მუხტარლის გაუჩინარება - ალტერნატიული ფაქტები და მანიპულაცია „მოამბეში“
07.03.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის 31 მაისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარების ფაქტი მეორე ამბად გავიდა. საკითხი ორ ნაწილად გაშუქდა, პირველ ნაწილში თავად ფაქტი იყო მიმოხილული, მეორეში კი პოლიტიკოსების და არასამთავრობოების შეფასებები შემოგვთავაზეს. თემის გაშუქებისას იკვეთებოდა, რომ მაუწყებელი ცდილობდა, მუხტარლის პიროვნების შესახებ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მთავარი საკითხიდან, ყურადღების მეორეხარისხოვანზე გადატანას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოაჩენდა, რომ თითქოს, მუხტარლი არა ჟურნალისტი, არამედ ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტია.

უნდა აღინიშნოს, რომ „მოამბის“ პირველ სიუჟეტში მოსწავლეების თვითდაზიანების შესახებ გვიამბეს - მასალიდან ვიგებდით, რომ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა ხელები დაისერეს და ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდა. „მოამბემ“ მიიჩნია, რომ 31 მაისს, ეს თემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის ამბავი.

აქცენტის გადატანა მთავარიდან მეორეხარისხოვანზე

„ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები საქართველოში გაუჩინარებულ და აზერბაიჯანში ნაპოვნი ჟურნალისტის შესახებ. აფგან მუხტარლის საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან, რასაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უარყოფს და ფაქტს გატაცებად აფასებს“, - ასე დაიწყო წამყვანმა თემაზე მომზადებული პირველი, გამხსნელი სიუჟეტის შესავალი ტექსტი. „ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებად“, არა მხოლოდ შესავალ ტექსტში, არამედ მთლიან სიუჟეტში წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

ა) მუხტარლი ან აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა

ან

ბ) საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

ამ სიუჟეტში საერთოდ არ დასმულა კითხვა, როგორ მოხვდა მუხტარლი აზერბაიჯანში - ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით, თუ აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მეშვეობით, ისე რომ ქართულმა მხარემ ვერაფერი გაიგო. ამ მნიშვნელოვანი საკითხიდან აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, მუხტარლი აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა, თუ საზღვარი მართლაც უკანონოდ გადაკვეთა.

როგორ მოხვდა ჟურნალისტი საქართველოდან აზერბაიჯანში - ეს კითხვა გამოშვებაში პირველად, თემაზე მომზადებულ მეორე სიუჟეტში, გადაცემის 14-ე წუთზე დაისვა (შეგახსენებთ, რომ 31 მაისის მოამბე სულ 20 წუთიანი იყო). შესავალ ტექსტში აღინიშნა, რომ ზემოხსენებული შეკითხვა „მესამე სექტორს“ აინტერესებს. ამავე სიუჟეტში მოხვდა ინფორმაცია, ჟურნალისტების მიერ მუხტარლის მხარდასაჭერად გამართული აქციის შესახებ, თუმცა საინტერესოა, რომ სიუჟეტში არათუ აქციის მონაწილე არც ერთი ჟურნალისტის კომენტარი არ შეუთავაზებიათ მაყურებლისთვის, არამედ არც კი აღუნიშნავთ, რომ აქცია ჟურნალისტების მიერ იყო ორგანიზებული და მონაწილეთა უმეტესობაც სწორედ მუხტარლის ქართველი კოლეგები იყვნენ. მაყურებელმა სიუჟეტიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ თბილისის რამდენიმე ადგილზე, მუხტარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს: „აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსებიც, პლაკატები გაშალეს საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც“ - დააკონკრეტმა ჟურნალისტმა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სინქრონები შემოგვთავაზა. მოგვიანებით, საპარლამენტო ოპოზიციის, სახალხო დამცველის, აშშ-ს ელჩის, პრეზიდენტის შეფასებებიც მოვისმინეთ.

ცხადია, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი, არასამთავრობოები თუ აშშ-ს ელჩი, ხშირად აკეთებენ განცხადებებს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის შესახებ, მაგრამ საქართველოში ჟურნალისტები არც თუ ისე ხშირად გამოდიან აქციებზე მონაწილის სახით და არც თუ ისე ხშირად აპროტესტებენ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, ის რომ აქციაზე ჟურნალისტები უცხადებდნენ აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობას, ამბის მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რაც „მოამბემ“ თავის მაყურებელს არ უამბო.

მუხტარლის დაკავშირება „ანტიაზერბაიჯანულ იატაკქვეშა მოძრაობასთან“

„ცოტა ხნის წინ მუხტარლი ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიამ იატაკქვეშეთში მოქმედი ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის ლიდერადაც გამოაცხადა“ - მოვისმინეთ წამყვანისგან შესავალ ტექსტში. ბუნდოვანი დარჩა, რომელმა აზებაიჯანულმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა მუხტარლი ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის ლიდერად, რამდენად სანდოა ეს მედია და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მუხტარლის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის შესახებ - ეს აქცენტები წამყვანის შესავალში არ დასმულა. ამავე ტექსტიდან მაყურებელს ექმნებოდა განწყობა, რომ მუხტარლი საეჭვო საქმიანობაში იყო გარეული.

მუხტარლის „ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობას“ უშუალოდ სიუჟეტშიც შეეხნენ, ვრცლად განიხილეს ვერსია, რომ დაკავებული მუხტარლი და მისი მეგობრები იატაკქვეშა ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის წევრები არიან. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ მუხტარლის ფეისბუკ გვერდიდან „საინტერესო დეტალები იკითხება“. კერძოდ, „26 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში ჟურნალისტი წერს, რომ აღარაღლის აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. ამ პოსტის მიხედვით, იგივე ადამიანები ცოტა ხნით ადრე უთვალთვალებდნენ მათ საერთო მეგობარს და აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის , ეროვნულ ფრონტის თავმჯდომარის მოადგილეს, გოზალ ბაირამლის, რომელიც თბილისში მეგობრებს, მათ შორის კლინიკა ლანცეტის დირექტორს, ფარმან ჯეირანის სტუმრობდა”, - ამბობს ჟურნალისტი.

„პოსტში დასახელებული მეოთხე ადამიანი და მეგობარი, რომელმაც მუხტარლი ბოლოს ნახა, იატაქვეშა მოძრაობის არსებობას უარყოფს, თუმცა არ მალავს რომ ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და აზერბაიჯანის დატოვებადე ოპოზიციური მოძრაობის, ეროვნული ფრონტის რიგებში იყვნენ“- განმარტავს ჟურნალისტი და გვთავაზობს მუხტარლის იმ მეგობრის სინქრონს, რომელმაც მუხტარლი გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა.

სიუჟეტის ამ ნაწილით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მიზანი მუხტარლის ანტიაზერბაიჯანულ მოძრაობასთან კავშირის ვერსიის გაჟღერება იყო, გარდა ამისა, მაყურებელს ექმნებოდა განცდა, რომ დააკავეს არა ჟურნალისტი, რომელიც თავის ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის წევრი, რომელიც საეჭვო, ანტიაზერბაიჯანულ, ანუ ანტისახელმწიფოებრივ იატაკქვეშა მოძრაობასთანაა დაკავშირებული.

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის და მუხტარლის მეგობრობა

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ მუხტარლი და მის ფეისბუკ პოსტში აღნიშნული ადამიანები „აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო გამოცემამ ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშა მოძრაობის ლიდერებად მოიხსენია“. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამ დასახელებული 4 პიროვნებიდან სამი უკვე დაკავებულია - მუხტარლი და გოზელი, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას და თანხის არადეკლარირებულად გადატანას ედავებიან, და კლინიკა ლანცეტის დირექტორი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, თაღლითობა ედება ბრალად. გაუგებარი დარჩა, თუკი მიზანი იმის წარმოჩენაა, რომ მუხტარლის ფეისბუკ სტატუსში ნახსენები პირები , რომლებსაც მუხტარლის თქმით უთვალთვალებდნენ, დაკავებულები არიან აზერბაიჯანული მხარის მიერ, რა კავშირში იყო ლანცეტის დირექტორი, რომელიც ქართულმა მხარემ დააკავა კონკრეტული ბრალდებით - თაღლითობით. სიუჟეტში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ ლანცეტის დირექტორი, მუხტარლი და დასახელებული კიდევ ორი პიროვნება მეგობრები არიან.

ლანცეტის დირექტორის დაკავების საკითხს დაკავების დღიდან მედია აქტიურად აშუქებს მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე - ამ პირს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, თაღლითობაში ედება ბრალი. ამ გაშუქების შედეგად, ცხადია, საზოგადოებას აქვს გარკვეული წინასწარი განწყობები და ინფორმაცია ლანცეტის დირექტორის შესახებ. „მოამბის“ სიუჟეტში, ამ ადამიანის მუხტარლისთან კონტექსტში ხსენება, ისე რომ ბუნდოვანი დარჩა, რა კავშირში იყო მისი დაკავება მუხტარლის გაუჩინარებასთან, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ემსახურებოდა მუხტარლის საქმიანობის შესახებ ეჭვების გაჩენასა და იმ აზრის გაჟღერებას, რომ მუხტარლი და თაღლითობის ბრალდებით დაკავებული “ლანცეტის” დირექტორი მეგობრები არიან.

„მუხტარლი ჟურნალისტი არ არის“

მას შემდეგ, რაც მუხტარლის და მისი ნაცნობების თუ მეგობრების ანტიაზერბაიჯანულ მოძრაობაში და პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობის ვერსიები მიმოიხილეს, შემოგვთავაზეს ვიცეპრემიერ ჯეჯელავას განცხადება, რომ მუხტარლი ჟურნალისტი არ არის და ის რადიო თავისუფლებაში არა ჟურნალისტად, არამედ დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ჯეჯელავას სინქრონის შემდეგ, ჩართვაზე ჟურნალისტი დაბრუნდა და მუხტარლის საქმიანობის შესახებ აღნიშნა:

„ჩვენ დღეს ამ თემაზე დავუკავშირდით რადიო თავისუფლების თანამშრომლებს პრაღის ოფისში, მათ შორის იმ ჟურნალისტებს , რომლებიც მუშაობდნენ აზერბაიჯანის ოფისში, ამ ოფისის დახურვამდე და მათ დაგვიდასტურეს, დაკავებული ჟურნალისტი იყო არა შტატიანი თანამშრომელი, არამედ უბრალოდ, შეკვეთით ამზადებდა მათთვის სტატიებს“.

მუხტარლის საქმიანობის შესახებ მსჯელობა, ჟურნალისტის ამ სიტყვებით დასრულდა. მაყურებელმა კი, ჯერ ვიცეპრემიერისგან გაიგო, რომ მუხტარლი ჟურნალისტი არ იყო, შემდეგ „მოამბის“ რეპორტიორისგან მოისმინა, რომ ის „იყო არა შტატიანი თანამშრომელი, არამედ უბრალოდ შეკვეთით ამზადებდა სტატიებს“.

აქვე, შედარებისთვის გთავაზობთ, როგორ გააშუქა ნეტგაზეთმა ვიცე პრემიერის განცხადება. „აფგან მუხტრალის ჟურნალისტობის დამადასტურებელი ფაქტები“ სტატია ამ სათაურით , ჯეჯელავას განცხადების პერიფრაზით დაიწყო, შემდეგ კი მასალას ერთვოდა მუხტარლის მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტის ბმულები, რომელიც ცხადყოფდა, რომ ჯეჯელავას განცხადება მცდარი იყო. “ჯეჯელავას ტყუილი - აფგან მუხტარლი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ავტორია“ - ეს კი კიდევ ერთი გამოცემის on.ge -ს სათაურია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა „მოამბემ“ წინა დღეს, 30 მაისსაც გააშუქა, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველ ამბად. 30 მაისი სიუჟეტს ის პრობლემები, რაც ზემოთ მიმოვიხილეთ, არ ჰქონია, აქცენტები სწორად, ადეკვატურად, საჯარო ინტერესის შესაბამისად იყო დასმული, თუმცა 30 მაისის აქცენტები 31 მაისის სიუჟეტში ვეღარ მოხვდა.

შენიშვნა: მასალა ვებსაიტზე პირველად, 1 ივნისს გამოქვეყნდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, საიტი გაითიშა და ბოლო ერთი კვირის მონაცემები წაიშალა, შესაბამისად, მასალა ქვეყნდება ხელახლა. ბოდიშს გიხდით, შეფერხებისთვის.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ