„პირველი არხიდან“ გათავისუფლების შესახებ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელად დატოვა
10.02.2026


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბერაიამ გადაწყვეტილება 6 თებერვალს გამოაცხადა. 

ივანოვ-ჩიქოვანის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს განცხადება რომ არ გაეკეთებინა და სიტყვით არ გამოსულიყო, ტელევიზიასთან ხალხი არ მივიდოდაო, რაც ადვოკატის შეფასებით, აბსურდია: „ის ხალხი იმიტომ მივიდა იქ, რომ არ კეთდებოდა საზოგადოერივ მაუწყებელში ის, რაც უნდა გაკეთებულიყო“.

„მოვითხოვეთ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა. პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა, შემდეგ მივმართეთ მეორე ინსტანციას და მოვითხოვეთ, რომ გაეუქმებინათ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმე შეესწავლათ, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად და დაბრუნებულიყო უკან. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ ძალაში ვტოვებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასო და ბოლოს ისეთი კომენტარებით ახსნა, რაც გითხარით“, - ამბობს იასაშვილი.

როგორც ივანოვ-ჩიქოვანის ადვოკატმა აღნიშნა, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა. მასთან ერთად გაათავისუფლეს გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მოგვიანებით, „პირველმა არხმა“ დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2026 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ