საქართველო
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორს, კახა მელიქიძეს „საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების“ გავრცელების გამო ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად, 30%-ს დაუქვითავს.

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა კახა მელიქიძე 12 თვის განმავლობაში „მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.

მელიქიძე ამ სანქციის მიზეზად Internazionale-სთვის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუს მიიჩნევს. იტალიურ გამოცემასთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრისას ის ამბობს, რომ „საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია და შეგვეძლო მაშინაც, ჩვენ რომ გაგვეკეთებინა პირდაპირი ეთერი ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის, 4-5 კაცისგან. ამას იტყუებოდა ჩვენი არხის მენეჯმენტი და ამბობდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოსვლის დროს, არხისთვის „რეპუტაციული ზიანის“ მოყენების გამო სექტემბრის თვის ხელფასიდან 30% დაუქვითა მემონტაჟე-ოპერატორს, გიგა კიტიასაც. მაუწყებელმა 12 თვის განმავლობაში ანალოგიური ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში, სამუშაოდ შესაძლო გათავისუფლების შესახებაც კიტიაც გააფრთხილა.

„პირველი არხმა“ კახა მელიქიძესა და გიგა კიტიას, სხვა თანამშრომელთან ერთად, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით „დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო აპრილში საყვედურიც გამოუცხადა.

მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელს, „დროების“ ოპერატორ ნიკა პატარაიას, გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „მან დილით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის იზოლატორიდან გამოსვლის კადრები“.

დღეს წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამაც. მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაისაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი ადმინისტრაციული  პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული ქეთა ციცქიშვილსაც

24 ოქტომბერს დააკავეს და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას. ამავე საბაბით 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული „ფორმულას“ ჟურნალისტს, ცირა ჟვანიას. 

გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 23 ოქტომბერს, გზის გადაკეტვის საბაბით, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვსაც.

გუშინ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გზის გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

„გზა უკვე გადაკეტილი იყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ, როცა გზაზე გადავედი. ხალხი იძახდა, რომ ვეღარ ეტეოდნენ ტროტუარზე. გადავიდნენ გზაზე, საპატრულო პოლიციამ დატოვა ტერიტორია, მე მივიჩნიე ავტომატურად, რომ მოქალაქეთა რაოდენობა იყო საკმარისი, რომ გადავსულიყავით სავალ ნაწილზე. რომ ყოფილიყო მოწოდება არგადასვლაზე, არ გადავიდოდი. არ ვარ კანონის ურჩი მოქალაქე. არც ერთხელ დაჯარიმებული არ ვარ. არაერთ საპროტესტო აქციაზე მიმიღია მონაწილეობა და არც ერთხელ დამირღვევია კანონმდებლობა. დღეს ჩემს მეუღლეს 5000 ლარი შეეფარდა, ჩვენ ორივე ერთად დაგვაკავეს. ორივე უმუშევრები ვართ და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებთ სახდელის დაკისრებისას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ,“ - თქვა ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მაიკო ბოკერია 24 ოქტომბერს დააკავეს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან, დაკავებულია ჩემი რძალი, ვასკას ცოლი, სამი შვილის დედა მაიკო ბოკერია“, - დოდო შონავამ ჯერ რძლის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მოგვიანებით კი - შვილზე. 

ივანოვ-ჩიქოვანისა და ბოკერიას დაკავებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“: „ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კარიერის მდუმარედ გაგრძელებას მისი მხილება და წინააღმდეგობა არჩია. მისი უწყვეტი პროტესტი, მზია ამაღლობელისადმი მისი თანმიმდევრული მხარდაჭერა სოლიდარობის მაგალითი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. თავისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულ ჟურნალისტებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“

24 ოქტომბერსვე დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავაც.  

„მიმდინარე რეპრესიები „ფორმულას“ მრავალი ფორმით შეეხო - ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია.

საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია.

„ფორმულა“, როგორც დამოუკიდებელი მედია, თავს რეჟიმის სამიზნედ განიხილავს და მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას”, - განაცხადა „ფორმულამ“.

გიორგი ლიფონავას, მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამის 02:52 საათზე გამოაცხადა.

კატეგორია - საქართველო

4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას პროსამთავრობო მედიების საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით ბრალდებულ 6 პირს: გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ვახტანგ გაბელაია, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ალექსანდრე ცნობილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მე-7 პირის, ირაკლი წულაიას კი - 5 000-ლარიანი.

გუშინ, 23 ოქტომბერს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედისა” და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მტკიცებით, ამ დღეს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ირაკლი წულაიამ, გიორგი დუშენკომ, მარიამ ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაიამ, ალექსანდრე ცნობილაძემ და ვახტანგ გაბელაიამ „წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი“ პროსამთავრობო მედიების გადამღებ ჯგუფებს.

ირაკლი წულაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს.

დანარჩენ 6 პირს კი პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორია - საქართველო


„პუბლიკა“ გამოცემის თანადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ბასტი მგალობლიშვილის დაკავების ფაქტს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს.

მოგვიანებით, ფაქტის გახმაურებისა და ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“, თუმცა ბასტი მგალობლიშვილი აღწერს გარემოებებს, რაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს – პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ მისი სახელი, გვარი, მისამართი; მის სახლთან იცდიდნენ დილიდან; იცოდნენ, რომ სტუმრად ჰყავდა ბებია და ა.შ.

ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკის“ დაფუძნების დღიდან აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო დღეების განმავლობაშიც აშუქებდა რუსთაველის პროტესტს.

„პუბლიკა“ მისი დაკავების ფაქტს აფასებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები ხშირად გამხდარან როგორც პოლიციის ძალადობის, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის სამიზნე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოში მომუშავე მედიის ყოველდღიურობა, თუმცა არ ვაპირებთ, შევეგუოთ მას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების ცემის, დაპატიმრების, დაშინებისა და ყველა სხვაგვარი რეპრესიის პრაქტიკა. თავისუფლება მზიას ამაღლობელს!“ - წერს გამოცემა.


„პუბლიკამ“ ბასტი მგალობლიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 ოქტომბერს გაავრცელა.
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს, 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166(1)-ე და 173(2)-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადების ტექსტი წარადგინეს, თუმცა ის საბჭოს სხვა წევრებმა არ გაიზიარეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომის მიმდინარეობის დროსვე თქვა: „მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით…“.

ლიკა ბასილაია - შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს, აქციის - „მედია რუსთაველზე“ მიმდინარეობის პარალელურად დააკავა, ბრალი ოფიციალურად კი ორი დღის შემდეგ წარუდგინეს.

23 ოქტომბერს, „მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასილაია-შავგულიძისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჯერ გადაცემული არ ჰქონდათ. მთივლიშვილმა გაავრცელა მისი წერილიც: 

„დაზუსტებით იმის თქმა, რას ედავებიან, ჯერ არ შეგვიძლია, სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. დაკავების დროს ტანსაცმელი აქვს დაზიანებული. იზოლატორში მოთავსების შემდეგ მოპყრობაზე პრეტენზიები არ გააჩნია. მხნედაა! ესეც მისი მოკლე წერილი:

„რუსული რეჟიმისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში. მე ვაფრთხილებდი მათ, რომ თუ აქ რუსული რეჟიმი დამყარდება, მათ წაიყვანენ უკრაინასთან ომში და დრონი დააფრინდებათ. ჩვენი თავისუფლების ხარჯზე ვიცავთ იმ პოლიციელებს, რომლებიც უკანონოდ გვაკავებენ და მოსამართლეებს, რომლებიც უკანონოდ გვაპატიმრებენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, შეუძლიათ ნახონ რუსი პროპაგანდისტის, სალავიოვის განცხადება, რომელიც ამბობს, „ჩვენ ქართველები გვჭირდება ომში“. ბრძოლას ვაგრძელებთ“„.

ბასილაია-შავგულიძეს დაკავებას გამოეხმაურა და მას სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“. 

 
კატეგორია - საქართველო

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აფგან სადიგოვი, რომელსაც ოჯახი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აღმოჩნდა. მისი ადვოკატის, მარიამ ყველაშვილის თქმით, სადიგოვი 22 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, სახლთან დააკავეს და მხოლოდ გამთენიისას გაიგეს, რომელ იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

„აპირებდა რუსთაველის გამზირზე აქციას შეერთებოდა. ადგილზე, სახლთან დააკავეს, დახვდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი… ადგილზე არ განუმარტავთ მისთვის უფლებები და მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაიგო, რატომ იყო დაკავებული. ასევე, რომ მოვინახულე დღეს იზოლატორში… მითხრა, რომ მე ვურეკავდი მას ტელეფონზე და როცა დაინახა, რომ ჩემი ზარი იყო შესული, პოლიციელებს უთხრა, რომ ადვოკატი რეკავდა და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ადვოკატს დალაპარაკებოდა, მაგრამ არ მისცემს ამის უფლება…სამწუხაროდ, გამთენიისას გავიგეთ, ზუსტად სად იყო გადაყვანილი და დღეს ვნახეთ“, - ამბობს ყველაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს ის რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. 

„თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემობა არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას საქართველოში. გაუმართლებლად მაღალი სახდელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაბალი პროცედურული სტანდარტების ფონზე, ქმნის ადამიანის თავისუფლებებში უხეში და აგრესიული ჩარევის მაღალ რისკებს და მოქალაქეს სრულიად დაუცველს ტოვებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წინაშე.

მოცემულ შემთხვევაშიც, აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯა უფროა“, - წერს ორგანიზაცია. 

სევინჩ სადიგოვამ ინფორმაცია რომ მეუღლეს, აფგან სადიგოვს ვერ უკავშირდებოდა, გუშინ, საღამოს გაავრცელა. 

„დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტის წინ, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც უკვე 329-ე დღეა მიმდინარეობს. თუმცა, მას შემდეგ რაც სახლიდან გავიდა, მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. გუშინ და გუშინ წინ აფგანმა მითხრა, რომ მას უთვალთვალებდნენ. როგორც ჩანს, ეს ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესიაა“, - დაწერა სადიგოვამ სოციალურ ქსელში.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, შარშან დააკავეს. სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

სადიგოვი მეოთხე ჟურნალისტია, რომელსაც აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

 
კატეგორია - საქართველო

23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე - „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ხვალინდელ სხდომაზე 2 სარჩელს განიხილავს.

დავის საგანი „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დამტკიცებული წესის რამდენიმე მუხლია. მათ შორის, იმ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. ამ წესის დარღვევა კი ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას/აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვას ითვალისწინებს.

სადავოდ არის გამხდარი იმ პუნქტის კონსტიტუციურობაც, რომლითაც „ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება“. 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო წერს, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაციები არ ემსახურება კონსტიტუციურად დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს და ზღუდავს ჟურნალისტთა უფლებას, დასვან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისევე, როგორც საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია არჩეული წარმომადგენლების პოზიციების თაობაზე:

„მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების/გაცემაზე უარის თქმის შიშით იქმნება „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც აზიანებს მედიის კრიტიკულ ფუნქციას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია ტექნიკური პერსონალისთვის აკრედიტაციის შეზღუდვა სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურული გარანტიების არარსებობა.

მოსარჩელეების პოზიციით, აკრედიტებულ ჟურნალისტთა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვის მომწესრიგებელ სადავო ნორმა არის ზოგადი ხასიათის და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, შეზღუდოს ჟურნალისტთა საქმიანობა საქართველოს პარლამენტში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და მე-2 და მე-5 პუნქტებს“.

2024 წლის მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ რამდენიმე ჟურნალისტს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ მათთვის გაგზავნილ პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად იყო განმარტებული: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გასული წლის შეფასებისას, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში გააერთიანა. პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი მოხვდა სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც

„პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის - წაიკითხეთ ვრცლად „მედიაჩეკერის“ მასალაში. 

 
კატეგორია - საქართველო

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, დირექტორს, მზია ამაღლობელსა და ბელარუს პატიმარ ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტის სახაროვის პრემია გადაეცათ.

-----------------------------------------------------

მზია ამაღლობელს გადაეცა „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო. ის გახდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი. „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დასახელდა თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატად. ამაღლობელი არის ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშიც.

„ბათუმელებსა“ და მის დამფუძნებლებს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ასევე გადაეცათ „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.

-----------------------------------------------------

სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. გამარჯვებული კი დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რობერტა მეცოლამ დაასახელა. 

2025 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები იყვნენ: 

▪️ „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი პატიმრები, ანდჟეი პაჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან“;

▪️ „სერბი სტუდენტები“;

▪️ „ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;“

ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 9 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მოსამართლემ კი მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.



კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტს, ცირა ჟვანიას, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცირა ჟვანია „ფორმულას“ მესამე ჟურნალისტია, რომელსაც გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობა შეეფარდა. 20 ოქტომბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ქეთა ციცქიშვილს. 19 ოქტომბერს, ამავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ვახო სანაიასაც.

ტელეკომპანიის განცხადებით, „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა გრძელდება: „რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას. მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

ქარტიის განცხადებით, დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა:

„„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი  ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას, და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო“. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
 
კატეგორია - საქართველო

დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მისი დაკავების ფაქტს მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ.

 
მედიების ერთობლივი განცხადება:

„20 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გაითვალისწინა, რომ ქეთა ციცქიშვილი 12 წლის ბავშვის დედაა და “ქართული ოცნების” მიერ ერთ დღეში მიღებული სადამსჯელო კანონების საფუძველზე მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და სოლიდარობას.

გუშინ, იმავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და წამყვანს, ვახო სანაიას.

ამ დაკავებებს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით  გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად აუკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება. 

ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები, პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების დაზიანების შემთხვევები, “ქართული ოცნების” პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით, დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული.

მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც “ქართული ოცნების” ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება. 

მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ყველა გზას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის შესრულებას,  საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას“.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია განახლებადია]:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;

მედია აპრილი;

ინდიგო;

ბათუმელები/ნეტგაზეთი;

აჭარა თაიმსი;

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;

რადიო „მარნეული“; 

ჩემი ხარაგაული;

ტვ კავკასია;

ტაბულა;

ტვ პირველი;

On.ge;

სტუდია „მონიტორი“;

„ინფო იმერეთი“;

BMG (Business Media Georgia);

ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;

ფორმულა;

სამხრეთის კარიბჭე;

ქუთაისიპოსტი;

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;

პუბლიკა;

Chai Khana;

მაუწყებელი;

აი, ფაქტი;

აქცენტი;

OC Media;

JAMnews;

პლატფორმა კაქტუსი;

Movement;

ალიქ მედია ჯორჯია;

პროექტი 64;

ქართლის ამბები;

რადიო WW;

კახეთის ხმა;

გურიის მოამბე;

TOK მედია;

ოდიში ნიუსი;

მედია სახლი „გურია NEWS“;

GHN;

metronom. ge;

რადიო თბილისი;

რადიო ჰერეთი;

რადიო ციტრუსი;



კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ციცქიშვილმა დღეს, 20 ოქტომბერს, შუადღით ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა! რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ქართული ოცნება რუსებო!!!“

ქეთა ციცქიშვილი „ფორმულას“ მეორე ჟურნალისტია, რომელსაც გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობა შეეფარდა. გუშინ, 19 ოქტომბერს, ამავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ვახო სანაიასაც.

ვახო სანაიას შემდეგ, მეორე ჟურნალისტის დაკავებას მალევე გამოეხმაურა თავად ტელევიზია, რომელმაც ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევად განიხილა:

„„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა. მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“.

ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევად მიიჩნია „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს:

„„ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს“. 

ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა „შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს“.

ქარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევას, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე:

„მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის“. 

ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას მსგავსად, ერთობლივი განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა 40-მდე დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ:

„მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც “ქართული ოცნების” ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” ხელისუფლება ყველა გზას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის შესრულებას,  საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დაკავება მკაცრად დაგმო „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“: „ამით მართლაც რომ მიზანშია ამოღებული „ფორმულა“, საქართველოში დარჩენილ სულ რამდენიმე კრიტიკულ ხმათაგან ერთი. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.