RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო, წინა წელთან შედარებით, 21 ადგილით ჩამოქვეითდა
30.04.2026
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 40.77 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყნიდან 135-ე ადგილს იკავებს. ამ პოზიციით საქართველო, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. 2025 წელს ქვეყანა 114-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით იყო შეფასებული. RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზე იყო 2024 წელს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა.

საქართველო ამ მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორებიცაა: პაპუა ახალი გვინეა, ზიმბაბვე, სომალი, გვატემალა, უგანდა, შრი-ლანკა. 

RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური პირების მხრიდან ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კი კვლავ მტრულია, რაც ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით გამოიხატება.

ორგანიზაციის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მარგინალიზირებელ გარემოს ქმნის ჟურნალისტებისთვის, ცენზურის ქვეშ აყენებს მათ და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

მედია გარემო

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშის მიხედვით, მედია სივრცე მრავალფეროვანი და ამავდროულად პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებულია: 

„მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს იყო  „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, ტელევიზიის, რომელმაც სარედაქციო ხაზი შეცვალა ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომლის შემთვევაშიც მთავრობის ჩარევა მოხდა. გაფართოებული მარეგულირებელი უფლებამოსილებები ახლა ხელისუფლებას მედიის შინაარსის კონტროლის საშუალებას აძლევს, რაც ზრდის ცენზურის რისკს. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები დაფინანსების პრობლემებს ებრძვიან, ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა მცირდება, ხოლო ონლაინ გამოცემების იზრდება“.  

პოლიტიკური კონტექსტი

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის:

„პოლიტიკური კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის მედიაზე პოლიტიკური კონტროლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი მედიები, როგორც წესი, იცავენ პოლიტიკასთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ის სულ უფრო მეტად ამბობს უარს კრიტიკულ მედია საშუალებებთან ურთიერთობაზე და მიმართავს ცენზურას, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“. 

სამართლებრივი ჩარჩო

როგორც RSF-ი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯი იყო.

„წინა რეფორმების საპირისპიროდ, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს და კანონის შეუსრულებლობისთვის თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ამჟამად კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და აფართოებს მარეგულირებლის უფლებამოსილებას შეაფასოს მაუწყებლობის კონტენტის სიზუსტე და მიუკერძოებლობა. ამ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა სერიოზულად სადავოა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებმა შეასუსტა ჟურნალისტების წყაროების დაცვა“.  

ეკონომიკური კონტექსტი

ანგარიშის მიხედვით, განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი იკლებს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დონორების, როგორც წესი, დასავლეთის, მიერ ფინანსდებოდა:

„უცხოური დაფინანსების ახალმა შეზღუდვებმა მკვეთრად გააუარესა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მდგრადობა. მარეგულირებლის მხირდან ზეწოლასთან და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებისთვის მინიჭებულ შეღავათებთან ერთად, ეს ზომები ამახინჯებს კონკურენციას და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედია საშუალებების გადარჩენას“. 

სოციოკულტურული კონტექსტი

RSF-ის 2026 ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: რელიგია, ლგბტქ+, უფლებები და რუსული გავლენა, რაც თავის მხრივ,  გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზე:

„მგრძნობიარე თემების გაშუქებისას ჟურნალისტები გაძლიერებულ შევიწროებასა და ზეწოლას განიცდიან. თვალთვალის პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები ძირს უთხრის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ზღუდავს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ჟურნალისტიკას“.

უსაფრთხოება

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ თავდასხმებსა და დაშინებას, რაც ხშირად პოლიტიკურ დაძაბულობასა და პროტესტებს უკავშირდება:

„რეპორტიორების მიმართ ძალადობა გაძლიერდა და ამ დანაშაულების გამოძიება კვლავ არაეფექტურია, რაც აძლიერებს დაუსჯელობის განცდას. გაუარესებული უსაფრთხოების გარემო დამოუკიდებელი რეპორტაჟების მთავარ დაბრკოლებად იქცა და ხელს უწყობს ფართოდ გავრცელებულ თვითცენზურას“.  

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსს სწორედ ამ 5 ინდიკატორის მიხედვით: პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი, უსაფრთხოება აფასებს.

ვითარება მეზობელ ქვეყნებში

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ხარისხი სომხეთში წინა წელთან შედარებით 16 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყნიდან 50-ე ადგილი დაიკავა.  რუსეთში მედიის თავისუფლების მდგომარეობა - 1 პოზიციით, ხოლო აზერბაიჯანში 4 ადგილით გაუარესდა, რეიტინგში ეს ქვეყნები 172-ე და 171-ე ადგილებს იკავებენ. რაც შეეხება თურქეთს, ის  რეიტინგში 4 პოზიციით დაქვეითდა და 163-ე ადგილზეა.




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ