ფოტო: „ბათუმელები“
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი,
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი პაულ ვაიზის პრემიით
დააჯილდოვეს. პაულ ვაიზის პრემია, რომელიც
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ გაიცემა,
სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც
ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 10 ნოემბერს, ვენაში გაიმართა, „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე და „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე დაესწრნენ. ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის პაულ ვაიზის პრემია წელს მესამედ, სამ კატეგორიაში, მათ შორის ჟურნალისტიკაში გაიცა.
6 ნოემბერს, გერმანიაში, მზია ამაღლობელს გადაეცა თავისუფალი მედიის პრემიაც. Free Media Awards-ი ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული. ორი ევროპული ფონდი აღნიშნავს, რომ ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა და იგი ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის არის დაჯილდოებული.
„პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს მზია ამაღლობელის გზავნილიც: „მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“.
ამაღლობელის გარდა, თავისუფალი მედიის პრემიის 2025 წლის ლაურეატები გახდნენ: მედია-პლატფორმა Gwara Media (უკრაინა), საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი), ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი), მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი), ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).
22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელს, ბელარუს პატიმარ ჟურნალისტთან ერთად, გადაეცა სახაროვის პრემია. დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.
2025 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები კი იყვნენ:
„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის
მებრძოლი პატიმრები, ანდჟეი პაჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი
საქართველოდან“;
„სერბი სტუდენტები“;
„ჟურნალისტები და ჰუმანიტარული
დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში,
რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი
ნახევარმთვარე და UNRWA;“
ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.
მზია ამაღლობელი გახდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელიც, რომელსაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „საერთაშორისო მედიის მხარდაჭერასთან“ (IMS-სთან) პარტნიორობით ყოველწლიურად გასცემს.
მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო 2025 წლის 7 გამარჯვებულს 24 ოქტომბერს, ვენაში, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე, გადაეცა.
ამაღლობელს გადაეცა „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოც. ის არის ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშიც.
„ბათუმელებსა“ და მის დამფუძნებლებს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ასევე გადაეცათ „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის მე-10 თვეა უკანონო პატიმარია. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

