კვლევა: „ქართული მედიაგარემო სულ უფრო მეტად დაუახლოვდა რუსულ და ბელორუსულ სისტემებს“
16.12.2025

„მედიაგარემო საქართველოში - 2025: მედიის მიტაცების პირობებში“ -  „მედიახმამ“ გამოაქვეყნა ყოველწლიური კვლევა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული მედიაგარემოსა და მედიის მიტაცების რუსული გენეზისის აღწერა და შეფასებაა. კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს, დეზინფორმაციისა და მძლავრი პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხეებს.

მკვლევრები აღწერენ, როგორ იმოქმედა 2025 წელს არსებულმა გამოწვევებმა მედიაორგანიზაციების მდგრადობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და მედიაპროდუქტის ხარისხზე. მედიაგარემოზე დაკვირვება 19 მედიასაშუალების 22 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით მოხდა.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მიტაცება აქტიურ (შეიძლება ითქვას საბოლოო) ფაზაში გადავიდა, რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა რუსული გავლენებისა და ინტერესების დისკურსი:  

„მედიის დღის წესრიგიდან თითქმის გაქრა რუსული ოკუპაციის თემა. დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებისა და ქვეყნის იზოლაციის საპირისპიროდ დარჩა - სოლიდარობა, როგორც საზოგადოების ბუნებრივი პასუხი თავისუფლების დასაცავად“.  

მავთულხლართები მედიაში

როგორც ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, ქართული მედიაგარემო სულ უფრო მეტად დაუახლოვდა რუსულ და ბელორუსულ სისტემებს. 

„კონკრეტული საქმეები და პროცესები (მზია ამაღლობელის დაპატიმრება, „მთავარი არხის” დახურვა, კრიზისი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რეპრესიული კანონების მიღება და სხვ.) აჩვენებს, რომ მედიაგარემო არა წერტილოვნად, არამედ სისტემურად და ინსტიტუციურად იშლება. წინა წლებში საქართველოში არ იყო მოლოდინი, რომ ქვეყანა მართლაც დაემსგავსებოდა ბელორუსს ან რუსეთს. ამ კუთხით არსებული სიტუაცია მედიის წარმომადგენლებისთვის შოკისმომგვრელია“. 

კრიტიკული და პრო-დასავლური მედიის გაქრობა კი კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ გავლენებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში: 

„რუსული სტილის პროპაგანდა ცდილობს, წაშალოს ადამიანური ისტორიების ხილვადობა. კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო ჟურნალისტიკის რეგულირების ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა იყოს სწორედ ის, რომ პროპაგანდას ხელს უშლიდა ის ემოციური ნიშან-ხატები და ვიზუალური ენა, რომელიც მაყურებელთან სოციალური ინტერაქციის ეფექტს ქმნიდა. შესაბამისად რუსული-სტილის პროპაგანდის შესასუსტებლად ეფექტური მექანიზმია, მრავალფეროვანი თემატიკის ადამიანური ისტორიები და პრო-სოციალური ქცევების დემონსტრირება (სოლიდარობა, ემპათია, მხარდაჭერა, იუმორი, კრეატიულობა და სხვ.)".

მზიას თავისუფლებისა და „სარედაქციო გამბედაობის” საქმე

კვლევის მიხედვით, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით წინა წლებში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკა ახალ ეტაპზე გადავიდა.

„მზიას საქმემ დათესა შიში და მოგვიანებით - გამბედაობა, რაც მზია ამაღლობელის პერსონალურმა თვისებებმა და სიმამაცემ განაპირობა და ტრანსფორმირდა ჟურნალისტების „სარედაქციო გამბედაობაში”. მზიას ისტორიამ გამოკვეთა, რისი გაკეთება შეუძლია ჟურნალისტს ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის დროს. მზია ამაღლობელის საქმე, სავარაუდოდ, იმოქმედებს ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაზე, პროფესიის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის გადააზრებასა და რეპუტაციულ აღდგენაზე. მისმა პერსონამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში ჟურნალისტის პროფესიის რებრენდინგს და მას მკვეთრი ეთიკური შეფერილობა და მასშტაბი მისცეს“, - ვკითხულობთ ძირითად მიგნებებში. 

საკანონმდებლო გარემოს „მსუსხავი ეფექტი” 

ავტორები წერენ, რომ საქართველოში მედიის მიტაცება რეპრესიული კანონების ინსტრუმენტალიზაციით მიმდინარეობს:

„2025 წელს სამართლებრივი ჩარჩოები კოორდინირებულ რეპრესიულ სისტემად გადაიქცა, სადაც კანონების კომბინაცია და მათი არაპროგნოზირებადი, შერჩევითი აღსრულება ქმნის ფინანსურ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ წნეხს კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაზე. შედეგად, გაზრდილია შიში და თვითცენზურა, რესურსები სასამართლო ბიუროკრატიაში გადადის. ინფორმაციის თავისუფლად მიმოქცევა (კონტენტთან წვდომა, პროდუქტის შექმნა და გავრცელება) სისტემურად არის შეზღუდული“.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები იმაზე მძიმე ფორმებით განხორციელდა, ვიდრე ეს ჟურნალისტებს წარმოედგინათ:

„რუსეთისგან განსხვავებით, რეპრესიული კანონების მიღება და ამოქმედება საქართველოში დაჩქარებულად მოხდა. ჟურნალისტების აზრით, კანონების მთავარი მიზანი იყო შიშის დათესვა და ეს მიზანი უკვე მიღწეულია. მედიის „გაქრობა“ ხდება არა მხოლოდ რეპრესიებით, არამედ შიშისა და თვითცენზურის გაძლიერებით, სასიცოცხლო რეზერვების გადატანით იურიდიულ და ბიუროკრატიულ ბრძოლებში, სადაც მედია იძულებულია, თავად შეწყვიტოს მუშაობა.

რეპრესიული კანონები სისტემურად კლავს ჟურნალისტიკის პროფესიას. კანონების მიღების შემდეგ კრიტიკული მედიაორგანიზაციები იურიდიულად და ფორმალურად არსებობენ, თუმცა ორგანიზაციულად ჩამოიშალნენ და/ან განადგურების პირას არიან, მათი სიცოცხლისუნარიანობა (ყოველდღიური კონტენტის წარმოება) შეზღუდულია. ამ ფონზე, აქტიურად მიმდინარეობს პროფესიიდან „ტვინების გადინება”“. 

ფინანსური კრიზისი

კვლევაში აღნიშნულია, რომ მედიის „მოგუდვის” მთავარი მექანიზმი სწორედ ფინანსური რესურსების გაქრობა და დასჯის შიშის ინსტრუმენტალიზაცია აღმოჩნდა:

„წინა წლების მსგავსად, მედია განვითარების ნაცვლად თავდაცვით და გადარჩენის რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ტრადიციული ტელემედია იმდენად დასუსტდა, რომ მაუწყებლობა შეწყვიტა და/ან გადაცემების ნაწილი დახურა. რეგიონებში არაერთი მედიაორგანიზაცია დაიხურა ან საქმიანობის პროფილი შეიცვალა“.

კონტენტის წარმოება

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ კრიტიკულ მედიაორგანიზაციებში სულ უფრო მეტი ბარიერი ჩნდება იმისთვის, რომ მათმა ჟურნალისტებმა შექმნან და აუდიტორიამდე მიიტანონ ხარისხიანი და მრავალფეროვანი კონტენტი. მისი წარმოება მიზანმიმართულად კიდევ უფრო გართულდა ყველგან, სადაც მედიისა და საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია მედიის პროაქტიული მუშაობა: სასამართლოებში, საპროტესტო აქციებზე, საკანონმდებლო ორგანოში და სხვ.

„გაუარესდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა (მათ შორის პარლამენტსა და სასამართლოებში). თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია უფრო ფართო აუდიტორიასთან წვდომასთან. მრავალფეროვანი კონტენტის შესაქმნელად კრიტიკული მედიას აღარ აქვს ადამიანური და მატერიალური რესურსი. წყაროებში გაზრდილი თვითცენზურა მოქმედებს მასალების ხარისხზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სასამართლო ჟურნალისტიკა

კვლევის მიხედვით, სასამართლოებში ფოტო და ვიდეო გადაღებების აკრძალვა მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ:

„ეს იყო ხელოვნური ჩარევა იმ დისკურსში, რომელსაც მედია გვთავაზობდა სოციალური რეალობის საჩვენებლად და რომელიც განზოგადების საშუალებასაც იძლეოდა. მედიის დისკურსიდან გაქრა სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვით გამოსვლები, რომლებიც სოციალური ინტერაქციის ელემენტებს ქმნიდა.  

შეზღუდვამ შეასუსტა მედიის ჩართულობა და „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქცია, რამაც საზოგადოების მხრიდან კონტროლზეც ნეგატიურად იმოქმედა: მედიას აღარ შეუძლია ვიზუალური მასალის გამოყენება სასამართლო პროცესების გაშუქებისას, რაც ამცირებს საზოგადოების ინფორმირების ხარისხს. ჟურნალისტებს უწევთ, მხოლოდ სიტყვიერად აღწერონ სასამართლო პროცესები, რაც ხშირად არასაკმარისია სრული სურათის შესაქმნელად. ახალი საკანონმდებლო და ბიუროკრატიული მექანიზმებით მედიას პრაქტიკულად სრულად შეეზღუდა პროცესების გაშუქება“. 

საპროტესტო ჟურნალისტიკა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს პოლიტიკური მოვლენებისა და დემონსტრაციების გაშუქება უფრო გართულდა, რადგან ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას აკავებენ, აჯარიმებენ: 

„ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მათი დაჯარიმების მიზანი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რესურსებისგან გამოფიტვაა. ამ კუთხით დამკვიდრებულ პრაქტიკას SLAPP-ის ბუნება აქვს. 

წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვაში ჟურნალისტების ჩართვა ტრანსფორმირდა სამოქალაქო აქტივიზმში. ასეთ აქტივიზმში ჩართვას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ერთის მხრივ, ესაა ბრძოლის საერთო სტრატეგიები, რომელიც აერთიანებს აუდიტორიას და მედიას, გამოკვეთს მედიის როლს ხალხის დახმარების პროცესში. მეორეს მხრივ კი, ესაა მედიის „დამკვირვებლის” პოზიციიდან გამოსვლა, რაც მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ნდობას აზიანებს“. 

ჟურნალისტების უსაფრთხოება

„ჟურნალისტების უსაფრთხოება 2025 წელსაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად (ფიზიკური, ციფრული და ფსიქოლოგიური) რჩება. ჟურნალისტებზე ძალადობის ნორმალიზებას (რაც 2021 წელს დაიწყო) ხელი შეუწყო მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობამ. მათ პროფესიულ საქმიანობაზე თავდასხმის შემთხვევებს სამართალდამცავი ორგანოები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის კვალიფიკაციით არ იძიებენ“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

მასში ხაზგასმულია, რომ მედიის დაშინების მთავარი მიზანია - ჟურნალისტებმა თავისი ნებით თქვან უარი გამბედაობაზე, ანუ იმ მთავარ პროფესიულ კომპეტენციასა და თვისებაზე, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას. 

სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია და მედიისადმი ნდობა

კვლევის მიხედვით, გასულ წლებში კრიზისულ პერიოდებში (მედიის დახურვის საფრთხე, ძალადობა ჟურნალისტებზე) საზოგადოების სოლიდარობა იყო ფრაგმენტული და არ არსებობდა მედიის გრძელვადიანი მხარდაჭერის არა მარტო ჩვევა, არამედ მოტივაცია. 2025 წელს კი სისტემურმა კრიზისმა დააჩქარა სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია: დაიწყო სოლიდარობის დეცენტრალიზაცია, ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა მედიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი. 

„2025 წელს სოლიდარობის მნიშვნელოვანი იყო სინათლე მედიას კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს”. ამ ინიციატივამ შექმნა სოლიდარობის კერები და აქვს მომავალში სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაციის გაძლიერების პოტენციალი. შესაძლებელია, აუდიტორიას ჩამოუყალიბდეს ჩვევა - დაეხმაროს მედიას, რომელსაც ენდობა“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

როგორც კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ, 2025 წელს „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე” გამოავლინა პრესის თავისუფლების მიმტაცებლები, რომელთა შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიტაცება, სამწუხაროდ, შემდგარი ფაქტია:

„სწორედ ამ ფაზისთვისაა დამახასიათებელი მთავარი მიმტაცებლებისა და აქტორების გამოაშკარავება. სწორედ ამიტომ ამიერიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა მავთულხლართებში მოქცეული მედია და ჰიბრიდული ოკუპაცია, რომლის სამიზნე სწორედ თავისუფალი სიტყვაა“. 

თავისუფალი მედიის მომავალი კი დამოკიდებულია ინდივიდებისა და საზოგადოებისა გამბედაობასა და რუსეთისგან თავსმოხვეული შიშის დამარცხებაზე.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ