MAC: „მიუხედავად ამ უკიდურესად მძიმე გამოწვევებისა და საფრთხეებისა, დამოუკიდებელი მედია საქართველოში არ ჩერდება“
31.12.2025
კატეგორია - საქართველო

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, მადლობა უხდის დამოუკიდებელ მედიას გამბედაობისა და საზოგადოებრივი ინტერესის ერთგულებისთვის და 2025 წელს აჯამებს:

„2025 წელს მედია გარემო საქართველოში უკიდურესად რეპრესიული გახდა. არსებული გამოწვევები „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის, როგორც დემოკრატიის, საზოგადოებრივი კონტროლისა და თავისუფალი სიტყვის ფუნდამენტური საყრდენის, სრული განადგურებაა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დამოუკიდებელი მედია აგრძელებს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას.

მიმდინარე წელს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები არა ერთხელ გახდნენ სისტემური ძალადობის, დევნის, უკანონო დაკავებისა და პატიმრობის, ფულადი ჯარიმების სამიზნეები; არსებულ პრაქტიკას კიდევ უფრო ამყარებს და ახალისებს მოძალადეთა და კანონის დამრღვევთა დაუსჯელობა. ამ მძიმე და საშიშ რეალობაში სიმტკიცის, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა მზია ამაღლობელი – ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ქალი ჟურნალისტი პოლიტპატიმარი. მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მკაფიო პოლიტიკურ შეტევას დამოუკიდებელ ხმაზე. ეს არის გზავნილი ყველა ჟურნალისტისთვის: ვინც საუბრობს სიმართლეზე, იცავს საზოგადოებრივ ინტერესს და არ ემორჩილება ზეწოლას – ის დაისჯება.

განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება საპროტესტო პროცესების გაშუქებისას, სადაც ჟურნალისტები ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. იზრდება ძალადობის შემთხვევები, უცხოელ ჟურნალისტებს ხშირად გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად ეუბნებიან  უარს  ქვეყანაში შესვლაზე, მიმდინარეობს დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანიები, მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ე.წ. ხელისუფლებამ მიიღო არაერთი რეპრესიული საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავენ მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტურ საქმიანობას.

მიუხედავად ამ უკიდურესად მძიმე გამოწვევებისა და საფრთხეებისა, დამოუკიდებელი მედია საქართველოში არ ჩერდება. ჟურნალისტები განაგრძობენ მუშაობას, აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებას, იცავენ პროფესიულ ღირსებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ მათ თავდადებასა და სიმტკიცეზე დგას დღეს საქართველოს დემოკრატიული სივრცე.

„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეპრესიების პირობებში დამოუკიდებელი მედია დღეს ისეთივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ეს არის თავისუფლების, სამართლიანობის და ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის და სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიას, თითოეულ ჟურნალისტს და მედიასექტორში მომუშავე ყველა ადამიანს მათი გამბედაობისა და საზოგადოებრივი ინტერესის ერთგულებისთვის", - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ