Tank Man- ამბავი ფოტოს მიღმა
22.03.2019
1989 წლის 5 ივნისს, ფოტორეპორტიორი ჯეფ ვიდენერი ჩინეთის დედაქალაქში, სასტუმრო "ბეიჯინგის" მეექვსე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ყველასთვის ნაცნობი ფოტო - Tank Man ("ტანკის კაცი") გადაიღო. ამ ერთი ფოტოს მიღმა საინტერესო ისტორია იმალება.

ვიდენერი Associated Press-მა პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე აქციის გასაშუქებლად გაუშვა. დემონსტრანტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას მოითხოვდნენ, საბოლოოდ კი 4 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ჯარის დახმარებით დაარბია. მომხდარს რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მეორე დღეს ფოტორეპორტიორი ტიანანმენის მოედანზე უნდა გასულიყო და დარბევის შემდგომ არსებული ვითარება ფირზე აღებეჭდა. როგორც, ჯეფ ვიდენერი იხსენებს, იმ დღეებში ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ ჩინეთის პოლიცია ჟურნალისტებს კამერასა და ბლოკნოტებს ართმევდა და მათს წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდა.

alt
 AP-ის ფოტოგრაფები: ჯეფ ვიდენერი და ლიუ ჰანგ შინგი ტიანანმენის მოედანზე  

"მოედანზე ფოტოების გადასაღებად მაქსიმალურად მცირე ზომის კამერა Nikon FE2 წავიღე, ჩამოსაკიდი მოვხსენი და კამერა შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. ქურთუკის გარე და შიდა ჯიბეები კი ფოტოაპარატის ლინზების, რამდენიმე შეკვრა ფირისა და ტელეკონვერტერისათვის გამოვიყენე."

ფოტორეპორტიორი AP-ის ოფისიდან დანიშნულების ადგილამდე ველოსიპედით მივიდა. როგორც კი სასტუმრო "ბეიჯინგს" მიუახლოვდა, ვიდენერმა დაინახა, რომ სასტუმროს შესასვლელთან პოლიციელები იდგნენ.

alt

"მე ნელა მივუახლოვდი შესასვლელს და დავაყენე ჩემი ველოსიპედი, ვიცოდი, რომ, დიდი ალბათობით, პოლიციელები დამაკავებდნენ, მაგრამ ამ დროს სასტუმროს ლობიში ახალგაზრდა კაცი დავინახე, რომელსაც რემბოს მაისური, შორტები და სანდლები ეცვა. ის კრიკ მარტსენი იყო, გაცვლითი პროგრამის ამერიკელი სტუდენტი, რომელიც სასტუმროში Los Angeles Times-ის რეპორტიორთან ერთად იყო გაჩერებული. მე თამამად გავემართე მისკენ და ხმამაღლა დავუძახე: "გამარჯობა ჯო, სად იყავი? გეძებდი." და როცა მივუახლოვდი ჩავჩურჩულე " მე Associated Press-დან ვარ, შეიძლება შენს ოთახში ამოვიდე?" კრიკმა ლიფტისკენ მიმითითა. დავინახე, როგორ შეტრიალდნენ სასტუმროს შესასვლელში მდგარი პოლიციელები, ალბათ, ეგონათ, რომ სასტუმროს სტუმარი ვიყავი."

alt
 კრიკ მარტსენი

ჯეფ ვიდენერმა ლიფტში ამერიკელი სტუდენტისგან შეიტყო, რომ ჯარისკაცებმა სასტუმროს შესასვლელთან მდგარი ორი მამაკაცი მის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოკლეს. როცა ისინი ოთახში ავიდნენ, ფოტორეპორტიორმა სტუდენტს განუმარტა, რა მიზნით იყო ტიანანმენის მოედანზე მისული.

"კრიკმა ამიხსნა, რა გზით შეიძლებოდა სასტუმროს სახურავზე ასვლა ფოტოების გადასაღებად, იქ მოსახვედრად ლიფტის გამოყენება იყო საჭირო, თუმცა პირველი მცდელობისას სასტუმროს დაცვამ შეგვაჩერა, რომელის წევრებიც ყველა სართულზე იყვნენ განლაგებული”.

მარტსენი და ვიდენერი ოთახში დაბრუნდნენ, ფოტორეპორტიორმა რამდენიმე კადრი სასტუმროს აივნიდან გადაიღო და მოგვიანებით კიდევ ერთხელ სცადა სახურავზე ასვლა.

"სასტუმროს დაცვის თანამშრომელი სართულებს შორის კოლეგას რაღაცაზე ეკამათებოდა, ამიტომ ლიფტში შესვლა მოვახერხეთ და სახურავზე ავედით. კრიკს ვთხოვე ჩემი ფირები საცვალში დაემალა, რადგან თუ ვინმე გამოგვიჭერდა, პირველ რიგში კამერის მოსაძებნად მე გამჩხრეკდნენ, კრიკს კი მხოლოდ მაისური და შორტები ეცვა."

ვიდენერი ჰყვება, რომ სახურავზე ახალგაზრდა წყვილს გადააწყდა დასავლეთიდან. ისინი სახურვის კიდეზე ისხდნენ და ფეხებს აქანავებდნენ. ფორტორეპორტიორმა წყვილი გააფრთხილა, რომ იქ ყოფნა სახიფათო იყო, რადგან სნაიპერს ნებისმიერ დროს შეეძლოა გაესროლა მათკენ, ამასთანავე წყვილი ყურადღებასაც უფრო მეტად მიიქცევდა კრიკსა და მასზე.

"მათ ყურადღება არ მოგვაქციეს და განაგრძეს იქ ჯდომა. შორი დისტანციიდან ათობით ტანკსა და დამატებით სამხედრო ავტომობილებს ვხედავდი, მაგრამ ჩემი 40 მმ-იანი ობიექტივისთვის კადრი ძალიან შორი იყო. თუმცა, საბედნიეროდ ტელეკონვერტერი მქონდა, რამაც ეს პრობლემა გადაჭრა. რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ Fuji 800 ISO-ს ფირი კრიკს მივეცი და დაუყოვნებლივ დავტოვეთ ტერიტორია."

alt

ვიდენერს ფოტოაპარატისთვის საკმარისი ფირები აღარ ჰქონდა. კრიკმა მას დახმარება შესთავაზა და 2 საათში ოთახში Fuji 100 ISO - ს ფერადი ნეგატივის ფირებით დაბრუნდა, რომელიც სასტუმროს ერთერთ სტუმარს გამოართვა.

"იმედგაცრუებული ვიყავი ფირების უხარისხობით, მაგრამ სწორედ იმ ერთმა ფირმა შეცვალა ჩემი ცხოვრება", - იხსენებს ფოტოჟურნალისტი.

როგორც კი ვიდენერს გარედან ძრავების ხმა მოესმა თავისი ფოტოაპარატი აიღო, აივანზე გავიდა. იქვე კედელზე ნატყვიარი იყო და იცოდა, რომ მარტივად შეიძლებოდა გამხდარიყო ტყვიის მსხვერპლი, ამიტომ რკინის მოაჯირებს ამოეფარა.

alt

"მოედანზე ჩამწკრივებული ტანკები გამოჩდნენ და ვიფიქრე, რომ კარგი კადრი გამოვიდოდა. მაგრამ მოულოდნელად თეთრპერანგიანი კაცი გამოჩნდა, რომელსაც ორივე ხელში პარკები ეჭირა, ტანკებს მიუახლოვდა და წინ დაუდგა. მე გავღიზიანდი და კრიკს ვუთხარი ეს კაცი კომპოზიციას გამიფუჭებს-მეთქი. კრიკმა გადმომაძახა ისინი მას მოკლავენო. მაშინ თავი ჯერ კიდევ არეული მქონდა წინა დღით ნანახის გამო და ის ფაქტი, რომ კაცი რამდენიმე ტანკს გადაეღობა, ნორმალურად მიმაჩნდა. ველოდი, რომ მას ესროდნენ ან გაიქცეოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ის ტანკზე აძვრა, მე კი სასტუმროს ოთახში ჩემს ტელეკონვერტერს გავხედე. იმ წამს უნდა მიმეღო გადაწყვეტილება გამერისკა უფრო ახლო და სუფთა ფოტოს გადაღება თუ საერთოდ ხელიდან გამეშვა შანსი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაშინ გავრისკე, საწოლისკენ გავიწიე, ავიღე ტელეკონვერტერი და დავუმაგრე კამერას. ჩემი აპარატის ლინზებისთვის დაბალი ჩამკეტის სიჩქარე იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას გავუმკლავდებოდი. რადგან კადრის გადასაღებად სასტუმროს გვერდითა ოთახის კედელი მეფარებოდა, უნდა გამერისკა, აივანზე გადავწეულიყავი და ისე გადამეღო კადრები. ამასობაში, ის კაცი ტანკიდან ჩამოხტა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ გადაუდგა წინ ტანკებს. მე გადავიღე ფოტო - ჯერ პირველი, შემდეგ მეორე და მესამე. ამ დროს შევამჩინე, რომ ფოტოაპარატის ავტომატური ჩამკეტი სიჩქარე წამში 1/30 და 1/60-ს შორის მიჩვენებდა და არა 1/250-ს. სანამ გავარკვევდი, რა მოხდა, ის კაცი იქვე მდგომმა ხალხმა გაიყვანა და მას შემდეგ აღარც მინახავს."



ოთახში დაბრუნებისას კრიკ მარტსენმა ფოტორეპორტიორს ჰკითხა, მოახერხა თუ არა კადრების გადაღება. ვიდენერმა კი უარის ნიშნად თავი გააქნია

"სიმართლე ის იყო, რომ მე ყველაფერი ავურიე, ექსპოზიცია 800 ISO-ს შევუსაბამე, რასაც ზოგადად ვიყენებდი, მაგრამ დამავიწყდა, რომ კამერის პარამეტრები 100 ISO-ზე მქონდა დაყენებული, რამაც ჩამკეტი სიჩქარე შეამცირა. ამის ფონზე, ვიცოდი, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა მკვეთრი გამოსახულების მიღება, მაგრამ ჩემი მეექვსე გრძნობა მეუბნებოდა, რომ შეიძლება ერთი ფოტო მაინც გამოსულიყო კარგი. ამის ახსნა არ შემიძლია. რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ კამერა შენი ნაწილი ხდება და თითქოს შეგიძლია შეიგრძნო კამერის ნაწილების მუშაობა ან ეს უბრალოდ ჩემი სხეული იყო, რომელიც იმედის ცრუ სიგნალს მიგზავნიდა."

alt

სანამ გაირკვეოდა სამი კადრიდან ერთი ფოტო მაინც გამოდგა თუ არა, მანამდე ფირები AP-ის ოფისში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება ვიდენერმა კრიკ მარტსენსს სთხოვა. კრიკმა ისევ საცვლებში დამალა ფირი და სასტუმრო ველოსიპედით დატოვა.

"ფოტოჟურნალისტისთვის არაფერია იმაზე შემაწუხებელი ვიდრე, მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოს არ ქონა ან იმის არ ცოდნა, საერთოდაც მიაღწევს თუ არა მნიშვნელოვანი ფირები რედაქტორის მაგიდამდე. რადგანაც საიდუმლო პოლიცია სასტუმროს სატელეფონო ზარებს მონიტორინგს უწევდა, თავი უნდა ამერიდებინა საეჭვო სატელეფონო საუბრისგან. 5-საათიანი ნერვიული ლოდინის შემდეგ AP-ის ბეიჯინგის ოფისში დავრეკე, ზარზე ფოტოჟურნალისტმა ლიუ ჰანგ შინგმა მიპასუხა - "ჯეფ, რა ჩამკეტ სიჩქარეს იყენებდი?" გული შემიწუხდა. -"ფოტოები კარგი იყო, გამოვიყენეთ, მაგრამ ძალიან მკვეთრი არ ყოფილა."

იმავე საღამოს კრიკ მარტსენმა სასტუმრო "ბეიჯინგში" დაბრუნება უსაფრთხოდ მოახერხა. როგორც აღმოჩნდა მან ვერ მიაგნო AP-ის ოფისს და ამიტომ ამერიკის საელჩოში მივიდა, სადაც წარმომადგენელს ფირი გადასცა და უთხრა, რომ ტიანანმენის მოედნის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოები ჰქონდა, რომელიც Associated Press-ის ოფისში უნდა მოხვედრილიყო. საელჩოს წარმომადგენელმაც დაუყოვნებლივ გადასცა ცელოფნის პარკში გახვეული ფირები AP-ის ოფისს.

მეორე დღეს ვიდენერი თვითონ მივიდა ოფისში.

"ლიუ მოვიდა და მეხუმრა "ცუდი შეტყობინება გაქვს ნიუ-იორკიდან" მე ვკითხე "ახლა, რაღა ჯანდაბა გავაკეთე არასწორად?" და მან მიპასუხა - "შენ, ალბათ, პულიცერს მოიგებ." მსოფლიოს AP-ის სხვადასხვა ბიუროდან მილოცვის წერილები მომივიდა. ბრიტანული გაზეთების ძირითადი ნაწილის გარეკანზე ჩემი გადაღებული ფოტო იყო გამოსახული. ფოტო, რომელიც "ტანკის კაცის" სახელწოდებით გახდა ცნობილი Herald Tribune-ის, New York Times-ის, USA Today-ისა და მოგვიანებით ჟურნალ Time-ის გარეკანზეც დაიბეჭდა. ეს ე.წ ერთი ღამის სენსაციად იქცა.“


alt  alt

არავინ იცის რა მოუვიდა "ტანკის კაცს", მისი ვინაობა დღემდე უცნობია.

"ბევრი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოუვიდა "ტანკის კაცს", მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ შესაძლოა ვერავინ გავიგოთ მისი ბედის ამბავი. თუმცა, გარკვეულწილად, ის უცნობი ჯარისკაცია და ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მამაცი სიმბოლო."

ფოტოჟურნალისტი ამბობს, რომ თავისი წარმატება და ფოტოს გავლენის მნიშვნელობა მისი გადაღებიდან წლების შემდეგ გაიაზრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს ფოტო შთამაგონებელი იყო. ჩემი ფოტოს გავლენა ათი წლის შემდეგ მაშინ გავიაზრე, როცა America On Line -ზე სათაურს "ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელი ტოპ ათ ფოტოს" მოვკარი თვალი. ჩამონათვალში ბევრი ნაცნობი შავ-თეთრი ფოტო შემხვდა, რომელიც ბავშვობაში Time-ის გარეკანზე მქონდა ნანახი, შემდეგ ნაცნობი ფერადი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული კაცი ჩინეთში ტანკების პირისპირ იდგა". 

alt


წლების შემდეგ ფოტოს გადაღების ისტორიამ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ფოტოჟურნალისტს.

"2009 წელს ჰავაიში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის ვმუშაობდი, ჩემს სახლში კომპიუტერთან ვიჯექი. ელ.ფოსტით წერილი მივიღე. გავხსენი და აი ეს ეწერა:

- - - - - - - - - - - - - - - - - -

ჯეფ -

მე ვიყავი ბიჭი, რომელმაც ფირები მოგცა. სასტუმრო "ბეიჯინგში" ფოტოს გადაღების შემდეგ სააბაზანო "ბნელ ოთახად" გამოიყენე. ფირები საცვლებში ჩავიდე და ველოსიპედით ამერიკის საელჩოში მივიტანე. შენს შესახებ ჩემი კოლეგისგან შევიტყვე. ახლახანს, 15 წლის განმავლობაში ტაივანში ცხოვრების შემდეგ შტატებში გადმოვედი და მალე სიმღერების ალბომს გამოვუშვებ. აქ, კონექტიკუტში ჩემი ტელეფონის ნომერია --- გამიხარდება თუ შენგან შევიტყობ ამბებს ამდენი წლის შემდეგ. როგორ სწრაფად გადის დრო, არა?

საუკეთესო სურვილებით ,

კრიკ მარტსენი

„ტანკის კაცის“ ფოტო ჩინეთში დღემდე აკრძალულია. 62 წლის ამერიკელი ფოტოგრაფი ჯეფ ვიდენერი კი ამჟამად გერმანიაში, ჰამბურგში მუშაობს.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ