GDI-მ მიშა მშვილდაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
15.01.2024
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარტლოს მიმართა.

რა მოხდა?

  • მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
  • Მეორე დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ თავად იყო თავდამსხმელი — ის იმავე დღეს დააკავეს. გამოძიებამ კი მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
  • 5 ივლისს ფორმულაში ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ თქვეს, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია. გენპროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებია და არა შსს-ს.
  • საგამოძიებომ საქმე დახურულად 11 სექტემბერს გამოაცხადა.

GDI-ს განცხადებით:

  • საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები.
  • გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი.
  • საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეოჩანაწერი არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
  • დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა).
  • “დაზარალებულს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები). აღნიშნული გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ — ნათქვამია განცხადებაში.

რას ასაჩივრებენ

საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და შესრულებული.

  • “ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა”.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ