საქართველო
კატეგორია - საქართველო


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

პროკურატურის განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების მეშვეობით „სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“. 

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ამ ქმედებით დიტო ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“. 

პროკურატურა დიტო ჩუბინიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უწყების ცნობით, ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

--------------------


2026 წლის თებერვალში, ლაზარე ჯორბენაძემ, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო, დიტო ჩუბინიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი და დავით გარეჯის ნაწილი დათმო, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია მოჰყვა.  

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა, ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. დიტო ჩუბინიძემ კი თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. 

„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ლაზარე ჯორბენაძე ახსენა და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“. 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებას ეხმაურება და პროკურატურას საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

„ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს.

ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის.

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს - სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დღეს, 22 ოქტომბერს, დააკავა.  

პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  

დიტო ჩუბინიძისთვის წარდგენილი ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნას აპირებს. 


კატეგორია - საქართველო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტებისთვის, ქეთევან მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლისთვის ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა. 

ზარდიაშვილსა და მინდიაშვილს ბრალი 2025 წლის 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 

ამ დღეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ლევან ზარდიაშვილმა ქეთევან მიქაძეზე ფიზიკურად იძალადა და ტელეფონი წაართვა, საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშალა ხელი და წაართვა ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა. 

„პუბლიკას“ ინფორმაციით, 22 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მინდიაშვილი 3000 ლარით დააჯარიმა, ზარდიაშვილი  – 4000 ლარით:

„ზარდიაშვილი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო (ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული), რის საფუძველზეც მას დამატებით სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. პროკურორის განმარტებით, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა – 4000 ლარი ჯარიმა, 5 წელი პირობითი და დამატებით 3 938 ლარი“.

საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობდა. 

როგორ გამოცემა წერს, დღევანდელ სხდომაზე ზარდიაშვილის ადვოკატმა, თამთა ჯანიაშვილმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს თქვა, რომ ეს იყო საქმე ადამიანზე, რომელიც „რეალურად დაზარალებულია” და მობილური ტელეფონი, რომელიც მან „პუბლიკას” ჟურნალისტს წაგლიჯა მისი საკუთრება იყო და უკან დაიბრუნა. 

„პუბლიკას“ განმარტებით, გასული წლის 8 სექტემბერს გამოცემის ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე „ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა რომ იძალადა და ტელეფონი წაართვა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები იმ დღესვე გაავრცელეს, „ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალოების შესრულებისთვის იყენებდა. ამ საკითხსა და გარემოებაზე „პუბლიკამ” განცხადება იმ დღესვე გაავრცელა. ასევე მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს, რის შესახებ მოვამზადეთ ვიდეომასალაც“.

 

2025 წლის 8 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ჯამში, 6 ინციდენტი დაფიქსირდა.
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვების „საჯაროობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალა დამოუკიდებელი მედიისთვის, მაინც პრობლემურად მიიჩნევს“. 

„საკონსტუტიციო სასამართლომ დამოუკიდებელ მედიას არ მისცა უფლება, ეწარმოებინა ფოტო და/ან ვიდეო გადაღება ხუთი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვაზე, რომელიც დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო და სამი დღე გასტანს. 

დარბაზში ახლა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერა მუშაობს, რომელიც სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემს და სიგნალს აწვდის სხვა მედიებს. 

სხდომა სასამართლოს YouTube არხითაც გადაიცემა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომების ერთობლიობით სხდომების საჯაროობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალა დამოუკიდებელი მედიისთვის, მაინც პრობლემურად მიიჩნევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახური, ზეპირ საუბარში, ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ადგილების შეზღუდული რაოდენობით ხსნის. თუმცა, არ განმარტავს, რის საფუძველზე მიანიჭა მან პრიორიტეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს და რატომ იქნებოდა შეუძლებელი სხვა მედიასაშუალებების განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის ადგილიდან გადაღების უფლების მიცემა. იკვეთება მედიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებაც.

საკონსტიტუციო სასამართლოში გადაღების საკითხს საკონსტუტუციო სასამართლოს რეგლამენტი აწესრიგებს (მუხლი 24, დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე, პუნქტი 2). ჩანაწერი ზოგადია და რომელიმე ფორმატის მედიასაშუალებას პრიორიტეტს არ ანიჭებს. მასში ვკითხულობთ, რომ თუ სხდომაზე დამსწრე პირს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება სურს, მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე უნდა მიმართოს. დაშვების შესახებ გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე სხდომის დაწყებამდე უნდა მიიღოს. 

საქმისადმი, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, საზოგადოებრივი ინტერესი გამორჩეულად დიდია. ქარტის მიიჩნევს, რომ ამის გათვალისწინებით,  საკონსტუტუციო სასამართლოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მედიისთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად, მათ შორის, მისთვის ვიდეო და ფოტოგადაღების უფლების მიცემით. 

საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ პროცესისთვის შეცვალა დამკვიდრებული პრაქტიკა - ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ დღევანდელ სხდომამდე, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში შეუზღუდავად მუშაობდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ახალი მიდგომა, შეიძლება ითქვას, რომ გამოძახილია იმ მავნე პრაქტიკისა, რაც საერთო სასამართლოებში უკვე კანონის საფუძველზე დააწესა „ქართულმა ოცნებამ” და რის შედეგადაც მედიას სასამართლოებში გადაღება, ფაქტობრივად, აკრძალული აქვს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება და 22 და  23 ოქტომბრის სხდომებზე დააკმაყოფილოს იმ მედიასაშუალებების განცხადებები, ვისაც ამ პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება სურთ.
 

ამავე თემაზე: პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო სხდომებს მედიებიდან მხოლოდ საზმაუ გადაიღებს

კატეგორია - საქართველო



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვებს მედიებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. 

საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ“  თანხმობა გასცა და სხდომების ტრანსლაცია სასამართლოს Youtube არხზეც განხორციელდება.

„შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - მიიჩნევს სასამართლო.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვებს სხვა მედიების წარმომადგენლები ვერ გადაიღებენ, მათ მხოლოდ სხდომებზე დასწრება შეეძლებათ. 

„დარბაზია იმდენად მცირე და მოლოდინი იმის, რომ თვითონ წარმომადგენლებიც კი საკმაოდ ბევრნი იქნებიან, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“ - უთხრა „მედიაჩეკერს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

„ფიზიკურად სხდომის ნორმალურად და ორგანიზებულად წარმართვისთვის რადგანაც იქნება იმის საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში იყოს სხდომის მიმდინარეობა, ამიტომ შიგნით არ არის აუცილებელი ჟურნალისტების დასწრება გადასაღებად, იმიტომ რომ ის, რაც საჭიროა, ლაივის საშუალებით ჟურნალისტები ამას მაინც მიიღებენ“. 

„ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებაზე რაიმე სახის შეზღუდვა აქამდე არასდროს ყოფილა. 

„ამასთან, მიუხედავად იმისა, რა წერია რეგლამენტში, საკონსტიტუციოში მუშაობის პრაქტიკა იყო ასეთი - სხდომის წინა დღეს ვაზუსტებდი პრესსამსახურთან, შეგეძლო თუ არა სხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღება, იღებდი დასტურს და შემდეგ უკვე მიდიოდი სხდომის დღეს შესაბამისი ტექნიკით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უარი ეთქვას ან არ დაეშვას ჩვენი გამოცემის ჟურნალისტი სხდომაზე. ჩაგვირთავს ლაივიც სასამართლო დარბაზიდან, გადაგვიღია ფოტო/ვიდეო მასალა მათ შორის, ისეთ გახმაურებულ და ხალხმრავალ პროცესებზე, როგორიც იყო რუსული კანონის საკონსტიტუციო განხილვები. დღეს, ტრადიციულად, მხოლოდ გადასამოწმებლად დავრეკეთ საკონსტიტუციოში, იმის გასარკვევად ისევ თავისუფლად შეგვეძლო თუ არა გადაღება. სასამართლოში განგვიმარტეს, რომ გადაღებას შეძლებდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიები - ვერა. ვკითხეთ, ამ გადაწყვეტილების რაიმე ოფიციალური დოკუმენტი თუ არსებობდა, თუმცა გვითხრეს, რომ დარბაზი იყო პატარა და ვერ დაეტეოდა ყველა - მედია და მხარეები“.

აქამდე მსგავსი შეზღუდვა არ ახსენდება „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, სულხან მესხიძესაც:

„ნებისმიერ სხდომაზე შესაძლებელი იყო როგორც დასწრება, ისე გადაღება. მათ შორის, სასამართლო დარბაზში შესვლა და გამოსვლა თავისუფლად, პროცესის მიმდინარეობის დროსაც შეიძლებოდა. თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს სპიკერი მედიასთან კომენტარსაც კი აკეთებდა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, „თუ სხდომაზე დამსწრე პირს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომის დაწყებამდე მიმართავს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ხსენებულ თხოვნას ატყობინებს საქმის განმხილველ სასამართლოს. საქმის განმხილველი სასამართლო თანხმობის მიცემის საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე“. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელი გახდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეხება. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. 


კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს. 

„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე.

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გმობს სანაიას მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს და მის შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, „მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად“.

ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო  30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 19 ოქტომბერს შეუფარდა. სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების  გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“.


სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს განხილვას არ ესწრება. ის შსს-ს წარმომადგენლებმა საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად ელოდებოდა. 


კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებს, რომ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს და მის შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, „მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად“. 

დღეს, 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა. 

„კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ. 

ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად. 

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და  ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების  გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“. 

სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს განხილვას არ ესწრება. ის შსს-ს წარმომადგენლებმა მოგვიანებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად ელოდებოდა. 

-------------------------------

2026 წლის 10 ივლისის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დააჯარიმა, ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით იქამდეც, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნამდეც, ყოფილა დაჯარიმებული. სანაიას გზის გადაკეტვის ბრალდებით  6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2025 წლის ოქტომბერშიც. 

 

კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა.

ვახო სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს განხილვას არ ესწრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების  გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“. 


სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვახო სანაიამ თქვა:

მას შსს-ს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მოგვიანებით დააკავებენ. 

-------------------------------

2026 წლის 10 ივლისის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დააჯარიმა, ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით იქამდეც, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნამდეც, ყოფილა დაჯარიმებული. სანაიას გზის გადაკეტვის ბრალდებით  6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2025 წლის ოქტომბერშიც.

 

 
კატეგორია - საქართველო



ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ხელახლა გადანაწილდა. დღევანდელი ცვლილებებით, მას ახლა 4 მფლობელი: მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და მადგა ანიკაშვილი ჰყავს. ოთხივე მათგანი „იმედის“ მფლობელი კომპანიის თანაბარ, 25-25%-იან წილს ფლობს. 

მარიამ ლომიძე - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისა“ და „იმედის“  გენერალური დირექტორი. აქამდე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-ს ფლობდა. 

ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 16 ოქტომბრის ცვლილებებამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-იანი წილის მფლობელი იყო. 

მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აქამდე ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილი ეკუთვნოდა. ჩიგოშვილი „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დირექტორიცაა. 

მაგდა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერი - დებატების“ წამყვანი, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ახალი მეწილე.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ წილები აღარ ეკუთვნით ილია მიქელაიშვილის კომპანიას - „პრაიმ მედია გლობალს“, ვასილ კალანდარიშვილსა და ნათია სონღულაშვილს.  

16 ოქტომბრის ცვლილებებამდე ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილის კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი კი - 10-10%-იან წილებს. კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორია, სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღეს წარდგენილი დოკუმენტებით, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა თავიანთ საკუთრებაში არსებული „იმედის“ მფლობელი კომპანიის წილები მაგდა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად მიჰყიდეს, ანიკაშვილმა კომპანიის 5%-იანი წილი, 50 ლარად, იყიდა „პრაიმ მედია გლობალისგანაც“. „პრაიმ მედია გლობალმა“ დარჩენილი 45%-იანი წილი თანაბრად, სიმბოლურად, 150-150 ლარად მიჰყიდა მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძესა და მაია ჩიგოშვილს. 



--------------------------------------

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა. 

რა მოხდა 6 თებერვალს?

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო. 

„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. 

მარტში განახლდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც. მისი წევრები ირაკლი ჩიხლაძის, ნათია სონღულაშვილისა და მაგდა ანიკაშვილის გარდა, არიან: მარიამ ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, მაია ჩიგოშვილი და ილია მიქელაიშვილი. 

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის. 


კატეგორია - საქართველო

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ საქართველოს საპატრიარქომ პროფესიული საქმიანობის უფლება დაუსაბუთებლად შეუზღუდა. ქარტია საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ეს ტელეკომპანიები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე არ დაეშვა, საგანგაშოდ მიიჩნევს.

„საპატრიარქომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს ამ ტელევიზიების ჟურნალისტები ხშირად არღვევენ შინაგანაწესს და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად ტოვებენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს. ჟურნალისტების თავისუფალი გადაადგილება კი ღვთისმსახურების პროცესს აფერხებს. 

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, საპატრიარქომ არ მიიჩნია საჭიროდ, ტელევიზიის მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი განემარტა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ტელეკომპანიასა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს შორის მიმოწერისას გამოჩნდა, არის მითითება 2021 წლის 8 მარტის ინციდენტზე მარტვილში, როცა სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. 

ქარტიის მოსაზრებით, ამ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა.  

ქარტია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ. მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის დროს სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ არდაშვებით საპატრიარქომ უპატივცემულობა გამოიჩინა მათი მაყურებლების მიმართ.  

ეკლესია თავის გავლენას არ უნდა იყენებდეს დისკრიმინაციის წასახალისებლად და არ უნდა იმეორებდეს პარლამენტის ცუდ მაგალითს - ზრდიდეს დისტანციას ჟურნალისტებსა და ძალაუფლების მქონე რესპონდენტებს შორის და ჟურნალისტებთან კომუნიკაციას მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდიდეს.  

ყოველგვარ პირობითობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

ქარტია საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ „პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას, და თავისი ურთიერთობა მედიასა და ჟურნალისტებთან ამ ღირებულების გათვალისწინებით ააგოს“.   

საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება, აკრედიტაცია არ მისცა. ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

 
კატეგორია - საქართველო

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დამფუძნებელი ხდება. შენგელიამ „პოსტივის მხარდამჭერები“ POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს დაარეგისტრია და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

„ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ში მისი კუთვნილი 52%-იანი წილი გიორგი შენგელიას, ამ წილის მმართველს, სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად მიჰყიდა. მას არხის საკონტროლო წილი ჯამში 520 000 ლარად ჰქონდა ნაყიდი. 

ჯაფარიძესა და შენგელიას შორის პარტნიორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დღევანდელი დღით თარიღდება. გიორგი შენგელიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს POSTV-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის დღეს, 15 ოქტომბერს მიმართა და სხვა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარუდგინა. ის POSTV-ის 52%-იანი წილის სრულუფლებიანი მესაკუთრე რეესტრში პარტნიორის ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ გახდება.

შენგელია POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი 52%-იანი წილის ახალ მმართველად სექტემბერში დაინიშნა. მანამდე, 28 იანვარს, არხის დასანქცირებამდე თითქმის 1 თვით ადრე, ჯაფარიძემ თავის წილი სამართავად კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს გადასცა.

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი (ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი) და შალვა რამიშვილი ფლობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორი კი ნუგზარ რუხაძეა.

POSTV-ი, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები დასახელდა.

 
კატეგორია - საქართველო

საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება, აკრედიტაცია არ მისცა. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას ამის მიზეზად ის დაუსახელა, რომ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები „მუდმივად არღვევდნენ შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“. 

ანდრია ჯაღმაიძეს დამატებითი კითხვებით მიმართა „მედიაჩეკერმაც“, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

„TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტების სვეტიცხოვლობაზე არდაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გაავრცელა. 

„საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამ დრომდე, ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედვად, არ გვაწვდის ბრძანებას, რომლის თანახმადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი და Formula • ფორმულა ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.

დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“ თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს. 

ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო.

საპატრიარქოს ვთხოვეთ ბრძანება აკრედიტაციის გაუქმებაზე და ნორმა რას ეყრდნობა ეს ბრძანება, რაც არ მოგვაწოდა, როგორც გაირკვა ასეთი ბრძანება ამ დროისთვის (13 ოქტომბერი, 19:00 ) არც არსებობს.

რადგან ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია კანონით, ხოლო შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, გვაინტერესებს რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება.

მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.

არ არსებობს იურდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო ტელეკომპანია პირველმა საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ. 

საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ - დაწერა მელაძემ სოციალურ ქსელში. 

12 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე „მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“ და სვეტიცხოვლის ეზოში დაიშვებიან „მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე და დამზადდება სახელობითი „ბეიჯები““. მათი ინფორმაციით, იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.

მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის მისაღებად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის უნდა მიემართათ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალ „სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში“ და მას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. 

„მედიაჩეკერის“ მასალა მსგავს თემაზე: 

„ფორმულა“ და „ TV პირველი“ „შიგა განაწესის დარღვევისათვის“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ