„უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში“ - „მედიის განვითარების ფონდის“ ახალი კვლევაა, რომელიც ქართულ საინფორმაციო გარემოს, უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში, აანალიზებს და იმ შიდა და გარე ფაქტორებს მიმოიხილავს, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ის შეისწავლის საქართველოს პოლიტიკურ და მედია გარემოს, მათ შორის, უცხოური აქტორების, რუსეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ნარატივებს და ყურადღებას ამახვილებს ანტიდასავლური გზავნილების გაძლიერებაზე, საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციასა და ინფორმაციული ავტოკრატიის პრაქტიკების გაფართოებასთან დაკავშირებულ რისკებზე.
MDF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთის და ადგილობრივი სახელისუფლებო აქტორების გზავნილების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემაა, რადგან მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს:
„საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება, განსაკუთრებით მისი ანტიდასავლური პოზიციის მკაფიოდ გამოკვეთა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება. მანამდე მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიებთან განსხვავებულად პოზიციონირებდა – საერთაშორისო დონეზე რუსეთს საფრთხედ წარმოაჩენდა, ხოლო ეროვნულ დონეზე მასთან გამკლავებას მინიმალური ძალისხმევით ცდილობდა“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რეპრესიული კანონმდებლობით და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მტრული რიტორიკით, რითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოაჩენს საფრთხედ, რომელსაც შეკავება სჭირდება.
კვლევის მთავარი ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, უცხოური გავლენიდან მომავალ საფრთხეებზე გარე და შიდა აქტორების თანმხვედრი გზავნილები სამი ძირითადი მიმართულებით ფორმირდება:
-
სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა – დასავლეთი და ე.წ. „დიპ სტეიტი“ წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ერევიან საქართველოს საარჩევნო პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ და „მეორე მაიდნის“ მსგავსი რყევების ორგანიზებას ცდილობენ.
-
„მეორე ფრონტის“ იგივე საქართველოს „უკრაინიზაციის“ საფრთხე – ამკვიდრებს ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს.
-
ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე – დასავლეთი წარმოჩენილია ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლად, რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ კულტურას და ხშირად აღიწერება ტერმინით „ლიბერალური ფაშიზმი“.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველოს საინფორმაციო სივრცის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის უმეტესობა (623 შემთხვევა), რომელიც TTPs-ს შესაფასებლად გაანალიზდა, ქართულენოვანი წყაროებიდან მომდინარეობდა, ხოლო 199 შემთხვევაში, ადგილობრივად გავრცელებამდე, ჯერ რუსულ მედიაში გამოჩნდა:
„პოლიტიკა მთავარი თემა იყო როგორც ქართულ, ასევე შერეულ ქართულ-რუსულ შინაარსში. მას მოსდევდა იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელშიც გენდერი, სექსუალობა და პირადი რეპუტაცია მანიპულაციის ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა“.
ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, გარე აქტორებს შორის ყველაზე ხშირი სამიზნე ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იყვნენ, ხოლო შიდა კონტექსტში დეზინფორმაცია ძირითადად პოლიტიკურ ოპოზიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე იყო ფოკუსირებული:
„ვიზუალური და ნარატიული მანიპულაციებით საპროტესტო აქციებს ძალადობრივ და/ან უცხოეთის მიერ ორგანიზებულ ქმედებად წარმოაჩენდნენ, რისთვისაც რედაქტირებულ ფოტოებს, ცრუ იდენტიფიცირების ტაქტიკას და დასავლეთის მხრიდან ძალადობის წახალისების შესახებ ყალბ ცნობებს იყენებდნენ“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად ისევ რჩება:
-
კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, როგორებიცაა: Sputnik, NewsFront და Pravda, უფრო ფართო მრავალენოვანი პროპაგანდისტული ქსელის ფარგლებში ოპერირებენ, მათ შორის ქართულენოვანი მასალებით, თუმცა ისინი ფართო აუდიტორიამდე ნაკლებად აღწევენ.
-
კრემლის ინტერესების გამტარებელ ადგილობრივ აქტორებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის: „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“.
-
ამ პარტიებთან დაკავშირებული მედიები, მათ შორის „ალტ-ინფო“, „ობიექტივი“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მკაფიო კრემლისტურ სარედაქციო პოლიტიკას მისდევენ, ხოლო პარტიის წევრები ხშირად წამყვანებად ან კომენტატორებად გვევლინებიან.
მასში აღნიშნულია, რომ ჩინეთის გავლენა კრემლისტურ ტელეარხებზე საელჩოს დაფინანსებული გადაცემების სახით ვლინდება, „ასევე, სხვადასხვა ქართულ პლატფორმასა და სოციალური მედიის ანგარიშზე ჩინური Global Times-ის მასალების გამოქვეყნების გზით“.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ეკოსისტემა აქვს შექმნილი:
-
„ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორიცაა „ნეიტრალური საქართველო“, ანტიდასავლური რიტორიკის ძირითად წყაროებად გვევლინებიან. მათ გზავნილებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი გავლენიანი ტელევიზიები და სახელმწიფო კონტრაქტებით დაფინანსებული ონლაინ პლატფორმების ქსელით ავრცელებენ.
-
ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური სოციალური მედიის ანგარიშები ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება და კოორდინირებულად მოქმედებს.
-
პარალელური ინსტიტუტები, მათ შორის მმართველი პარტიის ფაქტების გადამოწმების ფეისბუქ გვერდი და კომუნიკაციების კომისიის „მედიაკრიტიკის“ პროექტი, დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციისა და მთავრობის ინტერესების სასარგებლო ნარატივების ფორმირების ინსტრუმენტებად გამოიყენება.
კვლევა - „უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში“ MDF-მა შერეული მეთოდოლოგიით ჩაატარა, რაც სამაგიდო კვლევას, მედია მონიტორინგის და ფაქტების გადამოწმების მონაცემებს, დისკურს ანალიზსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ასევე ფოკუს ჯგუფებს აერთიანებს. ის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - „SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ” ფარგლებში მომზადდა.

