„მითების დეტექტორის“ მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები არამხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილების გამოხმოვანებლები არიან, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ:
„ეს თანამშრომლობა მეტწილად ისეთი კონფიდენციალური მონაცემების მედიით გაჟონვას გულისხმობს, რომელზეც წვდომა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეთ და ზოგ შემთხვევაში სამიზნე პირებზე თვალთვალის შედეგად შეიძლება იყოს მოპოვებული“.
ფაქტების გადამოწმების პორტალმა პუბლიკაციაში - „სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ ბოლო წლებში სახელისუფლებო მედიით გავრცელებული ისეთი შემთხვევები მიმოიხილა, რომლებიც ამ ტენდენციას ავლენენ.
ტელეკომპანია „იმედი“ გერმანიის ელჩისა და „ევროპული ორბიტის“ ლიდერის დახურული შეხვედრის შინაარსს მტკიცებულებების გარეშე აშუქებს
მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს, 14:09 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის საელჩოში „ევროპული ორბიტის“ ლიდერს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს შორის საელჩოს შენობაში დახურული შეხვედრა გაიმართა:
„„იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლომჯარიამ ელჩს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია”. ტელევიზიის ინტერპრეტაციით, შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხს ეხებოდა, თუმცა მასალაში არ იყო მითითებული, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა არხი ამ ინფორმაციას.
შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, მისი გადამოწმება შეუძლებელია. ნინო ლომჯარიამ ციტატის ნამდვილობა იმავე დღეს უარყო, მას „უზნეო ტყუილი“ უწოდა და დაწერა, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის უჩივლებდა. „მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედს“ კითხვით მიმართა, თუ რა წყაროსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაავრცელა არხმა ლომჯარიას ციტატა. კერძოდ, არსებობდა თუ არა კონფიდენციალური წყარო ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეხვედრის შინაარსს დაადასტურებდა. „იმედს“ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია“.
როგორც „მითების დეტექტორი“ აღწერს, იმავე საღამოს, 20:11 საათზე, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნისა და სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. „მტკიცების მიხედვით, კადრებში ნინო ლომჯარია ჩანს, რომელიც საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადადის“.
მითების გადამოწმების პორტალი აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გადაღებული მსგავსი ვიდეოკადრები, როგორც წესი, რამდენიმე ტიპის ვიდეოთვალთვალის სისტემიდან შეიძლება იყოს მიღებული:
„ერთ-ერთი შესაძლო წყაროა კერძო ვიდეოთვალთვალის სისტემები, რომლებიც განთავსებულია შენობებზე, სასტუმროებზე, კომერციულ ობიექტებზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე. ასეთ კამერებზე წვდომა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ობიექტის მფლობელს ან ადმინისტრაციას აქვს.
კიდევ ერთი შესაძლო წყაროა მუნიციპალური ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზეა განთავსებული. ამ სისტემებს, როგორც წესი, მართავს შესაბამისი საჯარო უწყება და მათი ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
სასტუმროს ფასადის მხარეს ორი განათების ბოძია განთავსებული. „იმედის“ მიერ გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, მარჯვენა ბოძზე განთავსებული კამერითაა გადაღებული, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორია ჯერ შორიდან ჩანს, შემდეგ კი კადრები ახლოვდება.
მსგავსი ტიპის კამერების ჩანაწერებზე, როგორც წესი, წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მედია ორგანიზაციებს ასეთ მასალაზე პირდაპირი წვდომა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა წყაროს მეშვეობით მოიპოვა ოპერატიულად ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნული ვიდეომასალა.
როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, ქუჩაში არსებული ვიდეოსათვალთავალო სისტემებიდან ჩანაწერს ვერ მიიღებს დაინტერესებული პირი იმ შემთხევვაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე განხოციელებულ რომელიმე ქმედებაზე გამოძიება არაა დაწყებული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეომასალა ჩვეულებრივ არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი მედიისთვის, და მის მიღებას, როგორც წესი, სჭირდება სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და გონივრული ვადა კადრების მიწოდებისთვის, ჩნდება კითხვები, თუ რა გზით გახდა აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომი ტელეკომპანია “იმედისთვის“ და ვინ იყო მათი პირველწყარო“, - ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიმოხილვაში.
სუსში დაბარება ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციული სინქრონი
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ გამოქვეყნებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის ავტორების „მოტივაციის“ შესასწავლად. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ისტორიკოსი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, ყოფილი პარლამენტარები გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე.
„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ყურადღებას იქცევს ინფორმაციის გავრცელების გზა:
„ცნობა იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თავდაპირველად სწორედ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით (იმედი)გავრცელდა.
მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს წერილობით ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებისას მან პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან გასვლის უფლება ჰქონდა.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე. ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები პირველად სწორედ ასეთ მედიასაშუალებაში გაჩნდა, რაც მედიისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციული სინქრონის არსებობაზე მიუთითებს“.
Sovlab-ის მკვლევარისა და ყოფილი პარლამენტარის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება
„9 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ფარული ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის და ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ასახავდა. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, საქმე კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერს შეეხება, რაც თავად კანდელაკმა უარყო“, - წერს „მითების დეტექტორი“.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრების „ფარულ შეხვედრებად“ წარმოჩენა
მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან, რაც ჩვეული პრაქტიკაა, სახელისუფლებო მედია „ფარულ“ და „კონსპირაციულ“ აქტივობებად წარსულშიც წარმოაჩენდა.
მასალაში მოყვანილ მაგალითები კი ფაქტების გადამოწმების პორტალის შეფასებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო მედიისთვის დიპლომატების გადაადგილებისა და შეხვედრების დროები წინასწარ იყო ცნობილი.
არასაჯარო დოკუმენტის ბოროტად გამოყენება საიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით
„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კონფიდენციალურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება:
„სახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV),
საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და
ანტიოპოზიციურმა გვერდებმა კოორდინირებულად გაავრცელეს
ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან
დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR)
დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების
გაუქმებაზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნა კი ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია (საია) ითხოვდა.
სიუჟეტში გამოყენებული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ
საქმეს ასახავდა და სხვა განმცხადებლებსაც აერთიანებდა, გაშუქების
მომენტისთვის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მხოლოდ მხარეებს
გადაეგზავნათ. მიუხედავად კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისა, ის
სახელისუფლებო მედიას იუსტიციის სამინისტრომ
მიაწოდა.
ვინაიდან დოკუმენტი კონკრეტულ თარიღამდე კონფიდენციალური იყო, „მითების დეტექტორმა“ გავრცელებული მტკიცებების გადამოწმება და მათი მცდარად მონიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც დასტურდება, რომ საიას მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს“.
დახურული ჩატებიდან ანაბეჭდების გამოქვეყნება
ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო მედიას არაერთხელ გაუვრცელებია დახურულ ჩატებში მიმოწერის ანაბეჭდები ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. მასალაში ჩამოთვლილია ამგვარი პრაქტიკის რამდენიმე შემთხვევაც.
არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალიზმის შემთხვევის ადგილიდან გაშუქება სახელისუფლებო მედიის მიერ
როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, 2024 წელს, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს სახელისუფლებო მედიასაშუალებები შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ.
მიმოხილვაში მოყვანილ მაგალითებში ჩანს 2 შემთხვევა, როდესაც სახელისუფლები POSTV-იმ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას „მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება“ უწოდა.

