საქართველო
კატეგორია - საქართველო


დღეს, 13:00 საათზე „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელს ამჯერად 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება. 

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ამ საქმეზე პოლიცია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით კი, შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი. 

----------------------------

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 

----------------------------

დღესვე, ადმინისტრაციული საქმის განხილვის შემდეგ, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. 

ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით 28 აპრილს  საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა

ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც. 

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომლითაც ComCom-ს ბანკებისგან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება სასამართლოს მეშვეობით შეეძლება და მიიჩნევს, რომ მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა არ არსებობს. 

კოალიციის შეფასებით, ComCom-თვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია: 

„აღნიშნული ცვლილებები არ ითვალისწინებს მკაფიო კრიტერიუმებსა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს. „ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს საკუთარ გავლენებს პოლიტიზებულ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის მარეგულირებელზე, მედიის საქმიანობის შესაზღუდად. კომუნიკაციების კომისია არ არის მიუკერძოებელი ინსტიტუტი, ის „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოა, ხოლო მისი თავმჯდომარე რეპრესირებული რეჟიმის მხარდაჭერის გამო არის დასანქცირებული“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მედიის სისტემური დევნის ფონზე ხორციელდება:

„ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება პირველი სინდისის პატიმარი  ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, მიღებულია ათობით ანტიდემოკრატიული კანონი, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები გამოუძიებელია, გრძელდება მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხურავს გადაცემებს და.ა.შ.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, OSCE/ODIHR-ისა, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს მარეგულირებელი მექანიზმების პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებას“.

კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა. 

„დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წევრების საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც  პარლამენტის ბიურომ 2 ივნისს დაარეგისტრა, შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და საქართველოს კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ’’, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ შევა. 

დაგეგმილი ცვლილებებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში, რომელიც საბანკო საიდუმლოებას შეეხება, გაჩნდება ჩანაწერი, რომ ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეიძლება მიეცეს.

ვრცლად ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება ბანკებისგან სასამართლოს მეშვეობით შეეძლება

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრების განსახილველად მიიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საჩივრის დაშვებით, ComCom-ი ცენზურას აკანონებს: 

„მაუწყებლობის შესახებ კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას შინაარსში ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს და მას ქვეყანაში მთავარ ცენზორად აქცევს. ნიშანდობლივია, რომ 27 მაისს, პირველი საჩივრით კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიას მიმართა არა რიგითმა მოქალაქემ, რომელთა ინტერესების დაცვის მოტივითაც ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებების აუცილებლობას, არამედ ირაკლი კობახიძემ“.

ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი ტერმინების შესახებ გადაწყვეტილება იმ სფეროს განეკუთვნება, რომელიც მედიასაშუალებებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში უნდა მიიღონ და არა მარეგულირებელი კომისიის მითითებით. 

„სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სტრუქტურების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც შიდა, ისე გარე აქტორები, რაც არაერთი დოკუმენტითა თუ რეზოლუციითაა დადასტურებული, მედიასაშუალებების მხრიდან მათ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია და მოსალოდნელი. მედიასაშუალებებს აქვთ სრული უფლება, სიტუაციის აღსაწერად გამოიყენონ იმგვარი ტერმინები, რაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ თავიანთი ინდივიდუალური სარედაქციო ხაზიდან გამომდინარე“.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ComCom-ს მოუწოდებს, კარგად გაიაზროს სიტუაციის კომპლექსურობა და სიმძიმე. არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილებებით კი არ მიიღოს მონაწილეობა აბსურდულ პროცესში, რომელიც მისი როგორც ინსტუტუციისადმი ისედაც შერყეულ ნდობასა და ცალკეული კომისიონერების პროფესიულ რეპუტაციას საბოლოოდ დაასამარებს.

„ამ საჩივრის დაშვებით, კომუნიკაციების კომისია ცენზურას აკანონებს. ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და ეს კონკრეტული საჩივარი კომუნიკაციების კომისიას აქცევს მძლავრ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.   

„ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და  არსებითად 19 ივნისს განიხილავს. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

ვრცლად განსახილველად მიღებულ საჩივრებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის მასალა - ომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად მიიღო

კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად მიიღო. 

„ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და  არსებითად 19 ივნისს განიხილავს. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

---------------------

1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

---------------------

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლი თავისი შინაარსით, ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია. გარდა ამისა, ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას, პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით მისი გამოყენება კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

„მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს“ (The press was to serve the governed, not the governors).  კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

„ქართული ოცნების“ მიერ კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, ძლიერი შეშფოთება გამოხატა 40-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ. მათი შეფასებით, ეს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ არის.

ტელევიზიების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრების გამო განგაშის სიგნალი დააფიქსირა „ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამაც“. 

განგაშის სიგნალს, რომელშიც ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეები აისახება, ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციები გამოსცემენ.

 

კატეგორია - საქართველო



კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს ჩატარებული წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის ტენდენციები 189-გვერდიან წლიურ ანგარიშში რამდენიმე აბზაცით ასახა, საიდანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ 1 წინადადება ეხება:

„კერძო მაუწყებლებთან შედარებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ ეთერებში, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შედარებით, უკეთ იყო დაცული“.

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დროს, რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ ჩაატარა. 

როგორც ComCom-ი წერს, თვისებრივმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო:

„მაყურებელი, მიმდინარე მოვლენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა წყაროდან იღებდა, საარჩევნო სუბიექტებს კი, ჰქონდათ შესაძლებლობა მაუწყებლის ეთერიდან პოტენციური ამომრჩევლებისთვის მიემართათ და საკუთარი პროგრამა გაეცნოთ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მაუწყებლების ეთერში არ ისმოდა სიძულვილის ენა. 

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო, კვლავ გამოწვევად დარჩა მიკერძოება და მკვეთრი პოლარიზაცია, რაც დასტურდება როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მონიტორინგის შედეგებით. კერძო მაუწყებლებში, როგორც საინფორმაციო გამოშვებების, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები, უმეტესწილად, ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და აკეთებდნენ პირდაპირ მოწოდებებს“. 

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ მკვეთრად ნეგატიური განწყობა შეიმჩნეოდა „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის მიმართ.

„მომზადებული სიუჟეტები, ჟურნალისტური გამოძიებები, ასევე, მიწვეულ სტუმრებთან გამართული დისკუსიები, მიმართული იყო მთავრობის, „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისკენ. პარალელურად, შეინიშნებოდა პოზიტიური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ. „მთავარ არხზე“ განსაკუთრებულად პოზიტიურად შუქდებოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ხოლო „ტელეკომპანია პირველზე“ შესამჩნევი იყო გამოკვეთილი სიმპათია „ძლიერი საქართველოს“ მიმართ. 

აღნიშნული მაუწყებლების ეთერში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევას, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებში გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით. მიკერძოებული დამოკიდებულება შეინიშნებოდა ჟურნალისტების ირონიულ კომენტარებში. ჟურნალისტები აკეთებდნენ ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერ მოწოდებებსაც“. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პოსტვ“-ისა და „ტელეიმედის“ ეთერებში შესამჩნევი იყო მიკერძოება „ქართული ოცნებისადმი“: 

„როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში, მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები ყოველთვის პოზიტიურად შუქდებოდა. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების შესახებ მომზადებული გადაცემები მიმართული იყო მათი და მათი დაპირებების ნეგატიურად წარმოჩენისკენ. მიკერძოება შეინიშნებოდა საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილი დროის პროცენტულ გადანაწილებაშიც. ასევე, აღნიშნული მაუწყებლების ეთერებში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევას. მაუწყებლების ეთერში განთავსებული გადაცემები თანხვედრაში იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამასთან. გადაცემის წამყვანები, ხშირად, ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მმართველ პარტიასთან, აკეთებდნენ პარტიის მხარდამჭერ მოწოდებებსა და კომენტარებს“.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებისას, მთავარი პრობლემა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ბალანსის პრინციპის დარღვევა იყო. შეიმჩნეოდა კრიტიკული დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების მიმართ“.

 2025 წლის 20 მაისს, წლიურ ანგარიშთან ერთად, გამოქვეყნდა წინასაარჩევნო რაოდენობრივი მედიამონიტორინგის ანგარიშიც

 
კატეგორია - საქართველო


„მედიაომბუდსმენი“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელეკომპანიის: „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრებს, რომელთა დასაშვებობაზეც კომუნიკაციების კომისია დღეს იმსჯელებს, ეხმაურება

ორგანიზაციის შეფასებით, ეს დავა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მცდელობაა, მარეგულირებლის მეშვეობით დაისაჯონ კრიტიკული მაუწყებლები.

„მედიაომბუდსმენი“ აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია და მის მიერ დაფუძნებული „მედიააკადემია“ მმართველი პარტიის ხედვებთან კოორდინირებულად მუშაობენ.

„მედიააკადემიის“ ერთ-ერთმა პლატფორმამ - „მედიაკრიტიკაა“ კი მასალების სერიების მეშვეობით ფაქტების და შეფასების გამიჯვნის დავებთან დაკავშირებით ერთგვარად საფუძველი მოამზადა.

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, 2025 წლის 2 აპრილიდან „მედიაკრიტიკამ“ დაიწყო ე.წ. რეპლიკა - „ფაქტია თუ შეფასება“ და ორი თვის განმავლობაში ჯამში 9 მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც 8 - „ფორმულასა“ და „TV პირველს“, ხოლო 1 „იმედს“ ეხება. 

3 აპრილიდან კი „მედიაკრიტიკამ“ კიდევ ერთი ახალი რეპლიკა - „კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ“ დაიწყო და ამ შემთვევაშიც 9 მასალა გამოაქვეყნა, რომელთა უმრავლესობაც პროსამთავრობო ტელევიზიებს შეეხებათ:

„ორი თვის განმავლობაში მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 21 მასალა განთავსდა. აქედან, 18 შეეხებოდა ფაქტისა თუ შეფასები, ასევე კონტექტის მნიშვნელობის საკითხებს, ხოლო სამი მასალა დაეთმო ტრამპს, ცუკენბერგს და BBC-ს. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას“.

გარდა ამისა, ორგანიზაციის მიგნებებით: 

„მედიაკრიტიკა კვლავაც უწყობს ხელს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ აგრესიის გაზრდას; 

მედიაკრიტიკის პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან;

მედიაკრიტიკა მოჩვენებითი ბალანსისთვის აკრიტიკებს პროსახელისუფლებო არხს.  სინამდვილეში კი აძლიერებს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დევნის პოლიტიკას. მაგალითად, 16 მაისს გამოქვეყნებულ მასალაში მითითებულია, რომ  ჟურნალისტის ჩართვა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ კაფეში შედგა. მედიაკრიტიკა მიიჩნევს რომ უნდა ჩასწორდეს შემდეგნაირად: „ფაქტი: - ოპოზიციონერი აქტივისტები დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ„“.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება განსაზღვრავს სწორედ იმასაც, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

 
კატეგორია - საქართველო


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელეკომპანიის: „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 ივნისს, 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე განიხილავს. 

ტელევიზიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და განიხილავს. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

---------------------

1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

---------------------

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ეს პირდაპირი ცენზურაა:

„რა თქმა უნდა, დიდ ჯარიმებზე გაიყვანს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მედიას. საერთოდ, დახურვის რისკი იქნება ძალიან რეალური ძალიან მოკლე პერიოდში. მით უმეტეს, ეს არ არის ისეთი ჯარიმა, როგორზეც საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროს. მაშინ იცოდი, რომ რაღაც დარღვევა გიჯდებოდა 5 000 ლარი. ახლა 2500 ლარიდან ზევით, შემოსავლის პროცენტულობიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს ყოველი შემდგომი ჯარიმა. შეიძლება ერთი ჯარიმა იყოს 2500-ლარიანი, მეორე ჯარიმა პირობითად, 3000-ლარიანი და შემდგომი იყო ათი ათასობით ლარი, რასაც ცალსახად, ჯერ ერთი, ვერ გადაიხდის მაუწყებელი და რომ ვერ გადაიხდის, უკვე ეს ლიცენზიის შეჩერების საფუძველია, მაგრამ მაგასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე ჯარიმის შემდგომ, ლიცენზიის შეჩერების რეალური საფრთხე ისედაცაა“. 

„TV პირველის“ იურისტი ამჯერად ვარაუდობს, რომ რადგან სადავო ტერმინები 1 ივნისამდე გასული, სხვადასხვა დღის საინფორმაციო გამოშვებებიდან არის შეგროვებული, ComCom-ი ტელეკომპანიას მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილებს. 

მომხდარი მედიის, ჟურნალისტებისა და წამყვანების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტისთვისაც.

„რეალურად, ეს კანონიც იმიტომ მიიღეს და ცვლილებები შეიტანეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომ ამის ბერკეტი და სამართლებრივი საშუალება ჰქონოდათ. ამ ყველაფრით ძალიან ცუდი პრაქტიკა მკვიდრდება, რეალურად, მარტო ამ საჩივრითაც კი…მარტო ეს საჩივარიც კმარა იმისთვის, რომ ეს კანონი ესეთი არასწორი ფორმით ამოქმედდა“, - ამბობს ეთერ ქათამაძე. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე:

„2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო  „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“  სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია“.

 
კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ მიერ 28 მაისს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს და ბანკებისგან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს. 

„ქართული ოცნების“ წევრების საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც  პარლამენტის ბიურომ გუშინ, 2 ივნისს დაარეგისტრა, შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და საქართველოს კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ’’, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ შევა. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლს, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისგან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა შეეძლო, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაც დაემატება. 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან გამოითხოვოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“

„ქართული ოცნების“ წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში უთითებენ, რომ მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. „ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად“ კი საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას „საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან - საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ“.

---------------------------------

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე პრიმა მუხლით, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღებაც.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას გულისხმობს, 2025 წლის 1 აპრილს მიიღო.

---------------------------------

დაგეგმილი ცვლილებებით, „კომერციული ბანკების საქმიანობიშესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში, რომელიც საბანკო საიდუმლოებას შეეხება, გაჩნდება ჩანაწერი, რომ ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეიძლება მიეცეს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შესახებ სპეციალური თავი დაემატება, რომელშიც ვკითხულობთ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66(1) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ კომისიამ ამ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა“. 

„ქართული ოცნების“ წევრები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, „რათა მისი მიღება და ამოქმედება მოესწროს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას“. 

კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, მედიის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

კოალიციამ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მზია ამაღლობელის დაკავება, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, დამოუკიდებელი მედიების მიმართ ეკონომიკური ზეწოლა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა და „გზის გადაკეტვის ბრალდებით“ მათი დაჯარიმება. 

კოალიციის წევრები მკაცრად გმობენ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და ჟურნალისტებს, რომლებიც რთულ გარემოში პროფესიული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს, სოლიდარობას უცხადებენ.

კოალიციის განცხადება სრულად:

„მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

სინდისის პატიმარი - მზია ამაღლობელი - დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.

ფიზიკური ძალადობა მედიის წინააღმდეგ - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

სამართლებრივი რეპრესიები - „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო  „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“  სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი - “ქართული ოცნების” სამსახურში - საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება უკვე აშკარად აჩვენებს, რომ მისი ხელმძღვანელობა ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში. მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა.

სასამართლო შენობებში კამერების აკრძალვა - დახურულ საჯარო უწყებების სიას დაემატა სასამართლო სისტემაც. გასულ კვირას მედიას კვლავ შეეზღუდა კამერებით შესვლა სასამართლო შენობებში - მაშინ, როცა ერთდროულად მიმდინარეობდა რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი. ეს ნაბიჯი არღვევს საჯაროობის პრინციპს და ხელს უშლის საზოგადოებას სასამართლო პროცესების მონიტორინგში.

ჟურნალისტების დაჯარიმება - მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე კვლავ გრძელდება სისტემური ზეწოლა - მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს.

ეკონომიკური ზეწოლა - დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების  საშუალებით. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე.

მიზანმიმართული დეზინფორმაცია - დამოუკიდებელი მედიასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უწყვეტად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია. ამით “ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებაში მედიისადმი უნდობლობის დათესვას და ინფორმაციის ობიექტური წყაროების დისკრედიტაციას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“.

 
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 1 ივნისიდან მხოლოდ ონლაინ შეეძლება. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა 30 მაისის სხდომაზე დაუჭირა:

„სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირის დასწრება ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების მეშვეობით შემდეგი პროცედურების დაცვით: - სამეურვეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომამდე სულ მცირე ორი დღით ადრე, დაინტერესებულმა პირმა სამეურვეო საბჭოს ელექტრონულ ფოსტაზე board@1tv.ge უწდა გამოაგზავნოს შეტყობინება სხდომაზე დასწრების სურვილის შესახებ“.

მიღებული ცვლილებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს აპარატის უფროსი იმ საკითხების შესახებაც აცნობებს, რასთან დაკავშირებითაც დამსწრე პირებმა აზრის გამოთქმის სურვილი გამოხატეს:

„სამეურვეო საბჭოს სხდომის მსვლელობისას იმ საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, რომელთან დაკავშირებით შემოსულია დასწრების/აზრის გამოხატვის მოთხოვნა და დაინტერესებული პირი ჩართულია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების მეშვეობით, კენჭისყრის გამართვამდე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თავმჯდომარე აძლევს დაინტერესებულ პირ(-ებ)ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას იმ რიგითობით, რა თანმიმდევრობითაც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაფიქსირდა შესაბამისი ნიშანი“.

სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მაგალითად, განსაზღვროს დამსწრე დაინტერესებულ პირთაგან გამომსვლელთა რაოდენობა და აზრის გამოხატვისთვის გათვალისწინებული დროის რეგლამენტი. 

გარდა ამისა, განახლებული რეგლამენტით, „დაინტერესებული პირის მიერ არაეთიკური, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის მატარებელი ან უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში“ საბჭოს თავმჯდომარეს მისი გამოსვლის შეზღუდვა შეუძლია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ რეგლამენტში შესატანი ცვლილების განხილვამდე, მის საჭიროებაზე საუბრისას თქვა: „ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე საბჭოს სხდომებს ნორმალურად წარმართვას უბრალიდ შეეშალა ხელი, იმიტომ რომ ის ჩანაწერი რომ ვისაც უნდა და უნდა დაესწროს და რამდენიც უნდა, ვთქვათ, ისაუბროს, ამან ჩვენ ვნახეთ, რომ მიიტანა უმართავი სიტუაცია“.  

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების წარდგენის შემდეგ, არხის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ დამსწრეებს საბჭოს სამი წევრის: ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ზაზა აბაშიძისა და ლაშა ტუღუშის მიერ წარდგენილი შენიშვნებიც გააცნო. მაგალითად, ისინი მიიჩნევენ, რომ „ცვლილება, რომელიც მოითხოვს ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, შესაძლოა ზღუდავდეს იმ პირების მონაწილეობას, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტის ან ელექტრონული ფოსტის ხელმისაწვდომობა“. ელენე მიხაილოვამ საბჭოს 3 წევრის ამ შენიშვნაზე თქვა, რომ არ იცოდა, რა კომენტარი გაეკეთებინა, ვასილ მაღლაფერიძე კი მას ჯერ რეპლიკით - „ვუთანაგრძნოთ უნდა, ალბათ“ გამოეხმაურა, შემდეგ კი დაამატა: „ნუ, ეგეთი წესია და რას ვიზამთ ეხლა. თუ ვიღაცას ეს არა აქვს, მაგრამ მაინც აინტერესებს, ნუ, ალბათ, რაღაცა სხვა ფორმა უნდა მოძებნოს…“





საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, 1 მაისიდან კი გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებს წინ უძღვოდა ე.წ. მოკვლევა, რომლის ჩატარებაც არხის იურისტს, ელენე მიხაილოვას ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაავალა. ტელევიზიაში დაწყებული „მოკვლევის“ შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა სამუშაო შეხვედრა 21 მარტს გამართა. 24 მარტს კი „პირველმა არხმა“ განაცხადა, რომ თანამშრომელთა მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას“ იწვევდა და რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრის ორგანიზაციაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, გია მურღულია და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის (გია მურღულია) - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარია (დარიცხული). 

კატეგორია - საქართველო


„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების მოძრაობა დააფუძნეს. მას ნინო ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს.

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. ტელევიზიის მენეჯმენტმა დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“ და არხიდან გაუშვა მისი გუნდის წევრებიც. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 

ზაუტაშვილმა სამი კრიტიკული ტელევიზიის სპეციალურ ერთობლივ ეთერში თქვა, რომ მოძრაობა ჟურნალისტის ტყვეობას არ შეეგუება და მზიას თავისუფლებისთვის ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებს:

„ჩვენი კოლეგა არის სინდისის პატიმარი. მას ებრძვის სისტემის ყველა მანქანა ერთდროულად. მის პატიმრობას ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები განვიხილავთ თავდასხმად სიტყვის თავისუფლებაზე, მისი მოგუდვის, გაჩუმების, მოთვინიერების მცდელობად. სწორედ ამიტომ აქ შეკრებილი ადამიანების უმეტესობა და არაერთი სხვა კოლეგა, რომელიც დღეს აქ სტუდიამ ვერ დაიტია, ვაფუძნებთ მოძრაობას მზიას თავისუფლებისთვის. მასში გაერთიანებული ადამიანები მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო და არის სინდისის პატიმარი“. 

სპეციალური ეთერის დასაწყისში აჩვენეს „საქართველოს ამბების“ მიერ მომზადებული ფილმი - „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა ისაუბრა მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მახსოვს ასეთი რთული პერიოდი ჰქონოდეს თავისუფალ მედიას, როგორიც ახლა აქვს. [...] მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ ვიცი, რა ხდება დღეს, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა არის ციხეში. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო მის ადგილას და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამას ხშირად ვამბობ, არ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი კოლეგის გამოსახსნელად „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის ტყვეობიდან. 

ამ მოძრაობის მიზანია, რომ ჩვენ ვეუბნებით რუსულ რეჟიმს, ივანიშვილის კომისრებსა და ადმინისტრატორებს, არ დაგითმობთ მზიას, არ დაგითმობთ თავისუფლებას, რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ყველაფერს გავაკეთებთ, დავგეგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომ მზია ვიხსნათ ტყვეობიდან და  მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული რეჟიმი აპირებს უკვე რამდენიმე დღეში თავისი მიღებული დრაკონული კანონებით აგვკრძალოს, გაგვაქროს ამ ქვეყნიდან თავისუფალი მედიები, რომლებიც საერთაშორისო მხარდაჭერით ვსარგებლობთ და მოვედით დღემდე, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს ვერ მოხდება“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი. 

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის წინააღმდეგ, 150-ე მუხლით დაიწყო მეორე ადმინისტრაციული საქმეც. უწყება ამაღლობელს 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მისი განხილვა 9 ივნისისთვის გადადო.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგაც. მოსარჩელე კობახიძის, მდინარაძის და სუბარის მიერ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით მათ უარყოფას ითხოვს. 

კატეგორია - საქართველო

ფოტო : მინდია გაბაძე


თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს კამერებით შესვლა დღესაც, უკვე მესამედ აუკრძალეს. 

სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი უსაფრთხოებაა: „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.

დღეს, 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართება. 

ჟურნალისტებს კამერებით სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ 22 და 23 მაისსაც. 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს კი, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა. 14 მაისს, ოქრუაშვილიც სასამართლოს დარბაზში დააკავეს. 

23 მაისის დილითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღების უფლება მხოლოდ იმ ჟურნალისტებს მისცეს, რომლებსაც პროცესების გაშუქების ნებართვა ჰქონდათ. მედიის სხვა წარმომადგენლებს კი, რომლებსაც სასამართლოში შესვლა კამერებით სურდათ, შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. მოგვიანებით, „მედიაჩეკერთან“ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მათ შესვლის შესაძლებლობა მისცეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს. 

აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება არ ჰქონდათ, ფოტო-ვიდეო კამერებით სასამართლოს შენობაში, დერეფნებში, სხდომათა დარბაზებთან ყოფნა, გადაღება  და მუშაობა შეეძლოთ.


----------

პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების უფლების მისაღებად მედიის წარმომადგენელმა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს. სასამართლოს მითითებით, „პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა“. ნებართვის გაცემა კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე ხდება.
სასამართლო სხდომის გაშუქების საკითხს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, შესაბამისი ჩანაწერი მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლებს ეხებათ. პროცესის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს და თუ ის ამ უფლებამოსილებას არ იყენებს, გადაღების უფლებით სარგებლობა სხვა მაუწყებელს შეუძლია.