393-ე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ
მიმდინარე პროევროპული პროტესტი ყოველდღიურად რამდენიმე ფოტოგრაფის
ობიექტივში ხვდება. მათი კამერა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებსა და
ამ პროტესტის მონაწილეთა განწყობებს ყოველდღიურად, ჩვენთვის უხილავი
რაკურსით გვაჩვენებს. ფოტოგრაფების „მესამე თვალი“ ყველაზე ახლოდან
ხედავს: ხმაურს, დაპირისპირებას, სიჩუმეს, დაღლილობას, სიხარულს,
ერთობას, გამარჯვებას, ძალას თუ უძალობას. როგორია მათი თვალით
დანახული პროტესტი, წაიკითხეთ რამდენიმე მათგანთან „მედიაჩეკერის“
ინტერვიუს მეორე ნაწილში.
მარიამ
ნიკურაძე, „OC მედია“
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?
ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალ მედიას იმიტომ
ებრძვიან, რომ მასში საფრთხეს ხედავენ, ამიტომ ვფიქრობ, სანამ
ვარსებობთ, ეს პრივილეგია უნდა გამოვიყენოთ და დისკომფორტი შევუქმნათ
რეჟიმს. ეს არის ის, რაც ყოველდღე მაბრუნებს აქციაზე და ეს არის, რის
გამოც ყოველდღე მუშაობს ჩვენი ნიუსრუმი. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს
არაფერია. რაც შეეხება ყოველდღე, თუნდაც წყნარ დღეს რატომ ვბრუნდები
რუსთაველის გამზირზე, ხშირად ვიხსენებ ხოლმე 2 ივნისს. მაშინ „ჯიუტი“
პარლამენტთან ყოველდღიურ აქციებს ატარებდა, რომელსაც სულ რამდენიმე
ადამიანი ესწრებოდა და 2 ივნისს, ცარიელი ფურცლისა და ასევე, ფურცელზე
წარწერის „ირაყლი“-ს გამო ადამიანები დააკავეს. მათ დასაკავებლად რომ
მოვიდნენ, მაშინ იქ ჟურნალისტი მარტო მე ვიყავი და ფაქტობრივად ჩემი
გადაღებული ფოტოებით, როგორც მტკიცებულებებით, ამ ადამიანებმა ეს
საქმე სტარსბურგის სასამართლოში წაიღეს. ამის შემდეგ, რაღაცნაირად სულ
ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ვიყო იქ, სადაც თუნდაც რამდენიმე
ადამიანი იკრიბება, რომ ისინი არ დარჩნენ დაუცველები.
*ის ერთი ფოტო, რომელიც მარიამისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ამ ფოტოზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა
ჩანს. პროტესტის მონაწილე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით
სპეცრაზმის პირისპირ.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
პირველი, რაც თავში მომდის, არის სოლიდარობა და თანადგომა. ის რამდენიმე კვირა, როდესაც ყოველდღე სხვადასხვა ადამიანები ჩნდებოდნენ, სახის დაუფარავად დგებოდნენ რუსთაველზე და ამით საკუთარ თავისუფლებას სწირავდნენ, იყო სოლიდარობისა და თანადგომის ყველაზე მკაფიო მაგალითი.
ეს, ალბათ, ყველაზე სიმბოლურია ჩემთვის. ეს ბრძოლა ამ სოლიდარობასა და თანადგომაზე დგას. არავინ დავობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალია, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ მგონია, რომ დღემდე სწორედ პატიმრების მიმართ სოლიდარობამ და თანადგომამ მოიყვანა ეს პროტესტი. ისინი არიან მთავარი მიზეზი დღეს, სინდისის პატიმრებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და ადამიანები მათ გვერდით დგანან.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
ახლა საახალწლო განათებები რომ დაკიდეს, ამან ძალიან
დამაბრუნა ერთი წლის წინანდელ პერიოდში და გამახსენდა ის თემატური
მარშები, შარშან ამ დროს რომ ეწყობოდა. ამიტომ ეს განათებები
რაღაცნაირად უკვე ამ პროტესტის ნაწილია. ფორმები იცვლება, მაგრამ
თითქოს ვიზუალი რჩება.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტოა. ნანი წულაიამ
გიორგის დაბადების დღე მის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად,
ციხესთან აღნიშნა. დემოკრატიის დაღმასვლამ ოჯახები ერთმანეთს დააშორა,
თუმცა ისინი მაინც პოულობენ სითბოსა და მხარდაჭერის გაზიარების გზებს,
რაც ამ ფოტოზეც ჩანს. ნანი უქნევს ხელს. ფოტოზე ჩანს გიოს საკანი,
საიდანაც ისიც ხელს უქნევს დედას.
დათო ქორიძე,
„რადიო თავისუფლება”
გარდა იმისა, რომ „რადიო თავისუფლების“ თანამშრომელი
ვარ, მაშინაც ვხვდებოდი და ახლაც ვხვდები, რომ რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი პროცესის დამკვირვებელი ვარ. ამ ისტორიულ მომენტს
გვერდს ვერ ავუვლიდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის ყველა
პროტესტი მაქვს გადაღებული, მაგრამ ეს საპროტესტო ტალღა, რომელიც ერთი
წელია გრძელდება, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და
ემოციურია.
*ის ერთი ფოტო, რომელიც დათოსთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ეს ფოტო ჩემთვის არის მომენტი, როდესაც ბრძოლა, დროშა და
ადამიანი ერთ მთლიან იდეად იქცა. მხუთავ აირსა და წყლის ჭავლში
გახვეული ქუჩა, ერთმანეთზე დაყრდნობილი სილუეტები და მაღლა აწეული
დროშა აჩვენებს, როგორ იბადება სოლიდარობა ამ ქაოსში. ეს ფოტო
მახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი მკაფიოდ არ ჩანს,
არჩევანი და ძალა მაინც არსებობს. ამიტომ არის ეს ფოტო ჩემთვის
განსაკუთრებული.
ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?
წლების წინ ძალიან მიჭირდა საპროტესტო აქციების გადაღება. 21 ივნისი მახსენდება, რომელიც ძალიან დრამატული იყო ჩემთვის. თავიდან, ცხადია, იყო შიშიც, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს გადის და არ ვიცი, ზუსტად რა დავარქვა, ჩნდება რაღაცნაირი ჟინი, რომ ყველაფერი აღბეჭდო.
მე ყოველთვის ვცდილობ, ადამიანი, რომელიც სახეს იფარავს, არ გადავიღო. შეიძლება ამიტომაც არის, აქციებზე ჩემს გადაღებულ ფოტოებს რომ ვუყურებ პორტრეტები ნაკლებად მხვდება, უფრო საერთო სურათია, სიტუაციები, მინიშნებები… შეიძლება მხოლოდ სილუეტები ჩანდეს და ეს ხსნიდეს სურათს.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
მგონი, ვიზუალური მხარე სულ იცვლება. ამ ერთწლიანი პროტესტის ტალღას სულ ვადარებ ხოლმე ოკეანეს - რაღაც მომენტში ისეთი მშვიდია, ვერც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ცუნამი გამოიწვიოს. ჩვენი პროტესტიც ოკეანესავით არის, მშვიდია, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ამ ოკეანეს რაღაც მომენტში ისეთი ტალღებისა და ცუნამის წარმოქმნა შეუძლია, რომელიც ყველაფერს წალეკავს. მეტაფორულად ჩემთვის ეს პროტესტი ასე გამოიყურება.
ამ პროტესტში ძალიან ბევრი სიმბოლო გაჩნდა: ფოიერვერკები, ნიღბები, ახალგაზრდები… ჩემთვის მაინც, ალბათ, დროშებია ამ პროტესტის მთავარი სიმბოლო.
როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, მედიას და
კონკრეტულად ფოტოგრაფებს შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ ის
გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ხანდახან თითქოს იმედის სულ პატარა
ნაპერწკალი რჩება ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ ღვივდება ეს ნაპერწკალი.
იმდენი მაგალითია იმისა, რომ კონკრეტულ ფოტოს შეუცვლია როგორც
ქვეყნის, ისე კონკრეტული ადამიანის ცხოვრება, ცხადია, მჯერა, რომ მას
დიდი ძალა აქვს.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
ფოიერვერკების პირველი ტალღა ჩემთვის იყო დაუვიწყარი და
ვფიქრობ, უნიკალურიც. ასეთი რამე ერთ ფრანგულ კინოში მაქვს ნანახი,
სხვაგან - არსად. ეს სურათები ერთდროულად იყო სილამაზის, ბრაზის,
სიახლის, სიძლიერის გამომხატველი. ამიტომ საერთაშორისო აუდიტორიისთვის
ამ ფოტოს ავარჩევდი.
მარიამ
ქავშბაია, „პუბლიკა“
პროტესტი, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს,
თავიდან უფრო მასიური იყო და კონცენტრაციაც უფრო მასის ერთიანობაზე
იყო. შემდეგ კი, პროტესტში გამოჩნდნენ ადამიანები და ნელ-ნელა კამერაც
მათი მიმართულებით შეტრიალდა, ეს ადამიანები იქცნენ
პროტესტად.
*ის ერთი ფოტო, რომელიც მარიამისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ფოტოზე მარინა ტერიშვილია, დედა, რომელსაც ერთი შვილი
[მამუკა ტერიშვილი] 1992 წლის 2 თებერვალს, მიტინგზე მოუკლეს, მეორე
კი [გიორგი ტერიშვილი], ნოემბრის დარბევების შემდეგ, ჯგუფურ
ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაუკავეს. ამ ფოტოზე 11 პირის
დასკვნითი პროცესია, როცა გიორგის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უკვე
ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მარინა ტერიშვილი კი ამდენი ტკივილის
შემდეგ, ბრაზმორეული, მტკიცედ დგას უსამართლო სასამართლოს წინ და
ამბობს, რომ ამაყია მისი შვილებით და მას ვერავინ შეაშინებს. ეს
პროტესტი და მასში მონაწილე ადამიანებიც ასეთები არიან, ყველა
ტკივილისა და დაბრკოლების მიუხედავად, ბოლომდე
იბრძვიან.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
პროტესტში გაჩნდა შეძახილი - „ერთმანეთის მხარდამხარ“,
რომელიც შემდეგ ფიზიკურადაც გამოიხატა. ყოველი დაკავებისას ნახავთ,
მხარდამხარ ან ერთმანეთის უკან ხელჩაჭიდებულ ადამიანებს, რომლებიც
მზად არიან, ერთმანეთი დაიცვან და თან მტკიცედ იდგნენ პოლიციის
კორდონის წინ. ალბათ, ყველა იაზრებს ხოლმე, რომ დასაკავებლად წამოსულ
პოლიციელებს ეს ვერ შეაჩერებს, თუმცა ერთმანეთს ახსენებენ, რომ მარტო
არ არიან.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები?
პირველ რიგში, ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის საინტერესოა ამ პროცესების დაკვირვება და მათი გაშუქება. თუმცა, საბოლოოდ, მაშინ, როცა ჟურნალისტებს რეჟიმი გვებრძვის, გვაშინებს, გვაჯარიმებს, გვიჭერს, არ არის მარტივი მხოლოდ პროფესიული ინტერესით მუშაობა. მთავარი მოტივაცია მზია ამაღლობელია, რომელიც ყოველდღიურად გვაჩვენებს საკუთარ ბრძოლას და არც ოთხი კედლიდან ნებდება. ასეთ დროს, როცა ჯერ კიდევ მაქვს ფუფუნება ვიყო თავისუფალი, არ მაქვს უფლება, მოტივაცია დამეკარგოს მზიასთვის და კოლეგებისთვის, რომლებიც არნახულ რესურსს დებენ სიმართლის გასაშუქებლად. ამასთან, ამ პროცესში ჟურნალისტების ყოფნა, რომლებიც რეალობას აშუქებენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდის ძლიერ ნაკადს დავუპირისპირდეთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ სინამდვილე.
ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?
ყოფილა შემთხვევა, როცა კამერაზე ხელები გამყინვია და
ვერ მიმხვდარვარ, როგორ მოვქცეულიყავი, თუმცა ყველა ჯერზე მაინც
მერჩივნა გადამეღო და შემდეგ რედაქციაში გადაგვეწყვიტა, ნახავდა თუ
არა ამ კადრს ფართო აუდიტორია. ვცდილობ, ადამიანს, ვინც ემოციებს
განიცდის, ჩემი კამერით პირად სივრცეში არ შევეჭრა, ვაგრძნობინო, რომ
ამას კადრის მოპოვებისთვის არ ვაკეთებ და ბევრად მნიშვნელოვანია.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
ფოტოზე 71 წლის დევნილი აზა ჩილაჩავაა. ეს ის დღეებია,
როცა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა პატიმრობით დასჯადი გახდა. აზა და
არა მარტო ის, სხვა აქტივისტებიც გადადიოდნენ გზაზე მაშინ, როცა
ზუსტად იცოდნენ, რომ რამდენიმე საათში დაკავება ელოდათ. თითოეული
გზაზე გადასული ადამიანის ქმედება იყო მათი სათქმელი, რომ ბრაზობენ,
არ ეშინიათ და იბრძოლებენ ბოლომდე. აზა დაკავებულთა შორის ერთ-ერთი
იყო და პატიმრობის შემდეგ დიდი ძალისხმევით შეაჩერეს, რომ გზაზე ისევ
არ გადასულიყო. გზაზე გადასულ ადამიანებს ტროტუარიდან ამხნევებდნენ
სხვა აქტივისტები და მახსოვს, ყველა ფიქრობდა, რომ ერთ დღეს მათი
ჯერიც მოვიდოდა. დრაკონული კანონების მიუხედავად, ჯერ არავინ
შეშინებულა და უწყვეტი პროტესტი კვლავაც გრძელდება. ვერ შეაშინეს ვერც
19-20 წლის გოგო-ბიჭები და ვერც 71 წლის აზა ბებო.
როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
მგონია, რომ ამ პროტესტის დანახვაში ფოტოების არსებობამ
ბევრი რამ შეცვალა. ის გახდა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის
მნიშვნელოვანი იარაღი, რომ ადამიანებს დაენახათ, რა ხდება ყოველდღე
რუსთაველზე, სასამართლოში. ბევრ ფოტოს დაუხსნია ადამიანი უსამართლოდ
დაკავებისგან ან შეუმსუბუქებია მისთვის ბრალი. ფოტოებით გავიცანით
სინდისის პატიმრები, რითიც რეჟიმმა მათი დამნაშავეებად ქცევა ვერ
მოახერხა. ეს ფოტოები ახლაც უდიდეს როლს თამაშობს და მომავალშიც დიდ
წვლილს შეიტანს.
ლევან
ზაზაძე
რუსული კანონი ხელმეორედ რომ შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“, იმ პერიოდიდან დავიწყე პროტესტის ყოველდღიურად გადაღება. ვფიქრობ, რომ ახლა ისტორიული მომენტი გვიდგას და მინდა, რომ ეს ყველაფერი კადრებად დარჩეს.
არის შემთხვევები, როდესაც ვფიქრობ, რომ გადაღება
არაეთიკური იქნება და ამ დროს არ ვიღებ. ზოგჯერ ადამიანებსაც ეტყობათ,
რომ არ სურთ კამერის ობიექტივში მოხვედრა და რა თქმა უნდა, მათ
არჩევანსაც ვითვალისწინებ.
*ის ერთი ფოტო, რომელიც ლევანისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ეს ფოტო გასული წლის მაისშია გადაღებული. ეს ის დღეა,
როდესაც რუსული კანონი დაამტკიცა პარლამენტმა. აქ ჩანს მთელი ამ
პროტესტის ხასიათი, რომელიც, სინამდვილეში, რამდენიმე წელია
გრძელდება.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
აქტიურ პროტესტში ახლა ადამიანების შედარებით მცირე რაოდენობაა ჩართული. ისიც აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ქალების როლი უფრო გამოიკვეთა, მათი შეუპოვრობის არაერთი კადრია აღბეჭდილი ჩემს და სხვა ფოტოგრაფების ობიექტივებში. ამ პროტესტს ყველაზე თვალნათელი სიმბოლო აქვს და ეს არის ქართველი ქალი.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები?
მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეიძლება
დავკარგოთ, მართალი ხალხი, რომელიც რუსთაველზე დგას და სინდისის
პატიმრები, რომლებიც უტეხობის სიმბოლოდ იქცნენ.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
ჩემთვის განსაკუთრებული და უნიკალურია ეთო ბიჭიკაშვილი,
როგორც პროტესტის ერთ-ერთი სახე და უდრეკობის სიმბოლო. თვეების
განმავლობაში უწყვეტად, ყველანაირ გარემო პირობებში, საპატრულო
პოლიციის მანქანებთან დროშაშემოხვეული იდგა და ყველას ახსენებდა, რომ
პროტესტი ცოცხალია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უწყვეტად 26
საათიც კი მდგარა ასე ჯიუტად.
მოცემულ ფოტოზეც ეთოა. სექტემბრის კოკისპირულ წვიმაში თავის „პოსტზე“ დგას ფეხმოუცვლელად. ჩემთვის აღმაფრთოვანებელია ერთი მხრივ, მისი მშვიდი ბუნება, მეორე მხრივ - წარმოუდგენელი ამტანობა და სიჯიუტე. ეთო ის ადამიანია, რომელსაც „მოწინააღმდეგეებიც“ (იგულისხმება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები) კი პატივს სცემენ.
პროტესტის ეს ფორმა ყველაზე მშვიდობიანი და
ამავდროულად, მრავლისმთქმელია. ის აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის (და
არამხოლოდ) ისტორიაში პროტესტის გამოხატვის უნიკალურობით.
როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
ზოგჯერ ფოტოს შეუძლია შეცვალოს რეალობა, თუმცა, ვფიქრობ,
მათი უმეტესობა, საბოლოოდ, უფრო ისტორიისთვის ინახება. ჩემთვის ეს
ფოტო ერთ-ერთი ფავორიტია. სოციალურ ქსელებში გავრცელების მერე ძალიან
დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამარის დაკავების შემდეგ, რომელსაც ეს
ბანერი უჭირავს, ანწუხელიძის სტენსილები მთელი ქალაქის მასშტაბით უფრო
მეტად მომრავლდა და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ეროვნულ გმირზე.
პროევროპული ქუჩის პროტესტი ფოტოგრაფების ობიექტივში - ნაწილი I იხილეთ აქ: https://www.mediachecker.ge/ka/interviu/article/101660-proevropuli-quchis-protesti-fotografebis-obieqtivshi

