რატომ ესაუბრება ხელისუფლება მხოლოდ ტელევიზიებს
03.09.2019

ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს “ქართული ოცნების” ლიდერები თავს აღარ იწუხებენ ყოველთვიური, ან თუნდაც ყოველწლიური პრესკონფერენციებით. კრიზისულ თუ კრიტიკულ სიტუაციაში კი მხოლოდ ტელეჟურნალისტებს ესაუბრებიან. ამის პარალელურად სახელმწიფო ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების რაოდენობის შესამცირებლად.

 ყოველთვიური პრესკონფერენციების ტრადიციას საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში ჩაუყარა. თუმცა, მოგვიანებით პრემიერის პოსტზე ივანიშვილის მემკვიდრეებმა ჯერ პრესკონფერენციების სიხშირე შეამცირეს, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს და მედიის წინაშე ანგარიშვალდებულების ახალი ფორმა დაამკვიდრეს: შეხვედრები მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებთან ან სატელევიზიო ტოქშოების წამყვანებთან.

“მიდგომა, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები მნიშვნელოვან თემებზე მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების წამყვანებთან საუბრობენ, არის დისკრიმინაციული სხვა ტიპის მედიასაშუალებებთან მიმართებაში, რადგან მედია მხოლოდ ტელევიზია არ არის”, - ამბობს ინტერნეტ-გამოცემა netgazeti.ge-ს რედაქტორი დათო ქოქოშვილი.


alt
ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, რომელსაც 200 ჟურნალისტი ესწრებოდა.
2011 წ, 1 ნოემბერი. ფოტო: რადიო თავისუფლება

 

“საქართველოს ხელისუფლება ავლენს უკიდურესად ჩამორჩენილ დამოკიდებულებას მედიის მიმართ, როდესაც მხოლოდ ტოქშოუს წამყვანებს იწვევს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მნიშვნელოვან პრესკონფერენციებზე”, - ასეთია “ტაბულას” მთავარი რედაქტორის, სალომე უგულავას შეფასება.

On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ უკვე ტენდენციის სახე აქვს სახელისუფლებო პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ტელემედიასთან თანამშრომლობას.

ბოლო ასეთი შემთხვევა 2 სექტემბერს მოხდა, როცა რამდენიმე საათით ადრე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეკონფერენციაზე მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუების წამყვანები მიიწვია, თუმცა ისინიც არასრული შემადგენლობით. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო შეხვედრაზე მიწვეული “კავკასიის” ჟურნალისტი, მთავრობის პრესსამსახურმა უპასუხა, რომ მხოლოდ ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლები იყვნენ შერჩეული.

alt“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: “კავკასია” არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ”, - ასე გამოეხმაურა “ფეისბუკში” პრემიერის პრესსამსახურის განმარტებას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

მამუკა ბახტაძესთან, რომელმაც გადადგომის შესახებ მოქალაქეებს ონლაინ, ფეისბუკის საშუალებით აცნობა, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს. კითხვები ვერც ჟურნალ-გაზეთებისა და რადიოების წარმომადგენლებმა დასვეს იმ დროს, როდესაც ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე მიწვეულებს შორის აღმოჩნდა ჟურნალისტი, რომელსაც საერთოდ არანაირი შეკითხვა არ ჰქონდა მასთან.

“ჟურნალისტის მთავარი ფუნქციაა კითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხის მიღება: ჩვენ, აი, ამ ძირითად ვალდებულებას გვიზღუდავენ სამთავრობო პიარები და სამთავრობო პარტიის პრესსამსახური”, - ამბობს გელა ბოჩიკაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში.


«ხელისუფლება ონლაინ მედიის არდაშვებით
პრესკონფერენციებზე თავიდან ირიდებს დისკომფორტს -
ამ გზით მაქსიმალურად ამცირებს მათ მიმართ
კრიტიკული კითხვების რაოდენობას» -
სალომე უგულავა, ტაბულა.


“ნეტგაზეთის” რედაქტორის თქმით, ის ფაქტი, რომ რეგიონულ მედიას, ონლაინ მედიას, რადიოებს, პრესას არ ეძლევა კითხვების დასმის შესაძლებლობა, აზიანებს საზოგადოების ინტერესს, მიიღოს მეტი ინფორმაცია და პასუხები.

“რაც მეტია მედიის წარმომადგენლობა პრესკონფერენციაზე, ცხადია, რომ კითხვებიც უფრო მრავალფეროვანია. თან, ეს ყველაფერი ერთგვარ ტენდენციად ყალიბდება, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საზოგადოებასთან სასაუბროდ მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც იგივე ფორმატი აირჩია”, - ამბობს დათო ქოქოშვილი.

“ტაბულას” მთავარი რედაქტორის თქმით, ონლაინ მედიის აუდიტორია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ის გაცილებით მაღალი ეთიკური სტანდარტით გამოირჩევა, ვიდრე ბევრი ტელევიზია, განსაკუთრებით, პროსახელისუფლებო.

“ხელისუფლება ონლაინ მედიის არდაშვებით პრესკონფერენციებზე თავიდან ირიდებს დისკომფორტს - ამ გზით მაქსიმალურად ამცირებს მათ მიმართ კრიტიკული კითხვების რაოდენობას. ეს, ბუნებრივია, ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებას. ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება არა მხოლოდ პასუხგაუცემელი, დაუსმელიც - კი. ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციულია სხვა, უფრო დიდ პრესკონფერენციებზე, კითხვების რიგითობის განაწილებაც”, - აცხადებს სალომე უგულავა.

რატომ ესაუბრება ხელისუფლება მხოლოდ ტელემედიას? - ამას On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი ორი მიზეზით ხსნის.

“უფრო დიდი გავლენა აქვს ტელევიზიას და ამიტომ თავს აღარ იღლიან ონლაინ მედიას ელაპარაკონ. ურჩევნიათ, რომ, ასე ვთქვათ, “გამგებლებს” ელაპარაკონ და არა “მოქალაქეებს”, - აცხადებს გელა ბოჩიკაშვილი და მეორე მიზეზად ხელისუფლებისადმი ტელევიზიების ლოიალურ დამოკიდებულებას ასახელებს:

“საარჩევნო მონიტორინგს თუ გადავხედავთ, ტელევიზიების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ იყო ლოიალური. სამი ტელევიზია იყო ნახსენები, როგორც ხელისუფლების მიმართ კრტიკული: რუსთავი 2, ტვ პირველი და აჭარის ტელევიზია. არჩევნების შემდეგ მედიაბაზარზე შეიცვალა ბევრი რამ: აჭარის ტვ-ში ძველი დირექტორი არ არის, ახალიც არ არის არჩეული, შესაბამისად, ვერ ვიტყვით შეიცვალა თუ არა რამე. ტვ პირველი ზეწოლად აღიქვამს მფლობელზე დაწყებულ გამოძიებას. რუსთავი 2-ში შეიცვალა მფლობელი”, - ამბობს On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი.

“ნეტგაზეთის” რედაქტორი დათო ქოქოშვილი მიიჩნევს, რომ ფორმატი, რომლითაც მმართველი გუნდი მედიასთან ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებში ურთიერთობდა, უფრო მისაღები იყო - როცა ღია პრესკონფერენციები ტარდებოდა და უფრო მეტ ჟურნალისტს შეეძლო შეკითხვის დასმა.

ზოგადად, მედიის და საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ეწინააღმდეგება მოქალაქეების და ჟურნალისტების სეგრეგაცია რაიმე ნიშნით. ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს თანაბარი მედია გარემო, სადაც ჟურნალისტებს, მათ შორის ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, აქვთ კითხვის დასმის შესაძლებლობა.


ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ