როდის ვითხოვოთ ნებართვა ფოტოზე?
03.11.2021
ყოველი ფოტო, რომელსაც სხვას ვუღებთ, დამოუკიდებლად მცხოვრები შინაარსია, რომელიც ექვემდებარება გავრცელებას, ინტერპრეტაციას და ცვლილებას. ამ ჯაჭვში არაერთი ადამიანია ჩართული, მაგრამ პირველი “კონტრაქტი” ფოტოგრაფსა და კადრში მოხვედრილ ადამიანს შორის იდება. ეს კონტრაქტი კი ზოგჯერ ქაღალდზე პირნათლად მოცემული დებულებებია, ზოგჯერ კი უსიტყვო შეთანხმება.

მაგრამ, მაინც როგორ დავადგინოთ, რისი უფლება გვაქვს, როდესაც ადამიანს ფოტოს ვუღებთ და როდის უნდა ავარიდოთ თავი გადაღებას?

ამბის მთხრობელებს ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს - როგორც გმირის, ისევე აუდიტორიის მიმართ, რომელიც ჩვენგან ამბავს ელოდება. ამ ორ პასუხისმგებლობას შორის ბეწვის ხიდს ყოველ ჯერზე თავიდან გავდივართ, ადამიანის, გარემოსა და მოვლენის მიხედვით. რთულია ისეთი წესების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა სიტუაციას ერთნაირად მოერგებოდა.

ამათუიმ ფოტოს არგადაღებას, შეიძლება, ასეთი მიზეზი ჰქონდეს: “მე ამ ფოტოს ვერ გადავიღებ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ცუდია.” ეს საშუალო საზომია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კარგად ჭრის, რადგან ემპათიით აღჭურვილ ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად სწორად შეუძლია მგრძნობიარე სიტუაციის ამოცნობა.

მაგრამ თუ ყველაფერს ასე განსაზღვრავ, დიდი ალბათობით, დაკარგავ კადრს რომელიც ამბის შინაარსისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ წინა დებულებას ასეთი კითხვა მოყვება - “რას დაკარგავს ამბავი, თუ მე ამ ფოტოს არ გადავიღებ?”

ეთიკური ფასეულობები

სააგენტო Reuters-ის ფასეულობების ჩამონათვალში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტებს მოვალოება აქვთ, რეალობა პირნათლად გადმოსცენ, თუმცა შოკისმომგვრელი მასალის გამოქვეყნებას კარგი მიზეზი სჭირდება და ამ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, მთავარი რედაქტორი იღებს.

National Press Photographers Association (ამერიკის ფოტორეპორტიორების ეროვნული ასოციაციის) ეთიკის კოდექსი გვირჩევს, სრულად ავსახოთ სიტუაცია და წარმოვადგინოთ კონტექსტი, ამასთანავე პატივი ვცეთ და ღირსებით მოვეპყროთ ყველას, ვისაც ვუღებთ.

“განსაკუთრებით გაითვალისწინეთ მოწყვლადი პირები და თანაგრძნობით მოეპყარით დანაშაულის ან ტრაგედიის მსხვერპლებს. გლოვის პირადულ მომენტში მხოლოდ მაშინ შეიჭერით, როცა აუდიტორიას ამის ნახვის გამართლებული აუცილებლობა აქვს”.

უკეთ რომ გავერკვეთ, სად როგორ მოვიქცეთ, პირობითად, შეგვიძლია, რამდენიმე გავრცელებული სიტუაცია წარმოვიდგინოთ.

რეპორტაჟი - საჯარო სივრცე

როცა ადამიანი საჯაროდ გამოდის, ის “ხელს აწერს” “უსიტყვო კონტრაქტს”, რომ თანახმაა, ფოტოზე დაფისქირდეს. კანონში ამის შესახებ შეზღუდვა არ არსებობს: პირიქით, კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყველას აქვს უფლება „თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანი საკუთარ მოსაზრებას საჯაროდ გამოხატავს, ამიტომ არც სამართლებრივად, არც ლოგიკურად, არაფერი შავდება თუ მას გადავუღებთ.

გლოვა

სხვადასხვა მედია ხშირად აქვეყნებს მგლოვიარე ადამიანების ფოტოებს ამათუიმ ტრაგიკული შემთხვევის გაშუქებისას.

თუ ადამიანი საჯაროდ გლოვობს - შესაძლოა, შენც, როგორც ფოტოგრაფს, თანაგრძნობის შეგრძნება გაგიჩნდეს და ჩათვალო, რომ ფოტოს გადაღება მის პირად სივრცეში შეჭრაა. მაგრამ თუ არ გადაიღებ, ვერ ასახავ მომხდარ ტრაგედიას.

ამავედროულად, შეიძლება, მგლოვიარე ადამიანს არ სიამოვნებდეს, როცა მის ყოველ ცრემლს ფოტოაპარატის გაჩხაკუნება მოყვება. მაგალითად, თუ გლოვის დროს მასთან ჟურნალისტები მიცვივდნენ, მან შეიძლება კამერა აგრესიულად მოიგერიოს.

თუ მაინცდამაინც ახლო კადრის გადაღება გჭირდებათ, კარგი იქნება, გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე მისცეთ ადამიანს საშუალება, პერიფერიულად მაინც დაინახოს, რომ იქ დგახართ და საცაა, გადაღებას დაიწყებთ. მას აქვს უფლება, გამოიყენოს ეს დრო იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა კადრში მოხვედრა.

ძლიერი ემოციები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ველზე მუშაობისას ერთმანეთს აყოლილი რეპორტიორები ზოგჯერ, მგლოვიარეებს ალყაში აქცევენ, მაგრამ რამდენად საჭიროა ეს აი ამ, კონკრეტული ამბის გაშუქებისას? ამ კადრს იმიტომ ვიღებ რომ რაღაც განსხვავებული, ემოციურად დატვირთული ხდება, თუ იმიტომ, რომ ჩემ ამბავს ეს კადრი სჭირდება? რა ალტერნატივები მაქვს/შემიძლია შევთავაზო რედაქციას, რომ იგივე შინაარსი გადმოვცე?

ხელმოწერილი თანხმობა

ის, ვისაც კანონიერად არ შეუძლია ფოტოს გადაღებაზე თანხმობის გაცემა, კანონის თვალში მოწყვლადად ითვლება - ასეთი ადამიანების გადაღებისას გასნაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. როგორც წესი, მათ ჰყავთ მეურვე, რომელსაც შეუძლია ასეთი თანხმობა მოგცეთ - მაგალითად, მშობელი.

საუკეთესოა, თუ ეს თანხმობა წერილობითი იქნება. ამისთვის სპეციალური დოკუმენტი მზადდება, რომელსაც model release, ანუ მოდელის თანხმობა ეწოდება. მოდელის თანხმობა შეიძლება სხვადასხვაგვარი პირობისგან შედგებოდეს, მაგრამ შინაარსი ყოველთვის დაახლოებით ასეთია: ის ფოტოგრაფს/სააგენტოს/მედიაპლატფორმას ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს ფოტო ნებისმიერი, კანონით ნებადართული მიზნისთვის.

თუ დამოუკიდებლად მუშაობთ, მოდელის თანხმობის მაგალითი შეგიძლიათ სხვადასხვა პლატოფრმაზე დაათვალიეროთ, ჩამოტვირთოთ და თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ, ასევე თარგმნოთ სხვადასხვა ენაზე (უმჯობესია ეს ტერმინოლოგიაში გარკვეულმა პროფესიონალმა გააკეთოს).

თუმცა, მხოლოდ მეურვის ხელმოწერილი დოკუმენტი მაინც არ ნიშნავს, რომ თქვენი გმირი ფოტოს გადაღებაზე თანახმაა. თუ ის გადაღებას ეწინააღმდეგება, არავითარი მნიშნვნელობა არ აქვს, გაქვთ თუ არა რამე საბუთი - ფოტო არ უნდა გადაიღოთ.

მოწყვლადი გარემო

შესაძლოა, ადამიანი კანონის გადმოსახედიდან არ იყოს მოწყვლადი, მაგრამ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იყო. ასეთი გმირების გადაღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მნიშნველოვანია, კიდევ ერთხელ ვკითხოთ საკუთარ თავს, - რას შეიძენს ამბავი ამ ფოტოს გადაღებით?

როცა ომში დაჭრილებს ვუღებთ, ახალ ინფორმაციას ვაფიქსირებთ: მოხდა კონფლიქტი, დაშავდნენ ადამიანები. მაგრამ, მაგალითად, უსახლკარო ადამიანების შემთხვევაში, ყველამ ვიცით რომ ეს ადამიანი თანაგრძნობას იმსახურებს, ხოლო ქუჩაში მისი წოლის ფოტო ახალ ამბავს ვერ შექმნის. ის ისედაც გარემოების მსხვერპლია, “შესაბრალებელი” ფოტოთი კი მას მეორედ ვიქტიმიზაციას უწევთ.

გაცილებით უფრო საინტერესოა ამ ადამიანთან რაღაც დრო კამერის გარეშე დაჰყოთ. შეიძლება, იმ დღეს საერთოდ ვერ გადაიღოთ ფოტო, მაგრამ შემდეგ დღეს თქვენი ცხოვრების საუკეთესო რეპორტაჟი მოამზადოთ ადამიანზე, რომელიც გენდოთ და საკუთარ ცხოვრებაში დაგიშვათ. ასე პრობლემას უფრო სიღრმისეულად აჩვენებთ და ღირსებას არ შეულახავთ ადამიანს, რომელიც, დიდი ალბათობით ამას ისედაც ხშირად განიცდის. უბრალოდ, თავიდანვე განუმარტეთ რომ ჟურნალისტი ხართ და ამბავი გაინტერესებთ. უმჯობესია უარის მიღება და სხვა რესპონდენტის მოძებნა, ვიდრე თანხმობის გარეშე გადაღებული ერთი ფოტო, რომელიც სტერეოტიპების გაღრმავებას მოემსახურება.

საფრთხის შემცველი გადაღება და ანონიმურობა

არცერთი ფოტო არ ღირს იმად რომ ვინმეს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა შეეწიროს. თუ ადამიანის იდენტიფიცირება მას საფრთხეს შეუქმნის, ფოტოს გამოქვეყნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

წარმოიდგინეთ, ინტერვიუს წერთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთან, ქსენოფობიის პრობლეის შესახებ, როდესაც, წინა დღეს ქალაქში სიძულვილის ჯგუფები ძალადობდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი გმირის საჯაროდ გამოჩენა ასეთ გარემოში? ზოგჯერ ადამიანი შეიძლება თავადაც ვერ აცნობიერებდეს, რა საფრთხეში იგდებს თავს. ზედმეტი არ იქნება შეახსენოთ, სად და როდის განთავსდება მასალა და რამდენი ადამიანი ნახავს მას.

საფრთხის შემცველ გარემოში ან მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ, რესპონდენტი დიდი ალბათობით, ანონიმურობას მოგთხოვთ. ფოტოს გადაღება ამ პირობებშიც შესაძლებელია; არსებობს უამრავი ტექნიკური ხერხი - გმირის სინათლის წყაროს საპირისპიროდ, ან ჩრდილში დაყენება, მისი ოთახის, პირადი ნივთების, ჩანაწერების გადაღება. შესთავაზეთ ადამიანს სხვადასხვა ვარიანტი, აჩვენეთ უკვე გადაღებული ფოტო და ერთად იმსჯელეთ, რამდენად შესაძლებელია აქედან ვინაობის დადგენა - შესაძლოა აზრი შეიცვალოს. მოთხოვნის შემთხვევაში ფოტოს უბრალოდ წაშლით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სიტუაციის სწორად შეფასებაა

ყველა წესის გათვალისწინება ყოველთვის შეუძლებელია. ხანდახან მოვლენები ისე ვითარდება, რომ გადაწყვეტილებას ინსტინქტურად იღებ და შედეგად ხელში გაქვს ფოტო, რომელიც არაეთიკურია, მაგრამ მნიშნველოვანი შინაარსის მატარებელია. ამიტომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ფოტოგრაფს და რედაქტორს მსჯელობა უწევთ, რა გადაწონის ამ შემთხვევაში და რა შედეგი მოყვება გამოქვეყნებას.

ფოტოგრაფის პასუხისმგებლობაა, ამბავი სრულად გადმოსცეს, მაგრამ, ამავდროულად, არ დაჩაგროს ის, ვინც უკვე დაზარალებულია. ფოტო ამბის თხრობის საშუალება უნდა იყოს და არა ადამიანის გრძნობებითა და ემოციებით მანიპულირების.

ავტორი : თამუნა ჩქარეული;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ