საქართველომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება - ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში
05.11.2025
კატეგორია - საქართველო

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებს, საქართველოში ვითარება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით მკვეთრად გაუარესდა. დოკუმენტში შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების, სამოქალაქო საზოგადოების დევნის, დემონსტრანტების დაკავებებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობასთან ერთად, საუბარია მედიაგარემოზეც.

საქართველოს შესახებ მომზადებულ 90-გვერდიან ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის: ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები უარყოფითად მოქმედებს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობაზე:

„ამჟამინდელ კონტექსტში, საქართველომ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს შემდეგი მიმართულებით:

  • გაათავისუფლოს წინასწარი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები და უზრუნველყოს, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დასრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) შესაბამისი პრეცედენტული სამართლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი რეაგირება ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმის და დაშინების ყველა შემთხვევაზე;აღადგინოს უსაფრთხო და პლურალისტური გარემო, რომელიც მედიას საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად და შურისძიების ან სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გარეშე განახორციელოს თავისი საქმიანობა;
  • გააუქმოს „მაუწყებლობის შესახებ “კანონში შეტანილი ცვლილებები“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა, გაიზარდა მუქარა, დაშინება და ძალადობა ჟურნალისტების მიმართ:

„FARA დამატებით ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. „მაუწყებლობის შესახებ“ შესწორებული კანონი კომუნიკაციების კომისიას მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მაუწყებლობის კონტენტის კონტროლის თვალსაზრისით და კრძალავს აუდიოვიზუალური მაუწყებლების პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას უცხოური სუბიექტების მიერ. ეს მოვლენები კიდევ უფრო აძლიერებს გამოხატვის თავისუფლებაზე იმ შემაფერხებელ ეფექტს, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ჰქონდა, სტიგმატიზაციას უკეთებს უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიასაშუალებებს და მათ დამამძიმებელ მოთხოვნებს უქმნის“.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2025 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში მომხდარ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 150-ზე მეტ შემთხვევაზეც:

„სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის მიერ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათი აღჭურვილობის განადგურების შესახებ, ამ ინციდენტებიდან არცერთს არ მოჰყოლია ბრალდება ან გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. მრავალ ჟურნალისტსა და მედიის თანამშრომელს არაპროპორციული ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრა ან თვითნებურად დააკავეს სამუშაოს შესრულებისას. ონლაინ მედია „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გრძელდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელების გამოყენება. საჭიროა ევროკავშირის ანტი-SLAPP დირექტივასთან და რეკომენდაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასებისას კი, ვკითხულობთ, რომ არხს არ გააჩნია დამოუკიდებლობა და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს:

„საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მან არაპროპორციულად გამოყო საეთერო დრო, საარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი (61%) „ქართულ ოცნებაზე“ იყო ფოკუსირებული. 2025 წლის აპრილში, სხვა კანდიდატების არარსებობის პირობებში, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოსა და მენეჯმენტის წინააღმდეგ საჩივრებია შეტანილი საზოგადოებრივი ინტერესების დაუცველობისა და მოსაზრებების მრავალფეროვნების უგულვებელყოფისთვის საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარის თქმის გამო.

რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს მაუწყებლის გადაწყვეტილება, დაეხურა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტოქშოუ“.

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში 4 ნოემბერს გამაოქვეყნა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ