საქართველო
კატეგორია - საქართველო

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, რადიომაუწყებლები: „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

-------------------------------------

1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

კომუნიკაციების კომისიას კანონის ამ მუხლის დარღვევისთვის მაუწყებლების დაასანქცირება, გარდამავალი დებულების მიხედვით, 1 ივნისიდან შეუძლია. გაზაფხულზე კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ამ საკითხზე კომისიამ დღეს პირველად იმსჯელა. 

-----------------------------------

ComCom-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის - INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კი, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული:

„“ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის - „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“  წერილობით გააფრთხილა და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“. 

----------------------------------------

Cyprusregistry-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვიპროსზე რეგისტრირებული INFINITY CV GROUP CY LTD-ის დირექტორი დავით კეზერაშვილია. მიმდინარე წლის მარტიდან კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მეწილე აღარაა, მან თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიის წილი მიხეილ მშვილდაძეს გადასცა.

-----------------------------------------

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლის დარღვევისთვის გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა რადიომაუწყებლებს: „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“[რადიო „მარნეული“], „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“[რადიო „პოზიტივი“].

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის - „კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ მიხედვით, ამგვარი შეზღუდვა მაუწყებლებს იმ მნიშვნელოვან რესურსზე წვდომის გარეშე ტოვებს, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების, საგამოძიებო შესაძლებლობებისა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად: „შესაბამისად, აკრძალვა იწვევს მაუწყებლების, გაერთიანებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევას და არის გაუმართლებელი ბარიერი მათი საქმიანობისთვის“.


საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით უკვე აცობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ჟურნალისტის მიერ სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ოთხივე მუხლთან მიმართებით,  სტრასბურგის სასამართლომ საქმის „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა დაიწყო. 

„მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-18 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე 2024 წლის 23 იანვარს მის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას ეხება. პოლიციამ გელა მთივლიშვილი მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სასამართლომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციომაც.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაკავების დღესვე მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ კი ის დაზარალებულად  ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს ცნო, თუმცა ამ დრომდე, გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე პირები არ გამოუვლენია. ჟურნალისტმა ასევე გაასაჩივრა მისი უკანონო დაკავების საქმე, თუმცა შსს-ს მის საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

SJC-ის შეფასებით, მთივლიშვილის საქმე სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობის, ადმინისტრაციული კანონმდებლობის უკანონო გამოყენებისა და ჟურნალისტების დევნის სისტემურ პრობლემას ავლენს: 

„ამასთან, გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმების და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების სამიზნე მისი ჟურნალისტური საქმიანობის და საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადების გამო.  სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ 2024 წლის 23 იანვარს მისი უკანონო დაკავების მიზანი გელა მთივლიშვილის დასჯას ემსახურებოდა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება კონვენციის მე-18 მუხლს“.

გელა მთივლიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2024 წლის 29 აგვისტოს მიმართა. მის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ვრცლად საქმის - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შესახებ იხილეთ აქ.

 
კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) განმავლობაში, ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა აღრიცხა

ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა კვლავაც გრძელდება:

 „ამ პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის დაკავება და მისთვის 2-ლიანი პატიმრობის მისჯა“.

როგორც TI აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ:

„ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც „ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა“.

TI-ს შეფასებით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც: 

„“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - „ბორჯომმა და „TV 25-მა“ (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია „მეცხრე არხი ახალციხემ“. ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი„“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ ამგვარი მიდგომა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, როდესაც თავისუფალი, გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია თავდასხმისა და რეპრესიების მთავარი სამიზნეა: 

„მთლიანობაში, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა. თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ,მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას“

TI-მ მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ხელშეშლის შემთხვევები 5 კატეგორიად (მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა; ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება; მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე; კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში; უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა) დააჯგუფა, მათ შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

კატეგორია - საქართველო


ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან „პუბლიკისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის გამო განგაშის სიგნალი გამოსცა.

1 ოქტომბერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირსპირება მოჰყვა.

გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტის, მინდია გაბაძის თქმით, ამ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსს, დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა ფიზიკურად გასწორებოდა:

„ “გელას პროცესის დაწყებამდე დავით მატიაშვილი პირადად დამემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შემიყვანდა“. იქვე აღნიშნა, რომ იცის რასაც და როდის ვიღებ. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში ძალით მოქცეული მუქარა იყო - იმას ერიდება, რომ პირდაპირ მითხრას - ოთახში შეგიყვან და დაგლეწავო.

დღეს სასამართლოს შენობაში არაფერი გადამიღია. ამის მიუხედავად, გელას პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დამსწრეთა და ჟურნალისტების გადაწყვეტილება მიიღეს, წყნარად და მშვიდად ვტოვებდი შენობას.

დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამოსწორებოდა - წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი, ნათია [ამირანაშვილი] გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც.

არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული და რამეს თუ გეგმავენ, მაგრამ უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს, რამე რომ დააბრალონ ნებისმიერს, საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს“, - დაწერა გაბაძემ სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის თქმით კი, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნეს.

SJP-ი თავდასხმების სწრაფ და საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენას და მათ დასჯას მოითხოვს.

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით უკვე აცობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
კატეგორია - საქართველო


ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქართული მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განგაშის სიგნალი ჩართო.

SJP-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მედიაორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილები, რომლითაც უწყება მათგან მოითხოვს, წარმოადგინონ მონაცემები ყველა საგრანტო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მათ მიერ ხელმოწერილია ან ძალაშია 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე, მედიის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის მხარდაჭერისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითნებური შემოწმებები, გააუქმოს “გრანტების შესახებ” კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებები და დაასრულოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაშინებლად.

საქართველოს მთავრობას უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი რეპრესიული კანონების უკან გაწვევისკენ მოუწოდებს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც“.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გაიწვიოს რეპრესიული კანონები გრანტების შესახებ, უცხოური აგენტების შესახებ და საშუალება მისცეს დამოუკიდებელ მედიას, შევიწროების გარეშე განაგრძოს ფუნქციონირება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა და ვრცელი ინფორმაცია მოითხოვა ორგანიზაციებისგან: iFact, „მთის ამბები“, „ფლანგვის დეტექტორი“, „რეალპოლიტიკა“,  „პროექტი 64“ და  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.

 

 

კატეგორია - საქართველო

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 4 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას გმობს და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ქარტიის განცახდებით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა:

  • „ორჯერ დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა.


  • პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ. გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს. თუმცა ეს გარემოება პოლიციელებს არ აჩერებს. 

  • დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა“.

  • „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა იმ დროს, როცა ის იღებდა, თუ როგორ მისდევდნენ პოლიციელები მოქალაქეებს დასაჭერად. პოლიციელები ჟურნალისტს უყვიროდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. ქეთი თუთბერიძემ პოლიციელებისგან თავი კოლეგების დახმარებით დაიხსნა.  

  • რუსთაველის გამზირზე დრონებზე კონტროლი დაკარგეს „პროექტმა 64-მა“, „ნეტგაზეთმა“ და „მაყურებელმა“. მათ დრონები ამ დრომდე არ უპოვნიათ.  

  • აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს  - შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს. ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება - აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს. 

  • აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.  


პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცახდებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოთხოვა.

ქარტიის თქმით, ორგანიზაციას თავის კანონიერ უფლებებს  ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს. 

იხილეთ ქარტიის განცხადება:

„გამართულად მომუშავე თვითრეგულირების ორგანო ქვეყნის მედიასექტორის მაღალგანვითარებულობისა და მაღალორგანიზებულობის მარკერია. საქართველოს, პრესის დიდი ტრადიციების მქონე დასავლური დემოკრატიების მსგავსად, უკვე 15 წელი აქვს მსგავსი ინსტიტუცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია 2009 წელს, იმ ჟურნალისტებმა დააფუძნეს, ვისაც სურდა, საზოგადოების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით ემუშავა. მას შემდეგ ქარტია საქართველოს მედიალანდშაფტის ორგანულ ნაწილად იქცა და მედია სექტორთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 

დღემდე ქარტიამ ჟურნალისტური ნამუშევრების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა. განმცხადებლებს შორის, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულები და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეები, რაც საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტებში ქარტიის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. მართალია, ქარტიის გადაწყვეტილებები ყველას კმაყოფილს არ ტოვებდა, ამ წლების მანძილზე ორგანიზაციის კეთილ განზრახვაში, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია. ქარტიის ეს 800 გადაწყვეტილება საქართველოს მედიისთვის უძვირფასესი რესურსია, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს ეხმარება, გაიგონ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პასუხისმგებლიანი მედია კონკრეტულ სიტუაციებში და მუშაობისას სწორი პრაქტიკით იხელმძღვანელონ. 

ქარტიას წვლილი აქვს შეტანილი ქართული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ქარტია არჩევნებს პირველად 2012 წელს დააკვირდა და მას შემდეგ, წლევანდლამდე, ორგანიზაციას არჩევნები არ დაუტოვებია, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგაშუქების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხი რომ არ შეეფასებინა, რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იყო იმის დასადგენად, ესა თუ ის არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა თუ არა.   

ქარტიამ პროფესიული განვითარების მრავალი შესაძლებლობა მისცა ასეულობით ქართველ ჟურნალისტს და სტუდენტს, ჩაატარა ტრენინგები, გაუწია მათ კონსულტაცია პროფესიულ საკითხებზე, მოამზადა და გამოაქვეყნა მეგზურები და სახელმძღვანელოები. ქარტია თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაჩენილიყო მოთხოვნა დამოუკიდებელ და ხარისხიან ჟურნალისტიკაზე. 

ამ ყველაფერს ქარტია მინიმალური რესურსებით და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. ქარტიის საბჭოს არჩეული წევრები, ქარტიის საბჭოს არჩეული თავმჯდომარეები, განცხადებებს მოხალისეობრივ საწყისებზე იხილავდნენ, ამ საქმეს უშურველად უთმობდნენ დიდ დროს და ენერგიას იმ რწმენით, რომ ყოველი გადაწყვეტილებით კიდევ ერთ აგურს დებდნენ საქართველოში უფრო მაღალპროფესიული მედიის მშენებლობაში, რომელიც უკეთ მოემსახურებოდა მეტად მედიაწიგნიერ საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებზე და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა. მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებლეთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.  

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად. 

ქარტია თავის კანონიერ უფლებებს  ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს. 

ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით. ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და  წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას“. 

 

კატეგორია - საქართველო

 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „“ქართული ოცნების“ სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი“, ხოლო  ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილება გახდა.

„1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტმა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, მას პირდაპირ დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არაერთხელ.

იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის  საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. „ქართული ოცნების“ სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის ანმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,  სრულ სოლიდარობას გამოხატავს იმ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის ფაქტი დაგმო  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს  მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქცევით და კანონის ძალით აგებინოს მას პასუხი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკია ქარტია“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს  მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქცევით და კანონის ძალით აგებინოს მას პასუხი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. 

„სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი ამჯერად თავს მინდია გაბაძეს დაესხა.  ჟურნალისტის თქმით, მატიაშვილმა სამჯერ სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, „წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით“, ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში. მანამდე დავით მატიაშვილი მინდია გაბაძეს პოლიციის გამოძახებითა და „ოთახში შეყვანით“ დაემუქრა, რომელიც ჟურნალისტმა აღიქვა, როგორც ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვა. სხვა მანდატურმა მინდია გაბაძეს ორჯერ კისერში ჩაავლო ხელი. 

მანამდე, 22 ივლისს, დავით მატიაშვილი დაემუქრა „პუბლიკის” რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს, რომელიც სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთით გამოკეტა.   

გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც, ნატალია ჯახუტაშვილის თქმით,  მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა. „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი 15 წუთის მერე, გატეხილი დაუბრუნეს. 

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. სასამართლოებში მათ არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო იქ, განსაკუთრებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ მიმართ უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია. ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ“. 

ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც უკიდურესად რთულ პირობებში აშუქებს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს“

კატეგორია - საქართველო


„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა).

CMIS-ი წერს, რომ საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია:

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები, პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის“.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

პოლიტიკური მოტივით გასამართლება - 1 შემთხვევა

• 6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება - 122 შემთხვევა

• ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა - 82

• ჟურნალისტების დაზიანება (მათ შორის, ქიმიური ნივთირებით აქციებზე) - 40

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა - 104 შემთხვევა

• გადაღების აკრძალვა - 65

• ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა - 18

• საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება - 9

• სასამართლო სხდომიდან გაძევება - 9

• აკრედიტაციის შეჩერება - 3

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები - 102 შემთხვევა

• დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს - 37 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას). ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია; მცირე ნაწილს ჯარიმა მოეხსნა

• სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა)- 17

• სამართლებრივი დევნა (მაგ. სასამართლოში დაბარება) - 19

• უკანონო დაკავება - 11

• მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა - 5

• SLAPP სარჩელი - 5

• დაკითხვა - 5

• სიტყვიერი გაფრთხილება - 3

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია - 108 შემთხვევა

• სიტყვიერი შეურაცხყოფა - 65

• დაშინება - 22

• დისკრედიტაცია - 21

საკუთრებაზე თავდასხმა - 29 შემთხვევა

• ტექნიკის დაზიანება - 13

• ტექნიკის ჩამორთმევა - 14

• ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა) – 2

შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) - 22 შემთხვევა

(ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

• სამსახურიდან გათავისუფლება - 12

• დისციპლინური სანქციის დაკისრება - 8

• სამუშაო უფლების შეზღუდვა (მაგ. სამუშაოზე არდაშვება) - 2

CMIS-ის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ. მხოლოდ პროტესტის გაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების დღეს, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 70 შემთხვევა აღრიცხა.

კატეგორია - საქართველო

(ფოტო: მარიამ ქავშბაია / „პუბლიკა“)

„არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“; „გააშუქე სიმართლე“; „მოუსმინეთ ხალხის ხმას! ხალხი ითხოვს სამართალს“ - ეს და არაერთი სხვა, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხთან დაკავშირებული შეძახილი გზად საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე, მე-10 თვეა ყოველ საღამოს ისმის.

საზმაუს მარშმა, რომლის მონაწილეებიც „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ, კოსტავას 68-სთან შეკრება გასული წლის 30 ნოემბრიდან დაიწყო.

------------------------------------------------------------

2 დღით ადრე, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებდა, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. მოქალაქეები პარლამენტთან 307-ე დღეა უწყვეტად იკრიბებიან.

------------------------------------------------------------

მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა „პირველი არხი“ არაობიექტურ და მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს და პირდაპირი ეთერის დათმობა მოითხოვეს. სახალხო პროტესტის შედეგად ტელევიზიის ბადეში „საგანგებო ეთერი“ (30-45 წუთიანი გადაცემა) გაჩნდა, თუმცა არხის მენეჯმენტმა იანვრიდან ეს ფორმატი გააუქმა. პროტესტის მონაწილეებმა კი „პირველი არხის“ ყოფილ შენობასთან „სახალხო ეთერის“ მოწყობა და იმ თემებზე საუბარი დაიწყეს, რასაც, მათი თქმით, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აშუქებდეს.


(ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი / „პუბლიკა“)

მარიამ დალაქიშვილი სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ის სამსახურიდან, თითქმის ყოველდღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან მიდის და მარშის წევრებს უერთდება.

„მახსოვს, ტელევიზორი რომ ჩავრთე და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხალხი დავინახე, მივხვდი, რომ ვერც ერთი წუთით უფრო გვიან ვერ მივიდოდი და აქ წამოვედი. იმის მერე, ყოველდღიურად ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროტესტში“, - იხსენებს მარიამი ჩვენთან საუბრისას.

მისთვის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყელის იდეა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ იბრძვის ისეთი მაუწყებლის არსებობისთვის, როგორიც, მისი თქმით, აქამდე არასდროს გვქონია:

„ქუჩაში ადამიანებს არბევდნენ, პროტესტის ამხელა ტალღა იყო და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება და პროტესტი ფაქტობრივად არ შუქდებოდა. იმის მაგივრად, რომ საუბარი ადამიანების რეალურ წუხილზე ყოფილიყო, იანვარში მაგალითად, ყველა გადართვაზე ეთერში SpiderMan-ი გადიოდა. დღესაც ასეა, ისე დაიწყო ეს სასწავლო წელი, საზმაუს ეთერში ვერ მოისმენთ იმას, რომ ახლაც ძალიან ბევრ სკოლაში წყლისა და საპირფარეშოს პრობლემა არ არის გადაჭრილი; რომ რეგიონებში საავადმყოფოებში საშინელი გამოწვევის წინაშე დგანან ექიმები, ფაქტობრივად შიშველი ხელებით უწევთ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბარი. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში და ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს, მოსაპოვებელი და საბრძოლია.

ფონად სულ მესმის ხოლმე, რა საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა?! იმ ქვეყნებში, სადაც ის თავის რეალურ ფუნქციას ასრულებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანებს საშუალებას აძლევს ისაუბრონ თავიანთ წუხილებზე, ეხმარება მათ ერთმანეთის დანახვასა და სოლიდარობისა და თანაგანცდის გაღვივებაში. 

ვიბრძვი იმისთვის, რომ მქონდეს ისეთი საზოგადოერივი მაუწყებელი, როგორიც არასდროს არ გვქონია. წლების მანძილზე რაღაცები, რაც ბრძოლის ან პროტესტის შედეგად იცვლებოდა, ბოლომდე არასდროს არ ყოფილა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. არსობრივი ამობრუნებისთვის ვიბრძვი, რომ ეს არხი მართლა თავის რეალურ იდეას ემსახურებოდეს“.


(ფოტო: chai khana)

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციებში პირველივე დღიდან მონაწილეობს გოტა ჭანტურია, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი. როგორც ის გვიყვება, მარშის ფორმა და შინაარსი ბუნებრივად ჩამოყალიბდა:

„როცა ხალხი მიდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გასაპროტესტებლად, ყოველთვის რაღაც დიდი პოლიტიკური ამბები წყდებოდა…არ გვინდოდა, რომ მოთხოვნები, რაც გვქონდა, ცარიელ სიტყვებად დარჩენილიყო, როგორც პოლიტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე. როცა რაღაც მოთხოვნას იტყოდნენ, ულტიმატუმად რამდენიმე საათს განუსაზღვრავდნენ ადრესატს და მერე არაფერი, ისე ჩაივლიდა, თითქოს არც თქმულა. სწორედ ამიტომ გავაგრძელეთ ეს პროცესი და შემდეგ, ბუნებრივად ფორმირდა ეს მარში.

წინააღმდეგობაში ორი რამეა მნიშვნელოვანი: ერთი - ფორმა და მეორე - შინაარსი. ამ პროტესტს ფორმაც შემოაქვს, მარში რომ მიდის, შეძახილები აქვს, მანძილს გადის და საზოგადოებას აგებინებს…მსვლელობის დროს რასაც ვაჟღერებთ, მას სოლიდარობის ელემეტებიც აქვს, სოციალური ელემენტიც, სხვადასხვა პრობლემას ეხმიანება. ტელევიზიის კარი ჩაიკეტა, მაგრამ ამან წინააღმდეგობის უფრო დიდი სახე მიიღო. ყოველდღიურმა რუტინამ ბარიერები გაარღვია. მთავარი სათქმელი, რაც შეძახილებად ფორმირდა, ადამიანების გონებაში, მეხსიერებაში ჩაჯდა, ეს კი პროტესტისთვის უმნიშვნელოვანესია“.


(ფოტო: „მედიაჩეკერი“)

ონისე ოქრიაშვილი Stand-Up კომიკოსია. რადგან ფიქრობს, რომ „პირველი არხი“ მოვლენებს ობიექტურად უნდა აშუქებდეს, საზმაუს მარშს თითქმის ყოველდღე უერთდება. ონისე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ უნდა მართავდეს:

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ არაფერია დასამალი იმაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რომ არის. ელემენტარულად ის მაინც გვინდა, რომ პარტიის წარმომადგენელი არ წარმოადგენდეს არხს, რომელიც საზოგადოების ფულითაა დაფინანსებული და საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს.

გულდასაწყვეტია, რომ ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეთერი გააუქმეს. მაშინ მეგონა, რომ მოვახერხებდით მის დაბრუნებას, თუ დიდ მობილიზებას და საზოგადოებრივ მაუწყებელთან განგრძობითი ხასიათის პროტესტს გავაგრძელებდით, თუმცა ასე აღარ გამოვიდა. მგონია, რომ ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა „ქართულ ოცნებას“ ის ეთერები. ვინც კი უსმენდა, ყველა აღფრთოვანებული იყო იმ სტუმრებით, რომლებიც არ იყვნენ პოლიტიკოსები, იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საუბრობდნენ პრობლემებზე.

თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნების“ ნარატივს, ჩვენ ვართ ეკონომიკის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რაღაცაში ლუქსემბურგს ვუსწრებთ, სადღაც გაიხსნა უფასო საცურაო აუზი და ა.შ. სიმულაციას ქმნიან, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველა კარგად ცხოვრობს, არაფერი არ გვიჭირს და გვაცადეთ ქვეყნის შენება. ამ დროს საზმაუს ეთერში, რომელსაც მთელს საქართველოში აჩვენებს, გამოდის სკოლის მასწავლებელი, რომელიც ჰყვება, რომ გაკვეთილზე მოსწავლე ვერ უსმენს, რადგან მას შია. პროპაგანდით გაბრუებული ადამიანი ამას რომ მოისმენს, ფიქრობს, რას ჰქვია ბავშვს შია. ეს ამ სიმულაციას არღვევს. ეს ადამიანები რომ გამოდიოდნენ, პროპაგანდა მოირყა და ამიტომაც დახურეს ეს ეთერები. თუმცა, ღრმად მწამს, რომ როცა რეჟიმს შევცლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად გადავა იმ ღირსეული პროფესიონალების ხელში, ვინც იაზრებს ამ არხის მნიშვნელობას“.


(ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media)

ლევან კალანდარიშვილი არქიტექტორია. როგორც თავად გვიყვება, საპროტესტო მოძრაობის დაწყებამდე, პროფესიიდან გამომდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბედი ადარდებდა:

„ამ მოვლენებამდე, დროის რაღაც ნაწილი იმას დავუთმე, რომ ეს შენობა დაგვეცვა, როგორც ქართული თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის ძალიან საინტერესო მაგალითი და მერე, ასე აღმოჩნდა, რომ ცხოვრებამ მარშთან დამაკავშირა“.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია თუნდაც ერთი განსხვავებული ხმის გაჟღერებაა, არხი მრავალფეროვნება არ არის:

„რატომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელიც მრავალხმიანი იყოს და ყველას ხმა ისმოდეს? ადრე იყო ასეთი სისტემა: ვიღაც ზის, მარტო მისი ხმა ისმის და ის ჩვენი ბელადია. ბელადების დრო აღარაა. სხვა ქვეყნის ბელადებს რომ უყურებენ, მოსწონთ? ეს მე უკვე გავიარე, 70 წლის ვარ. ნახევარი ცხოვრება საბჭოთა კავშირში ვიცხოვრე და იქ დაბრუნება არ მინდა. არ მინდა, რომ ეს სიყალბე კიდევ გაგრძელდეს. უფრო კარგი ქვეყანა გვინდა, სხვა ხომ არაფერი“.


(ფოტო: internazionale)

თათია დვალი, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, ანთროპოლოგი და გენდერის მკვლევარია. თათიას აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედისგან“ და postv-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად პროპაგანდისტული მესიჯებით გამოირჩევიან, ცდილობს მესიჯები კარგად შეფუთოს, თუმცა მისი მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ძალაუფლების მაქსიმალურად გამყარებაა:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც „ქართული ოცნების“ წანაზარდად იქცა, ერთადერთი არხია, რომელსაც რეიტინგზე არ უწევს ნადირობა, რადგან ბიუჯეტიდან თანხა იმთავითვე აქვს გამოყოფილი. თუკი ჩემი ჯიბიდან ფინანსდება ტელევიზია, რომელიც არა თუ ხალხის ინტერესებს, არამედ ისეთ ჯგუფს ემსახურება, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანა რეპრესიებში ამყოფოს და სრულად მოაშთოს რაიმე ტიპის დემოკრატიული ხმა, მაშინ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ჩემი უკმაყოფილება გამოვხატო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ.

შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ამდენი ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. შეიძლება ეს შედეგი ხვალ არ დადგეს. საერთოდ არ მაქვს ის განცდა, რომ ერთ რომელიმე დღეს სრულიად შეიცვლება ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელია, გაჩუმება იყოს აქედან გამოსავალი. ამ ქვეყანაში არსებობა რომ ჯერ ისევ შეგვიძლია, სწორედ ყოველდღიური წინააღმდეგობის დამსახურებაა. ცვლილებასაც ეს ყოველდღიურობა მოიტანს და არა მისგან ამოგლეჯილი ერთი კონკრეტული დღე“.

თათია ჩვენთან საუბრისას მისთვის გამორჩეულ იმ დღესაც იხსენებს, როდესაც იგრძნო, რომ საზოგადოებისთვის საზმაუს პროტესტი მეტად გასაგები და ახლო გახდა.

„ერთი დღე მახსოვს მკაფიოდ. იანვარი იყო. როცა რუსთაველზე მარში მივიდა და აქციის მონაწილეები დაგვხვდნენ, ძალიან დიდი მოლოდინი ვიგრძენი და რაღაცნაირად, ეს მოლოდინი იყო არა მხოლოდ ის, რომ აბა, როდის მოვლენ, არამედ ის, რომ ელოდები, როდის მოვა ის ხალხი, რომელიც უკვე მიიღე, როგორც წინააღმდეგობის ძალიან მნიშვნელოვანი კერის ნაწილი. იმ დღეს თითქოს ნავსი გატყდა.

რუსთაველზე უამრავი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი დგას. ძალიან ეკლექტურია ეს სივრცე და სწორედ ამ ეკლექტურობაში მოსჩანს დემოკრატიის ის ჩანასახი, რომელიც დღეს წართმეული გვაქვს. ამ ეკლექტურობაში როცა შენ ვიღაცები გელიან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პოლიტიკურად რაღაცებში არც კი გეთანხმებოდნენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი მგონია. შეიძლება მე და რუსთაველზე მდგომი რომელიმე ადამიანი, რომელიც ფარნით მხვდება, რიგ საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ჩემთვის სრულიად სხვა იყოს ქვეყნის მოწყობის იდეალური ჩარჩო და სრულიად სხვა იყოს მისთვის, მაგრამ დღის ბოლოს, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს, ყველას ერთნაირად ეხება და აწუხებს ზუსტად ის პრობლემები, რომლებზეც ვაპელირებთ“.


(ფოტო: „ნეტგაზეთი“)

მათ შორის, ვინც საზმაუს მარშს რუსთაველის გამზირზე, თითქმის ყოველ დღე ხვდება, არის გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი. გვანცა ფიქრობს, რომ კოსტავას ქუჩიდან დაძრული მარში „პროტესტის გულია“: 

„ამ თვეების განმავლობაში, ის მთავარი მესიჯები, რაც ამ მარშმა შექმნა და ყველას დაგვამახსოვრა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქციის მონაწილეები სულაც არ არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მარშმა ძალიან ეფექტური გზა მოიფიქრა იმისთვის, რომ ჩვენი გულისტკივილი იმ საზოგადოებისთვისაც, რომელიც ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად ყოველდღიურად ყოფნას, ან არც აქვს სურვილი, მიეწოდებინა და დაემახსოვრებინა. ეს ნიშნავს იმას, რომ საზმაუს მარშის წყალობით, ჩვენი ხმა მივიდა იმ ადამიანებამდე, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო შორიდან გვიყურებენ.

აქ, პარლამენტთან რომ მოვდივართ, ჩვენი კომუნიკაცია ადამიანებთან იწყება კითხვით - „მარში მოვიდა“? არავის არ უნდა, მისი მოსვლა გამოტოვოს. ყველას გვინდა, რომ ვიყოთ იმ ემოციური მომენტის მონაწილე, როდესაც მარში შეძახილებით მოდის, ჩვენ ვანთებთ ფარნებს და მათ შეძახილებს ასე ვპასუხობთ. თუ მოხდა ისე, რომ დავაგვიანე და მარშს ვერ შევხვდი, მგონია, რომ ჩემთვის სრულყოფილი დღე არ იყო. ამ პროტესტით ყველანი რუტინაში ვართ, მაგრამ ყოველდღიურად გამოიარო ამხელა მანძილი სხვადასხვა საპროტესტო შეძახილით და დადგე რუსთაველზე, კიდევ უფრო რთული მისიაა. მათი საშუალებით ქალაქი გრძნობს, რომ პროტესტი გრძელდება.

ადამიანებს სჭირდებათ ემოციის გამოხატვა და სწორედ მარში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაგროვილი ემოციები გამოვხატოთ. არ წარმომიდგენია, რომ რუსთაველზე შეიძლება დადგეს ისეთი საპროტესტო დღე, როდესაც მარში არ მოვა. სანამ ეს ბრძოლა არის, ეს ბრძოლა არის საზმაუს მარშთან ერთად“.



საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა.
კატეგორია - საქართველო

(ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media)

ვაცლავ ჰაველის პრემია უკრაინელ ჟურნალისტს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის, „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა. მან რუსეთის პატიმრობაში ორ წელზე მეტი გაატარა. ბუტკევიჩი 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლეს.

უკრაინელ ჟურნალისტთან ერთად, ფინალისტთა სიაში იყვნენ  „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. 

ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დღეს დაასახელეს. მზია ამაღლობელს მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც ცერემონიაზე მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა: 

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…

თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში. ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.

სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.

საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი. თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია. ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!იდექით ჩვენს გვერდით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო  2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

[მზია ამაღლობელის წერილი „ბათუმელებმა“ გაავრცელა].