RSF: ბოლო ერთ წელში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს
09.12.2025

„2025 - მომაკვდინებელი წელი ჟურნალისტებისთვის: სადამდე მივყავართ სიძულვილს და დაუსჯელობას“ - პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე მსოფლიოში მედიის მდგომარეობას ასახავს.  

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, „მათგან სულ მცირე 79% შეიარაღებული ძალების ან პარამილიტარული დაჯგუფებების (37 ჟურნალისტი) და კრიმინალური ქსელების (16 ჟურნალისტი) მსხვერპლი გახდა“.     

„ბოლო 12 თვის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების თითქმის ნახევარი (43%) ღაზას სექტორში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. უკრაინაში რუსეთის არმია აგრძელებს უცხოელი და უკრაინელი რეპორტიორების მიზანში ამოღებას. სუდანი ასევე გახდა განსაკუთრებით სასიკვდილო საომარი ზონა ახალი ამბების პროფესიონალებისთვის“, - წერს ორგანიზაცია.

RSF-ის 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 47 ქვეყანაში 503 ჟურნალისტია (77 - ქალი, 422 - კაცი) დაკავებული. მათ შორის, 121 დაკავებული ჟურნალისტით ჩინეთი კვლავ რჩება „მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხად ჟურნალისტებისთვის“ , მეორე ადგილზე კი რუსეთია 48 დატყვევებული ჟურნალისტით, რომელთაგან 26 უკრაინელია. 

როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, 135 ჟურნალისტია (9 - ქალი, 126 - კაცი) დაკარგული 37 ქვეყანაში: „მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სფეროს პროფესიონალები მთელ მსოფლიოში იკარგებიან, ეს ტენდენცია მკვეთრად იზრდება მექსიკასა (28) და სირიაში (37)“.

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ „დაჟინებულ სვლას ავტორიტარიზმისკენ“ და „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებაზე წერს:

„2025 წლის იანვარში აშკარად უსაფუძვლო და არაპროპორციული ბრალდებებით დაპატიმრებულ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს, 2025 წლის 6 აგვისტოს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არასამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც მრავალი პროცედურული დარღვევით გამოირჩეოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს, რაც კავკასიის ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტორიტარიზმისკენ სერიოზული გადახრის სიმპტომია“.

RSF-ის შეფასებით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება „ასახავს პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ სერიოზულ საფრთხეებს ყოფილ საბჭოთა ბლოკში“. 

------------------------

დაპატიმრებული/დაკარგული ჟურნალისტების რაოდენობა და მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში:

საქართველო: 1 დაპატიმრებული ჟურნალისტი; RSF 2025 წლის ანგარიშით, საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს.

რუსეთი: 48 - დაპატიმრებული, 3 დაკარგული ჟურნალისტი. რუსეთი მედიის თავისუფლების ხარისხით 180 ქვეყნიდან 171-ე ადგილზეა.

აზერბაიჯანი: 25 დაპატიმრებული ჟურნალისტი. RSF-ის მიმდინარე წლის ანგარიშით, აზერბაიჯანი მედიის თავისუფლების ხარისხით 180 ქვეყნიდან 167-ე ადგილს იკავებს.

თურქეთი: 3 - დაპატიმრებული, 1 დაკარგული ჟურნალისტი; ის მედიის თავისუფლების ხარისხით 180 ქვეყნიდან 159-ე ადგილზეა.

სომხეთი: RSF-ის მონაცემებით, პრესის თავისუფლების ხარისხით სომხეთი რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა და 180 ქვეყნიდან 34-ე ადგილს იკავებს. 

----------------------

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - ნოემბერში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოზეც. RSF-ის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში მოხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ