ავსტრალიელმა მსახიობმა Daily Telegraph-ს ცილისწამებისთვის სასამართლო დავა მოუგო
15.04.2019

ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა ჯეფრი რაშმა ავსტრალიურ Daily Telegraph-ს ცილისწამებისთვის სასამართლო დავა მოუგო.

2017 წელს გამოცემამ მსახიობზე ორი ვრცელი მასალა მოამზადა, რომლებშიც საუბარი იყო, რომ ის ფილმის”მეფე ლირის” გადაღებების დროს, ერთ-ერთ მსახიობ ქალს სექსუალურად ავიწროებდა.

ავსტრალიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ მაიკლ ვიგნიმ გადაწყვეტილება 11 აპრილს გამოაცხადა და Daily Telegraph-ს მსახიობის სასარგებლოს 850 000 ავსტრალიური დოლარის გადახდა დააკისრა. Associated Pressის ცნობით, ჯარიმის თანხა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ჯეფრი რაშის ადვოკატის განმარტებით, მსახიობი საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს: “დაე, ამჯერად სასამართლო გადაწყვეტილებამ თქვას სათქმელი”.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყეტილება Daily Telegraph-ის რედაქტორმა ბენ ინგლიშმაც შეაფასა.

“ჩვენ იმედგაცრუებული ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით. მან ფაქტობრივად მხედველობაში არ მიიღო თავად მსახიობის მტკიცებულებები. ჩვენ არ ვეთანხმებით მსახიობისადმი მის კრიტიკას და მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. აუცილებლად გადავხედავთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა მან.

თავად მოსამართლემ საკითხს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ Daily Telegraph-მა საკუთარი მონათხრობის დასაბუთება ვერ შეძლო, ისე როგორც ამას ავსტრალიის ცილისწამების შესახებ კანონი ითვალისწინებს. The New York Times-ის ინფორმაციით, მოსამართლე ვიგნიმ ასევე განაცხადა, რომ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატიები “ყველაზე უარესი ფორმის სენსაციური ჟურნალისტიკის უპასუხისმგებლო “ნაგლეჯები” იყო”.

წყარო: imediaethics.org

 

 


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ