ფემიციდის გაშუქება - რეკომენდაციები და სტანდარტი
13.12.2023
ფემიციდი სისტემური პრობლემაა, ქართული მედია კი ხშირად ამ თემის გაშუქებისას პრობლემას ისე წარმოაჩენს თითქოს ეს განყენებული დანაშაულია. ამ დანაშაულზე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან კრიტიკული კითხვების დასმის ნაცვლად, ხშირად მეზობლებს ან დამნაშავის ნათესავებს ეკითხებიან იმას თუ რა ან "რატომ" მოხდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ორგანიზაცია WECF-სა (ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო) და მედიის წარმომადგენლებთან შეთანხმებისა და მსჯელობის საფუძველზე მოამზადა ფემიციდის გაშუქების დოკუმენტი.

მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ რესპონდენტების კომენტარების გამოქვეყნებისას გაითვალისწინებენ მასალის ინფორმაციულ ღირებულებასა და საზოგადოებრივ ინტერესს, მასალა არ იქნება პირდაპირ თუ ირიბად მოძალადის გამამართლებელი და მსხვერპლის დამადანაშაულებელი, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელიც მკვლელობას ამართლებს.

ხელმომწერი გამოცემები ასევე თანხმდებიან, რომ ფემიციდის გაშუქებისას მომზადებულ სტატიასა თუ ვიდეოს დაურთავენ ინფორმაციას ცხელი ხაზისა თუ სხვა მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რათა ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა შეძლონ დახმარების მიღება.

დოკუმენტში შეჯამებულია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ეხება როგორც მასალების მოპოვების, ისე დამუშავებისა და გამოქვეყნების პროცესს:

● დაუშვებელია მსხვერპლის პირდაპირი ან ირიბი დადანაშაულება/დისკრედიტაცია — მაგალითად, “მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ კაცის გაღიზიანება ცოლის ტელეფონზე მოსულმა SMS შეტყობინებამ გამოიწვია“ ან “რის გამო მოხდა მკვლელობა, არ გაგიგიათ?“. ჟურნალისტის ამ სიტყვებს არ აქვს არანაირი ინფორმაციული ღირებულება და საზოგადოებაში, სადაც გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ მძლავრია, ქალის დადანაშაულებას იწვევს.

● დაუშვებელია მოძალადის პირდაპირი ან ირიბი გამართლება — მაგალითად, რესპონდენტების ფრაზები: „არაკონფლიქტური ადამიანია“, “ძალიან კარგი ადამიანია, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გააკეთებდა” არ ემსახურება საჯარო ინტერესს, არამედ, აკმაყოფილებს ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობას, რაც ეთიკური მედიის დანიშნულება არ არის. ადამიანების ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა, მედიამ კი უნდა მიაწოდოს იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია. გარდა ამისა, ხშირად ბრალდებულის დაცვის მხარე იყენებს ფსიქიკური პრობლემების შესახებ არგუმენტს, რათა შეამციროს პასუხისმგებლობა. ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ადვოკატების სტრატეგიის ნაწილი და არ წამოეგოს მათ განზრახვას, ასევე, არ გააძლიეროს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმა. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა ადამიანი მოძალადე არ არის და არც ყველა მოძალადეს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

● ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება არ უნდა შეილახოს არც მისი გარდაცვალების შემდეგ — გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს. მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჯარო, თუ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს, ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

● აუცილებელია შესაბამისი ენისა და ტერმინოლოგიის გამოყენება — ჟურნალისტურ პროდუქტებში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ენას, რომელსაც მედია იყენებს. ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ დისკრიმინაციული, სტერეოტიპული სიტყვების გამოყენებას, მაგალითად, “ოჯახის უფროსი” და ა.შ.

● მნიშვნელოვანია კითხვების სწორი ადრესატის შერჩევა — ფემიციდის შემთხვევებზე მუშაობისას ერთ-ერთი პირველი, ვისაც მედია კითხვებს უნდა უსვამდეს, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. სწორედ მათ აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება და როცა საუბარია სისტემურ პრობლემაზე, მედია უნდა დაინტერესდეს, რომელი რგოლი ვერ მუშაობს გამართულად, სად არის ხარვეზი, ვისი პასუხისმგებლობაა ეს და ა.შ.

● მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტი — მედიის მიერ შემუშავებული ფემიციდის გაშუქების ერთიანი შიდა სტანდარტი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი იქნება, დაეხმარება ჟურნალისტებს ეთიკურ გაშუქებაში. ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური ნების გამოხატვა მედია მენეჯერების მხრიდან, სისტემური მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტის ჩამოყალიბებას.

● მნიშვნელოვანია სრულყოფილი გაშუქება — მედიამ უნდა გააშუქოს ფემიციდის გამოძიების და სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგები. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისჯება დამნაშავე და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

● უფლებადამცველებისთვის, ექსპერტებისთვის აზრის კითხვა სათაკილო არ არის — იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტმა არ იცის, როგორ გააშუქოს ესა თუ ის საკითხი, როგორი ტერმინოლოგია გამოიყენოს და ა.შ., შესაბამისი ორგანიზაციისთვის კონსულტაციის თხოვნით მიმართვა ერთ-ერთი გამოსავალია. ასეთ ორგანიზაციებს შორის შეიძლება იყოს ეთიკის ქარტია, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა.

● სოციალური პასუხისმგებლობა — მედიას შეუძლია დაეხმაროს ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები, თუ გაავრცელებს ინფორმაციას მხარდამჭერი სერვისების შესახებ. დამატებით, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუ ჟურნალისტები მასალას დაურთავენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვის შეიძლება დაუკავშირდნენ ძალადობის შემთხვევაში (ცხელი ხაზი, ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციის კოორდინატები, მობილური აპლიკაციები და ა.შ)

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ