მოსამართლის განჩინება - ბეჭდური მედიის მიმოხილვა
10.11.2015
„რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გაზეთებმა: „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“. ამავე დროს, თუკი „რეზონანსი“ და „კვირის პალიტრა“ რესპონდენტების მოსაზრებებს გვთავაზობენ და თემას მრავალმხრივად აშუქებენ, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები „რუსთავი 2-ისადმი“ თავიანთ ნეგატიურ პოზიციებს არ მალავენ და მათი რესპონდენტებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ტელევიზია „უნდა განადგურდეს“.

ყოველკვირეული გაზეთის - „კვირის პალიტრის“ პირველ გვერდზე გამოტანილი ანონსებიდან ვიგებთ, რომ გაზეთში მე-5, მე-6 და მე-7 გვერდებზე დაბეჭდილია სტატიები შემდეგ საკითხებზე: „რა განწყობებია ტელევიზიის ჟურნალისტებში“, „რას გეგმავენ ძმები ყარამანიშვილები“, „ქიბარ ხალვაშის პასუხი დავით უსუფაშვილს“ და ა.შ. „რუსთავი 2-ის“ თემას ეხება კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც გაზეთის მეორე გვერდზე გამოქვეყნებულ ტრადიციულ რუბრიკაში „კვირის თემა“. გაზეთის მე-5 გვერდზე, ერთგვერდიან მიმოხილვაში, წარმოდგენილია როგორც „რუსთავი 2-ის“ მფლობელების - ძმები ყარამანიშვილებისა და მათ მიერ დანიშნული მმართველების - ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის, ისე მოდავე მხარის - ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის პოზიციები. მე-6, მე-7 გვერდზე კი ძირითადად „რუსთავი 2-ის“ მოწინააღმდეგეების კომენტარებია წარმოდგენილი. ეს ამ გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების სათაურებიდანაც ჩანს - „მათ ხალხი გვერდით არ დაუდგება“, „არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა გაშიფრულია“, „გიორგი პაპუაშვილმა შესაძლოა, სამართლის სისტემაში კოლაფსი გამოიწვიოს“.

კიდევ უფრო მეტ და მრავალფეროვან მასალას გვთავაზობს გაზეთი „რეზონანსი“, რაც პირველივე გვერდზე გამოტანილი ორი მთავარი ანონსიდან და ორი მოწინავე სტატიის დასაწყისიდან ჩანს. გაზეთში წარმოდგენილია როგორც აღწერილობითი („ორხელისუფლებიანობის დასაწყისი „რუსთავი 2-ში“), ისე ანალიტიკური სტატიები („რამდენად ნეიტრალური მმართველები იქნებიან საყევარიშვილი და დვალი“). ამავე დროს, ანალიტიკურ სტატიებში წარმოდგენილია არა სარედაქციო ან ჟურნალისტის პოზიციები, არამედ სხვადასხვა ექსპერტების შეფასებები. „რეზონანსი“, ასევე, გვთავაზობს აქტუალურ საკითხს, რაზეც სხვა გაზეთებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ - „ამცირებს თუ არა „რუსთავი 2-ის“ საქმე ვიზალიბერალიზაციის შანსებს“.

„ასავალ-დასავალის“ დამოკიდებულება „რუსთავი 2-ისადმი“ ჩანს პირველივე გვერდზე გამოტანილი სათაურით - „ამაზრზენ 2“. სტატია შოუ „ნიჭიერის“ მონაწილის, ჟანა წითელაურის სკანდალს ეხება და მთავრდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლანძღვით. ჟურნალისტის მტკიცებით, მათ არ გამოხატეს პოზიცია „ნიჭიერის“ მონაწილის „მორალურ განადგურებაზე“. არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ჟურნალისტი სიძულვილის ენას იყენებს - „აი, ეს არის ამ ლიბერასტი კაციჭამიებს მორალი და ზნეობა“ და იქვე დასძენს: „და ესენი კიდევ ენას წაიგდებენ და სხვის „სიძულვილის ენაზე“ და „ჰომოფობიაზე“ ილაპარაკებენ!“

„ასავალ-დასავალის“ მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე იმდენი დაიწერა, რომ გაზეთის ჟურნალისტები ამ თემას უკვე თვითონვე ეხებიან. „ბატონო ელიზბარ, თქვენ სიძულვილის ენით საუბრობთ“, - მიმართავს ჟურნალისტი რესპონდენტს მე-8 გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სადაც ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს (თან, როგორც გაზეთი მიანიშნებს, იცინის): „მთელი „რუსთავი 2“ და მათი დამცველები, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ერთ უკაცრიელ კუნძულზე უნდა გაასახლო და ერთმანეთი უნდა დაჭამონ!“

„ასავალ-დასავალის“ ამ ნომრის მთავარი რესპონდენტი პოეტი რეზო ამაშუკელია. ორგვერდიანი ინტერვიუს სათაურში გამოტანილია მისი სიტყვები: „რუსთავი 2“, როგორც იდეოლოგიური მანქანა და სისხლისმსმელი ფაშისტების რუპორი, ბოლომდე უნდა განადგურდეს!“ ამ პუბლიკაციაში როგორც ჟურნალისტის, ისე რესპონდენტის მიერ გამოყენებულია ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ეპითეტები. სიძულვილის ენა გვხვდება მე-12 გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც, სადაც ჟურნალისტი ეხება აშშ-ის ელჩის, იან კელის მიერ გამოხატულ შეშფოთებას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოტანილ სასამართლოს განჩინების თაობაზე.

„რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას ტენდენციური ფრაზები გვხვდება „კვირის ქრონიკაშიც“. მე-2 გვერდზე გამოქვეყნებულია სიახლე, რომელიც მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კონახიძის შეფასებებს გვაცნობს. მას თან ერთვის ანონიმი ავტორის ვრცელი კომენტარი და ვრცელი სათაური: „ქალბატონო მანანა, ხალხმა „ქართული ოცნება“ სიტუაციის, განუკითხაობის, უსამართლობის შესაცვლელად აირჩია და არა იმისთვის, იდგეთ და მონა მოსამართლეებს თავზე ხელი უსვათ!“ გაზეთის მე-7 გვერდზე „რუსთავი 2-ის“ თემის გაშუქება ანტიდასავლურ პროპაგანდაში იზრდება. „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტი ამ პუბლიკაციას კითხვა-ძახილის წინადადებით ასათაურებს: „ამ სისხლიანი სცენარის უკან დასავლეთი დგას?!“ მისი რესპონდენტი, „უფლებადამცველი“ ნიკოლოზ მჟავანაძე კი აცხადებს: „სააკაშვილის დროს ხალხს აუპატიურებდნენ ციხეებში, ტყეებში, ხოლო დღეს ჩვენი ქვეყნის გაუპატიურება ხდება სწორედ დასავლეთის მხრიდან“.

კიდევ ერთი ყოველკვირეული გაზეთი, „პრაიმ-ტაიმი“ „რუსთავი 2-ის“ თემას ეხება ერთადერთი, მაგრამ ვრცელი - ორგვერდიანი პუბლიკაციით: „საქართველოში ახალი რევოლუცია მზადდება“. ეს სათაური გაზეთის პირველ გვერდზეც არის გამოტანილი და მეტი სენსაციურობისთვის შეფუთულია წარწერებით - EXCLUSIVE. პუბლიკაციის პირველ ნაწილში ჟურნალისტის სუბიექტური მოსაზრებებია გადმოცემული, მეორე ნაწილში კი მას ექსპერტი პათოლოგანატომი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრება. „ბევრს ალბათ გაუკვირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის არჩევა რესპონდენტის რანგში ამ თემების განსახილველად“, - თვითონვე წერს ჟურნალისტი და იქვე განმარტავს არჩევანის მიზეზს: „ეს ადამიანი იყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც თავის დროზე, 2003 წლის რევოლუციის მზადების წინაპერიოდში, სააკაშვილის გუნდთან ერთად, სამოქალაქო აქტივობას იჩენდა“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ