POSTV პოლიტიკოსის დისკრედიტაციას არმენოფობიური კონტექსტით ცდილობს
11.10.2024


დღეს, 11 ოქტომბერს სამთავრობო მედიამ, POSTV-იმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე - „POSTV - ანალიტიკა“ არმენოფობიური შინაარსის მასალა გაავრცელა. 

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში POSTV-ის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მისი წარმომავლობის შესახებ უსვამს კითხვებს. „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?" - მიმართავს ჟურნალისტი ხაზარაძეს და ამატებს: "სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება". 

42-წამიან ვიდეოს თან ახლავს შემდეგი ტექსტიც: „მალავს თუ არა ხაზარაძე საკუთარ წარმომავლობას?! - კავშირს იმ ერთან რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ისტორია აკავშირებს, ხოლო თბილისელი სომხები ქალაქის განსაკუთრებულ კოლორიტს წარმოადგენენ?!“

10 ოქტომბერს „ძლიერი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში, ქალაქ თელავში მართავდა, სწორედ იქაა ჩაწერილი ეს ვიდეოც. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტია. POSTV კი, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით ეთნიკური წარმომავლობის მამხილებელ კომპრომატად გამოყენებას ცდილობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, „ეთნიკური უმცირესობების უცხოდ მონიშვნა, მათი მოქალაქეობის გაუქმება, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი - 90-იანი წლების რეპრესიული და შავი ქართული ნაციონალიზმის მთავარი დისკურსების გაცოცხლებას უშვებს ქართული ოცნების ხელისუფლება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ აზერბაიჯანელი თემი „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის გაშუქების დროს „დიასპორად“ მოიხსენია. 

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის  მიხედვით, არმენოფობია წლებია ძირითადად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ცალკეულ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებთან მიმართებით ცდილობს, ყველაზე ხშირად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა კი, საანგარიშო პერიოდში, ინდივიდუალურ პირებთან მიმართებით ხდებოდა.

უახლოეს წარსულში მსგავსი ნარატივები ხშირად ისმოდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არმენოფობიური კომენტარები ვრცელდებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის წინააღმდეგაც.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-7 პრინციპი განსაზღვრავს:

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიხედვით კი, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ