საქართველო
კატეგორია - საქართველო
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აჭარის ტელევიზიის წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მაუწყებელში, განსხვავებული მოსაზრებების გამო, თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება.

“თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო”, - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან 21 აპრილს მოხსნეს. დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა 10 და 11 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატუსები”, რომლებშიც “ირონიული ტონით მოიხსენია მაუწყებელი, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა თანამშრომელი. შელახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია, მოახდინა დამსაქმებლისა და სხვა თანამშრომლის დისკრედიტაცია”.

მედიაკოალიცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალური ქსელში პოზიციონირების წესები 20 აპრილს განათავსა.

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესები ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენიათ. იგი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას მაუწყებლისთვის კრიტიკულად განწყობილი კადრების ჩამოშორების პოლიტიკად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ თეონა თურმანიძე არ არის პირველი, ვის წინააღმდეგაც მენეჯმენტი დისციპლინურ წარმოებას იწყებს. გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.
კატეგორია - საქართველო

მსუბუქი მანქანებით გადააგილების აკრძალვა 27 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გახანგრძლივდა. პარალელურად, მედიასაშუალებებს, რომელთათვისაც სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის ავტომობილებით გადაადგილება აუცილებელია, დამატებით საშვების გაცემაზე უარს ეუბნებიან. მედიაორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელი ეშლებათ და საშვებს ითხოვენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00-დან 06:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა ეხება მედიასაც, 31 მარტიდან კომენდანტის საათის მოქმედების დროს, გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეუძლიათ.

ე.წ. კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ საქართველოს მთავრობამ 30 მარტს გაავრცელა განცხადება. სპეციალური საშვის მისაღებად მედიას სულ რამდენიმე საათი ჰქონდა. მედიასაშუალების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურსისთვის ოფიციალური წერილით 30 მარტის 23:30 საათამდე უნდა მიემართათ და თითოეული თანამშრომლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი უნდა გაეგზავნათ. როგორც მედიაორგნიზაციებში ამბობენ, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ საშვები ლიმიტირებული იყო და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის თანამშრომელბზე გაიცემოდა, ამიტომ, მედიაორგანიზაციების უმეტესობამ საშვები იმ პირებისთვის მოითხოვა, ვისაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ღამის საათებში უწევდა მუშობა და მოძრაობა.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მათთვის თავიდანვე გარკვეული ლიმიტი იყო დაწესებული და თანამშრომლების სრული სიის გაგზავნა ვერ შეძლეს:

“თავიდან გვითხრეს რომ არის ლიმიტირებული რაოდენობა, ჯერ იყო 100, მერე 150, რაღაც კრიტერიუმებით დააწესეს ეს ლიმიტები და ამ შეზღუდული რაოდენობით მოვიპოვეთ ე.წ. ღამის საშვები”, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ეს ლიმიტი გაცილებიც მცირე აღმოჩნდა “რადიო თავისუფლებისთვის”, დაახლოებით 10 თანამშრომელი. მედიასაშუალებების ნაწილმა კი თავად გაგზავნა “მოკრძალებული” სია, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მთავრობა საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან ჩაიკეტა თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, 17-დან 22 აპრილამდე კი საავტომობილო გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად აიკრძალა. დღეს, 21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ეს შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდა, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების პირობებში, მედიის ნაწილს საქმიანობაში სერიოზულად ეშლება ხელი, მეტიც, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ, ფაქტობრივად, ვერ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას.

თავდაპირველად, თუ მედიის მხოლოდ იმ თანამშრომლებს ესაჭიროებოდათ სპეციალური საშვი, რომლებიც ღამის საათებში(21:00-დან 06:00 საათამდე) ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების და დამატებითი აკრძალვების გამო, სპეციალური საშვი მედიის თითქმის ყველა თანამშრომლისთვის გახდა საჭირო.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გაკეთდა ე.წ. ღამის საშვები, რომლებიც ღამის ეთერში მუშაობდნენ. მისი თქმით, მაუწყებლობა საფრთხეშია და მათთვის, დამატებითი საშვების არქონის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გახანგრძლივება მაუწყებლის პარალიზებას ნიშნავს:

“ახლა უკვე, როცა შეზღუდვამ კიდევ გადაიწია ერთი კვირით, ეს ნიშნავს რომ დღის მაუწყებლობა საფრთხეშია. 24 საათი ვმაუწყებლობთ, ღამის საშვები ლიმიტირებულია, და საეთერო დროის უმეტესი დრო, დღის გადაცემებს ეთმობა და თანამშრომლები რომლებიც დღე მუშაობენ, ვეღარ მოვლენ სამსახურში. მძღოლების რაოდენობა რომლებიც იყო ბაზაში, განკუთვნილი იყო ღამის საათებში მოძრაობისთვის, ისინი ძლივს უმკლავდებოდნენ თანამშრომლების სახლებიდან სამსახურებში მოყვანას, იმიტომ, რომ გადამღები ჯგუფებიც უნდა ეტარებინათ. ახლა კიდევ ერთი კვირით გაგრძელება ნიშნავს, რომ პარალიზებული ვიქნებით, ფიზიკურად ვერ გავუმკლავდებით.”

ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ აქამდე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები, ძირითადად, ტაქსით და პირადი ავტომობილებით მოძრაობდნენ, მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ვეღარ გადაადგლდებიან. მისივე თქმით, ავტომობილებზე დამატებითი საშვების დაშვებაზე უარი 2-ჯერ მიიღეს:

“როდესაც მანქანებისთვის ვიღებდით საშვებს, მაშინ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იყო დაწესებული. იმ მომენტისთვის ჩვენ გჭირდებოდა რამდენიმე მანქანა, რომელსაც მოძრაობის უფლება ექნებოდა მხოლოდ კომენდანტის საათის პერიოდში - საღამოს 9-დან დილის 6-მდე, დღის სხვა მონაკვეთში ჩვენ ვსარგებლობდით პირადი მანქნებით ან ტაქსით. ახლა, თბილისშიც და რეგიონებშიც ჩვენი კორესპონდენტების უმრავლესობას შეზღუდული აქვს გადადგილების შესაძლებლობა და შესაბამისად ჟურნალისტური საქმიანობაც".

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლება რეგიონულ მედიასაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის თქმით, ყველა რეგიონულ ტელევიზიას პრობლემა შეექმნა, შეზღუდული დროისა და გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ვერ მოახერხეს თანაშრომლების სრული სიის გაგზავნა, საშვების დამატებით დაშვებაზე კი მუდმივად უარს იღებენ:

“ძალიან შეზღუდული დრო იყო და ამ დროში ტეელვიზიებმა გააკეთეს და გაგზავნეს “მოკრძალებული” სიები. რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მანქანების შეზღუდვას დააწესებდნენ. ბევრმა ასე შორს ვერ გათვალა და გააგზავნა შეზღუდული სიები… მუდმივად ხაზზე ვიყავი კანცელარიასთან რეგიონული მედიების სახელით, მუდმივად ვთხოვდი, რომ აი, აქ ძალიან გვიჭირს, შეიძლება ამის გამო გადაცემა ჩავარდეს და ა.შ., მაგრამ, საშვები არ დაგვიმატეს, ზოგადად, ხისტი უარი მივიღეთ ყველაზე.”

საშვების დაშვებაზე პრობლემა აქვთ მარნეულის ტელევიზიის თანამშრომლებსაც. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ ადგილობრივ მედიას მუშაობაში ხელი არ შეეშლებოდა, მარნეულის ტელევიზიის ტოქშოუს წამყვანს, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, ამ დრომდე არ აქვს საშვი, რომ სამსახურში მისვლა შეძლოს.

“იმის გამო, რომ წამყვანები დარჩნენ ჩაკეტილი რეგიონის მიღმა, მარნეულის ტელევიზიას მოუწია სამოქალაქო აქტივისტთან შეთანხმება. ეთერში დავსვით, ფაქტობრივად, ყოველგვარი შემზადების გარეშე და საინფორმაციო და ტოქშოუები მას მიჰყავს. ამ დრომდე ვერ მივიღეთ იმის უფლება, რომ წამყვანებმა შეძლონ მარნეულში შესვლა და გამოსვლა. მაგალითად, ისე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები შედიან. თავდაპირველად, განცხადებაში ითქვა, რომ ადგილობრივ მედიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეეშლებოდა ხელი, მაგრამ ადგილობრივ მედიას შეეშალა, ფაქტია", - ამბობს ნათია კუპრაშვილი. 

განიხილება თუ არა საშვთა სისტემის გადახედვა და მედიის წარმომადგენლებისთვის დამატებითი საშვების გაცემა ? ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს საშვი - ამ კითხვებზე პასუხს "მედიაჩეკერი" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით ელოდება. როგორც კი ჩვენს გაგზავნილ კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება. 

მასალას აგრეთვე დაემატება იმ მედიების ჩამონათვალი და გამოცდილება, რომელთაც ასევე ეშლებათ ხელი მუშაობაში საშვების არქონის გამო. 

კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნეს. ჟურნალისტის განმარტებით, დირექტორმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი სტატუსების გამო მიიღო. ამ სტატუსებში ჟურნალისტი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს.

„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. მერე ვნახოთ”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.



დირექტორის ბრძანება, დისციპლინური სანქციის გამოყენებისა და დროებით ეთერიდან მოხსნის შესახებ, თეონა თურმანიძემ დღეს, 21 აპრილს, საღამოს მიიღო. ბრძანებაში თეონა თურმანიძის რამდენიმე სტატუსის შესახებ არის საუბარი. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა 10 და 11 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატუსები”, რომლებშიც “ირონიული ტონით მოიხსენია მაუწყებელი, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა თანამშრომელი. შელახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია, მოახდინა დამსაქმებლისა და სხვა თანამშრომლის დისკრედიტაცია”.

თეონა თურმანიძის 10 და 11 აპრილის სტატუსები მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის, ვახტან ხუზმიაშვილისა და ვებპლატფორმის ხელმძღვანელის ნინო ხაჟომიას დანიშვნას ეხებოდა. ასევე ნინო ხაჟომიას თემას ეხება ჟურნალისტის კიდევ ერთი, 14 აპრილის სტატუსი, რომელზეც მას დირექტორი ახსნა-განმარტებას სთხოვს:

"ქალბატონო თეონა, სოციალური ქსელის (facebook) საკუთარ ანგარიშზე 2020 წლის 14 აპრილს საჯაროდ გამოაქვეყნეთ მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადება/სტატუსი, რითაც ზიანი მიადგა მაუწყებლის იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, მიუთითეთ მაუწყებლის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე და საზოგადოებას მოუწოდეთ, მოითხოვონ მაუწყუებლის გაუქმება. აღსანიშნავია ასევე, რომ მაუწყებლის იმიჯის, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული სხვა საჯარო განცხადებები/სტატუსები ადრეც არაერთხელ გამოქვეყნებულა თქვენს პირად ანგარიშზე სოციალურ ქსელში", - აღნიშნულია წერილში.

14 აპრილის სტატუსში ჟურნალისტი წერს, რომ აქამდე მაუწყებლის ვებპლატფორმიდან ხშრად აზიარებდა ახალ ამბებს, ახლა კი ასე აღარ მოიქცევა და ამის მიზეზი სოფო ჟღენტის უფროსად ნინო ხაჟომიას დანიშვნაა.

“მედიაჩეკერთან” საუბარში თეონა თურმანიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დირექტორის საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა და მიზანი მაუწყებლისთვის კრიტიკულად განწყობილი კადრების ჩამოშორებაა. თურმანიძე ერთ-ერთია იმ უკვე ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს შორის, რომლებიც მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესები, რომელიც სხვათაშორის, 2020 წლის 8 აპრილით თარიღდება, მაუწყებლის ვებგვერდზე გუშინ 20 აპრილს გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენიათ.

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ მის საქმეზე მოკვლევა ორ დღეში უნდა დასრულდეს: “დაველოდები მოკვლევის დასრულებას და ჩემს გათავისუფლებას გადაწყვეტენ, სასამართლოს მივმართავ”.



თეონა თურმანიძე არ არის პირველი, ვის წინააღმდეგაც მენეჯმენტი დისციპლინურ წარმოებას იწყებს. მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ცდილობს მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი. 

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე,  სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან 
გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ. ამ ბოლოს კი დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა.
კატეგორია - საქართველო
მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2019 წლის მდგომარეობას ასახავს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა 0.39 ქულით გაუმჯობესდა (2019 წელს საქართველოს 28.98 ქულა ჰქონდა). ამ მაჩვენებლით, საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 28.59 ქულით, შარშანდელის მსგავსად, კვლავ მე-60 ადგილს იკავებს.

პრესის თავისუფლების ინდექსი ქულებს 1-დან 100-მდე შკალით ითვლის, რაც უფრო მეტია ქულა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

ანგარიში თითოეული ქვეყნის შესახებ პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მედია პლურალისტურია, თუმცა „ძალიან პოლარიზებული“.

შეფასების მიხედვით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელებისა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა, ტელეკომპანიების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში კვლავ ერევიან.

ანგარიშში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ მფლობელის შეცვლის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა და აღნიშნულია, რომ ამან ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლილება და ბევრი ჟურნალისტის მიერ არხის დატოვება გამოიწვია.

RSF „რუსთავი 2-დან“ ჟურნალისტების წასვლის შემდეგ, ორი ახალი ოპოზიციური არხის ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას და იქვე „აჭარის მაუწყებელზე“ განხორციეუელბულ წნეხსა და ზეწოლაზეც მიუთითებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებს ნაკლებად აქვს ადგილი, თუმცა მსგავსი ფაქტები კვლავაც არსებობს. RSF 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „გატაცებაზეც“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, თუ როგორ მოხდა ეს.

2020 წლის მონაცემებით, პრესის თავისუფლების ინდექსში, 7.84 ქულით, გასული წლის მსგავსად, კვლავ ნორვეგია ლიდერობს. მას 7.93 ქულით ფინეთი, 8.13 ქულით კი - დანია მოსდევს.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, პრესის თავისუფლების ინდექსში, სომხეთი 28.60 ქულით 61-ე ადგილზეა, 48.92 ქულით რუსეთი 149-ე ადგილს იკავებს, 50.02 ქულით თურქეთი 154-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 58.48 ქულით 168-ე ადილს იკავებს.
კატეგორია - საქართველო
ნოდარ მელაძე “TV პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

“მისი მოსვლა ტვ ,,პირველისთვის,, უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც”, - წერს ინგა გრიგოლია.



ერთი კვირით ადრე, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია დატოვა. თავად ნოდარ მელაძემ ინფორმაცია 20 აპრილს გაასაჯაროვა და “მთავარი არხიდან” წამოსვლა ფეისბუკის პირად გვერდზე დაადასტურა.



მთავარი არხის" დაარსებამდე, ნოდარ მელაძე თითქმის 6 წლის განმავლობაში "რუსთავი2-ში" მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად "რუსთავი 2-ს" მფლობელი შეეცვალა და ახალმა დირექტორმა ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, მან არხის სხვა თანამშრომლებთან ერთად "მთავარ არხზე" გადაინაცვლა.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს მიიღონ ზომები "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მისამართით სასულიერო პირის მხრიდან გაჟღერებულ მუქარასთან დაკავშირებით.

საუბარია დღეს, 18 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს ამბიონიდან “ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძის გაკოჭვისადა პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდა. 



ჟურნალისტის  განმარტებით, მისი მისამართით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდდნენ ბზას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან", - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, დაბალი რეიტინგის გამო „ტელეკომპანია“ ფორმულა იხურება არხის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს.

ფორმულას შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით, „მთავარი ამბების“ Facebook-ის გვერდზე ფოტოპოსტის სახით გავრცელდა. ამბის აღწერილობაში მითითებულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია „ფორმულა“ რეიტინგის არქონის გამო იხურება.

altიქვე ნათქვამია, რომ არხის მფლობელს დავით კეზერაშვილსა და არხის გენერალურ დირექტორს ზურაბ გუმბარიძეს შორის საუბარიც შედგა, რა დროსაც კეზერაშვილმა გუმბარიძეს „ულტიმატუმიც“ წაუყენა. „ფორმულას მთავარი დამფინანსებლის უკმაყოფილების მიზეზი ფულის არასწორი ფლანგვა და დაბალი რეიტინგია“, - ვკითხულობთ პოსტში, რომელშიც ინფორმაციის წყარო მითთებული არ არის.

გვერდის აღწერილობაში, რომელსაც ამ მომენტისთვის მხოლოდ 69 მოწონება აქვს და 71 გამომწერი ჰყავს, მითითებულია, რომ იგი პერსონალური ბლოგია, რომელზეც „ცხელ-ცხელ“ და „აქტუალურ“ ამბებს 24/7-ზე მოვძებნით. გვერდზე სხვა დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ არის. „მთავარ ამბებს“ არც ვებგერდი აქვს და ინფორმაცია მხოლოდ ფოტოპოსტების ფორმატში იდება.

„მედიაჩეკერთან“ საუბარში „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ თქვა, რომ არხის შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია. მანვე დავით კეზერაშვილსა და მას შორის რაიმე ამგვარი შინარისი საუბარი არ დაადასტურა.

„არხს თავისი გეგმები აქვს, რომელსაც ის სტაბილურად მიჰყვება“, - თქვა გუმბარიძემ. მისივე თქმით, პანდემიის დასრულებისთანავე, მაყურებელი „ფორმულაზე“ ბევრ ახალი საინტერესო პროექტს ნახავს. „თუმცა, ამ პირობებშიც, ჩვენ შევძელით, რომ მაყურებლისთვის „ჩემი ცოლის დაქალების“ განსხავავებული ფორმატიც შეგვეთავაზებინა“, - აღნიშნა გუმბარიძემ.

მისივე თქმით, არხზე გაეშვე კორონავირუსის შესახებ დამატებითი პროექტები, მომდევნო კვირიდან კი - „ფორმულაზე“ გიორგი თარგამაძის „დროება“ დაბრუნდება. „ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ Fake News-თან“ დაკავშირებით“, - ხაზი გაუსვა გუმბარიძემ.
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია "მთავარი არხის"  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაცია16 აპრილს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის თანამშრომლის, ვასილ დაბრუნდაშვილის ფეისბუქის სტატუსით დადასტურდა.

"მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო", - დაწერა მან სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის მისამართით.



ინფორმაცია არხიდან ნოდარ მელაძის წასვლის შესახებ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, "მედიაჩეკერი" ამბის გადამოწმებას ცდილობდა, თუმცა, არც თავად ნოდარ მელაძე და არც არხის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

"მთავარი არხის" დაარსებამდე, ნოდარ მელაძე თითქმის 6 წლის განმავლობაში "რუსთავი2-ში" მუშაობდა.  მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, "რუსთავი 2-ს" მფლობელი შეეცვალა და ახალმა დირექტორმა ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსობოდან გაათავისუფლა, მან არხის სხვა თანამშრომლებთან ერთად "მთავარ არხზე" გადაინაცვლა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხი შესაძლოა სხვა თანამშრომლებმაც დატოვონ. ინფორმაცია დაუდასტურებელია, შესაბამისად "მედიაჩეკერი" ამ თანამშრომლების ვინაობას არ ასაჯაროებს. დამატებითი დეტალების გარკვევისთანავე ინფორმაცია განახლდება.

კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირები “ალტერნატიულ საუბრებს” იწყებს. 17 აპრილიდან, ალტერნატიული პროფკავშირების ფეისბუკ გვერდზე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ ვიდეომასალები განთავსდება. ამის შესახებ განცხადება ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს 15 აპრილს გაავრცელა.

პროფკავშირების განცხადებით, “ალტერნატიული საუბრების” მიზანი შრომითი უფლებების დაცვა და მაუწყებლის იდეის გადარჩენაა. ვიდეოკონტენტის გარდა, ფეისბუკ გვერდზე ონლაინ რეჟიმში დაიწყება „ალტერნატიული საუბრები - მალხაზ რეხვიაშვილთან ერთად“, რომელიც ოთხ ძირითად საკითხს მოიცავს:

“ა) მიმოვიხილავთ დასაქმებულთა შრომითი უფლებების უკანონო შეზღუდვის ფაქტებს, ბ) გაგაცნობთ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებას, გ) მოგიყვებით თანასწორობისთვის მებრძოლი ადამიანების ისტორიებს და დ) ზოგადად - ხელს შევუწყობთ საქართველოში პროფესიული გაერთიანების მექანიზმის გამოყენებას”, - წერია ალტერნატიული პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალტერნატიული პროფკავშირების თქმით, საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულ შრომით უთანასწორობას და დამსაქმებელთა მხრიდან შექმნილი ვითარების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.

განცხადებაში ასევე საუბარია ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე. ალტერნატიული პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მაუწყებელში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაკნინება და ხელმძღვანელი პირების მხრიდან ჟურნალისტების დევნა გრძელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზიის ვებ მიმართულების ხელმძღვანელის, სოფო ჟღენტის ახალი ამბებიდან ჩამოშორებას ალტერნატიული პროფკავშირები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტად აფასებს.

“აქვე, გამოვთქვამთ გონივრულ მოლოდინს იმის შესახებ, რომ მალევე განხორციელდება შეტევები ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების იმ წევრებზე, რომლებიც ანალიტიკური გუნდის სახელით ამზადებენ გადაცემებს. მოვუწოდებთ ორგანიზაციის მენეჯმენტს, - შეწყვიტოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და საყოველთაო პანდემიის ფონზე იზრუნოს მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებაზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 65-მა თანამშრომელმა ალტერნატიული პროფკავშირები 28 იანვარს დააფუძნა. ალტერნატული პროფკავშირების წევრები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი უფლებების დაცვაა და თანამშრომლებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მათი მოთხოვნები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურის ახალი დებულება შექმნა, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სამსახური, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი იყო, ახალი ამბების რედაქციას დაექვემდებარა. ამავე დებულების თანახმად, მაუწყებლის ვებ მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ჟღენტი 10 აპრილიდან ახალ ამბებს ჩამოშორდა. ახალი ამბების რედაქციას კი ნინო ხაჟომია ხელმძღვანელობს.

“სქემა იყო ასეთი: სამი პლატფორმა იყო - ტელევიზია, რადიო და ვები. ვებ პლატფორმა იყო დამოუკიდებელი, ქმნიდა დამოუკიდებლად კონტენტს, აკეთებდა ახალ ამბებს და პლიუს ტელევიზიასა და რადიოში არსებულ მასალებს ტვირთავდა ვებზე, როგორც საინფორმაციოს, ასევე გადაცემებს. ეხლა გააკეთეს ისე, რომ საინფორმაციო სამსახურში გადაიტანეს მთლიანად და ვებ მიმართულებით ჩემს სამსახურში რასაც ვაკეთებდით დამოუკიდებლად, ეს მთლიანად მომიხსნეს და დაუქვემდებარეს საინფორმაციოს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი სამსახურის მთავარი ფუნქცია გადაიტანეს სხვაგან და ჩააბარეს ნინო ხაჟომიას”, - გვიხსნის ვებ მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ჟღენტი.

ნინო ხაჟომია აჭარის მაუწყებელში მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე 24 თებერვალს მივიდა, თუმცა, ოთხი დღის შემდეგ - 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომიამ დაკავებული პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სოფო ჟღენტის ინფორმაციით, ნინო ხაჟომია თავისივე განცხადების საფუძველზე საინფორმაციო სამსახურის ვებ რედაქტორის პოზიციაზე10 აპრილს დაბრუნდა მაუწყებელში.

სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ვებ სამსახურში, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს, განხორციელებული ცვლილებების შესახებ მას წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ხელშეკრულების შეცვლის შესახებ კი მას შემდეგ გაიგო, რაც ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

“შაბათ-კვირას და ორშაბათ დილით ჩვეულებრივ ვმუშაობდი. თურმე, პარასკევს უკვე ყოფილა ახალი უფროსი... აღმოჩნდა, რომ ახალი ამბის დადების უფლება არ მაქვს, როცა მთელი ჩემი სამსახური იყო იმაზე აგებული, რომ 24 საათის განმავლობაში, სისტემატურად განმეახლებინა ვები და სოციალური მიმართულებით საიტს კარგი პოზიციონირება ჰქონოდა. ვების მთავარი ფუნქცია იყო, რომ სისტემატიურად მომხდარიყო ინფორმაციის განახლება. მე უზრუნველვყოფდი იმას, რომ ვებ პლატფორმაზე ვქმნიდით ახალ ამბებს დამოუკიდებლად. ეხლა მთლიანად შემეზღუდა მე ეს ნაწილი. არსებითად შეიცვალა ჩემი ხელშეკრულება.”

სოფო ჟღენტი ამბობს, რომ შეცვლილი ხელშეკრულება ამ დრომდე არ უნახავს:

“სამსახურის უფროსი ვარ და არ ვიცი ვინ მყავს თანამშრომელი, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო - ჰაერში ვარ. მე ისიც არ ვიცი, ხელშეკრულებაში რა მიწერია. მოვითხოვე ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ არ მომსვლია.

ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - დამსაქმებელი და დასაქმებული. დასაქმებულს თუ რადიკალურად უცვლი მის სამუშაო პირობებს, მინიმუმ, მისი თანხმობაა საჭირო. ბუნებრივია, რომ როცა ხელშეკრულება მეცვლება, ჩემი თანხმობაც საჭირო უნდა იყოს. ჩემი ხელშეკრულება რადგან დებულებით იყო განსაზღვრული, კიდევ წარმოიშობოდა ის ვალდებულება, რომ ჩემი ჩართულობა ყოფილიყო. თუმცა, პროცესებიდან საერთოდ იგნორირებული ვიყავი.”

სოფო ჟღენტი მიიჩნევს, რომ ვებ სამსახურში განხორციელებული ცვლილებები ერთი დიდი გეგმის ნაწილია. მისი შეფასებით, საინფორმაციო სამსახურის დებულების შეცვლა კონკრეტული ადამიანების “მოშორებას” ემსახურებოდა და ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

“ისეთ ადამიანებს ერჩიან, ვისზეც გავლენა არა აქვთ და ვერ აკეთებინებენ პროპაგანდას, მარტივად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ ადამიანების მოშორების პოლიტიკა მიმდინარეობს. ეს ახალი არ არის, უკვე ყველამ იცის. ამას ყველა ველოდით, ეს არ ყოფილა მოულოდნელი. ძალიან თვალნათელია, რომ კონკრეტული ადამიანი არ უნდოდათ და ტექნიკურად ვერ მოახერხეს მისი სამსახურიდან გაშვება და რეორგანიზაცია ვერ მოახერხეს. რეორგანიზაციას რომ გეგმავდნენ, მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ გაუქმებულიყო ონლაინ სამსახური, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, რადგან მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 4-ის ხმა ვერ მიიღეს და ვერ გააუქმეს.”

სოფო ჟღენტი აჭარის ტელევიზიაში პირველი არ არის, ვისაც ბოლო პერიოდში ხელშეკრულება მოულოდნელად შეეცვალა. მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა.

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც შეეხო ცვლილებები - დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა; ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

გიორგი კოხრეიძისგან საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის მიღებას “მედიაჩეკერი” უშედეგოდ ცდილობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ჩვენს ზარებს არც ამჯერად უპასუხა.

სოფო ჟღენტი, ისევე როგორც სხვა თანამშრომლები, რომლებსაც მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულებები შეუცვალა, სამართლებრივ დავას აპირებს.

“აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და მითხრეს, რომ ეს არის კანონდარღვევა. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. ამას ჰქვია ანგარიშწორება და დევნა ადამიანების. ისე, რომ განმარტებებსაც არ აკეთებენ, ფიქტიური არგუმენტიც კი არ აქვთ”, - ამბობს სოფო ჟღენტი.

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც. მათ უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.
კატეგორია - საქართველო
“ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას” - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, COVID-19-ის გაშუქებასთან დაკავშირებით, მედიისთვის სახელმძღვანელო წესებს ამზადებს. ამ დროისთვის ქარტიას უკვე შემუშავებული აქვს დისტანციური მუშაობის ორგანიზების სახემძღვანელო წესები, კორონავირუსული პანდემიის პარალელურად მედიისთვის გაჩენილ სხვა გამოწვევებზე კი თემატურად დახარისხებულ რეკომენდაციებს ქარტია ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ქარტიის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია და აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას:

“ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში,” - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.

დისტანციური მუშაობის ორგანიზების ნაწილში, რომელიც ქარტიის გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია, მედიამენეჯერებისთვის და ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებია გაწერილი. გზამკვლევში მოცემულია კონკრეტული რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ვიდრე დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ და ასევე რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ უკვე დისტანციურად მუშაობენ. ამავე ნაწილში ქარტია მედიასაშუალებებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და საჭირო რესურსებს კონტენტის გასამრავალფეროვნებლად.

დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა გზამკვლევიდან:

  • ვიდრე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, მოაწყვეთ სარედაქციო თათბირი და გაიარეთ ტექნიკური საკითხები - გუნდის რა ნაწილს შეუძლია სახლიდან მუშაობა და ვისთვის არის აუცილებელი ოფისში ყოფნა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ვიდრე სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, განსაზღვრეთ, რა ტიპის მასალები შეგიძლიათ მოამზადოთ სახლიდან და რა დაგჭირდებათ ამისთვის;
  • არ დაივიწყოთ დღის დილით დაგეგმვის აუცილებლობა. არსებობს არაერთი პროგრამა, რომელიც ჯგუფური კონფერენციის გამართვის საშუალებას მოგცემთ. ასეთებია: www.zoom.us, www.hangouts.google.com, www.join.me, www.facebook.com/workplace
  • დისტანციური მუშაობის რეჟიმში ახალი ვიდეოპროდუქციის შესაქმნელად, შესაძლოა, საარქივო ვიდეომასალა გამოიყენოთ, რომელსაც ახლებურად შეფუთავთ, რამდენიმე ვიდეოსგან ერთს დაამზადებთ, ონლაინრესურსებზე არსებულ ვიდეოებს გამოიყენებთ და ა.შ. ასეთ დროს, მთავარია, მიუთითოთ ვიდეოს წყარო, გადაამოწმოთ მისი ავთენტურობა და დაიცვათ საავტორო უფლებები;
  • თუ არ გაქვთ კარგი მონაცემების კომპიუტერი და შესაბამისი სამონტაჟო პროგრამები, შეგიძლიათ ვიდეოს დასამონტაჟებლად მობილური აპლიკაციები გამოიყენოთ2 (KineMaster, Splice Quik, Adobe Premiere Clip, Magisto);
  • ინტერნეტში უამრავი წყაროა, საიდანაც უფასოდ შეიძლება ისეთი ფოტოების გადმოწერა და გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა ამბავსაც შეესაბამება და, ამავე დროს, მაქსიმალურად აგაცილებთ თავიდან ერთი და იმავე ფოტოს ხშირად გამეორების რისკს (www.freepik.com, www.flickr.com).


ქარტიის მიერ შემუშავებული გზამკვლევი საერთაშორისო და საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებების, მედიაექსპერტებისა და ცალკეული ჟურნალისტების გამოცდილებას ეყრდნობა. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, გამოყენებულია საქართველოსა და მსოფლიოში მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ნაშრომები, მიგნებები, რჩევები და რეკომენდაციები.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის ცოდნას პანდემიის მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე, ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების, პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებზე.” - ნათქვამია სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.

ქარტიის ინფორმაციით, მომავალ კვირას გზამკვლევის ახალი თავი გამოქვეყნდება, რომელიც ეთიკურ დილემებს შეეხება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია COVID-19-ის გაშუქების სახელმძღვანელო წესებს პროგრამის „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში ამზადებს, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით IREX ახორციელებს.


გარეკანის ფოტო - www.nytimes.com

კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ვახო ხუზმიაშვილის განაცხადი შევიდა. იგი 21 თებერვლიდან აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ამ პოზიციაზე კონკურსი 27 მარტს გამოცხადდა და განაცხადების მიღება დღეს, 10 აპრილს დასრულდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც  28 თებერვლას, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.