როგორ გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია - განსაკუთრებით, ომის დროს?
15.04.2022
ომის დროს განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც ხშირად, კონკრეტული მხარის ინტერესებს ემსახურება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მარტივი გზები მათს ამოსაცნობად.


11 აპრილს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტანკი ჯარისკაცების ჯგუფს ახლოდან ესვრის. ვიდეოს შოკისმომგვრელი შინაარსიდან გამომდინარე ფაქტობრივად, გარანტირებულია, რომ ის სწრაფად გავრცელდება.

ვიდეოს ალტ-ინფო აზიარებს, შეშფოთებული მომხმარებლები კი მათ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებიან, რადგან პირველი იმპულსი მოძალებული ემოციების სხვასთან გაზიარებაა.

alt

ყალბი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია სანდოზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ომის დროს პროცესები კიდევ უფრო უკონტროლო გახდა.

სააგენტო NewsGuard, რომელიც დეზინფორმაციას აკვირდება, 12 აპრილის მონაცემებით 181 ვებ-გვერდს ავლენს, რომელიც რუსეთ-უკრაინას ომზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა კონკრეტული ვებ-გვერდების გარდა, თავად მომხმარებლები, ხშირად, უნებლიედ ავრცელებენ ინფორმაციას რომლის პირველწყაროც უცნობია.

რა არ უნდა გავაკეთოთ?

სანამ “გაზიარებას” დააჭერთ, დაფიქრდით, საიდან არის ვიდეო. ის რომ თქვენმა ნაცნობმა კედელზე დადო, საკმარისი არ არის - თუ მასალა სანდო მედიასაშუალებამ, ჟურნალისტმა არ გამოაქვეყნა, დარწმუნებით ვერ იტყვით ზუსტად ვის ინტერესს ემსახურებით პოსტის გაზიარებისას.

მაგალითად ალტ-ინფოს ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ამ ვიდეოზე უკვე სულ ცოტა, სამი ჰიპოთეზა არსებობს:
  • რუსული ტანკი უკრაინელებს ესვრის.
  • უკრაინული ტანკი ესვრის რუსებს.
  • უკრაინული ტანკი შეცდომით ესვრის თავისიანებს.

ეს ვერსიები გამოჩენიდან სულ რამდენიმე საათში გავრცელდა, შემთხვევაზე დადასტურებული ინფორმაცია კი ჯერაც არ არსებობს. კონფლიქტის დროს მხარეების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციაც კი ნაკლებად სანდოა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინიც კი დუმან.

ასე რომ, მოერიდეთ მსგავსი შინაარსის მასალის გაზიარებას, თუ ზუსტი კონტექსტი არ იცით. რა შეგვიძლია გავაკეთოთ

პირველ რიგში, ვერიფიკაციისთვის, ანუ უტყუარობის დადგენისთვის საჭირო კითხვები დავსვათ:

  • ვინ აზიარებს მასალას?
  • რა ინტერესები ამოძრავებს?
  • სად არის მასალის პირველწყარო?

ტანკის ვიდეოს შემთხვევაში, ვხედავთ რომ პირველწყაროდ ტელეგრამ-არხი romanov_92 სახელდება. მიუხედავად იმისა რომ არხს “დემოკრატიაზე” აქვს პრეტენზია (აღწერაში წერია), აქ ძირითადად “უკრაინულად” წოდებული დამტვრეული სამხედრო ტექნიკის ფოტო-ვიდეო მასალებსა და პრორუსულად განწყობილ საუბრებს გადააწყდებით.

alt

ამასთან, თითქმის ყველა გავრცელებულ ვიდეოს აწერია რომ “გადაღების თარიღი დაუდგენელია”, მათ შორის, ამ ვიდეოსაც.

alt

  • არხის მოდერატორი სავარაუდოდ იგივე ადამიანია, ბლოგერი ვლადიმირ რომანოვი, რომელიც Twitter-ზე საკუთარ თავს ვლადიმირ რომანოვს უწოდებს, სევასტოპოლში ცხოვრობს, და წერს, რომ “ყირიმი - რუსეთია”.
  • ის Youtube არხი კი, რომელსაც ტანკის სროლის ვიდეოს ავრცელებს, ომის დაწყების მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალსაა შექმნილი.

ასე რომ, პირველ ორ კითხვას პასუხი უკვე გავეცით, და ნათელია, რომ ამ მომხმარებლის სახელს ამოფარებული პირები ნდობას არ იმსახურებენ და ანგაჟირებულები არიან.

alt

მესამე კითხვა, სად არის მასალის პირველწყარო? გაცილებით რთულია - ამ საკითხზე ხანდახან, ჟურნალისტების მთელი გუნდი მუშაობს.

ამ ომის განმავლობაში ჟურნალისტებმა დეზინფორმაციის არაერთი ფაქტი დააფიქსირეს. მაგალითად, Reuters-ის ფაქტების გადამოწმების გუნდმა დაადგინა, რომ ვიდეო, სადაც პატარა გოგო “რუს” ჯარისკაც უპირისპირდებოდა, სინამდვილეში 2012 წელს, პალესტინაშია გადაღებული.

ტანკის სროლის ვიდეოსთვის ტელეგრამ არხი პირველწყაროს, რა თქმა უნდა, არ უთითებს. პრობლემა ისაა, რომ ამჟამად ვიდეო ძირითადად სოციალურ მედიაში ვრცელდება, ასეთ დროს კი იშლება ფაილში ჩაქსოვილი ინფორმაცია (metadata), საიდანაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ვიდეოზე დამატებითი ინფორმაციის, მაგალითად გადაღების ადგილისა და დროის მოპოვება.

ასეთ შემთხვევაში ერთადერთი, რაზე დაყრდნობითაც მსჯელობა შეგვიძლია - ვიდეოს შინაარსია.

ამ შემთხვევაშიც, უმჯობესია შინაარსზე საქმის პროფესიონალებმა იმსჯელონ, რადგან გამოუცდელი თვალისთვის რთულია, დეტალების შემჩნევა: მაგალითად, ის ლურჯი წერტილი, რაც ამ ვიდეოში ჯარისკაცის სამკლავური ჰგონიათ, თავისუფლად შეიძლება კამერის ხარვეზი აღმოჩნდეს.

ვერიფიკაციის რამდენიმე ინსტრუმენტი

ინფორმაციის გადასამოწმებლად შეგიძლიათ, რამდენიმე ინსტრუმენტი გამოიყენოთ.

  • TinEye, რომელიც გაპოვნინებთ ამა თუ იმ ფოტოს ინტერნეტში ყველაზე ადრე ატვრითულ ვერსიას.
  • სურათის მიხედვით ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ ქრომისთვის RevEye დამატება დააყენოთ.
  • ფაილის მონაცემების სანახავად Jeffrey’s Metadata viewer გამოგადგებათ. ამ ინსტრუმენტს წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტები იყენებენ, როცა მარტივად და სწრაფად სურთ მონაცემების ნახვა. ინსტრუმენტი უამრავ ფორმატთან მუშაობს.
  • უფრო რთული, მაგრამ დახვეწილი ინსტრუმენტია InVid. აქ ყველაფერი ერთადაა: სურათით ძებნაც, მონაცემების ნახვაც, ვიდეოს სქრინებად დაშლაც, რომელიც ცალკ-ცალკე იძებნება. ეს პლატფორმა, სხვებისგან განსხვავებით, ვიდეოს ასლებს Twitter-ზეც ეძებს.

ავტორი : თამუნა ჩქარეული;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ