საქართველო
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „რუსული კანონის“ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს:

„“რუსული კანონის“ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა.

საიას განცხადებით, სასამართლომ ამ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო და ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი. შემდეგ ეტაპზე კი იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა:

„სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია „FARA“-ს მიღებისა და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს „რუსული კანონით“ დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით „რუსული კანონი“ არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.

მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც „რუსული კანონის“ ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.

საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა. 1 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე „რუსული კანონით“ დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ „რუსული კანონი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).

კატეგორია - საქართველო


ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი ონლაინ გამოცემა On.ge-ს დირექტორი იქნება. „დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. 21-ე საუკუნის მედიას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს, ჩვენს ქვეყანაში ამას ემატება ის კანონები, რომელიც დიდი პროტესტის ფონზე იქნა მიღებული. თუმცა, არის კარგი გუნდი, კარგი იდეები და იმედი მაქვს, გავუმკლავდებით. ჩემთვისაც სრულიად ახალი და საინტერესო გზა იწყება და ერთი რაც ზუსტად ვიცი, მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდები საქმეს. On.ge სხვადასხვა და ძალიან საინტერესო მიმათულებებს განავითარებს. ვიმედოვნებ, გამოგვივა“, - ამბობს ის „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

ნინო ზაუტაშვილი „რეალური სივრცის“ ყოფილი წამყვანია. ის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან მიმდინარე წლის აპრილში გაათავისუფლა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, On.ge-ს ბოლოს დირექტორი ვაჟა ფანჯაკიძეა. შპს „ონ.ჯის“ 14.25%-იანი წილის მფლობელი შპს „ფორმულა ფროდაქშენია“, 80.75%-ის - შპს „ომედია მედია“, 5%-იანი წილი კი ნინო ტეფნაძეს ეკუთვნის. 

კატეგორია - საქართველო


„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გაანალიზებულია ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ყველა ის დარღვევა, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) დაფიქსირდა.

როგორც MFRR-ი წერს, საკვლევ პერიოდში მედიის თავისუფლების დარღვევის 709 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მედიების 1249 წარმომადგენელს შეეხო. 

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციის“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოც მოხვდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 72 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ 107 სუბიექტს შეეხო. მედიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებით, საქართველო 35 ქვეყნიდან მხოლოდ სერბეთს ჩამორჩება:

„საგანგაშოა, რომ დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა (50%, 36 შემთხვევა) სამართლებრივი ინციდენტი იყო, მათ შორის 36 მედია პროფესიონალის წინააღმდეგ 17 ჯარიმა, დაპატიმრებისა და დაკავების 7 შემთხვევა, ასევე მედიის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები. დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ჩადენილი იყო ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების (24) მიერ, შემდეგ მოდიოდნენ მთავრობის/საჯარო თანამდებობის პირები (20), პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები (14)“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული, გამოძიებები ხშირად არასაკმარისია და დამნაშავეები, განსაკუთრებით პოლიციის წარმომადგენლები, პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან:

„MFRR-ის პარტნიორების გაფრთხილებით, საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას, რადგან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საანგარიშო პერიოდში, გააძლიერა ძალისხმევა მედიის თავისუფლების შესამცირებლად და დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში „უსამართლოდ იმყოფება“.

დოკუმენტში მიმოხილულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი ის კანონებიც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის პირველ ექვს თვეში მიიღო.

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობაც:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ინსტრუმენტად ფუნქციონირებს, რაც ხელს უშლის ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალი რეპორტაჟების მომზადების მცდელობებს. ბოლო თვეების განმავლობაში სიტუაცია გაუარესდა. „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებელში პოლიტიკურ ჩარევაზე ისაუბრეს, და შემდგომში ის ტოქშოუც გააუქმა, რომლის წამყვანიც ზაუტაშვილი იყო. იმავე მიზეზით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოგვიანებით კიდევ ხუთი ჟურნალისტი გაათავისუფლა“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იანვრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ რეჟიმი აგრძელებს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებას, მათ შორის შემზღუდავი კანონების, უკანონო პატიმრობის, ეკონომიკური დევნის, თვითნებური ჯარიმებისა და ცილისწამების კამპანიების გამოყენებით, რათა კიდევ უფრო შეზღუდოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე.

„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 
კატეგორია - საქართველო


17 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მსურველებს გაესაუბრება და მათ კანდიდატურებს კენჭს უყრის. 

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადები ნიკოლოზ მეგრელიშვილმა და აკაკი ბერიძემ წარადგინეს. სამეურვეო საბჭომ კი 12 სექტემბერს ორივე მათგანი მეორე ტურში გადაიყვანა და მათთან გასაუბრება ჩანიშნა. 

კონსტიტუციონალისტმა ნიკოლოზ მეგრელიშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ ეს კონკურსი მისთვის „ტელევიზიაში მოხვედრის“ მესამე მცდელობაა.  2012 წელს მას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა სურდა, 2019 წელს კი - „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობა.

მეგრელიშვილი „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარეა. ცესკოს მონაცემებით, ეს ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებლად დარეგისტრირდა. 



მან „მედიაჩეკერთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ „ეს არის სამეცნიერო დაკვირვების სახე…მეცნიერული კვლევა-ანალიზი არის არჩევნების…მხოლოდ სტატისტიკა და არანაირი სხვა პოლიტიკური კონტექსტი, ასე ვთქვათ…უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი მეცნიერული ინტერესის სფერო გახლავთ საარჩევნო სამართალი და აი, ეს რომ დავიკმაყოფილოთ, ეგ მიმართულებაა მხოლოდ“.

ნიკოლოზ მეგრელიშვილი პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, არის აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის იურისტიც. მისი მეუღლე ნათია ლომაძე კი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტია.

„როგორც იცით, დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაში ვერ ერევა, მაგრამ თუ რაიმე ტიპის ჩემი ზემოქმედება საჭირო იქნება ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით ან ვთქვათ, ჩემი მეუღლის გადაცდომის თვალსაზრისით ჩართულობას მოითხოვს, თუ რაიმე იქნება ესეთი. თუ გაიკითხავთ, ძალიან პროფესიონალი და კარგი ჟურნალისტია, უცხოური განათლებით და სტაჟირებით და ა.შ. მათ შორის, ამერიკულ მაუწყებლებში, მაგრამ თუ რაიმე ტიპის გადაცდომა იქნება, თუ ჩემს პიროვნებასაც გაიკითხავათ, დარწმუნდებით, რომ მე ამ გადაცდომას არავის არ ვაპატიებ, არც საკუთარ ოჯახის წევრს“, - თქვა მან. 

მეგრელიშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა:

„მე როცა მივდივარ რაიმე ტიპის უწყებაში, მე, პირველ რიგში, ვატარებ კვლევას, საკუთარ დაკვირვებას, იმიტომ რომ მედია სამართალი, როგორც გითხარით, ჩემი კიდევ ერთ-ერთი სფეროა დაკვირვების და სამეცნიერო ინტერესის. ამიტომ მე, როგორც უფლებების სპეციალისტი, აი, ამ მხრივ, მინდა, რომ შევისწავლო იქ არსებული მდგომარეობა, ოღონდ შიგნით არსებული მდგომარეობა.

ამიტომ აი, ამ მდგომარეობას დავაკვირდები, შიგნით რა მდგომარეობაცაა, თუმცა მე ზოგადი სტატისტიკა მაქვს, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, მე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც მაქვს, მათ შორის რომელიც ეძღვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტელევიზიის. სხვათა შორის, აი, ბოლოს ახლა სამეცნიერო კონფერენციაზე მქონდა უცხოეთში ეს ნაშრომი წარდგენილი და ეხებოდა მაუწყებელს რეგიონალურს.

აი, ამის ყველაფრის ანალიზი მომცემს მე საშუალებას, რომ…შემდგომი ნაბიჯები გადავდგა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემი მოსვლის შემთხვევაში“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მეორე კანდიდატი იურისტი აკაკი ბერიძეა. მას ამ თანამდებობის დაკავება 2022 წელსაც სურდა. 

ბერიძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული პროგრამა, რომლითაც „აჭარის ტელევიზია“ უფრო მეტად ბრენდული, უფრო მეტად ხარისხიანი და რეგიონულ ტელევიზიებს შორის ლიდერი გახდება. გარდა ამისა, „მინდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ბაზარზე გაკეთდეს შავი ზღვის მედია აკადემია, რომელიც იქნება ჟურნალისტების უწყვეტი დახელოვნების ცენტრი“.

აკაკი ბერიძის აზრით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს სარედაქციო დამოუკიდებლობაც:

„სარედაქციო მიმართულებას, როგორც იცით, ერთი დირექტორი ვერ შეცვლის და ვერც დაადგენს. სარედაქციო მიმართულებები უნდა დაადგინოს ჯერ ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ და პოლიტიკურმა სიტუაციამ. ანუ რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში ეს სარედაქციო კუთხით, ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდე უნდა გაძლიერდეს და კიდე უფრო უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა…

ტელევიზია მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ბიუჯეტის საფუძველზე არის, მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მაქსიმალურად უნდა იყოს ე.წ. სარედაქციო დამოუკიდებლობა გაზრდილი, გაუმჯობესებული და ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჟურნალისტი“.

ბერიძე კითხულობს ლექციებს, არის „კვლევების ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში“. 2014-2021 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

ტელევიზიის ბოლო დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილია, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.



კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და პოლიციის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე ბოლო დროს განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს მკაცრად გმობენ და მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი სერიოზული ფიზიკური თავდასხმები საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დიდი ხნის დაუსჯელობის შედეგია: „ჩვენ მოვითხოვთ ამ ინციდენტების დამოუკიდებელ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა პასუხისმგებელი პირის სრულად დასჯას“.

5 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები, არამედ სისტემატურად წაახალისა და ხელი შეუწყო მათ, რითაც თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იზიარებს:

„საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის ვარდნის მასშტაბები და ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმები არ უნდა იყოს იგნორირებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინოს სულ უფრო ავტორიტარულ „ქართული ოცნების“ რეჟიმზე, რათა დასრულდეს დამოუკიდებელ პრესაზე მიმდინარე თავდასხმა“. 

8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 6 ინციდენტი დაფიქსირდა

ასევე, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „პუბლიკის“ მთავარ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს ხელი დაარტყა, მეორე მხარდამჭერმა კი მოგვიანებით შეაფურთხა. ზაკაშვილი პამ საქმეზე როკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დღეს გამოიკითხა.

„ღამე იყო, როცა დავინახე დაძაბული საუბარი აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოსულ პირებს შორის. მე დავიწყე გადაღება, გადაღებიდან ძალიან მალევე ლევან ზარდიაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჩამარტყა ხელი და რამდენიმე წუთში გიორგი შუკვანმა, რომელსაც ასევე წარვუდგინე თავი და მან ზუსტად იცოდა, რომ მე ვიყავი ჟურნალისტი და იქ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, გვერდიდან მომეპარა და ლაჩრულად შემაფურთხა“, - თქვა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა. 

ბოლო კვირის განმავლობაში, თბილისში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და „ქართულ ოცნებას“ მათი სწრაფი გამიძიებისკენ მოუწოდა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც“.

„საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაკავებული ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ფართომასშტაბიანი ძალადობის ფონზე, ბოლო თავდასხმები, რომელთაგან რამდენიმე, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ არის განხორციელებული, ღრმად შემაშფოთებელია. 

საქართველოს ხელისუფლებამ პრესის წინააღმდეგ ძალადობის ყველა ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ინციდენტების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ

 

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 
კატეგორია - საქართველო


8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 6 ინციდენტი დაფიქსირდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის“ განცხადებით, 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“.

დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა „ქართული ოცნების“ ერთიანი პოლიტიკის ნაწილია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან, პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე, ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“.

კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

  • „პუბლიკა“

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადეს გამოცემის ორ ჟურნალისტზე: ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეზე

ალექსანდრე ქეშელაშვილს „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს ხელზე დაარტყეს, ტელეფონი გააგდებინეს და წაართვეს. ქეშელაშვილმა ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა. 

„პუბლიკა“ ჯერ ისევ ეძებს მეორე ტელეფონს, რომელიც ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე თავდასმის დროს წაართვეს. გამოცემის ინფორმაციით, მიქაძეზე თავდამსხმელი „ქართულ ოცნების“ პარტაქტივის წევრი, ლევან ზარდიაშვილია.

„პუბლიკამ“ ჟურნალისტზე ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტზე რეაგირებისთვის 112-ს გუშინ ღამითვე მიმართა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძახების საფუძველზე პოლიცია ადგილზე არ მივიდა.




  • „ნეტგაზეთი“

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს. ხუციშვილის თქმით, ის კახა კალაძის შტაბიდან გამოსულ ადამიანებს იღებდა, რომლებიც ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და ვიდეოგადაღებაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტს ხელზე მცირე დაზიანებაც აქვს.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, პირი, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა და საქმიანობაში ხელი შეუშალა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის, მოადგილე ხუტა პაჭკორიაა


  • OC Media

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს დამფუძნებელს მარიამ ნიკურაძესაც. მას „ქართული ოცნების“  მხარდამჭერმა, ბექა მიგრიაულმა თავზე წყალი დაასხა

  • „სტუდია მონიტორი“

ბექა მიგრიაულმა წყალი შეასხა „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძესაც

  • უნგრელი ჟურნალისტი

დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მიზეშიც. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ლასლო „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, რომ მას ჯერ ტელეფონი წაართვეს, მერე კი სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ ჟურნალისტი და უნგრეთის მოქალაქე იყო. 



საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 
კატეგორია - საქართველო



Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 31 მაისიდან 28 აგვისტომდე პერიოდში, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე 2 344 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $52 214 დახარჯა:


  • „POSTV-ანალიტიკა“: 693 პოსტი - $27 019;
  • POSTV News: 1521 პოსტი - $15 661;
  • „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 39 პოსტი - $6 045;
  • „ევროპის დაისი“: 31 პოსტი - $1 817;
  • „ლიბერალიზმის ანატომია“: 29 პოსტი - $914;
  • „კონსერვატორია“: 28 პოსტი - $559;
  • „POSTV-რეალობა“: 3 პოსტი - $199;




Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2025 წლის 28 აგვისტომდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში $382 816-ის პოსტები აქვს დასპონსორებული.

რაც შეეხება სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“, არხმა ანალოგიურ პერიოდში Facebook-ის 2 გვერდზე 32 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 13 067 დოლარი დახარჯა.
  • tv imedi: 28 პოსტი - $12 121;
  • „იმედის კვირა“: 2 პოსტი - $946;




სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2025 წლის 28 აგვისტომდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში $189 580-ის პოსტები აქვს დასპონსორებული.

რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. 
კატეგორია - საქართველო



„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა და ის გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან:

„მედიის განვითარების ფონდი (MDF), „მითების დეტექტორის" დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული „პრინციპების კოდექსის" ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს. 

ხელისუფლებამ გამოძიება MDF-ის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე — მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ დაიწყო. გამოძიებას ასევე საფუძვლად დაედო რედაქტორ თამარ კინწურაშვილის საჯარო განცხადებებიც, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მან „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“ მიიღო“.

IFCN-ის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება „როგორც პუტინის რუსეთში“: 

„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან," ნათქვამია კინწურაშვილის განცხადებაში. 

ხელისუფლება ამ ქმედებებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ახორციელებს. ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა, Amnesty International-მა, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზას“.

როგორც „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ აღნიშნავს, ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრები არიან:

IFCN-ის „პრინციპების კოდექსის" დიდი ხნის ხელმომწერები – „მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia – აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე. 

IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა მუშაობდეს შიშის გარეშე“. 

„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN), რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში. 

განცხადება ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) ვებგვერდზე 

 
კატეგორია - საქართველო


„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია.

„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელია. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და სასტიკი მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას  ისახავდა მიზნად. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“, - ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამაღლობელთან ერთად ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის მოკლე სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

მაქსიმ ბუტკევიჩი ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრის Zmina და Hromadske Radio-ს თანადამფუძნებელია. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ბუტკევიჩი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე პაციფიზმის მომხრე იყო, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას, ის უკრაინის შეარაღებულ ძალებში გაწევრიანდა და ოცეულის მეთაური გახდა:

„რუსეთის ძალებმა ტყვედ აიყვანეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრ პატიმრობას გაუძლო, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. ის კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვისთვის გამბედაობისა და გამძლეობის ძლიერ სიმბოლოდ რჩება“.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ულვი ჰასანლი 2016 წლიდან დამოუკიდებელი მედიასაშუალების - „აბზას მედიის“ დირექტორია. 

„2011 წლიდან იგი მთავრობის მხრიდან დაუნდობელ დევნას განიცდის, მათ შორის თვითნებურ დაკავებას, წამებას და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება შორეულ ციხეში, სადაც ის შიმშილობდა და სამარტოო საკანში იყო. ამავდროულად კი პრესის თავისუფლებისადმი მდგრადობასა და ერთგულებას ინარჩუნებს“, - ვკითხულობთ მის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვაცლავ ჰაველის ჯილდო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის გადაეცემათ.

დაარსების დღიდან პრემია გადაეცათ: მარია კორინა მაჩადოს, ოსმან კავალას, ვლადიმერ კარა-მურზას, მარია კალესნიკოვას, ლუჯაინ ალჰათლოულს, ერთობლივად ილჰამ ტოჰტის და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას, ოიუბ ტიტიევს, მურატ არსლანს, ნადია მურადს, ლუდმილა ალექსეევას, ანარ მამადლისა და ალეს ბიალიაცკის.

2025 წლის გამარჯვებული გამოცხადდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო პლენარული სესიის გახსნაზე, რომელიც სტრასბურგში 29 სექტემბერს გაიმართება.


------------------------------------

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 (1) მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მოსამართლემ კი ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

 

 

 

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, 2012 წლის შემდეგ პირველად, ორგანიზაცია მონიტორინგს არ გაუწევს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად:

„”ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა. „ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.

მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის“. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. 

როგორც ორგანიზაცია წერს, „წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში“.

ქარტიის განცხადებით, ორგანიზაცია ამ ეტაპისთვის მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს. 

კატეგორია - საქართველო


„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - დღეს, 20:00 საათზე, ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება. შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, პარლამენტთან მოწყობილ ფოტოგამოფენაზე კი ონლაინ მედიის ჟურნალისტების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება ასახული.

13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ, მათ შორის „მედიაჩეკერმა“, ერთობლივი კამპანია - „სინათლე არ უნდა ჩაქრესდაიწყო, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას გაქრობა ემუქრება, ამ დღეს 22 მედიის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა. დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმაც - sinatle.media, საიდანაც 22 დამოუკიდებელი მედია გამოცემის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით არის შესაძლებელი.



ამ მედიებს შორის არის „აი, ფაქტი“.მისი რედაქტორი, ნინო ბაქრაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ბევრი სირთულე ახლავს თან, თუმცა ამგვარი საფრთხის, რისკისა და შიშის წინაშე აქამდე არასდროს მდგარან.

„რასაც ახლა გავდივართ, მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილა. ეს ვითარება შექმნა რუსულ ორბიტაზე მოქცეულმა „ქართულმა ოცნებამ. მათ გაიზიარეს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების გამოცდილება და საქართველოში აამოქმედეს კანონები, რომელიც მხოლოდ დიქტატურის გამყარებას ემსახურება. ამ კანონების მიზანია შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, მოკვდეს მედია, მოკვდეს თავისუფალი და კრიტიკული სიტყვა. ასე დიქტატურას ეხსნება ხელ-ფეხი სრული მოქმედებისა და საკუთარი თავის გადარჩენისთვის…რუსეთში მოქმედებს მსგავსი კანონები: აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ბელარუსში და ახლა ჩვენთანაც. ამ ქვეყნებისკენ მიისწრაფვის მმართველი გუნდი და არის კი ეს ქართველი ხალხის ნება?“ 

როგორც „აი, ფაქტის“ რედაქტორი აღნიშნავს, ქართული დამოუკიდებელი მედია დგას დაბრკოლების წინაშე, რომელიც „ან გაგვაქრობს, ან კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“:

„ეს ყველაფერი ჩვენს მკითხველზე, ქართველებზეა დამოკიდებული. მათ უნდა გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დამოუკიდებელი მედია, რომელიც მათ ემსახურება და მათ სათქმელს აჟღერებს...ბეწვის ხიდზე გავდივართ ყველა, მთელი ქვეყანა და ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ბევრ ქართველს წარმოუდგენია, თუმცა არავითარ შემთხვევაში - უიმედო. მე მჯერა, რომ ქართული მედია ამ სიკვდილის საფრთხესაც ღირსეულად გადალახავს და კვლავ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ მკითხველს ვემსახუროთ…ხალხს მხოლოდ კრიტიკულ აზროვნებასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაკვირვებას ვთხოვ. მერე თვითონაც მარტივად დაინახავენ თეთრსა და შავს, რადგან დამოუკიდებელი მედიები ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია და კრიტიკული ინფორმაციის მოძიება - შესაძლებელი. ნუ დაუშვებთ, რომ ეს შესაძლებელი აღარ იყოს“.




Chai Khana-დირექტორის, ლიკა ანთაძის თქმით კი, დამოუკიდებელი მედიის გარეშე ნაკლებად ინფორმირებული მოქალაქე გვეყოლება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ასევე, საკუთარი ხმის გაჟღერება და სხვისთვის გაგონება გაუჭირდება:

„ყველაფერი რაზეც ჟურნალისტები, რედაქტორები და მედეამენეჯერები საუბრობენ რეალობად იქცევა. ადამიანები ვერ გაიგებენ კორუფციის, მმართველი პარტიის დაუდევრობისა თუ ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 

დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძირითადად მაინც ონლაინ მედიასთან ასოცირდება, აუდიტორიას მიუკერძოებელ, ფაქტებზე დაფუძნებულ, სენსაციონალიზმისა და პარტიული აფილიაციისგან თავისუფალ გაშუქებას სთავაზობს, ამის გარეშე კი საზოგადოება იმ მედიის ამარა რჩება, რომელიც პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მუშაობს, ან პირდაპირ ფინანსდება მათგან და საზოგადოებრივი ინტერესის ნაცვლად, მათ ინტერესს ემსახურება. ასეთი მედიაგარემო ინფორმირებულ მოქალაქეს და მითუმეტეს პასუხისმგებლობიან და ეთიკურ ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და მედიამენეჯერებს ვერ შექმნის. 

ცხადია, ინფორმაციის გავრცელება დღეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს (რუსეთშიც კი შესაძლებელია, სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, VPN-ის საშუალებით არაპროპაგანდისტულ წყაროებზე ჰქონდეთ ადამიანებს წვდომა), რადგან თითქმის ყველას აქვს პლატფორმა და მცირე თუ დიდ აუდიტორიაზე წვდომა, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს სანდო, მიუკერძოებელ მედიას და პროფესიონალი ჟურნალისტების ძალისხმევას გააანალიზონ, გამოიძიონ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები“. 

დამოუკიდებელი მედია გამოცემების კამპანიაში - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მონაწილეობენ რეგიონული მედიებიც, მათ შორის Qartli.ge. მისი დამფუძნებელი, საბა წიწიკაშვილი „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ წლების მანძილზე, მედიის მხარდამჭერი ფონდები არა მარტო მათი ორგანიზაციების ტექნიკურ აღჭურვილობაზე ზრუნავდნენ, არამედ ხელს უწყობდნენ მაღალი სტანდარტის ჟურნალისტებად ჩამოყალიბებასა და მასალების ეთიკური სტანდარტების დაცვით შექმნაში, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი არაერთი კანონის შემდეგ, „ეს ყველაფერი ჩაკვდა“:

„ჩვენი მედიის წარმატება დამოკიდებული იყო ადგილობრივი თემების გაშუქებაზე, ეთიკური სტანდარტების დაცვაზე. რაც მთავარია, დამოუკიდებლები ვიყავით ხელისუფლების გავლენებისგან. ვმუშაობდით ახალ-ახალ იდეებზე, რომლის განხორციელებაზეც შეგვქონდა განაცხადები ფონდებში, მონაწილეობას ვიღებდით კონკურსებში. კარგად მომზადებული მასალები, შემდეგ მათზე გამოხმაურებები, რეაგირებები ახალი იდეებისთვის სტიმულს გვაძლევდა. ახლა ეს ყველაფერი ჩაკვდა. რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს, ვერ განახორციელებენ: აღარ გეყოლება გუნდი, ვეღარ აღზრდი ახალ კადრებს, ვეღარ იმოძრავებ სოფელ-სოფელ. როცა გასაშუქებლად გიხმობს, ვერ მიდიხარ“.

იმის საჩვენებლად, რამდენი დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლია  დამოუკიდებელ მედიას, საბა წიწიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას ერთი ამბავიც გაიხსენა:

„ქარელის მერიის Facebook- გვერდზე მოქალაქის კომენტარი წავიკითხე, რომ იქნებ, დაზიანებული დაკიდული ხიდი აღგვიდგინოთო. დავინტერესდი და ამ ხიდის სანახავად წავედი. შუადღე იყო. ხალხი არ ჩანდა. მოულოდნელად ხიდი ამოძრავდა და დავინახე, რომ ორი ქალი გადმოდიოდა. ცალი ხელით ჩანთა ეჭირათ, მეორეთი ხიდის ბაგირს ებღაუჭებოდნენ და ისე მოდიოდნენ, რიყეზე ან მდინარეში რომ არ ჩაცვენილიყვნენ. როგორც კი მასალა მოვამზადეთ და ეს კადრები დავდეთ, მეორე დღესვე ხიდი დაკეტეს და რამდენიმე დღეში აღადგინეს“.



გულო კოხოძე, „სამხრეთის კარიბჭის“ დირექტორი კი „მედიაჩეკერს“ უყვება:

„მაღალმთიან სოფლებში იმ დროს დავდიოდით როცა გზა - სოფლებში კი არა, მუნიციპალურ ცენტრამდეც არ იყო. ახლაც მახსოვს ხალხის გაოცებული სახეები. როცა სოფლებში, ეზოებში მივადგებოდით ხოლმე და ვუხსნიდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით… სოფლებში 3-4 ჯერ გვიწევდა ასვლა, ადგილობრივები რომ გაგვეცნო და ჩვენთან გულღიად ესაუბრათ. ვისხედით ხოლმე ხან ქვის ყორეზე, ხან ძაღლებით გარშემორტყმულები და მუხლებაკანკალებულები ვიწერდით ადგილობრივებს. მერე უკვე გვცნობდნენ, „ბარევძეს!“- ვიტყოდი და მპასუხობდნენ: „ბარევძეს ჰარავაინ დარპას“ (გამარჯობა „სამხრეთის კარიბჭე“) და იცინოდნენ. ასე ნელ-ნელა დავმეგობრდით“.

კოხოძე აღნიშნავს, რომ მათი წყალობით მოსახლეობამ ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი:

„წლების წინ, როცა უტყისუბანში (ადიგენის სოფელი) პირველად ავედი მასალის გასაკეთებლად, გავიგე, რომ სოფელს წლებია, სინათლე არ ჰქონია. იქ მოვისმინე ამბავი, როგორ აიფარა ნათურის შუქზე პატარა უტყისუბნელმა ბიჭმა თვალებზე ხელი, ბათუმში, ნათესავთან სტუმრობისას. არ იცოდა სინათლე. ამ უშუქობაზე დავწერე მაშინ და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფელს ჯერ გენერატორები აუტანეს, მერე, დიდი ბრძოლების შემდეგ სოფელში სინათლეც აინთო. ასეთი ისტორიები ყველა ჩემს კოლეგას აქვს. მათ კიდევ უნდა გააგრძელონ წერა და ამბები თქვენამდე მოიტანონ. „სამხრეთის კარიბჭე“ არის და მუდმივად იქნება ყველა ადამიანის ხმა!“

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 

  

 
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი 1 სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს. ტატიშვილის განცხადება გადადგომის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ცნობად 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.

ამავე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, ვლადიმერ ტატიშვილის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.

ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა. სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 12 აგვისტოს უკვე გამოაცხადა

ამავე დღეს, სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესიც. დირექტორის დანიშვნის შესახებ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ სხდომას საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.   

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. ტელევიზიის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს.