.