საქართველო
კატეგორია - საქართველო

ფოტო : „ბათუმელები"



დღეს, 12 თებერვალს ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს.

როგორც გამოცემა წერს, „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა მერიის შესასვლელთან მისულ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. 

ჯაბა ანანიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ მერიაში მიმდინარე საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.

„მედიასაშუალება „ბათუმელები“ 24 წელია არსებობს და მსგავსი გამოცდილება რომ ღია სხდომაზე არ შევეშვით, არ გვქონია. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, ვერ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია, დაუგვიანებიათ პასუხი, მათ შორის მერიიდან, ასევე, ვერ მიგვიღია კომენტარი ან ინტერვიუს ჩაწერა იყო პრობლემა მაშინ, როცა ეს არ იყო პრობლემა იგივე პროსახელისუფლებო მედიისთვის, მაგრამ ესეთი შემთხვევა, რომ ღია სხდომაზე, საკრებულოს ან მერიაში გამართულ სხდომაზე, არ შევეშვით დაცვის პოლიციას, ესეთი პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია. 

ამიტომაც, არ ვიცი, საეჭვოდ ემთხვევა თუ არა იგივე მზია ამაღლობელის საქმეს, ხო, რომელიც ცალსახად აჩვენებს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კრიტიკულ მედიასაშუალებასთან, მისი უკანონო პატიმრობა, მაგრამ მეორეა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასე შეზღუდა ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბათუმის მერიამ “, - ამბობს ანანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ვინ დაესწრება სხდომას, ის არ იღებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

 
კატეგორია - საქართველო


მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. 

ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს.

მაია მწარიაშვილის განცხადებით, „მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, მის წინააღმდეგ მიმდინარე  სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“.

მზია ამაღლობელის ადვოკატები მოითხოვენ:

1) სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;

2) საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;

3) სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;

4) პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;

5) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების  გამო.

6) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე  ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;

7) საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლებია. 

კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მხოლოდ ტელევიზიებმა კი 21.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34.9%-ით ნაკლებია.

ComCom-ის განცხადებით, გასული წლის IV კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ.

2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში 33.8 მილიონი ლარი შეადგინა.

„გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა“, - წერს კომუნიკაციების კომისია.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 7.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 

  • 3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 
  • 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა. 
  • 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ-იმ“, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია. 
  • 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო და 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი.
  • 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2024 წლის IV კვარტალში მათ მიერ მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% - პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

2024 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

კატეგორია - საქართველო


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა.

„ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს მომავლისთვის“, - ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

პეტიციაზე ხელმოწერა და გაზიარება ნებისმიერ მსურველს ამ ბმულზე შეუძლია: https://chng.it/HrqCmR27FG

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 31-ე შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

 
კატეგორია - საქართველო

დღევანდელი, 11 თებერვლის 18:00-საათიანი „მოამბე“ გამოშვების იმ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა, რომელმაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„მედიაჩეკერს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ „მოამბის“ წამყვანები 18:00-საათიანი გამოშვების წაყვანაზე უარს ამბობენ.

გამოცემა ამ და სხვა მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტსა და არაერთ სხვა პოზიციაზე მომუშავე პირთან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ისინი „მედიაჩეკერის“ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

4 თებერვალს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა, თამუნა კენკიშვილთან ერთად, განაცხადა, რომ იმ გამოშვების პროდიუსერობაზე, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს, უარი თქვა.

ამავე საღამოს, არხმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აცნობა, რომ „მოამბის" პროდიუსერების მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, დროებით „მოამბეს“ აღარ წაიყვანს.

 
კატეგორია - საქართველო


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული შეკრების მონაწილეებს 5 000-ლარიანი ჯარიმები დაუწესა. 

მოსამართლე ციცინო მოსიძემ 9 პირის, მათ შორის 3 ჟურნალისტის: გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, ეკა კუხალაშვილისა და მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეები განიხილა. 

მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართული შეკრების გამო 7 თებერვალს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით შეუდგინეს.

26 იანვარს, მოსამართლის სახლთან შეკრებილებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიერ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოქროპირაშვილმა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, 25 იანვარს, განუხილველად დატოვა. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : „პუბლიკა"


„მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, 19 ნოემბრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სერგი ბარამიძის იურისტის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სხდომა საქალაქო სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.

19 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.

19 ნოემბერს, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

 
კატეგორია - საქართველო


დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემს.

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა, მასში ვკითხულობთ: „წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით“.

„ფორმულას“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, ამავე დღეს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. 

ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე გადანაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%

ირაკლი საღინაძე - 12.25%

ზურაბ გუმბარიძე - 38.25%

გიორგი ლიფონავა - 12.25%

„თავისუფლების ფორმულა“ - 25% 

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა

კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც 142-ე დღეა შიმშილობს და ექსტრადიციის რისკის წინაშეა, სრულ შიმშილობას აგრძელებს. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა:

„ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს“.

როგორც სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია განმარტავს, 5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამ ეტაპზე სტაბილურადაა. 

გუშინ, 6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წყლის მიღებას დათანხმა, თუმცა სადიგოვი სრულ შიმშილობას კვლავ აგრძელებს. 

აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, 2 თებერვალს, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა.

„ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას“, - განმარტავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. 

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით, მეორედ 31 იანვარს გაუხანგრძლივეს. 

15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის საჩივარიც, მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. ამავე დღეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს, მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

2020 წელს, აზერბაიჯანში მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სადიგოვმა 242 დღე იშიმშილა.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება. სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 

კატეგორია - საქართველო


სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. ის ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა:

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია

„ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას“, - წერს ომბუდსმენი.

მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს საჭირო კვლევებისთვის გადაიყვანეს. დღეს, 6 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ის დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, დღეს და სავარაუდოდ, ხვალ მათ კლინიკაში დარჩება.

ზურაბ ჩხაიძემ „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშოა და გარკვეული გართულებები ყოველთვის მოსალოდნელია:

„რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება, ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება. სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კვლევა კიდევ გაგრძელდეს და იყოს კონტროლის ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე“, - თქვა ჩხაიძემ „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში.

ამაღლობელი დაკავების დღიდან, 26-ე დღეა შიმშილობს. „ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო


„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, დღეს და სავარაუდოდ, ხვალ მათ კლინიკაში დარჩება.

„მხნედ არის. უგრძელდება კვლევები. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ასევე, კონსულტირება ამ კვლევის შედეგად ექიმ-სპეციალისტების მიერ. რეკომენდაციას ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს“.

ჩხაიძის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშოა და გარკვეული გართულებები ყოველთვის მოსალოდნელია.

„რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება, ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება. სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კვლევა კიდევ გაგრძელდეს და იყოს კონტროლის ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე“, - თქვა ჩხაიძემ „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განუსაზღვრელი დროით „მოამბე“ აღარ წაიყვანოს, სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიაა. 

„ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე.

„მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს“. 

ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება „ქართულ ოცნებას„“. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას გმობს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. 

კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას ემსახურება. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იგი ვერ ასრულებს საკანონმდებლო ვალდებულებებს, არასრულყოფილად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არის მიკერძოებული „ქართული ოცნების“ მიმართ და ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა კი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს და არხის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს აკისრიათ. 

„აღნიშნული პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები და სამეურვეო საბჭოს წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საეთერო სივრცეში ობიექტური ხმების გაჩუმებას და “ბიძინა ივანიშვილისა” და “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას. ბოლო დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურისა და ხელმძღვანელობის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი შემთხვევა“

კოალიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მოუწოდებს გამოხატონ პოზიცია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებზე, „კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ“. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაც“, რომელიც შეშფოთებულია საქართველოში რეპრესიის გაძლიერებითა და „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ქართული ოცნების“ გავლენების გაძლიერებით, მიმდინარე პროტესტებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ცენზურის დაწესების მიზნით. 

„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს [მზია] ამაღლობელის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა გაიმართა სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო მზარდი დაძაბულობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე“.

EFJ-ის გენერალური მდივანი, რიკარდო გუტიერესი „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ რეაგირებისკენაც მოუწოდებს: „თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ არ იქნება აღდგენილი, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ EBU-დან უნდა გაირიცხოს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გუშინ, 4 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 18–საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.

„მოამბის“ წამყვანმა „პირველი არხის“ ოფიციალური პოზიციაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს  შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის  მიზნით,  გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებამდე, გუშინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას ორმა პროდიუსერმა, თამუნა კენკიშვილმა და მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადეს, რომ 18:00-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერობაზე, რომელიც ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს, უარს ამბობენ. 

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” ერთადერთი წამყვანია, რომელიც მზია ამაღლობელს სოლიდარობას “მოამბის” პირდარი ეთერში უცხადებდა. ივანოვ-ჩიქოვანი ტელევიზიის იმ თანამშრომელთა შორისაცაა, რომლებიც მენეჯმენტისგან დღის ეთერის დათმობას ითხოვს.

“მოამბის” წამყვანმა 2024 წლის 30 ნოებრის საგანგებო ეთერის დროს, პირდაპირ ეთერი თქვა, რომ მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ღიად საუბრობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გავლენაზეც.