საქართველო
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს.

დეტალები:

  • ქეთი ფარცხალაძე “იმედის კვირის” რეპორტიორი იყო და კულტურის ამბებს აშუქებდა.
  • როგორც მან ფეისბუკზ დაწერა, “უთხრეს რომ პოლიტიკურ თემებზე უნდა ემუშავა” და სამსახურის დატოვება ამის გამო გადაწყვიტა.
პოსტში ვკითხულობთ:

  • "საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა”
  • “მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ - შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის... გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!”.

ჟურნალისტი მედიაჩეკერთან ამ თემაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

არქივი: მიმდინარე წლის მარტში მარტში ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესში ფარცხალაძე იყო იმედის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ვინც კანონპროექტი გააკრიტიკა.

  • მან საკუთარი პოზიცია ფეისბუკზე დაწერა - მიიჩნევდა, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების კრიტიკული შეფასებები და სამოქალაქო პროტესტი.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ჟურნალისტ ეკატერინე აბაშიძის სარჩელი. ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

უწყებას დაზარალებულისთვის 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ არის შესული.

  • მიზეზი: “მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს”.

დეტალები: საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციებს.

  • ეკატერინე აბაშიძეს, რომელიც იმ დროს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი იყო და აქციას აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა.
  • “სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე” - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია 15-მდე ადამიანის უფლებებს იცავს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.

როგორ იხსენებს ეკატერინე აბაშიძე 20 ივნისს ღამეს

ეკატერინე აბაშიძე, რომელიც დღეს ჟურნალისტი აღარ არის, მედიაჩეკერთან გაიხსენა, რომ “გავრილოვის ღამეს” ოფისში მუშაობდა. თუმცა მოგვიანებით, პარლამენტთან მყოფი ჟურნალისტების შეცვლა მოუწია.

იხსენებს, რომ როცა ადგილზე მივიდა სიმშვიდე იყო, თუმცა მოგვიანებით დაძაბულობა კვლავ დაიწყო და ლაივში გავიდა - “40 წუთი ვიღებდი პირველ ლაივს, ბოლოსკენ მომხვდა ტყვია” - ეს ჩანს კადრებშიც. ამის შემდეგ ფოტოგრაფთან ერთად იდგა, რომელსაც ფარი ეჭირა - მისი თქმით, შესამჩნევი იყო, რომ ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ ამ მათი მიმართულებით მაინც იყო რამდენიმე გასროლა. მოგვიანებით ჟურნალისტი ქაშვეთისკენ გადავიდა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გაჰყავდათ დაშავებულები. 

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეკატერინე აბაშიძე ამბობს, რომ თანხის ოდენობაზე საუბარი ადეკვატურობას მოკლებული იქნება.
  • "თანხის ოდენობის ნაწილი უბრალოდ ფორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასეთი ბევრი პრეცედენტი გვქონდეს და ამასთან, საკმაოდ დიდი ხანი ველოდით სამართლიანობის აღდგენას”.

პროფესიიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების საფრთხესაც ასახლებს. ამბობს, რომ 2019 წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის გამო ოპერაციის გაკეთება უწევდა, ამ დროს კი კვლავ იყო აქციები - “მიხაროდა, რომ ოპერაციას ვიკეთებდი და იქ არ მივდიოდი. დავუფიქსირე ჩემს თავს შიშის შეგრძნება”.

კონტექსტი

2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა - წაიკითხეთ ვრცლად.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რა მოხდა:

  • მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
  • შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
  • 28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ თავად იყო თავდამსხმელი - ის იმავე დღეს დააკავეს.
  • 29 ივნისს გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

სხვა დეტალები

საქმის გამოძიება, მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მთელი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულის მხარე ითხოვდა გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარმართულიყო.

  • 5 ივლისს ფორმულაში თქვეს, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია.
  • 6-ში კი გენპროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებია და არა შსს-ს.
  • საგამოძიებომ საქმე დახურულად გამოაცხადა 11 სექტემბერს, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორგანიზაციის, Tri Media Intelligence (*TMI) -ის მიხედვით, 2023 წლის ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელევიზიების კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გადაცემების რეიტინგში გადაცემა "იმედის კვირა" (იმედი) ლიდერობს.


მონაცემებში:
  • იმედის კვირა, 10 სექტემბრის გამოშვება (იმედი) — 252.940 მაყურებელი
  • ნოდარ მელაძის შაბათი, 9 სექტემბრის გამოშვება (ტვ პირველი) 109.810 მაყურებელი
  • პოსტ ფაქტუმ, 10 სექტემბრის გამოშვება (მთავარი არხი) — 86.350 მაყურებელი
  • კურიერი PS, 10 სექტემბრის გამოშვება (რუსთავი 2) — 62.210 მაყურებელი
  • შაბათის ფორმულა, 16 სექტემბრის გამოშვება (ფორმულა) — 21.620 მაყურებელი
  • კვირის მოამბე, 17 სექტემბრის გამოშვება (პირველი არხი) — 19.260 მაყურებელი

alt


დეტალები:
TMI-ის მიხედვით,
  • აქ ნაჩვენებია კვირის შემაჯამებელი გამოშვებების მხოლოდ სეზონის პირველი გადაცემის ტელეყურების ჯამური რაოდენობა - გადაცემის რეალურ დროში ან იმავე დღეს, გადახვევის ფუნქციით ყურების მიხედვით.

"მაგალითისთვის, 10 სექტემბერს გასულ "იმედის კვირას" წუთში საშუალოდ, საქართველოში მცხოვრებმა 18 წელს ზევით მყოფმა 250 ათასამდე ადამიანმა უყურა, როგორც რეალურ დროში, ასევე, იმავე დღეს, გადახვევის ფუნქციის გამოყენებით", — გვითხრა TMI-მ, ორგანიზაციამ, რომელიც ტელეყურების მონაცემებს ამუშავებს და აქვეყნებს 2016 წლიდან.



არქივი:



სტრიქონებს შორის:
  • საკვირაო გადაცემების არსი, როგორც წესი, პოლიტიკურია და ამგვარ ფორმატებში ტელემაყურებელს შეუძლია ნათლად "ამოიკითხოს" კონკრეტული ტელევიზიის ძირითადი სარედაქციო პრიორიტეტები, ხედვები და პოზიციები.
  • საქართველოს კონტექსტში, ხშირად, ტელევიზიების საკვირაო გადაცემები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტულ გზავნილებსაც იმეორებენ.
  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხების ამ ფორმატის ზოგიერთი გადაცემა საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე აცხადებს პრეტენზიას და აუდიტორიას ექსკლუზიურად სთავაზობს ამბებს, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევების შესახებ უყვება-ხოლმე.


კონტექსტი:
  • პოპულარული არხების საკვირაო გადაცემებისთვის, 2023 წლის ახალი სატელევიზიო სეზონის ძირითადი საინფორმაციო ნარატივი "ნოდარ მელაძის შაბათის" 9 სექტემბრის გამოშვებამ შექმნა რეპორტაჟით, რომელშიც საუბარია რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ტვ პირველის" მიერ გახმაურებული ეს საკითხი სხვადასხვა არხმა სხვადასხვაგვარად განავრცო, მათ შორის, "იმედმაც", თუმცა,
  • "იმედის კვირის" ტელემაყურებელმა მხოლოდ ამ ისტორიის მთავრობისავე მაღალჩინოსნების ვერსია შესთავაზა, რომელშიც სრულიად უგულებელყოფილი იყო საწინააღმდეგო აზრი.

იმედის კვირის კონტექსტი:
  • გადაცემა "იმედის კვირა" 2023 წლის ყველაზე პოპულარული ოცდახუთი სატელევიზიო პროგრამის სიაშია და ამ რეიტინგში მას მხოლოდ გასართობი პროგრამები უსწრებს.
alt

წყარო: betterflymedia.ge/analytics/


სარედაქციო აქცენტები:
  • ეს საკვირაო გამოშვება, როგორც წესი, არ აღიარებს ხელისუფლების მუშაობის ხარვეზებს და არ სთავაზობს აუდიტორიას "ქართული ოცნების" საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს.
  • მათი კრიტიკა მხოლოდ პარტია "ქართული ოცნების" ოპონენტებისკენ მიემართება, მათ შორის, მათკენაც, ვისაც ამავე გადაცემაში აშუქებდნენ პოზიტიური ტონით მანამ, სანამ მათ მიმართ მმართველი პარტია იყო კეთილგანწყობილი.
  • ამის მაგალითია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დღეს უკვე "ოცნების" ხედვებისგან გამიჯნული სხვა ყოფილი თანამოაზრეები.
ამ სეზონის პირველ გამოსვებაშიც, "იმედის კვირამ" მაყურებელს შესთავაზა მხოლოდ ისეთი რეპორტაჟები, რომელშიც სარედაქციო აქცენტები ტრადიციულად, მხოლოდ მმართველი პარტიის საჯარო გზავნილებზეა მორგებული, ოპოზიციას კი წამყვანი "რადიკალებად" მოიხსენიებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მსგავსად მეტი
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: ტვ პირფელისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე სავარაუდო თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

20 სექტემბერს TV პირველმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფებს აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები თავს დაესხნენ.

რა მოხდა?

ყოფილი გენერალური პროკურორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. მათი განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მედია კიდევ ერთხელ ოთარ ფარცხალაძით.

“შაბათის ფორმულას” და “ნოდარ მელაძის შაბათის” გადამღები ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ისინი იმყოფებოდნენ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში და არა კერძო საკუთრებაში.

რა ისმის და ჩანს ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში?

  • TV პირველის ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს ერთ-ერთი პირი ართმევს ტელეფონს. როგორც ჟურნალისტი ამბობენ, მას ტელეფონი 20-30 წუთის შემდეგ დაუბრუნეს. მისივე თქმით, წაართვეს ტელეკომპანიის ტექნიკა, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
  • ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ უცნობ პირს ძალის გამოყენებით მიჰყავს ოპერატორები. ჟურნალისტი მას ვინაობას ეკითხება და ამბობს, რომ ის ჟურნალისტებზე ძალადობს. “რატომ სცემეთ ჩემი ოპერატორი? მიპასუხეთ”.
  • ფორმულამ გაავრცელა ჟურნალისტი კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. მას შუბლზე მცირედი დაზიანებაც აღენიშნება.

გამოძიება: როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიაჩეკერს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.

  • მუხლი გულისხმობს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.
  • მე-2 ნაწილი: იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი, ელოდებიან ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.

პრობლემაა, რომ:

  • ბოლო წლებია ჟურნალისტებზე თავდასხმა გახშირდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორე მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი, მათ შორის, გაჭიანურებული გამოძიებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
კატეგორია - საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოლო დროს არაერთხელ გააკრიტიკა მედია და კონკრეტული გამოცემები. ივლისის ბოლოს OC Media-მ პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე "ზეწოლა სცადა".

სწორედ ამ საკითხებზე დაუსვეს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს. მან კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ OC Media-ს "ექსკლუზიურად" სთავაზობდა ოპედის გამოქვეყნებას და “წვრილმანი შარლატანიც” უწოდა.

გამოაქვეყნა თუ არა პაპუაშვილის პასუხი OC Media-მ


მას შემდეგ, რაც გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც პაპუაშვილის "ზეწოლის მცდელობაზე" ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის ოფისიდან OC Media-ს რედაქტორს, მარიამ ნიკურაძეს დაუკავშირდნენ და ითხოვეს პასუხის ცალკე, დამოუკიდებელი ფორმით გამოქვეყნება.

როგორც ნიკურაძე წერს, თავმჯდომარის ოფისს განუმარტა, რომ ახალ სტატიაზე მუშაობნენ, პაპუაშვილის პასუხი არ იქნებოდა ცალკე და გამონაკლისის სახით ციტატების ნაცვლად სრულად სტატიის ბოლოს დაურთავდნენ (რაც გააკეთეს კიდეც). აღნიშნავს, რომ თავად მან დაუშვა ტექნიკური შეცდომა და პიართან კომუნიკაციისას ისე გამოჩნდა, თითქოს პაპუაშვილის პასუხს ცალკე პუბლიკაციად დადებდნენ.

  • "ცოტა ხნის მერე ისევ მკითხა, ანუ მიდასტურებთ, რომ დაურედაქტირებლად იქნება სტატიის გარეთო და ნუ ქუჩაში ვიყავი, კონფერენციაზე ვაგვიანებდი და ამ სირბილ-სირბილში მეორე ნაწილი არასწორად აღვიქვი, ვიფიქრე, დაგვთანხმდა და დავუდასტურე".
  • "უკვე როცა გამოქვეყნდა, პასუხი მოითხოვა და მივხვდი შეცდომას და მოვუბოდიშე გაუგებრობისთვის თიკოს, სტატია (პასუხის შესახებ) ავიღეთ მთლიანად დროებით და ვკითხე, თუ იყვნენ თანახმა დაბრუნებაზე".

შალვა პაპუაშვილმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ შეთანხმების მიუხედავად OC Media-მ არ გამოაქვეყნა მათი პასუხი.

  • "OC Media-მ დაარღვია არა მხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების უბრალო წესი - უარი თქვა მათ სტატიაზე პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებში, რაც უპრეცედენტოა თუნდაც პოლარიზებული ქართული მედიისთვის".


პაპუაშვილის "პრეტენზია" ქარტიაზე

  • პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა ისაა, რომ “ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
  • "თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან" - თქვა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
  • პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა ქარტია. მათი განცხადებით, ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, "შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული".
  • "ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით" - წერია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე და "მთის ამბები"


პაპუაშვილმა დღეს "მთის ამბებზეც" ისაუბრა. რედაქტორს, გელა მთივლიშვილს "თვითგამოცხადებული ჟურნალისტი" უწოდა და შოვის ტრაგედიის დროს "პანიკის დათესვაში" დაადანაშაულა. მთივლიშვილმა პაპუაშვილის ეს განცხადება თავდასხმად შეაფასა და თქვა, რომ "მისი და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის".

შოვის ტრაგედია და მთის ამბები: 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. "მთის ამბები" იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა აქტიურად მუშაობდა სტიქიის ადგილიდან.

იყო რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის:

1. 4 აგვისტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საჯარო მოხელემ გელა მთივლიშვილს უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა" თუ "წესიერად არ მოიქცეოდა".

2. 5 აგვისტოს "მთის ამბებმა" FB-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა დააკომენტარა.

  • გამოცემა წერდა, რომ ფოტოზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოშორებით მდგომი კაცი ერთ-ერთი დაკარგულის მამა იყო, რომელიც მესამე დღეა, ელის თავისი შვილის ამბის გაგებას და რომელთანაც საჯარო პირებს არ უსაუბრიათ.
  • შალვა პაპუაშვილმა ამ ფოტოს კომენტარებში "მთის ამბებს" მოუწოდა, წაეშალა სტატუსი, რადგან აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ იყო სიმართლე და მოქალაქეს ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრებოდნენ.
  • პაპუაშვილის კომენტარი ფოტოდან წაიშალა. აღწერა კი დააედითეს.

3. 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა.

  • პაპუაშვილმა დიდი ნაწილი ზოგიერთი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას დაუთმო და როგორც თავად თქვა, "მთის ამბების" და ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ გავრცელებული ყალბი ამბები გააბათილა.
  • მისი განცხადება, ონლაინგამოცემამ მედიასაშუალებაზე მორიგ თავდასხმად შეაფასა.

პაპუაშვილის გარდა, "მთის ამბები" ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია.

  • "გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია, იცით რა გააკეთა მან ხო? პაპუაშვილი ესაუბრებოდა ერთ-ერთ ადამიანს და მან შემდეგ გაავრცელა ამ ადამიანის ფოტო და ტყუილი თქვა პირდაპირ, თითქოს მას არავინ ელაპარაკებოდა. იკადრა. ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს".

როგორც მთივლიშვილი ამბობს, მიუხედავად საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვისა და რესპონდენტების გაფრთხილება/დაშინებისა, მუშაობენ ფილმზე, რომელიც შოვის ტრაგედიის შესახებაა.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: მას შემდეგ, რაც ინგლისურენოვანმა გამოცემა OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე “ზეწოლა სცადა”.

რა მოხდა?

  • როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა, თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად ივნისის ბოლოს დაუკავშირდა პაპუაშვილის მოსაზრების (ოპედის) გამოქვეყნების თხოვნით.
  • თავმჯდომარის ოფისმა უარი თქვა ტექსტის გაგზავნაზე, სანამ OC Media არ დაადასტურებდა, რომ მას გამოაქვეყნებდნენ. ამ შემთხვევაში, გამოცემამ მოითხოვა სათაურისა და ლიდის ჩვენება.
  • მოსაზრების სათაური ასეთი იყო: “საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს”.
  • სარედაქციო გუნდმა უარი თქვა ოპედის გამოქვეყნებაზე, თავმჯდომარის ოფისს კი გაუგზავნეს კრიტერიუმები, რის მიხედვით აქვეყნებენ, ან არ აქვეყნებენ მოსაზრებას.
  • მოგვიანებით პაპუაშვილმა ტექსტი X-ის (ყოფილი Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო OC-Media-ს დონორებს მისწერა კრიტიკული წერილები მედიასაშუალების შესახებ.


რატომ არის ეს პრობლემა?

  • დონორებთან მიწერა, აღიქმება, როგორც ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე.
  • არის საშიში პრეცედენტი და აჩენს რისკს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია, სხვადასხვა დონორს დაუკავშირდნენ და ესაუბრონ - მათთან გააკრიტიკონ მედია, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
  • თავად OC Media-ს რედაქტორიც, რობინ ფაბროც განმარტავს, რომ “მოსაზრება, ინტერვიუსგან განსხვავებით, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, ავტორს საშუალებას აძლევს, კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის გარეშე გაავრცელოს თავისი სათქმელი. ამგვარი პლატფორმის ქონა პრივილეგიაა და არა უფლება”.


რედაქციის გადაწყვეტილება

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს:

  • “როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ სტატიას, თუ ოპედია უნდა იყოს გულწრფელი და მოსაზრებას გამოხატავდეს. არ უნდა იყოს პროპაგანდა, არ უნდა იყოს ტყუილი, არასწორი ინფორმაციის შემცველი”;
  • “სანამ გავიგებდით, რომ დონორებს მისწერდა და ზეწოლა იყო, არ გვინდოდა, ვყოფილიყავით ხელსაწყო მთავრობის ხელში, თავიანთი პროპაგანდის და მესიჯების გასავრცელებლად” - განმარტავს ნიკურაძე.


რატომ მისწერა პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს?

ამაზე პასუხის მისაღებად შალვა პაპუაშვილის ოფისს დავუკავშირდით - მათ ჩვენ ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს. თუმცა თავმჯდომარის ოფისმა უპასუხა OC Media-ს.

  • როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება “სიტყვის თავისუფლებას და OC Media-ს მიერ გაცხადებული პლურალიზმის პრინციპებს”.
  • "რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ”.
  • "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსკლუზიურად შესთავაზა თქვენს მედიაპლატფორმას, გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ასახავდა მის აზრს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე".


ზეწოლა მედიაზე

მარიამ ნიკურაძის თქმით, ეს არის ზეწოლის ახალი ფორმა, მცდელობა, რომ დაფინანსება დააკარგვინონ. OC Media-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ აქამდე პირდაპირი ზეწოლა არ უგრძნიათ - “ეს არის პირველი შემთხვევა როცა OC Media აღმოჩნდა მთავრობის ზეწოლის თარგეთი [პირდაპირი სამიზნე]”. მისთვის ეს არის სიგნალი, რომ შესაძლებელია, მომავალში გამოცემაზე და ჟურნალისტებზე განხორციელდეს პირდაპირი ზეწოლა და თავდასხმები.

“ჩანს, რომ ეს დასაწყისია უბრალოდ, იქნება [დონორებთან] მიმოწერები, შეხვედრები, საუბარი და კრიტიკა ჩვენი თუ სხვა მედიების. საბედნიეროდ, დონორებმა იციან რა სიტუაციაა ქვეყანაში და იმედია ეს არ იმოქმედებს. მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ” - აღნიშნავს ნიკურაძე.

OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ინტერვიუ შესთავაზა, თუმცა, როგორც ნიკურაძემ გვითხრა, ამ შეთავაზებაზე ჯერ უარი მიიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა. ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

  • “მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე”.

ნახეთ სხვა თემები:

კატეგორია - საქართველო
გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ, "მედიაჩეკერს" ჰქონდა არაერთი მცდელობა, მკითხველისთვის მიეწოდებინა დამაზუსტებელი პასუხები კითხვებზე, რასაც "მთავარ არხთან" დაკავშირებით, ამავე არხის გენერალური დირექტორის განცხადებები აჩენს, თუმცა, გიორგი გაბუნიამ ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.


რა ხდება?
  • "ნაცების" ტელევიზია აღარ ვართ" — თქვა გიორგი გაბუნიამ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2023 წლის 4 სექტემბერს, "მთავარი არხის" გადაცემაში "შენი შუადღე" — "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკეთოს საქმე და მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, სად არის მათი ადგილი."

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
ამ სატელევიზიო გამოსვლისას, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა:
  • რა გავლენას ახდენდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე;
  • საინფორმაციო სამსახურში არსებულ თვითცენზურაზე;
  • "მთავარი არხის" კრიზისულ პერიოდზე, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა არხის დამფუძნებლისა და ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ;
  • "არხის გადარჩენის მიზნით", კადრებისა და ხელფასების შემცირებაზე, რისკენაც მას "პარტნიორებმა" უბიძგეს;
  • "ძალიან მაღალი ეშელონებიდან", მის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე, შეეჩერებინა "მთავარი არხის" მუშაობა;
  • და რომ არხის ჟურნალისტები, შიდა შეხვედრისას "ტაშით შეხვდნენ" მის განცხადებას, რომ "მთავარი არხი" აღარ იქნება "ნაცების" ტელევიზია.

რა გავიგეთ ტელეარხის გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან?

  • მისი თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტური შემადგენლობა წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წნეხის ქვეშ იყო და აკეთებდნენ არა საკუთარ, არამედ — პოლიტიკური პარტიის საქმეს.
"რაღაცნაირად, ამ გუნდს სულ დაკისრებული ჰქონდა ვიღაცის [ენმ] საქმის კეთება. ჩვენ რამდენიც არ უნდა გვეთქვა, რომ ეს ასე არ არის, ყველა ხედავდა ამას".

გაბუნიამ "შენი შუადღის" წამყვანებს უთხრა, რომ მათთვის [სარედაქციო გუნდისთვის] გასაგები იყო, რომ "ნაცების ტელევიზიის" იარლიყს ტყუილად არ ატარებდნენ.
  • "თუმცა, ახლა, ძალიან დიდი სიამაყითა და ბედნიერებით შემიძლია ვთქვა, ასეთი რამ "რუსთავი 2"-დან მოყოლებული არ მომხდარა: ჩვენ ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია. წლები დასჭირდება, რომ ხალხმა ეს დაიჯეროს და იმისთვის, რომ მაყურებელმა ეს დააფიქსიროს, სისტემატურად უნდა უყუროს ეთერს", — თქვა გაბუნიამ.


სტრიქონებს შორის:
  • "მთავარი არხის" სარედაქციო შემადგენლობაშია იმ ჟურნალისტების ნაწილი, ვინც წლების განმავლობაში, 2019 წლის შემოდგომამდე მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, რომელსაც ნიკა გვარამია მართავდა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა.
  • 2019 წლის 20 აგვისტოს, "კურიერის" წამყვანებმა "რუსთავი 2"-დან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
  • "რუსთავი 2" სხვა ჟურნალისტებმაც დატოვეს, ზოგი წამყვანი ახალმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა და მალევე, მათ გააგრძელეს მუშაობა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის", რომელიც დააფუძნა ნიკა გვარამიამ (წილის 51-%-იანი საკუთრებით) და კახაბერ ანჯაფარიძემ (წილის 49%-იანი საკუთრებით).


გიორგი გაბუნიამ ასევე, თქვა, რომ:
  • მოუხდა შეემცირებინა კადრები და სახელფასო ანაზღაურება, რადგან ეს "პარტნიორების" მოთხოვნა იყო.
"გვითხრეს, გარკვეულ ნიშნულს გაძლევთ, ბიუჯეტს თუ დაწევთ ამ დონეზე, პრობლემა არ გექნებათ, დაგეხმარებითო… ჩვენ დავედით იმ ნიშნულზე, მაგრამ უცებ გვეუბნებიან, არა, მაინც არაფერი გამოდის, ვერანაირად დაგეხმარებითო", — გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ მან გუნდს გამოუცხადა, რომ არიან სრულიად მარტო და საკუთარ თავზე თავადვე უნდა იზრუნონ.

  • ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, გაბუნია "პარტნიორებისგან" განიცდიდა ზეწოლას, მიეღო გადაწყვეტილება ტელევიზიის დახურვის შესახებ
"მათი აბსურდული თეორია იყო, არხის დახურვა ნიკას დასჭირდება სტრასბურგშიო. ამბობდნენ, ის, რომ გვარამია არხის დასახურად დაიჭირეს, ახლა მხოლოდ თეორიაა, და რეალურად რომ დაიხურება, მერე ამას სტრასბურგი ფაქტად მიიღებსო".


რა ვერ გავიგეთ გაბუნიასგან?

გიორგი გაბუნიას მცდელობამ, ესაუბრა არხის ადმინისტრაციულ, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პასუხგაუცემელი კითხვებიც დატოვა. მაგალითად, ვერ გავიგეთ:
  • ვინ არიან "მეგობრები", თუ "პარტნიორები", რომლებმაც მას ტელევიზიის დახურვისკენ მოუწოდებდნენ.
  • ვის გულისხმობდა "ძალებში", თუ "მაღალ ეშელონებში", რომლებიც, მისივე თქმით, "არხის შიგნიდანაც ცდილობდნენ სიტუაციის არევას" და ეს უნდა გამოხატულიყო ჟურნალისტების მხრიდან "ბოიკოტით არხის მიმართ".

მისმა ნათქვამს, რომ არხის თანამშრომლები აქამდე "სხვებისთვის [ენმ] მუშაობდნენ", მოჰყვა წინააღმდეგობა ამავე არხის ანალიტიკური გადაცემის, "ღამის მთავარის" წამყვანისაგან — ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ საავტორო გადაცემის მონოლოგში თქვა, რომ გაბუნიას ეს ნათქვამი "უკიდურესად შეურაცხმყოფელი" იყო მისთვის, ისევე, როგორც ბევრი მისი კოლეგისთვის.


"მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე, [პოლიტიკური წნეხისგან] გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და არც არაფერი გამიგია ამის შესახებ", — თქვა ეკა კვესიტაძემ და ტელემაყურებელს უთხრა, რომ არასდროს დაუმალავს კრიტიკული შეხედულება ენმ-ს ლიდერების და მათ შორის, მიხელ სააკაშვილის მიმართაც:

"სწორედ იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფლების პერიოდს უწოდებს. არადა, ჩემი თავისუფლების გარანტი არხის იმ დროინდელი დირექტორი [ნიკა გვარამია] იყო; სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია სკანდალი არხის გარშემო და გვარამია მისი გამოხატვის თავისუფლებას ბოლომდე იცავდა", — პასუხობს წამყვანი არხის დირექტორს, გაბუნიას.

ნიკა გვარამიას პოზიცია

"მთავარი არხი" არის მეტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", — გვითხრა გვარამიამ "მედიაჩეკერის" პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე", არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე პარტიის შესაძლო გავლენის კონტექსტში. გვარამიასთან ვისაუბრეთ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, საპატიმრო დატოვა.

  • იმავეზე მიუთითებს "ღამის მთავარში" სტუმრობისას და ამავდროულად ამბობს, რომ ტელემაყურებლისთვის არასდროს დაუმალავს არხის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, თუმცა:
"ის რომ ჩვენ რომელიმე პარტიის გაგრძელება ვიყავით, არ ყოფილა ასე. შესაძლოა, პირიქით უფრო ყოფილიყო", — ამბობს ის.


ვიდეო: "მთავარი არხი", გადაცემა "ღამის მთავარი ეკა კვესიტაძესთან ერთად"

კონტექსტი:

  • 2022 წლის 18 იანვარს გიორგი გაბუნია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და იმავდროულად, გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.
  • მანამდე ის იყო "მთავარი არხის" საკვირაო გადაცემის, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი.
  • 2022 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით. ამ დროიდან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა გიორგი გაბუნიამ.
  • 2023 წლის 22 ივნისს, როდესაც ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა, თქვა, რომ ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს და რომ გენერალური დირექტორი მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც გიორგი გაბუნია იქნება.

არქივი: როგორ აღიქვამს ნიკა გვარამია პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ და რა არის "მთავარი არხის" ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა


ვიდეო: მედიაჩეკერი და პროექტი 64, პოდკასტი "მედიასა და პოლიტიკაზე"
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • დღეს, 22 აგვისტოს, დილით, "რუსთავი 2"-მა, ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა, სახელწოდებით — "კურიერის" ექსკლუზივი: თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული".
  • თეა გოდოლაძე არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც, შოვის სტიქიის შემდეგ, ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე, საჯარო განცხადებებით მიუთითებდა.

რა არის პრობლემა?
  • "კურიერმა", აუდიტორიას არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია "ექსკლუზიურად მოპოვებული" ინფორმაციის თაობაზე;
  • ინფორმაცია გაავრცელა ცალმხრივად, თეა გოდოლაძის კომენტარის გარეშე;
  • და გავრცელებულ მასალაში არ ჩანდა საინფორმაციო სამსახურის მცდელობა, დაჰკავშირებოდა თეა გოდოლაძეს და მოეპოვებინა დამატებითი, დამაზუსტებელი კომენტარი.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • ცალმხრივად გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, იძლევა მანიპულაციურ სურათს;
  • ეს აჩენს ეჭვებს მასალის გავრცელების მადისკრედიტებელი მიზნების შესახებ.

რა არ უთხრა "რუსთავი 2"-მა საკუთარ აუდიტორიას, თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში?
ორგანიზაცია "საფარი", რომელიც საქმესთან დაკავშირებით, ერთ წელზე მეტია, გოდოლაძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ:
  • გოდოლაძე, თავად არის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი;
  • მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი;
  • ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
"შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი.
აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა."

გოდოლაძის პოზიცია
ფეისბუკზე, მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წერია, რომ:
  • "რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას.
  • ყოფილმა პარტიორმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
  • მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე.
ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!"

"კურიერმა" არ უპასუხა "მედიაჩეკერის" კითხვებს.
არაერთხელ ვცადეთ, ჩვენს მკითხველს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიეღო პასუხები კითხვებზე, რასაც მათ მიერ, "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია" აჩენს.

დავუკავშირდით ნინო შუბლაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსს. მოუცლელობის გამო, გვთხოვა, მოგვიანებით დავკავშირებოდით, მაგრამ აღარ გვიპასუხა.
შუბლაძესთან წერილობითი კომუნიკაციითაც შევეცადეთ, პასუხი მიგვეღო ამ კითხვებზე:
  • რა იყო არასრულყოფილი მასალის გავრცელების ინფორმაციული ღირებულება და მიზანი;
  • რატომ თავდაპირველადვე არ შესთავაზეს აუდიტორიას თეა გოდოლაძის კომენტარი, რაც, ამ ამბის ირგვლივ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებდა აუდიტორიას;
  • რა პასუხი აქვს "კურიერს" საზოგადოების ნაწილის აღქმაზე, რომ გავრცელებული მასალა საზოგადოებრივად აქტიური მეცნიერის დისკრედიტების მცდელობას ემსახურებოდა შოვში მომხდარი მეწყრული კატასტროფის კონტექსტში, რადგან გოდოლაძე ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე მიუთითებდა.
ასევე, ვცადეთ დავკავშირებოდით დღის კურიერის, ასევე, 9-საათიანი გამოშვების პროდიუსერებს.

არხმა მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში შესთავაზა თეა გოდოლაძის პოზიციაც, თუმცა, ამბის გაშუქებისას, ძირითად აქცენტს მათ მიერ "მოპოვებულ ჩვენებაზე" აკეთებს.
კატეგორია - საქართველო
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ინფორმაცია ინფორმაციის მრავალფეროვნებას არ ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ინტერესებს ალგორითმი განსაზღვრავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

2023 წლის ივლისის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყენებს სოციალურ ქსელს, შესაბამისად დღითიდღე იზრდება "ახალი მედიის" როლი სხვადასხვა თემებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

მცირე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური, ხშირად კოორდინირებული და არაავთენტური ჯგუფები ცდილობენ წამოიწყონ დისკუსია მათთვის სასურველ თემაზე, რაც თავის მხრივ ამწვავებს დაპირისპირებას დანარჩენ საზოგადოებაში, რადგან ალგორითმის საშუალებით მარტივია დიდ აუდიტორისთან წვდომა.

მოკლედ, როგორ მუშაობს ალგორითმი?

სოციალური ქსელების ალგორითმი ტექნიკურად სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ერთი მიზანი - შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, ინტერაქცია და მიაწოდონ ის კონტენტი, რომელიც მას მოსწონს და დიდხანს გააჩერებს პლატფორმაზე.

რა პრობლემაა?

მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მუდმივად კითხულობს, უყურებს სხვადასხვა პრორუსული, დეზინფორმაციული გვერდების კონტენტს, ალგორითმი მუშაობს ანალოგიური პრინციპით და ამ მომხმარებელს მუდმივად აწვდის პროპაგანდისტულ მასალებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ე.წ "ფაქტ-ჩეკერები" ყალბი, არაზუსტი მასალების მოსანიშნად და წასაშლელად აქტიურად მუშაობენ, დეზინფორმაცია მაინც დიდი მასშტაბით ვრცელდება.
"როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.
  • ეს კი აჩენს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მხარეს, ე.წ "ბაბლებს" ("პატარა საზოგადოებებს") სოციალურ ქსელებში.
  • მწვავე პოლარიზაციის პირობებში, მედიის მიერ ამბების სწორად გაშუქებასა და ინფორმაციის ყველა "ბაბლის" წევრამდე მიტანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


როგორ შეუძლია მედიას "გაწვრთნას" ალგორითმი?

პასუხისმგებლიანი მედიისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მათი გადამოწმებული, ღირებული მასალები უბრალოდ ვერ აღწევს იმ აუდიტორიამდე, რომელიც მუდმივად პროპაგანდისტულ მასალებს ეცნობა.

რატომ? - პრობლემა კვლავ ალგორითმის მუშაობის პრინციპია.

ამიტომ, ცალკეულ ჟურნალისტებს, შეუძლიათ თავად გაწვრთნან თავიანთი სოციალური ქსელის აგორითმი ისე, რომ მათაც ხვდებოდეთ დეზინფორმაციული, პრორუსული ან პროსახელისუფლებო გვერდები და მათი მესიჯები, რადგან იცოდნენ რა ხდება სხვადასხვა "ბაბლებში" და რა გზავნილები ვრცელდება.

  • სოციალურ ქსელებში დააკვირდნენ სხვადასხვა პოსტის კომენტარებში ან გაზიარებების ველში ანგარიშებს, მათ გზავნილებს.

  • სხვა რომელ გვერდებს "მისდევენ" ეს მომხმარებლები, რა/ვინ აინტერესებთ? - გამოიწერეთ იმავე გვერდები.

  • ზიარდება თუ არა პოსტები სხვადასხვა პროსახელისუფლებო ჯგუფებში? როგორია ამ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პროფილებზე გაზიარებული პოსტის ინტერაქცია - დაემატეთ იმავე ჯგუფებში.

ამ გზით, შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ რა ხდება საზოგადოების სხვადასხვა ციფრულ ჯგუფებში. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან პირდაპირი საუბარი იმაზე თუ რა ხვდებათ სოციალურ მედიაში ხშირად, რომელ გვერდებს ეცნობიან ახალი ამბებისთვის და სხვა.

ჟურნალისტებს, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ქცევასა და ინტერაქციაზე დაკვირვებით, შეუძლიათ, რომ ერთი მხრივ, იცოდნენ რა არის ე.წ "მესიჯბოქსი" კონკრეტული დროისთვის, მეორე მხრივ კი ამ "კვლევას" გამოიყენებს თავისი მასალებით დეზინფორმაციის მორიგი კამპანიის პრევენციისთვის.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • ოციფიალურად — დავით კეზერაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი, "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს.
დეტალები:
  • საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი გადაწყვეტილება 2023 წლის 7 აგვისტოს დაარეგისტრირა და ამით დააკმაყოფილა კეზერაშვილის მოთხოვნა, მის მფლობელობაში არსებული წილის 51%-დან, "თავისუფლების ფორმულასთვის" გადაეცა 25%.

რა არის "თავისუფლების ფორმულა"?
  • ორგანიზანია "თავისუფლების ფორმულა", არასამეწარმეო იურიდიულ პირის (ააიპ) სტატუსით, ტელეარხის თანამშრომლების ნაწილმა 2023 წლის 9 ივნისს დააფუძნეს.
  • ორგანიზაციის დაფუძნების ეს პროცესი მოჰყვა ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც მიუთითებენ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
  • "თავისუფლების ფორმულა" ტელეკომპანიის 39-მა თანამშრომელმა დააფუძნა. მათ შორის არიან არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და ახალი ამბების პროდიუსერები.
თუმცა, ამ დრომდე პრობლემა იყო, რომ
  • კეზერაშვილი ვერ ახერხებდა, სამართლებრივად დაემოწმებინა გარიგება — წილის 25 %-ის "თავისუფლების ფორმულასთვის" გადაცემის შესახებ. მის პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული, ეს კი, სამართლებრივი ბარიერი იყო წილის ოფიციალურად გადაფორმებისთვის.
ამ გარიგების საჯარო რეესტრში ოფიციალურად დამოწმების შემდეგ,
"ფორმულას" მეწილეთა შემადგენლობა და წილების გადანაწილება ასეთია:
*2023 წლის 7 აგვისტოს მონაცემები
  • მიხეილ მშვილდაძე - 12.25 %;
  • ირაკლი საღინაძე - 12.25 %;
  • ზურაბ გუმბარიძე - 12.25 %;
  • გიორგი ლიფონავა - 12.25 %;
  • დავით კეზერაშვილი - 26 %;
  • არასამეწარმეო პირი "თავისუფლების ფორმულა" - 25 %.

არქივი:
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს კანონში "მაუწყებლობის შესახებ".
  • პრეზიდენტმა არ გაიზიარა მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოსაზრებები და მოწოდება, გამოეყენებინა ვეტოს უფლება და მხარი არ დაეჭირა "ოცნების" საკანონმდებლო პროექტისთვის.
რა შეიცვალა?
სხვა ცვლილებებთან ერთად,
  • გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  • გაიზარდა პირველი არხის ბორდის შემადგენლობა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით, სადაც, პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობას "ოცნება" ფლობს.
  • დაუქვემდებარა აჭარის საზმაუს მენეჯმენტი პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მმართველი პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
  • მეურვეთა უმრავლესობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მაუწყებლების დირექტორს.

რა კანონია?
  • ეს კანონი ზოგადად, მედიამომსახურების სფეროში რეგულირების პირობებს განსაზღვრავს, და ამავდროულად, ადგენს საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წესებს.

რატომ ითხოვდნენ ორგანიზაციები ვეტოს?
  • "მედიაომბუდსმენის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უპირისპირდება აჭარის ავტონომიურობის ცნებას, არ ითვალისწინებს აჭარის მაუწყებლის საჭიროებებს, გააღრმავებს უნდობლობას საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ და გამოიწვევს ახალ კრიზისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის პროცესში." ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, ეს მოსაზრებები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართვისას გაუზიარა.
  • "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მოწყობის პრინციპებს და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს". "ქარტიამ" ვეტოს დადების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს საჯარო განცხადებით მიმართა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია (16 ორგანიზაციის გაერთიანება) მიიჩნევს, რომ ამით "გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება."

რა რისკებს შეიცავს ცვლილება?
შესაძლოა,
  • მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაირღვეს წარმომადგენლობითი ბალანსი საზმაუს სამეურვეო საბჭოში, რომელთანაც ანგარიშვალდებულება ერთდროულად უკვე ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ექნება;
  • და ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ბერკეტი, მოიპოვოს გავლენა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაზე, რადგან, მეურვეთა არჩევის წესის მიხედვით, 3-3 კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც და აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, სადაც უმრავლესობას ასევე მმართველი პარტია ფლობს; ეს "ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექვსი მეურვის არჩევას ნიშნავს, რაც საკმარისი რაოდენობაა ორივე მაუწყებლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის, რადგან მეურვეთა დანარჩენი ხუთი კანდიდატიდან სამს საპარლამენტო უმცირესობა, ორს — სახალხო დამცველი წარადგენს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხუთი — ექვსის წინააღმდეგ, გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.

რას ამბობს კანონპროექტის ავტორი?