„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისი საზოგადოება“ წერს, რომ 2025 წელს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი იყო:
„მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციებისა და სასამართლო პროცესების პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში მისი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, პროპაგანდისტული მედია, ანონიმური აქტორები და რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელები“.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევის მიხედვით, ამაღლობელის დისკრედიტაციის საწინააღმდეგო კამპანია მისი დაკავებიდან მალევე დაიწყო, პროპაგანდისტულმა მედიამ კოორდინირებულად გაავრცელა ერთი და იგივე ვიდეო, რომელშიც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა ჩანდა, პოსტების ნაწილი კი ფეისბუქზე დარეკლამებული იყო:
„მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის კამპანიაში, ტრადიციულად, პირველები ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები ჩაერთნენ. მათ შორის, ჟურნალისტის დაკავებიდან რამდენიმე საათში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, აქტიურად გავრცელდა დავით ჩიხელიძისა და გია აბაშიძის ფეისბუქსტატუსები. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ მედიის წარმომადგენლების დაკავებისას აშშ უფრო ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, აბაშიძემ კი ირაკლი დგებუაძეს, მის ოჯახსა და კოლეგებს მხარდაჭერაც გამოუცხადა. იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ექსპერტებად პოზიციონირებადი „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები“.
როგორც ISFED-ი წერს, ე.წ. „ექსპერტების“ შემდეგ, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებმაც, მათი გზავნილები კი სრულ თანხვედრაში მოდიოდა ერთმანეთთან და აქცენტი გაკეთებული იყო ჟურნალისტის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე, „საზოგადოებრივი აზრის მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ ფორმირებისთვის, მისი ქმედება აღწერილი იყო როგორც „პოლიციელზე თავდასხმა“ და „ცემა““.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა დაიწყო:
„მზია ამაღლობელის 38-დღიან შიმშილობას, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სოციალურ ქსელებში „დიეტად“ და „სპექტაკლად“ წარმოაჩენდნენ. აღნიშნული კამპანია აქტიური იყო როგორც ფეისბუქის ანონიმურ გვერდებსა და პროფილებზე, ისე ტიკტოკზე“.
ამაღლობელის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ეკოსისტემა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადებისა და მიღების პარალელურადაც. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის პლატფორმების მონიტორინგი აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მისი საერთაშორისო ჯილდოებზე წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაშიც აქტიურდებოდა:
„მზია ამაღლობელის ამ პრესტიჟული [სახაროვის] პრემიით დაჯილდოება მორიგი პროპაგანდისტული კამპანიის მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პარტიასთან დაკავშირებული პირები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ და პრემიის გადაცემას ძალადობის წახალისებად წარმოაჩენდნენ. ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“.
ISFED-ის კვლევის მიხედვით, პროპაგანდისტული მედიის გზავნილების ნაწილი მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ მოიხსენიებდა, „ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვის მიზნით აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეომონტაჟები, რომელიც საზოგადოებას მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ მცდარ წარმოდგენებსა და უნდობლობას უჩენდა. პროპაგანდისტული მედია მზია ამაღლობელს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქაოსის გამოწვევაში სდებდა ბრალს. მასთან ერთად, დისკრედიტაციის სამიზნე იყვნენ სხვა პოლიტპატიმრებიც“.
როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, მზია ამაღლობელის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში გავრცელდა გზავნილებიც, რომლებიც მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას ეხებოდა. დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ პროპაგანდის სამიზნე გახდა დიპლომატიური კორპუსიც.
ISFED-ი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელისა და „ნეტგაზეთის“ საწინააღმდეგო გზავნილები გაავრცელა რუსეთიდან მართულმა ანონიმურმა ქსელმაც და მასთან ერთად, ჟურნალისტის დისკრედიტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლთან დაკავშირებული „სპუტნიკი“ და Pravda-ის ქსელი.
მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

