საქართველო
კატეგორია - საქართველო

12 იანვარს, თბილისში, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან ერთი წლის თავზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით მარში გაიმართა. ამაღლობელის კოლეგები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

„ერთი წელი გავიდა, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჟურნალისტი დაატყვევეს უკანონოდ, უსაფუძვლოდ, შეთითხნილი ბრალებით. ერთი წლის თავზე გავიგეთ, რომ პოლიციელი, რომელმაც მზია ამაღლობელზე იძალადა, დააწინაურეს. როგორც ჩანს, ეს არის რეჟიმის ბუნება, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რეჟიმს ეყოფა გონიერება და გაათავისუფლებს ადამიანებს, რომლებიც ტყუილად ჰყავს გამოკეტილი“, - თქვა მარშზე მყოფმა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მარშზე მივიდნენ სინდისის პატიმრების მშობლები და სასულიერო პირებიც. დოროთე ყურაშვილის განცხადებით: 

„მზიას პატიმრობა საქართველოს ტკივილიც არის და ამავდროულად, საქართველოს სირცხვილიც არის, მზია ციხეში იყოს და დგებუაძე - დაწინაურებული პოლიციელი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ხალხმა ვერ დავიხსენით მზია, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მინდა, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღოს და მზია თავისუფლებაზე იყოს, ამას რომ მივაღწიოთ“.

წინა დღეს, 11 იანვრის საღამოს, მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთანაც.

„მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით: „მზია რეჟიმის ტყვეებს შორის იქცა სიმბოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის ჩვენთვის. თავისი მტკიცე ხასიათით, თავისი უტეხობით გარეთ მყოფ კოლეგებს მოგვცა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გავტყდეთ დრაკონული და რეპრესიული კანონების პირობებშიც კი“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ კი აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობით საქართველო ისეთი სახელმწიფოების რიცხვში შეიყვანეს, რომელთა დიქტატორული რეჟიმების შესახებ მსოფლიოში ეჭვი, სამწუხაროდ, აღარავის ეპარება:

„შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ ხმა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა იმას, ვინც უნდა გაიგონოს, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და გავახსენოთ, რომ ერთი წელია უკვე, რაც უკანონო ტყვეობაში ჰყავს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის და კიდევ არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელი. ძალიან უნდა სრცხვენოდეს, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზიას პატიმრობით ეს ქვეყანა შეიყვანეს ისეთი სახელმწიფოების რიცხვში, რომელთა დიქტატორული რეჟიმების შესახებ მსოფლიოში ეჭვი აღარავის ეპარება, სამწუხაროდ“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავებიდან ერთი წლის თავზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აღნიშნავენ, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული პოლიტიკისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მოხდა, ამაღლობელი კი როგორც სასამართლო პროცესზე, ისე ციხის საკნიდან აგრძელებს დემოკრატიისა და თავისუფალი პრესისთვის პრინციპულ ბრძოლას.

მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას გამოეხმაურნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულვებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს. მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულეს“. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით კი, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს. 

------------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
კატეგორია - საქართველო

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების ობიექტურად გამოძიებისკენ კვლავ  მოუწოდებენ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აღნიშნავენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მზია ამაღლობელი პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც დააპატიმრეს, მის მიერ დაფუძნებული გამოცემები კი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოში ჟურნალისტიკის ხარისხის სტანდარტების დამდგენნი. 

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული პოლიტიკისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მოხდა, ამაღლობელი კი როგორც სასამართლო პროცესზე, ისე ციხის საკნიდან აგრძელებს დემოკრატიისა და თავისუფალი პრესისთვის პრინციპულ ბრძოლას:

„მისი გამბედაობის აღიარების ნიშნად, 2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მას სახაროვის პრემია მიანიჭა აზრის თავისუფლებისთვის“.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიძია ბრალდებები, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს დაკავებამდე ცოტახნით ადრე და პოლიციის უფროსმა დაკავების შემდეგ შეაფურთხა და ტუალეტსა და სასმელ წყალზე წვდომა აუკრძალა. მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პრემიერ მინისტრმა, გაავრცელეს შეთქმულების თეორიები, რომ ამაღლობელი პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხო ქვეყნების დავალებით მოქმედებდა, ხელისუფლებამ კი საეჭვო საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე მისი გამოცემების საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, მზია ამაღლობელის მხედველობა პატიმრობაში მკვეთრად გაუარესდა, ერთ თვალში მხედველობის 10% დარჩა, მეორეთი კი მხოლოდ სინათლის აღქმა შეუძლია.

„მზია ამაღლობელი სწრაფად მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადეს პრესის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციებმა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საბოლოოდ გამოასწოროს ეს უსამართლობა და უზრუნველყოს, რომ ამაღლობელმა გისოსებს მიღმა ერთი დღეს აღარ გაატაროს. 

-------------------------------------------------------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 12 იანვარს, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მარში გაიმართება: 

„12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული. მზიას გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.

ამ მარშით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დატყვევებული ჰყავთ შეთითხნილი ბრალდების, ცრუ ჩვენებების და უზურპირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.

ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მზიას უკანონო პატიმრობას, მის მიმართ სახელმწიფოს დაუნდობელ, არაადამიანურ მოპყრობას, მისი უფლებების არაერთგზის დარღვევას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას…

ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ“.

გუშინ, საღამოს, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთანაც შეიკრიბნენ.



მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

კატეგორია - საქართველო

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ეხმაურება საინფორმაციო სააგენტო CNews-ისა და გაზეთ „ქრონიკა პლიუსისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს და შესაბამისს უწყებებს მოუწოდებს ამ შემთხვევით დროულად დაინტერესდნენ. 

„საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის განცხადებით, ის და მისი ჟურნალისტური კოლექტივი 8 იანვრიდან ვერ ახერხებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში შესვლას. გათიშულია ასევე CNews საიტი. ამ მისამართზე შესვლისას მკითხველს ხვდება წარწერა: „გადაუხდელობის გამო ვებგვერდი დროებით არააქტიურია“. ელისო კილაძე მსგავსი დავალიანების არსებობას უარყოფს. მომხდარში ელისო კილაძე ყოფილ ბიზნეს პარტნიორს, იმ ბიზნეს ცენტრის მფლობელს, რომელშიც მედიასაშუალებების ოფისია განთავსებული, ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ ყოფილი ბიზნეს პარტნიორის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებების გამო მის ორივე მედიასაშუალებას მუშაობაში ხელი ეშლება. შედეგად, ორშაბათს ვერ გამოვა „ქრონიკა პლიუსის“ მორიგი ნომერი. ელისო კილაძე შექმნილ პრობლემას ყოფილ ბიზნეს პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირებს, რაც, მისი შეფასებით, შეიძლებოდა გამხდარიყო სამოქალაქო დავის საგანი, მაგრამ არა საოფისე ფართიდან მათი აღსრულების მექანიზმით გამოძევების საფუძველი. 

ელისო კილაძე ხაზს უსვამს, რომ საოფისე კომპიუტერებსა და ელექტრონულ მოწყობილობებში ინახება კონფიდენციალური ინფორმაცია. ოფისში ინახება გაზეთ „ქრონიკა პლიუსის” არქივიც. ელისო კილაძემ არ იცის, ამჟამად მედიასაშუალებების ოფისში რა მდგომარეობაა - გატეხილია თუ არა ოფისის კარი და მიიღეს თუ არა უცხო პირებმა წვდომა მედიასაშუალებების კუთვნილ კომპიუტერებზე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შესაბამისს უწყებებს მოუწოდებს, დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა. საჭიროების შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის გამო“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო


Euronews Georgia-ს განცხადებით, ტელევიზია ახალ ფორმატზე გადადის, რომლის ფარგლებშიც მთავარი აქცენტი ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის საერთაშორისო კონტენტზე გაკეთდება.

„შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება. განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე“, - წერია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ევრონიუს საქართველომ“ მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო. ის ევროპული „ევრონიუსის“ პარტნიორია. შპს „სილქ მედიასა“ და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია „ევრონიუსს“ შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. შპს „სილქ მედიას“ 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „სილქნეტია“. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ 2025 წლის ივლისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, 70 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

კატეგორია - საქართველო

 

სამთავრობო ტელეკომპანიებმა: Postv-იმ, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ Facebook რეკლამებისთვის 90 დღეში $100 000-ზე მეტი დახარჯეს, საიდანაც უმეტესობა Postv-ზე მოდის. 

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook-ის 6 სხვადასხვა გვერდზე 3 744 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $76 918 დახარჯა:

  • „POSTV-ანალიტიკა“: 727 პოსტი - $33 971;
  • POSTV News: 2 881 პოსტი - $31 499;
  • „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 58 პოსტი - $7 098;
  • „ევროპის დაისი“: 15 პოსტი - $2 131;
  • „ლიბერალიზმის ანატომია“: 26 პოსტი - $1 860;
  • „კონსერვატორია“: 37 პოსტი - $359;


Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 490 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ კი ანალოგიურ პერიოდში (2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე) Facebook-ის 2 გვერდზე 53 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 13 815 დოლარი დახარჯა:

  • tv imedi: 51 პოსტი - $13 485;
  • „იმედის კვირა“: 2 პოსტი - $330;



სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 219 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.

რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, სამთავრობო არხმა Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook გვერდზე 117 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $9 572 დახარჯა.

„რუსთავი 2-ს“, რომლის 60%-იანი წილის მფლობელიც ქიბარ ხალვაშია, 40%-იანი წილის მფლობელი კი - შპს პანორამა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 14 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული. 

რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. 


კატეგორია - საქართველო

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, მადლობა უხდის დამოუკიდებელ მედიას გამბედაობისა და საზოგადოებრივი ინტერესის ერთგულებისთვის და 2025 წელს აჯამებს:

„2025 წელს მედია გარემო საქართველოში უკიდურესად რეპრესიული გახდა. არსებული გამოწვევები „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის, როგორც დემოკრატიის, საზოგადოებრივი კონტროლისა და თავისუფალი სიტყვის ფუნდამენტური საყრდენის, სრული განადგურებაა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დამოუკიდებელი მედია აგრძელებს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას.

მიმდინარე წელს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები არა ერთხელ გახდნენ სისტემური ძალადობის, დევნის, უკანონო დაკავებისა და პატიმრობის, ფულადი ჯარიმების სამიზნეები; არსებულ პრაქტიკას კიდევ უფრო ამყარებს და ახალისებს მოძალადეთა და კანონის დამრღვევთა დაუსჯელობა. ამ მძიმე და საშიშ რეალობაში სიმტკიცის, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა მზია ამაღლობელი – ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ქალი ჟურნალისტი პოლიტპატიმარი. მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მკაფიო პოლიტიკურ შეტევას დამოუკიდებელ ხმაზე. ეს არის გზავნილი ყველა ჟურნალისტისთვის: ვინც საუბრობს სიმართლეზე, იცავს საზოგადოებრივ ინტერესს და არ ემორჩილება ზეწოლას – ის დაისჯება.

განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება საპროტესტო პროცესების გაშუქებისას, სადაც ჟურნალისტები ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. იზრდება ძალადობის შემთხვევები, უცხოელ ჟურნალისტებს ხშირად გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად ეუბნებიან  უარს  ქვეყანაში შესვლაზე, მიმდინარეობს დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანიები, მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ე.წ. ხელისუფლებამ მიიღო არაერთი რეპრესიული საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავენ მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტურ საქმიანობას.

მიუხედავად ამ უკიდურესად მძიმე გამოწვევებისა და საფრთხეებისა, დამოუკიდებელი მედია საქართველოში არ ჩერდება. ჟურნალისტები განაგრძობენ მუშაობას, აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებას, იცავენ პროფესიულ ღირსებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ მათ თავდადებასა და სიმტკიცეზე დგას დღეს საქართველოს დემოკრატიული სივრცე.

„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეპრესიების პირობებში დამოუკიდებელი მედია დღეს ისეთივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ეს არის თავისუფლების, სამართლიანობის და ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის და სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიას, თითოეულ ჟურნალისტს და მედიასექტორში მომუშავე ყველა ადამიანს მათი გამბედაობისა და საზოგადოებრივი ინტერესის ერთგულებისთვის", - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე 2026 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა.

26 დეკემბრის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიხედვით, კახა მელიქიძის გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევაა, რაც „მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში“ გამოიხატა.

„წინასაახალწლოდ თინათინ ბერძენიშვილმა საზმაუს კიდევ ერთი მცველი, რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლა სამსახურიდან. შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ისაუბრა იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა“, - წერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“.

„პირველმა არხმა“ კახა მელიქიძეს „საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების“ გავრცელების გამო ერთჯერადად, ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან 30% დაუქვითა. დისციპლინარული სანქციის შესახებ მაშინდელი ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა მელიქიძე 12 თვის განმავლობაში „მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.

მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 2026 წლის 22 იანვრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. 

წინა ჯერზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის კანდიდატები იურისტი აკაკი ბერიძე და მომღერალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი, ანი კეკუა იყვნენ. 24 ნოემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ განმარტა, რომ ანი კეკუას საბუთებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა „განათლების და სამუშაო გამოცდილების ნაწილში“ და მის კანდიდატურას დისკვალიფიკაცია მიეცა. აკაკი ბერიძეს კი მეორე ტურში გადასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

აკაკი ბერიძე ნიკოლოზ მეგრელიშვილთან ერთად, პირველად, აგვისტოში, გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა. მაშინ კანდიდატები მეორე ტურშიც გადავიდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს. საბჭომ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და 17 სექტემბრის სხდომაზე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. 

დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.



კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).

1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით პრემიას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოც. „პირველი არხის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისმიხედვით, მასში შედიან: რუსუდან მანჯგალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი, ნოდარ ჭიჭინაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი, გოჩა ქუმსიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებისმიხედვით, დარჩენილი თანხა მიემართება „საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რგოლის მენეჯერების და თანამშრომლების პრემირებაზე მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციის რეგულაციების დაცვით“.

„მე-13 ხელფასის“ გაცემის საკითხი 23 დეკემბრის სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა

ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს: ზაზა აბაშიძემ, ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. სხდომას არ ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გია მურღულია. 

2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამეურვე საბჭომ, ასევე ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა ცვლილებას პრემირების წესშიც, რომლის მიხედვითაც, გენერალური დირექტორის პრემირების შესახებ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო მიიღებს.  

სამეურვეო საბჭოს  2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა პრემირების წესი აქამდე მაუწყებლის გენერალურ დირექტორზე არ ვრცელდებოდა

ამასთან ერთად, ცვლილება შევიდა სამეურვეო საბჭოს რეგლამენტშიც და ამიერიდან „სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მეურვეების ჰონორარებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის 1% პროცენტის ფარგლებში კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთი - 12 თვის ჰონორარების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესაბამისად“. 

აქამდე ეს დარჩენილი თანხა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კაპიტალური ხარჯების დაფინანსების მიზნით „თიბისი ბანკიდან“ აღებული სესხის დასაფარად მიემართებოდა

23 დეკემბრის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებასაც და 2026 წლის 1 იანვრიდან „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 15 000 ლარით განისაზღვრა. 

თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი (დარიცხულ 16 250 ლარამდე) მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა 2024 წლის 5 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მან არსებული ხელფასის - 12 500 ლარი (დარიცხული) შენარჩუნება ითხოვა.


ხელზე ასაღები 7 000 ლარი იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურებაც. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 23 დეკემბერს მესამედ გამოაცხადა.

23 დეკემბრის სხდომაზე სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა „პირველი არხისა“ და „აჭარის ტელევიზიის“ 2026 წლის ბიუჯეტებიც

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მომავალი წლის ბიუჯეტი 114 452 364 ლარი იქნება, საიდანაც 80 269 771 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა.

22 775 300 ლარი იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტი, საიდანაც სახელმწიფო ასიგნება 20 931 200 ლარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, გია მურღულია და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ. 


კატეგორია - საქართველო

27 დეკემბერს, „ეზოში“, „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ - დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად საახალწლო ფლიმარკეტი მოეწყობა.

როგორც „სინათლე მედია“ წერს, მომავალ შაბათს დაგეგმილია სამი მთავარი აქტივობა: ფლიმარკეტი, აუქციონი და სინათლის მარში:

ფლიმარკეტი | 14:00–18:00

მოიტანე შენი ნივთები, გაყიდე სინათლისთვის და გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია.

აუქციონი | 18:00

აუქციონზე გაიყიდება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, პოსტერები და განსაკუთრებული ისტორიის მქონე მემორიალური ნივთები.

სინათლის მარში | 20:00

დღე დასრულდება სინათლის მარშით - მედიის მხარდასაჭერი მშვიდობიანი მსვლელობით რუსთაველისკენ“. 

ფლიმარკეტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი: https://shorturl.at/SOnUe

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ონლაინმედიების ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

კატეგორია - საქართველო

პატიმრობაში მყოფ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო გადასცეს. წელს სახაროვის პრემია ამაღლობელთან ერთად, პატიმრობაში მყოფ ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. 

სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მზია ამაღლობელის სიტყვა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ წაიკითხა:

„ძვირფასო ევროპარლამენტარებო,

ადამიანის უფლებების ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა – მას ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც დღეს საქართველოში იბრძვიან ჟურნალისტიკის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის ხმა გაგაგონონ თქვენ.

ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში.

ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში.

ჩემმა ხალხმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ეს ხმა გაგეგოთ, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა რუსეთი.

ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.

რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო, სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ.

არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ, კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმენით, სასამართლოს, მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ვმსჯელობდით.

ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები.

ჩვენ  ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან.

ჩვენ სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში.

დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერჩხალს ჰგავდა – საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით.

ეს რეჟიმი დაუნდობელია: სცემს, წამლავს, აჯარიმებს, აპატიმრებს და აშანტაჟებს პროტესტის მონაწილეებს. ანადგურებს თავისუფალ ჟურნალისტიკას, აუქმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში ამწყვდევს მათ ლიდერებს, ფაქტობრივად აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი აგენტებად აცხადებს და როგორც ახლახან BBC-ს საგამოძიებო ფილმით შევიტყვეთ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით წამლავს მოქალაქეებს.

თუმცა პროტესტის ჩახშობა მაინც ვერ შეძლო. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირისგან ისეთი ცხადი მხარდაჭერის განცხადებები ისმის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მისამართით, როგორც არასდროს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.

ვისურვებდი ეს განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ერთ რამემდე დადის: ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება – ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე.

მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე?

ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული „მოჩვენებითი მშვიდობა“ და „საზღვრები“ უნდა მივიღოთ?

ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა? რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს – ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს?

ჩვენ აქ ვრჩებით, საქართველოში, ქალაქების ქუჩებში, სადაც უკვე აქციების გამართვაც იკრძალება, ციხეებში, სადაც უკანონოდ გამოგვკეტეს.

და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად, თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ე.წ “სამშვიდობო შეთანხმება” და შეცვალოს საზღვრები, ცხადია, ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე.

თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი – უძველესი და მცირე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი, დამოუკიდებელ სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის, თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა.

ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი – ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა.

იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის.

მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის!

მადლობა.

მზია.“

ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.

სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებული 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რობერტა მეცოლამ დაასახელა. 

2025 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები იყვნენ: 

▪️ „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი პატიმრები, ანდჟეი პაჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან“;

▪️ „სერბი სტუდენტები“;

▪️ „ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;“

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის მე-11 თვეა უკანონო პატიმარია. ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.