2019 წლის 5 ამბავი, რომლებიც მედიაგარემოს ცვლის
25.12.2019
ხელისუფლების გავლენის ზრდა ტელევიზიებში, სამართალდამცველებისგან დაზარალებული ათობით ჟურნალისტი, გალაშქრება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით და სხვა. “მედიაჩეკერი” გამოყოფს 5 მნიშვნელოვან მოვლენას, რომლებმაც 2019 წელს საქართველოში მედიაგარემოს მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.

1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2-ის” საქმეზე

alt2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ აღიარებული იქნა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა “რუსთავი 2-ის” წილებთან დაკავშირებით. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ წილები ამორალური გარიგების საფუძველზე დაათმობინეს და არაკეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ ისინი, ვინც მომდევნო წლებში დაისაკუთრეს “რუსთავი 2”.

ხალვაშამდე 3 წლით ადრე, 2012 წელს, “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იჩივლეს, ოღონდ, ხალვაშისგან განსხვავებით, არა სასამართლოში, არამედ პროკურატურაში. პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. ამის პარალელურად, 2019 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დვალისა და აქიმის სარჩელი, რომლითაც ისინი კუთვნილი 60% წილის დაბრუნებას ითხოვენ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” იგივე არგუმენტებით, რა არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა ტელევიზია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და რამდენიმე მთავარი სახე, რის გამოც, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ტელევიზიის თანამშრომლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა.

არხის საინფორმაციო პროგრამა “კურიერი” 1 თვის განმავლობაში არ გადიოდა ეთერში, ხოლო 25 სექტემბერს ეთერს ახალი წამყვანით დაბრუნდა - ნათია ლაზაშვილი მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და პროკურატურაში მუშაობდა კონსულტანტად.

alt

“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “მთავარი” დააფუძნა. “მთავარი” 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს და მის კონტენტს “რუსთავი 2-დან” წასული თანამშრომლების ნაწილი ქმნის.



alt
 “რუსთავი 2-დან” წასული თანამშრომლების ნაწილი მუშაობს კიდევ ერთ ახალდაფუძნებულ ტელეკომპანიაშიც. “ფორმულა” 1-ლი ოქტომბრიდან მაუწყებლობს. “ფორმულაში” საკონტროლო წილს დავით კეზერაშვილი ფლობს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობდა.  






2. ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ხელისუფლების გავლენის ზრდა ტელევიზიებში


altაჭარის ტელევიზიაში 2019 წლის აპრილში დაწყებული პროცესები ნოემბერში ისე დასრულდა, როგორც ამას ტელევიზიის ჟურნალისტები და მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ და რის გამოც ისინი აქტიურად და ღიად გამოხატავდნენ პროტესტს:

ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტიდან აპრილში გადააყენეს ნათია კაპანაძე, რის შემდეგაც ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელიც ინარჩუნებდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლების ზეგავლენისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველი პარტიის გენერალური დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის სამიზნე გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა მან ტელევიზია “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად მოიხსენია.

ნოემბერში, რამდენჯერმე ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელსაც იმთავითვე მოიაზრებდნენ სახელისუფლებო კანდიდატად. გიორგი კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და იგი ამ პოზიციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იყო არჩეული. აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას კოხრეიძე იმით შეუდგა, რომ ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალა, რომლითაც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება ჩამოართვა.

ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სამსახურის და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რას და როგორ შეცვლის ახალი გენერალური დირექტორი, ეს უკვე 2020 წელს გამოაშკარავდება.

altრაც უკვე აშკარად ჩანს, ეს ტელეკომპანია “იმედში” გაძლიერებული პროსამთავრობო ვექტორია. ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ივანიშვილის “მე-9 არხისა” და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი ტელეკომპანია “მზის” ხელმძღვანელი ელდარ მდინარაძე დაინიშნა. ამას მოჰყვა, ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილება. არხის სარედაქციო პოლიტიკას არსებითად გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი განსაზღვრავს, რომელიც საზოგადოების და თავად “იმედის” არხზე მომუშავე ჟურნალისტების კრიტიკის ობიექტი გახდა აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმის გამო. ფილმში ომის ერთადერთ და მთავარ დამნაშავედ საქარველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო წარმოჩენილი, ხოლო რუსეთის როლი განსაზღვრული იყო სააკაშვილის ქმედებებზე რეაქციად.

ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგვარ დითირამბებს ეთმობა “იმედის” ახალი პოლიტიკური ტოქშოუ “არენა”, ხოლო თავად ლალიაშვილის გადაცემა “SWOT ანალიზი” ერთადერთია, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით და რომლებთანაც არასდროს აქვს კრიტიკული შეკითხვა გადაცემის წამყვანს.

alt

25 ნოემბრიდან მაუწყებლობა დაიწყო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ჯგუფმა - “პოს ტვ-მ”.


3.  ჟურნალისტებზე გახშირებული და გამოუძიებელი თავდასხმები


alt21 დეკემბერს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მოუხდათ მიკროფონებისა და დიქტოფონების ნაცვლად სასტვენების ხელში აღება და ამ ფორმით ხელისუფლების უმოქმედობის გაპროტესტება. საქმე ის არის, რომ ისევ გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

40-მდე ჟურნალისტი დაშავდა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს, როცა მათ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს. ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა 2019 წელს, რომელთა დიდი ნაწილი, ასევე, გამოუძიებელია.





4. სისხლის სამართლის საქმეები კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ


ტელეკომპანია “მთავარის” 2 მესაკუთრის ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას წინააღმდეგ ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. რურუა 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით (სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) და 20 ნოემბერს პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, 25 დეკემბერს პროკურატურამ მას ახალი ბრალი წარუდგინა - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვინაიდან ბრალდებული უარს აცადებს დნმ-ის ნიმუშების ჩაბარებაზე.

მანამდე, 2019 წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინეს “რუსთავი 2-ში” გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში “საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებისთვის ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია” (სსკ 220-ე მუხლი). მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 1 ნოემბერს ამავე საქმეზე გვარამიას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას დამატებით ბრალი ედება “საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. 5 დეკემბერს გვარამია სუს-ში დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია, ამჯერად კონკრეტულად რომელ საქმეს უკავშირდება მისი დაბარება. თავად გვარამია ვარაუდობდა, რომ ეს უკავშირდება მის ფეისბუკ პოსტს ხელისუფლების დამხობის შესახებ.

altტელეკომპანია “პირველზე” ზეწოლად შეაფასეს არხის წარმომადგენლებმა თიბისი ბანკის საქმის გამოძიების ფარგლებში, ტელევიზიის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამის - ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენა. წერეთელს ბრალი წარედგინა “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება” (სსკ 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). მას 500 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.


5.  ტროლები, ყალბი ამბები და ოცნება ცენზურაზე


საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ტროლების და ბოტების შესახებ Freedom Houses-ის ანგარიშში იყო საუბარი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. რამდენიმე დღის წინ კი ფეისბუკმა განაცხადა, რომ100-ზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომელთა უკან საქართელოს მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები იდგა. Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს.

სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით ცდილობს მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ აუცილებელია ამ საკითხის კანონით რეგულირება, რაც მედიის სპეციალისტების შეფასებით, რეალურად გამოხატვის თავისუფლებისკენაა მიმართული და გააუარესებს მედიაგარემოს ქვეყანაში.

ამ მხრივ, საინტერესოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში ინაცვლებს მედიის შინაარსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ.

ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე წელს არაერთხელ ალაპარაკდა ხელისუფლება, სულ ბოლოს ფეისბუკიდან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლების წაშლის კომენტირებისას ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია სატელევიზიო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რაზეც პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ GNCC-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეა საუბარი.

altკანონპროექტის მიღებამდე, GNCC უკვე ცდილობს მედიის შინაარსის განხილვაში ჩართვას, რისთვისაც ახალი პლატფორმა - mediacritic.ge აამუშავა. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიის წევრობის შესარჩევი ე.წ. კონკურსების ამბავი. კონკურსი ძნელად შეიძლება ეწოდოს პროცესს, როდესაც უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შესარჩევი კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში, როდესაც პრეზიდენტს უგზავნის ან არ უგზავნის შერჩეული კონკურსანტების ნუსხას, ხოლო შემდეგ ასევე რის საფუძველზე ახდენს შერჩევას პრეზიდენტი, რომელსაც უნდა დაეთანხმოს პრემიერი და ბოლოს, როგორ არჩევს პარლამენტი სათანადო კადრს. სწორედ, ამ გაუგებარი და ჩაკეტილი სქემის შედეგად შეიძლება განვიხილოთ ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრად განმეორებითი ვადით დაამტკიცეს წლის ბოლოს კახა ბექაური, რომელიც მანამდე ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო. ასევე, ამ გაუგებარი სქემით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დაიწუნა კომისიაში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცადებულ კონკურსში მონაწილე ხუთივე კანდიდატი.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ