საქართველო
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. არის არაერთი მედია კვლევის ავტორი და თანაავტორი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა და მთელი საქართველოს მასშტაბით 360-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.
კატეგორია - საქართველო
“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურს 27 თებერვლიდან ნინო ჟიჟილაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არხის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით კი ტელევიზიის მფლობელმა, ვატო წერეთელმა დაადასტურა.

“დღეიდან ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში”- წერს ვატო წერეთელი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ნინო ჟიჟილაშვილი ამ პოზიციაზე მათე კირვალიძეს ანაცვლებს. ამავე არხზე ნინო ჟიჟილაშვილი ორი ტოქშოუს - „პოლიტმეტრისა“ და „პირველების“ წამყვანია. პარალელურად იგი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანია.
კატეგორია - საქართველო
“მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს”, - ამ განცხადებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ორგანიზაცია მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიოს. მაუწყებლის ბორდს და მენეჯმენტს კი მიმართავს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა შეწყვიტონ:

“მოვუწოდებთ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა”, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დღეს, 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის.
კატეგორია - საქართველო
“აღარ მინდა იმ მენეჯმენტის ქვეშ მუშაობა, რომელიც ასე ებრძვის თავისუფალ სიტყვას, ასე ანგრევს მაუწყებლის იდეას და რეგრესისკენ მიყავს მაუწყებელი. ჩემი წამოსვლა პროტესტია, ჩემი აზრით, ყველაზე უკიდურესი პროტესტი, ამ ეტაპზე”, - აჭარის ტელევიზია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზად იგი მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

alt"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის.

21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ", - წერია განცხადებაში, რომელიც ნინო ხოზრევანიძემ მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა.

პარალელურად, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. მაია მერკვილაძის თქმით, კომიტეტი საგაფიცვო მოთხოვნებს ამუშავებს და დღის ბოლოს დირექციას კონკრეტულ მოთხოვნებს წარუდგენს, რომლის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიფიცებიან და გუნდი მუშაობას შეაჩერებს.

“მე ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებას, ერთიანობას. მე კი წამოვედი, მაგრამ მათ გვერდით ვარ სულითა და გულით. ყველა მათ ნაბიჯს მივესალმები, რომელიც იქნება საპროტესტო, რომელიც შეეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების დაკარგვას და რომელიც არ მოერგება ახალ მენეჯმენტს”, - ამბობს ნინო ხოზრევანიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ნინო ხოზრევანიძის გარდა, არხი კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა. დღეს, 25 თებერვალს მაია მერკვილაძე დათანხმდა ახალ შეთავაზებას - რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის და ახალი ტოქშოუს პროდიუსერის პოზიციას. იგი ამბობს, რომ ბრძოლის შეჩერებას არ აპირებს:

“გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - ამბობს მაია მერკვილაძე.

კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გათავისუფების შემდეგ, მაია მერკვილაძე მზადაა მიიღოს დირექტორის შეთავაზება. იგი თანხმდება იყო რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი და ახალი ტოქშოუს პროდიუსერი. მერკვილაძე ამბობს, რომ მისი მაუწყებელში დარჩენა მნიშვნელოვანია იმ ბრძოლის გასაგრძელებლად, რომელიც წამოიწყეს და მის სამსახურეობრივ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.

“ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში, მე და ჩემი კოლეგები, არ ვაპირებ ბრძოლის შეჩერებას. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩემი აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს ის, ამ ბრძოლაში მე ვიქნები მათ გვერდით. პარალელურად გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

ამ ცვლილების მიუხედავად, მაუწყებლის თანამშრომლები კოლექტიური გაფიცვისთვის მზადებას აგრძელებენ.

“უკვე შევთანხმდით, რომ ეს იქნება რადიკალური ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულები და აქამდე ვცდილობდით დაგვეცვა ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გათვლილი და არ დააზიანებს აქ დასაქმებულთა უფლებებს. და, ასევე, არ დააზიანებს საზოგადოებას, რომელიც ჩვენ გვიხდის თანხას იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა”,- გვეუბნება მაია მერკვილაძე.

მისი თქმით, დღეს კომიტეტი, იურისტების დახმარებით, საგაფიცვო მოთხოვნებს დაამუშავებს, შემდეგ აცნობებენ დირექციას და მოთხოვნებს დააყენებენ: “მედიაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, გაფიცვა იქნება ისეთი, როგორიც ყველგან ხდება ხოლმე, შევაჩერებთ მუშაობას”.

მაია მერკვილაძე ასევე ამბობს, რომ აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას გაუქმებული შტატებისთვის. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა.

იმავე დღეს, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენები საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის დამაზიანებლად შეაფასეს.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

ამ ეტაპამდე ამ ცვილებების ბოლო ეტაპი იყო გასულ კვირას მაუწყებელში ოთხი პოზიციის გაუქმება, - 19 თებერვალს, 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად გაუქმდა ოთხი შტატი, მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიაში მომხდარი მორიგი საკადრო ცვლილებების შემდეგ (იგულისხმება სარედაქციო საქმიანობიდან მაია მერკვილაძის ჩამოშორება), მაუწყებლის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, ჟურნალისტებმა კოლექტიური გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.

მალხაზ რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საგაფიცვო დოკუმენტს ამზადებენ.

"მთავარი შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკის დაცვა იქნება. ამ ეტაპზე  მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს იგი "მედიაჩეკერთან" საუბარში. 

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი რედაქცია “სასურველ ტრენდზე” გადასვლისგან. ასე ერთიანები დავხვდებით იმათაც ვინც შეეცდება “გადაგვაბიჯოს” და ჩვენს ადგილებზე დაჯდეს. პასუხისმგებლობა სუს-ის მობილიზებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ასე, რომ ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა გიორგი კოხრეიძესთან, ან გიგა ჩხარტიშვილთან, ეს არის ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ", - წერს სოციალურ ქსელში მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსსა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს მაია მერკვილაძეს, მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ტოქშოუს გაკეთებას სთავაზობს, 20:00 საათიანი გამოშვების ხელმძღვანელად კი მერკვილაძის ნაცვლად ნინო ხაჟომიას ნიშნავს.
კატეგორია - საქართველო
“ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა”, - ასე ეხმაურებიან კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს.

დღეს, 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე ბოლო პერიოდის ის მოვლენებია ჩამოთვლილი, რომლებიც, მედიაკოალიციის შეფასებით, ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება.

ჩამონათვალს სრულად გთავაზობთ:

“ 1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - დღეს, 2020 წლის 24 თებერვალს კი გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის თოქ-შოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.

2020 წლის 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილა მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით. არ იყო წარმოდგენილი ადამიანური რესურსების მართვის და ამავე დროს იურიდიული სამსახურის შეფასება, ისევე როგორც უშუაო ხელმძღვანელების პოზიციები ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო დირექტორის მხოლოდ ზეპირ განმარტებას რომ „დასაქმებული ადამიანები დაინიშნებიან სხვა თანამდებობებზე, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება ეს ყველაფერი“

ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს. ამ პროფკავშირში მაუწყებლის70-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. დაპირისპირების გამო სხდომა ცოტა ხნით გადაიდოკიდეც.

2. დირექტორის მოადგილის მაუწყებლობის განვითარების დარგში - 2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს.

მიგვაჩნია, რომ გაუმჭვირვალე და არასათანადოდ მომზადებული იყო თავად გასაუბრების პროცესიც. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ კავშირის ინფორმაციით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა[მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს. საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს. მოგვიანებით, ზეწოლის შედეგად ჟურნალისტმა ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება. მაუწყებლის კიდევ ერთი თანამშრომელი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს გადაღების უფლება სხდომაზე, რატომ დაიხურა სხდომა, სადაც მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი განიხილებოდა ანდა რატომ გამოიყენა კომისიამ ფოტოგადაღების საკითხი ჟურნალისტების დევნის საბაბად.

მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტის დროს იკვეთება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნები და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ.

ამავე დროს კითხვის ნიშნებს აჩენს დირექტორის მოადგილის არჩევისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის მიმართ. მით უფრო, როცა მაუწყებლის დირექტორის განცხადების მიხედვითაც კი, მართებული არ იყო შეფასების ის კრიტერიუმები და მეთოდები, რასაც საკონკურსო კომისია იყენებდა კანდიდატებთან გასაუბრებისას

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო.

ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ. 4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.”

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსსა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს მაია მერკვილაძეს, მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ტოქშოუს გაკეთებას სთავაზობს, 20:00 საათიანი გამოშვების ხელმძღვანელად კი მერკვილაძის ნაცვლად ნინო ხაჟომიას ნიშნავს.

ამ ცვლილებას “მედიაჩეკერთან” ადასტურებენ მაია მერკვილაძეც და ნინო ხაჟომიაც.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ნინო ხაჟომია წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე გადაცემა “60 წუთში” მუშაობდა, 2018 წლიდან კი ტელეკომპანია“იბერიაში” დილის გადაცემა მიჰყავდა.

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ექვს საათამდე არაფერი იცოდა და ჯერ არც ოფიციალური დოკუმენტი მიუღია. მას აქვს ინფორმაცია, რომ დირექტორს მისთვის ორი შეთავაზება აქვს:

“ვიცი, რომ ახალი ამბების რედაქციიდან გავყავარ და აღარ ვიქნები ახალი ამბების მომზადებაში ჩართული. მისი პროექტით, მე უნდა გავაკეთო რაღაც ტოქშოუ, რომელიც ჯერჯერობით მაუწყებელში არ არსებობს და გაუგებარია რაზეა საუბარი. თუკი ამ ვერსიას არ დავეთანხმები, რადიოში რედაქტორად მთავაზობს გადასვლას. ჩემი აზრით, ეს იმიტომ არის შემოთავაზებული, რომ მე წავიდე, დავტოვო მაუწყებელი”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

მაია მერკვილაძის შემცვლელი ნინო ხაჟომია ადასტურებს, რომ დირექტორისგან შეთავაზება ნამდვილად მიიღო. აქვე იგი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი სწორი, გადამოწმებული და დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვება იქნება. კითხვაზე რამდენად იქნება გარანტი, რომ არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება იმ მოცემულობაში, რაც ახლა მაუწყებელშია, გვპასუხობს, “ვიძლევი იმის გარანტიას, რომ ჟურნალისტური სტანდარტი ასჯერ უფრო გაიზრდება, უფრო ყურებადი გახდება არხი, უფრო დაბალანსებული და უფრო პროფესიულად გამართული”.

ასევე კითხვაზე, ადევნებდა თუ არა თვალს 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებს აქამდე, გვპასუხობს: “არა, არ მიდევნებია, იმიტომ, რომ დავტოვე მთაში სახლი და წამოვედი, დავუბრუნდი ძველ პროფესიას, რაც ყველაზე კარგად გამომდის, რაც ძირფესვიანად ვიცი და იმედი მაქვს, რომ გავაკეთებ იმას, რასაც ჰქვია ჟურნალისტიკა”.

კიდევ ერთი, რაც ნინო ხაჟომიას მომავალ გეგმებშია, არხზე საგამოძიებო მასალების კეთებაა: “უნდა გავაკეთო საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რაც, პრინციპში, იყო გადამწყვეტი, იმიტომ, რომ რამოდენიმე ადამიანთან ერთად, მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში დაიწყო საგამოძიებო ჟურნალისტიკა”.

მაია მერკვილაძესა და ნინო ხაჟომიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის გაძლიერების მოტივით ხსნის.

“წინასაარჩევნო პეირიოდში აუცილებელია არხზე არსებობდეს დებატების მსგავსი ტოქშოუ. აქედან გამომდინარე, რომ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გადავწყვიტეთ, რომ შევთავაზოთ ქალბატონ მაიას არხის მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს გაკეთება, რომელიც გავა ყოველდღიურად, ანუ კვირაში ხუთჯერ, თითო საათი მინიმუმ. იყოს მისი პროდუსერი და მთავარი რედაქტორი”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

დათანხმდება თუ არა მაია მერკვილაძე დირექტორის ამ შეთავაზებას, ამ ეტაპზე უცნობია. მთავარი საინფირმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი ამბობს, რომ ჯერ ხელშეკრულების პროექტი უნდა ნახოს.

“უნდა წავიკითხო, გავაანალიზო, იურისტთან ერთად გავიარო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ამ გადმოსახედიდან, არ ვაპირებ რომ დავთანხმდე”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

მაია მერკვილაძე ფიქრობს, არხიდან მისი ჩამოშორება წინასწარ დაგეგმილი პროცესის ნაწილია: “მიზანი რაც ჰქონდათ, თავიდანვე ნათელი იყო, ჩამოეშორებინათ ადამიანები სწორედ ასეთი ხერხებით. ზოგს ხელშეკრულება შეუცვალეს, ზოგი გადააყენეს და ჩემთან დაკავშირებული ამბავიც რაღაცნაირად მოაგვარეს იმით, რომ მეც ვტოვებ ჩემით. ისე გამოიყვანეს, რომ მეც ჩემით წავალ და ასე გამოვა ბოლოს, როგორც წავიდა ნათია ზოიძე და სხვები”.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

ამ ეტაპამდე ამ ცვილებების ბოლო ეტაპი იყო გასულ კვირას მაუწყებელში ოთხი პოზიციის გაუქმება, - 19 თებერვალს, 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად გაუქმდა ოთხი შტატი, მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტს. პროფკავშირი ამ ფაქტს ჟურნალისტზე ზეწოლად აღიქვამს.

საუბარია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე.

პროფკავშრების განცხადებით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა [მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს.

ჟურნალისტების ნაამბობის მიხედვით, საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს.

"გვინდა განვმარტოთ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე ღია სხდომაზე ფოტოს გადაღებას არ კრძალავს საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი. მით უფრო მაშინ, როცა ამ ფოტოში არ ჩანდა რომელიმე კონკურსანტის შესახებ რაიმე პერსონალური ინფორმაცია. ფოტოს ჰქონდა მტკიცებულებითი დატვირთვა და ადასტურებდა იმას, რომ დირექტორობის მოადგილეობის კანდიდატებს აჩვენეს კონკრეტული სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზეს. ეს ფაქტი ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ხელმძღვანელების მიერ აქამდე არაერთგზის გაჟღერებულ პოზიციას, რომ დირექტორის მოადგილეს არაფერი ესაქმებოდა კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსთან. სწორედ, აღნიშნულის გამო ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ გადაეღო ფოტო და გამოეტანა საჯაროდ", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე თქმით, ამ ფაქტის გამო, ტექნიკური მიმართულებით დირექტორის მოადგილის მხრიდან, რომელიც ამასთანავე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც იყო, ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შესვლა, მისთვის ფოტოს გადაღებაზე ახსნა-განმარტების მოთხოვნა - წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას.

"მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ ქმედებაზე პრეტენზიის ამ ფორმით გამოხატვა [ვგულისხმობთ, სატელეფონო საუბარს დირექტორის მოადგილესა და ჟურნალისტს შორის] შეიძლება იქონიოს მსუსხავი ეფექტი და გავლენა მოახდინოს ჟურნალისტის მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე", - ამბობენ ჟურნალისტები.

მათივე ნაამბობით, დღის ბოლომდე, ნათია ლომაძე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა, კვლავ დაადანაშაულეს ფოტოს გადაღების გამო წესების დარღვევაში, რის შემდეგაც მან ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება.

ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს მიუღებლად მიაჩნია ჟურნალისტთან კონკრეტული ჟურნალისტური/პროფესიული ქმედების თაობაზე კომუნიკაცია და პრეტენზიების გამოხატვა მაუწყებლის იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ვისაც მაუწყებლის დებულებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსთან.

"ჩვენ, აღნიშნულ ფაქტს აღვიქვამთ და ვაფასებთ ზეწოლად", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ალტერნატიული პროფესიული კავშირი აპირებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და მიმდინარე საკითხებზე დისკუსიას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს შეხვედრა არ შედგება.

"მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების სივრცეს მანამ, სანამ მრჩეველთა საბჭო არ დაამტკიცებს, რომ ის დგას ჟურნალისტების და მაუწყებლის ინტერესების მხარეს და უარს ვამბობთ დაგეგმილ საჯარო შეხვედრაზე [მრჩეველთა საბჭოს მხრიდან დღეს მომხდარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენამდე]", - აცხადებენ მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირების წევრები. 

შეგახსენებთ, დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში,  ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა  22,492,308 ლარი შეადგინა.  ამ თანხის ნახევარზე მეტი (დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე), ორ მაუწყებელზე, ტელეკომპანია "იმედსა" და "რუსთავი 2-ზე" მოდის. 

იქვე, კომუნიკაციების კომისია უთითებს, რომ  რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე ნაწილდება:

  • ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი
  • ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
  • მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი
  • სილქნეტი - 614,660.89 ლარი
  • ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი
  • სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი
  • რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
  • ტვ 25 – 133,989.90 ლარი
  • ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი
  • სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი
  • ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი
  • სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი
  • პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
  • რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
  • ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი
  • არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
  • დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი
  • სხვა - 431,697.56 ლარი
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩეს. კომისიამ ვახტანგ ხუზმიაშვილი დახურულ სხდომაზე აირჩია. ინფორმაციას მისი არჩევის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომისიამ არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა,  შედეგებს არ ასაჯაროებს იქამდე, ვიდრე მას დირექტორს არ წარუდგენენ. 

ვახტანგ ხუზმიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო პოლიტიკური თოქშოუ "თავისუფალი სივრცის" ავტორი და წამყვანი. ტელეკომპანია "იბერიიდან" წამოსვლის შემდეგ იგი "პრაიმტაიმის" მულტიმედიური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ვახტანგ ხუზმიაშვილი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე. მათგან ორი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები არიან,  - ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია,  ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრი. ორივე მათგანი მონაწილეობდა მაუწყებლის ბორდის წევრების შესარჩევ კონკურსში,  ფირუზ ბოლქვაძემ ორჯერ სცადა ბედი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსშიც. 

კონკურსანტებთან გასაუბრებები დღეს, 21 თებერვალს, დილიდან მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს. 

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ კამერით მხოლოდ პირველი კანდიდატის, ფირუზ ბოლქვაძის გასაუბრების დასაწყისის გადაღების უფლება მისცეს, შემდეგ კი პროცესის მოსმენაც შეუზღუდეს.  




აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია ზოიძემ, ყოფილმა მოადგილემ, ტელევიზია დატოვა. ნათია ზოიძემ წასვლის მიზეზად მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორება დაასახელა.

დირექტორის ახალი მოადგილე ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომისიაში შედიოდნენ: მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი.
კატეგორია - საქართველო
3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად, მაუწყებელში  ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა.  საშტატო განრიგის ცვლილებას დაეთანხმნენ ბორდის თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი და წევრები: სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, თამარ წილოსანმა და გია ქარცივაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. 

ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატი, რომელიც ახალი დირექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც დიდი ხანია საუბრობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. 

მაია მერკვილაძის შტატის გარდა, ცვლილება შეეხო  შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს. 

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა. 

⇒   ხმაური მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე და ტელევიზიის შენობასთან


მრჩეველთა საბჭოს სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე დაიწყო.  სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სურდა მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.  იგი ამბობდა, რომ საშტატო განრიგში ცვლილებების საკითხი დღეს დღის წესრიგში არ უნდა ყოფილიყო, რადგან  დოკუმენტი იყო ხარვეზიანი.  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი მას ეუბნებოდა, რომ ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებაში  და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. 


 



პარალელურად, დილიდან ხმაური იყო შენობის გარეთაც. მაუწყებლის მიმდებარედ დილით ორი ალტერნატიული აქცია მიმადინარეობდა.  ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ იდგნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. მათ ასევე დაასახელეს კიდევ ერთი მაგალითი, როცა „ოცნების ქალაქში“ იყო პრობლემა, თუმცა ჟურნალისტები არ მისულან.


⇒   მაია მერკვილაძე:  არც ბორდი და არც მენეჯმენტი საკითხის განსახილველად მზად არ არის

მას შემდეგ რაც ბორდის წინაშე მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე წარსდგა და საშტატო განრიგის ცვლილებებზე ისაუბრა, მაია მერკვილაძემ სიტყვა ითხოვა და  საკითხის განხილვის გადადებაზე ისაუბრა. 
მან განაცხადა, რომ ამ დრომდე ვერ  მოისმინა არგუმენტირებული დასაბუთება, რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება. გარდა ამისა, სხდომაზე მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ცვლილებები ისე მომზადდა, რომ პროცესში ჩართულნი არ ყოფილან მაუწყებლის იურიდიული და საკადრო სამსახურები, იმ სამსახურების უფროსებს კი, რომელთაც მოადგილეებსაც ეხებათ საკადრო ცვლილება, დირექტორმა ცვლილების შესახბ მხოლოდ აცნობა და უთხრა, რომ ვალდებული არ იყო რამე აეხსნა.

"მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსს, ასევე საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოსა და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს. მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან გვიან გაიგეს ამის შესახებ", - განაცხადა მაია მერკვილაძემ და თქვა, რომ რეალურად ეს არის დირექტორისა და მისი თანაშემწის ფარული გადაწყვეტილება და საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს.  

მაია მერკვილძემ პროცესში იურიდიული და საკადრო სამსახურების ჩართვა და საკთხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვა ითხოვა. 

პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას დაუჭირა მხარი მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმაც. მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე მომზადებული განმარტებითი ბარათი მოუმზადებელი და არასრულყოფილია და კოლეგებს მოუწოდა, ამ ფორმით არ მიეღოთ ეს ცვლილება. 

მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, ბორდმა საკითხი დღევანდელ სხდომაზე მაინც გაიტანა კენჭისყრაზე. 


***** 
 
მრჩეველთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიაში დღეს, 19 თებერვალს დილიდან მიმდინარეობდა. საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე მრჩეველთა საბჭოს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.  დირექტორის ინიციატივას ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ტელევიზიიდან არასასურველი ადამიანების დევნა. 

ტელევიზიის მხარდასაჭერად, ორი დღის განმავლობაში, 16 და 17 თებერვალს აქციები გაიმართა ბათუმში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს, 19 თებერვალს გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.