„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, სახელისუფლებო მედია დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს. როგორც ფაქტების გადამოწმების პორტალი წერს, 13 იანვარს, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა წინა დღით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებისადმი ექიმ ნათია თოფურიას მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებლის, Nati Topuria-ს პოსტს ეყრდნობა, ის კი სინამდვილეში ტროლია. პოსტის ავტორი ღარიბაშვილს „კორუმპირებულ ნაძირალად“ და „ქვეყნისა და ხალხის მოღალატედ“ მოიხსენიებს, ხოლო ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი „ფალავანი“ უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო.
„მითების დეტექტორის“ მიხედვით, ნათია თოფურიას ეს მიმართვა ტელეკომპანია POSTV-ის, მხარე • mkhare.ge-ის, Ongo-ს, რეპორტიორი-ს, InfoPostalioni.com-ის, მედიაჰოლდინგი „კვირას” და საერთო გაზეთი-ს ფეისბუქ-გვერდებზე თითქმის იდენტური ტექსტით გავრცელდა, მასალა ასევე გამოქვეყნდა სახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სააგენტოების newshub.ge-სა და region.ge-ს ვებ-გვერდებზე. POSTV News-ის მიერ გავრცელებული პოსტი კი დასპონსორებულიც იყო.
„აღსანიშნავია ის, რომ POSTV News-ის პოსტსა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში, პოსტის ავტორ Nati Topuria-ს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფოტოები გვხვდება. რეალურად, Nati Topuria-ს ფეისბუქზე მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, თუმცა სხვა სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში ფოტოზე სრულიად განსხვავებული ადამიანი გვხვდება.
POSTV-ის ვერსიაში გამოყენებული ფოტო „მითების დეტექტორმა“ მათე დევიძის საწინააღმდეგო ფეისბუქ კამპანიის დროს გადაამოწმა და დაადგინა, რომ Nati Topuria-ს ანგარიში vk.com-ის მომხმარებლის, Натиа Двали -ის ფოტოს იყენებდა. ანგარიში Nati Topuria 2024 წლის 27 თებერვალს შეიქმნა, აქტიურად პოსტვა კი 2024 წლის მაისში, პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო.
„მითების დეტექტორი“ ნათია დვალს „ინსტაგრამის“ ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდა, რათა დაედასტურებინა, რომ ფოტოზე, რომელსაც Nati Topuria იყენებს, რეალურად ნათია დვალია ასახული. ნათია დვალმა საუბარში აღნიშნა, რომ ფოტო 2010 წელს რუსეთში Canon-ის ბრენდის ფოტოაპარატით გადაიღო. მას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ანგარიშთან „Nati Topuria“, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოს სანდოობის შემქნის მიზნით. ნათია დვალმა ასევე აღნიშნა, რომ ფეისბუქზე პოლიტიკური ხასიათის პოსტებს არ ავრცელებს.
„ნათი თოფურიას“ ფეისბუქ გვერდს სასწავლებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვს მითითებული, სამუშაო ადგილად კი – Cebu World-Class RunFest, რომლის გვერდი 2024 წლის 5 დეკემბრამდე Casino hero-სა სახელით იყო რეგისტრირებული და ფილიპინებიდან იმართება. სახელისუფლებო მედიის პოსტებში ნათია თოფურია ექიმად არის მოხსენიებული.
OSINT ინსტრუმენტებით მეორე ფოტოს გადამოწმების შედეგად მსგავსი ვიზუალით კიდევ ერთ პირს მივაკვლიეთ, კერძოდ, რუსული სოციალური ქსელის Vkontakte.ru-ს მომხმარებელს, ქსენია კოვალენკოს“, - წერს ფაქტების გადამოწმების პორტალი.
„ქართული ოცნების“ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება 13 იანვარს გაუფორმდა, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
