საქართველო
კატეგორია - საქართველო
დღეიდან, 8 ნოემბრიდან, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში, ლევან აკინის ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And then we danced) საპრემიერო ჩვენება იწყება.  სხვადასხვა პირთა ჯგუფები, ბოლო რამდენიმე დღეა, ფილმის ჩაშლის მიზნით, კინოთეატრებთან აქტივისტების მობილიზებას გეგმავენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაავრცელა განცხადება, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ამბის გასაშუქელბლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ქარტია განცახდებაში უთითებს, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:

  • აქციების ორგანიზატორებს - მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;
  • სამართალდამცავ უწყებას - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;

ქარტიის საბჭო, ასევე მიმართავს მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეჯით, ჟილეტით და ა.შ.) რათა სამართალდამცავებმა მარტივად შეძლონ საჭიროების შემთხვავაში მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში,თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება”, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საპროტესტო აქციებსა და თუ დემონსტრაციებზე, მედიის წარმომადგენლებს მუშაობისას ხელი შეუშალეს, არ მისცეს გადაღების უფლება, დაუზიანეს ტექნიკა, დაზიანებები მიაყენეს და ა.შ. “მედიაჩეკერის” არქივში რამდენიმე მასალა იძებნება, რომლებშიც საუბარია როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები მსგავს შემთხვევებში.

ერთ-ერთ ასეთ მასალაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით არის მომზადებული, საუბარია მსგავს შემთხვევებში წინასწარ მომზადების მნიშვნელობაზე.

სანამ გადასაღებად წახვალთ წინასწარ დაგეგმეთ რას მოიმოქმედებთ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. კარგად შეისწავლეთ ტერიტორია და რუკის დახმარებით გაარკვიეთ ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილები და გასასვლელები.

ასევე, რეკომენდაციებს შორის არის გაფრთხილება, წინასწარ მოვამზადოთ ყველა საჭირო პირის საკონტაქტო მონაცემი, იმ შემთხვევაში, თუ დახმარება დაგვჭირდა.

ტელეფონში პროდიუსერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირების ნომრები გამოყავით ცალკე ( შეგიძლიათ თითოეულს წინ მიაწეროთ ანბანის პირველი ასო A, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ ან ეს ნომრები გადაიყვანეთ მნიშვნელოვანი კონტაქტების სიაში). ასე დაზოგავთ დროს და ოფისსა და კოლეგებთან კომუნიკაციას გაამარტივებთ.

ვრცლად, კიდევ რა შეიძლება გაითვალისწინოთ წინასწარ, ან როგორ შეიძლება მოიქცეთ ადგილზე, შეგიძლიათ ქვემოთ წაიკითხოთ


კიდევ ერთ მასალაში, რომელიც უშუალოდ ადგილზე ჟურნალისტისთვის მოსალოდნელ ხელისშეშლის შემთხვევებს ეხება, ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება კონსტიტუციით დაცული უფლებაა, სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად არსებობს მისი შეზღუდვის ცდუნება.

კონსტიტუციის 24-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ:

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია;
  • სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლებაა.

მეტი დეტალებისთვის იხილეთ:

ასევე:

კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა. ამ კვოტით კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა წარადგინოს, რომელმაც წინა კონკურსზე კანდიდტის წარდგენაზე უარი თქვა. 

"ახალი კონკურსის პირველ ეტაპს ვინც გაივლის, მათ შორის შევარჩევთ ერთ-ერთ კანდიდატს. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ, ვინაიდან არც ვიცით ვინ ღებულობს კონკურსში მონაწილეობას", -  განაცხადა   ფრაქციის წარმომადგენელმა  ასმათ დიასამიძემ "მედიაჩეკერთან" საუბარში.

პირველ კონკურსში კანდიდატის წარდგენაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მოტივით თქვა უარი, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა კანდიდატებს გასაუბრებოდნენ. ფრაქციაში პროცესს მართული უწოდეს. 


აზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. თავდაპირველად კონკურსი 4 ვაკანტურ ადგილზე იყო გამოცხადებული და მათგან სამ ადგილზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ  სამი წევრი  დაამტკიცა, -  სოსო სტურუა - “ქართული ოცნება - აჭარის”, თამილა დოლიძე - “ქართული ოცნება - მაჟორიტარების” და თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით.  საბჭოს მეოთხე წევრი - გიგა ჩხარტიშვილი 2018 წლის ნოემბრიდან არის არჩეული და შესაბამისად, ის ახალ საბჭოშიც აგრძელებს მუშაობას. 
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 75 ქულით, გასული წლის მსგავსად, კვლავ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ციფრული უფლებები ზოგადად დაცულია, რაც Freedom House-ის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით არის განპირობებული, რომლითაც თითოეული მოქალაქს ინტერნეტზე წვდომა გარანტირებული და უზრუნველყოფილია.

“თუმცა, ინტერნეტის თავისუფლებისადმი საფრთხეები მთელი რიგი მიმართულებებით კვლავ ნარჩუნდება”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

Freedom House-ი განმარტავს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან აფილირებული ე.წ. “ტროლები”, “ბოტები” და მომხმარებლები განსაკუთრებით 2018 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საპრეზიდენტო არჩევნებისა და სხვა მნიშვნლოვანი მოვლენების პარალელურად აქტიურდებოდნენ. მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით, ანონიმური წყაროები ჩნდებოდნენ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საინფორმაციო ლანდშაფტს ანადგურებდნენ.

ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში უშუალოდ ხელისუფლების კონკრეტული ონლაინ კონტენტის სისტემატურ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი, ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.

ანგარიშში ე.წ. “ტროლებისა” და “ბოტების” მიერ გავრცელებული ყალბი ამბების გავრცელების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც არის მოყვანილი. მაგალითად, Freedom House-ის განმარტებით, მათთვის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში, ანტისამთავრობო აქციების დროს, სოციალურ მედიაში სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების ანგარიშები ამ აქციების დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.

Freedom House “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფების იმიჯის შესალახად იყო გამოყენებული.

ანგარიშში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგზე დაყრდნობით, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დეზინფორმაციის გავრცელება ხდებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. Freedom House-ი არასამთავრობო ორგზანიცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო” საზოგადოების (ISFED) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმაზეც მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგრძნობლად გაიზარდა ანონიმური მომხმარებლების სახელით გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტები და გვერდები, რომელთა მიზანიც მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატის დისკრედიტაცია იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში მაშინ გავრცელებული ყალბი ამბები ძირითადად ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. თუმცა, ყალბი ამბები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც ვრცელდებოდა.

ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტსსივრცეში თავდასხმებისა და შევიწროების შემთხვევები კვლავაც გრძელდება და საანგარიშო პერიოდში არაერთი ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა. აღნიშნულ კონტექსტში, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისა და სექსუალური განათლების აქტივისტის ხატია ახალიას მიმართ ინტერნეტის მეშვეობით გამოხატული მუქარის ფაქტებია მოყვანილი.

Freedom House-ი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ყალბი ამბების გამავრცელებელი Facebook-ის გვერდები და მათი მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ანგარიშში Facebook-ის 2019 წლის იანვრის განცხადებაც არის მოხმობილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ საქართველოზე ფოკუსირებული რამდენიმე გვერდი წაშალა, რომლებიც რუსეთში იყვნენ დარეგისტრირებულნი.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონტრაქტების საშუალებით რამდენიმე ისეთი, მიკერძოებული მედიასაშუალების დაფინანსებას კვლავაც განაგრძობს, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები და ანტიდასავლური პროპაგანდის დღის წესრიგით არიან გამორჩეული.

Freedom House-ი აცხადებს, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია და მისი შინაარსიც მრავალმხრივი, თუმცა იქვე არასამთავრობო ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლავ გარკვეული მედიასაშუალებების პოლიტიკურ აფილაციებსა და მათ მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მიუთითებს.
კატეგორია - საქართველო

თბილისის მერიამ 2018 წელს სარეკლამო რგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის 519 ათასი ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი 360 ათასზე მეტი ლარის (69,5%) რეკლამა “იმედზე” განათავსა. ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

სარეკლამო რგოლებში გადახდილი თანხა დანარჩენი ტელევიზიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: “რუსთავი 2-მა” დაახლოებით 90 ათასი ლარი (17,3%), ტვ პირველმა - 30 ათასი (5,9%), საზოგადოებრივმა მაუწყბელმა - 19 ათასი (3,6%), იბერიამ კი - 13 ათასი (2,5%) ლარი მიიღო. ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით დათვალა.

“მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, კომუნიკაციების სააგენტოს მიერ 2018 წელს დახარჯული 2 მილიონ 352 ათასი ლარიდან უშუალოდ სარეკლამო ხარჯებს 675 656 ლარი მოხმარდა. აქედან 137 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებულ რეკლამაში. 526 ათას ლარზე მეტი - საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის, ხოლო 12 ათას ლარამდე - საინფორმაციო რგოლების რადიოში განთავსებისათვის.” - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

თბილისის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით, 2018 წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2 მლნ 717 ათას ლარი, რაც 2017 წელს იმავე მუხლით დახარჯულ თანხებზე 1 მლნ 790 ათას ლარით მეტია.

IDFI-ის განმარტებით, მსგავსი ხარჯების ზრდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნამ განაპირობა, “კერძოდ, 2018 წლის ხარჯიდან 2 მილიონ 352 ათასი - სააგენტოს ხარჯია, ხოლო 364 ათასი ლარი უშუალოდ მერიის ადმინისტრაციიდან დაიხარჯა. სააგენტოს მიერ დახარჯული თანხები რეკლამასთან ერთად მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯსაც.”

IDFI-ის კვლევა, რომელიც 2017-2018 წლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს ხარჯებს ეხება, დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. კვლლევაში არ მოხვდა თბილისის საკრებულოს 2017-2018 წლებში გაწეული სარეკლამო ხარჯები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკრებულომ აღნიშნული ინფორმაცია არ მოაწოდა.



შენიშვნა: სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია IDFI-ს ინფოგრაფიკა

კატეგორია - საქართველო

“იმედსა” და “მაესტროზე”, 2-3 ნოემბერს, კიბერთავდასხმა მეორედ განხორციელდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეორე შეტევა ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი. მაუწყებლებს ფორს-მაჟორში უწევთ ეთერში გასვლა.

“პირველი შეტევის შედეგები თითქმის აღმოფხვრილი იყო, მეორე რომ დაგვატყდა თავს. მეორე შეტევამ ბევრად უფრო დიდი ზიანი მოგვაყენა. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. როგორც ტექნიკოსები ამბობენ, პირველი შეტევა იყო გადამწყვეტი, მეორე ჯერზე, ასე ვთქვათ, უკვე გაკვალულ გზაზე გაიარეს”, - ამბობს “იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი.

“მაესტროს” ტექნიკური დირექტორი ლაშა გაბარაშვილი კი გვეუბნება, რომ კიბერთავდასხმები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. “პირველი შეტევა მიმართული იყო ვინდოუსის დაზიანებისკენ. მეორე შეტევამ კი ფაილები დააზიანა”.

 

მეორე თავდასხმამ რომ მაუწყებლების მედიაკონტენტი მეტად დააზარალა ადასტურებს ანდრო ლაშხიც. მისი თქმით, გარკვეული ფაილები მთლიანად გაანადგურდა, მათ შორის ვიდეო კონტენტი. ზარალის ზუსტ ოდენობაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ორივე მაუწყებელში უჭირთ.

“ამ მომენტისთვის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. თუმცა, დაზიანებულია 7 სამონტაჟო კომპიუტერი, რომლის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ასევე, არ გვაქვს არც შიდა ქსელი და არც ინტერნეტი”, - ამბობს ლაშა გაბარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ გამოძიება ბოლო ერთ კვირაში განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე ერთად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. უწყება ორივე შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით იძიებს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

მაუწყებლებზე კიბერთავდასხმა თავდაპირველად 28 ოქტომბრს განხორცილდა. ამავე დღეს კიბერშეტევის მსხვერპლი დაახლოებით 2 000-მდე საიტი გახდა, მათ შორის, მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).  კიბერშეტევიდან რამდენიმე დღეში, რამდენიმე მაუწყებლის მისამართზე მუქარის წერილიც გაიგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ არხი სამ დღეში მათ მიერ გაგზავნილ ანგარიშის ნომერზე 500 ბიტკოინს არ ჩარიცხავდა, გაასაჯაროებდნენ იმ ინფორმაციას, რაც ჰაკერული შეტევის შემდეგ მათი სერვერიდან ამოიღეს.

 

კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია გიორგი მგელაძემ დაიკავა.  ის 2009 წლიდან ამ დრომდე სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტი იყო.  ამასთან ორი ვადით იყო არჩეული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად და 5 წლის განმავლობაში იკავდებდა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციასაც.  არის არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების შექმნისთვის.

გიორგი მგელაძის გარდა გასაუბრების ეტაპზე კონკურსში მონაწილეობდნენ ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასილაია და სალომე ცეცხლაძე.

ამ დრომდე ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ნატა ძველიშვილი იკავებდა, რომელიც ორგანიზაციას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დაახლოებით 365 ჟურნალისტს აერთიანებს, რომლებიც საერთო კრებაზე ყოველ წელს ირჩევენ საბჭოს წევრებს. საბჭო კი თავის მხრივ ირჩევს დირექტორს.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურ პროკურატურა ახალ ბრალს უყენებს. გვარამია უწყებაში 19:00 საათზეა დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, - აღნიშნულ განცხადებას  ავრცელებს გენერალური პროკურატურა.

ამავე საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი უკვე აქვს წარდგენილი. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია პირველის მფლობელის ვატო წერეთლის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მუქარის წერილი მიიღო. მისი გასაჯაროებული ფოტოდან, რომელიც მიღებული მეილის ფოტოასლია, ჩანს, რომ იგივე წერილი გაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოსა და რამდენიმე მედიის მისამართზეც, მათ შორის, "მთავარი არხი", "რუსთავი 2", "იმედი", აჭარის ტელევიზია.

წერილში, რომლის გამომგზავნის ველში წერია Black Mirror (შავი სარკე), ნათქვამია, რომ თუ არხი სამ დღეში მათ მიერ გაგზავნილ ანგარიშის ნომერზე 500 ბიტკოინს არ ჩარიცხავს, გაასაჯაროებენ იმ ინფორმაციას, რაც ჰაკერული შეტევის შემდეგ მათი სერვერიდან ამოიღეს.

"ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე და შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში. თქვენც მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორამაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი ისევ უგულებელყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისევ ისეთი გრანდიოზული ეფექტით, როგორც ეს თავდასხმა იყო", - ვკითხულობთ წერილში.

ვატო წერეთილი, ამ ფოტოს აღწერაში წერს, რომ მათ სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა: "სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს".



წერილში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჰაკერული შეტევა ათასობით საიტზე მათი დაგეგმილი იყო : "ჩვენ არ გვაინტერესებს სააკაშვილი და არც ივანიშვილი. ეს იყო, უბრალოდ, დაცინვის ჟესტი (I'LL BE BACK)". წერილი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: "ეს მხოლოდ დასაწყისია".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიწყეს.

"წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიბერშეტევის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილებით იძებს.

სამი დღის წინ, 28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის მსხვერპლი არაერთი მედია გახდა. საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).


ამავე დღეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს”. “იმედის” საინფორმციო სამსახურის უფროსის ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ტელევიზიის შიდა ქსელი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული. როგორც ტელეკომპანიის იურისტმა, ანდრო ლაშხმა განაცხადა, დაზიანდა ძვირადღირებული ტექნიკა.

კატეგორია - საქართველო

28 ოქტომბრის კიბერთავდასხმის შემდეგ, მუშაობა თითქმის ყველა  ონლაინ გამოცემამ განაახლა, მათი საიტები აღდგა. გამოცემებში ამბობენ, რომ მომხდარის გამო ვებგვერდებზე არსებულ კონტენტს პრობლემები არ შექმნია, არაფერი წაშლილა. ონლაინგამოცემებისგან განსხვავებით, "იმედში" ამბობენ, რომ ამ დრომდე შეფერხებით მუშაობენ, მათ პრობლემა სისტემაში ჰქონდათ და ჯერ ყველა კომპიუტერი აღდგენილი არ არის. 

 ბოლო ინფორმაციით, “პროსერვისმა”, რომლის სერვერებზეც იყო განთავსებული იმ მედიების უმეტესობა, რომელთაც გუშინ პრობლემები შეექმნათ, თავდასხმის მიზეზი დაადგინა, თუმცა, ჯერ არ ასაჯაროებს.  

“29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ დღეს, 29 ოქტომბერს გაავრცელა.  

კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან: “ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკრეტულ მიზეზებზე არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს.

“შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.. ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური”, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

28 ოქტომბერს, კიბერთავდასხმის მსხვერპლი, დაახლოებით 2 000-მდე საიტი გახდა, მათ შორის, მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).

ამავე დღეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს”. “იმედის” საინფორმციო სამსახურის უფროსის ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ტელევიზიის შიდა ქსელი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული. როგორც ტელეკომპანიის იურისტმა, ანდრო ლაშხმა განაცხადა, დაზიანდა ძვირადღირებული ტექნიკა.  

მომხდარი “იმედმაც” სავარაუდო კიბერშეტევას დაუკავშირა, შსს-ში კი დღეს განაცხადეს, რომ მაუწყებლებლებში შექმნილი პრობლემა გუშინ ორი ათასზე მეტ საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან კავშირში არ იყო.

“ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"იმედის" იურისტი ანდრო ლაშხი "მედიაჩეკერთან" საუბარში ამბობს, რომ მათ პრობლემა ვებგვერდზე არ ჰქონიათ, საეთერო პრობლემები იყო, ვირუსი სისტემაში შეიჭრა. მისივე თქმით,  შსს-ს განცხადებაშიც ეს არის მითითებული, რომ "იმედს" სერვერზე არ ჰქონია პრობლემა: "შსს-ში გუშინ დავრეკეთ, მოვიდნენ ადგილზე, გამოკითხეს თანამშრომლები და ახლაც მუშაობენ. ვერაფერთან ვერ ვაკავშირებთ, ვვარაუდობთ, რომ კიბერშეტევა იყო, თუმცა, დაზუსტებით ამასაც ვერ ვამბობთ, რადგან ჯერ გამოძიების შედეგები არ არის ცნობილი". 

მაუწყებლის იურისტის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალი შესწავლილი არ აქვთ: "ჯერ სრული სურათი არ გვაქვს, კვლავ შეფერხებით ვმუშაობთ, ჯერჯერობით ყველა კომპიუტერი არ არის აღდგენილი და არ ვიცით, რისი აღდგენა შეიძლება და რისი არა". 

კიბერთავდასხმის შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით იძიებს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

“მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.” - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.  

კატეგორია - საქართველო

ესტონეთმა შესაძლოა დაკარგოს პრესის თავისუფლების რეიტინგში მოწინავე მე-11 ადგილი. ასე გამოეხმაურა რეიტინგზე მომუშავე ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ესტონეთის ერთერთი უმსხვილესი და უძველესი გაზეთის Postimees-ის მფლობელის მცდელობებს,  ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.

აღნიშნულ გაზეთს ნორვეგიული კომპანია Schibsted ფლობდა, თუმცა 2013 წელს ის ესტონელმა ბიზნესმენმა, მარგუს ლინამიემ შეიძინა. პრობლემებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის კუთხით 2017 წლიდან იჩინა თავი, 2018 წელს კი ზედიზედ ხუთი რედაქტორი გახდა იძულებული დაეტოვებინა გაზეთი.

“ახალი ამბების, ბიზნესის, გამოძიების, სპორტის, ოპედის განყოფილების რედაქტორებმა დატოვეს გაზეთი მარგუს ლინამიეს მცდელობების გამო, გადააქციოს გაზეთი თავისი კონსერვატიული და ნაციონალისტური მოსაზრებების პროპაგანდისტულ რუპორად”, - ნათქვამია ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უფრო ადრე ადგილობრივი მედია მფლობელის მიერ შექმნილ პრობლემაზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ორგანიზაცია “მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი”, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიაპლურალიზმის მონიტორინგს ახორციელებს ყოველწლიურად ევროკომისიის დაფინანსებით:  “2013 წელს, როცა ნორვეგიულმა კომპანიამ Schibsted-მა გაყიდა Postimees და ახალი ესტონელი მფლობელი ჩაერია მთავარი რედაქტორის დანიშვნის პროცესში, რაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასდროს მომხდარა ესტონეთში. ეს აჩვენებს, რომ ნაციონალური, ადგილობრივი მფლობელი, როგორც ასეთი, არ უზრუნველყოფს სარედაქციო ჯგუფის დამოუკიდებლობას”.

1990-იან წლებამდე, ისე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში, ესტონეთში მედიას სახელმწიფო ფლობდა და აცენზურებდა. თავდაპირველად უცხოური კომპანიები არ ინტერესდებოდნენ ესტონეთში მედიაბაზრით, ვინაიდან ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მცირე სახელმწიფოს მედიაბაზარი არ ჩანდა რენტაბელურად. 1998 წელს კი 2 მსხვილი სკანდინავიური (შვედური და ნორვეგიული) კომპანია შევიდა, მათ დაიწყეს გაზეთების, ტელევიზიების, ონლაინგამოცემების ყიდვა-შექმნა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ წილები ადგილობრივ კომპანიებზე გაყიდეს. ამ ყველაფერმა ესტონეთში მედიის მდგომარეობა გააუმჯობესა, რასაც მოწმობს მედიის თავისუფლების ანგარიშებში მისი მოწინავე პოზიციები, თუმცა გამოიწვია მედია-მფლობელობის კონცეტრაცია 2 მსხვილი კომპანიის ხელში: Postimees Group და Ekspress Group ინაწილებენ წილებს გაზეთებში, ტელევიზიებში, ჟურნალებში, რადიოებში, ონლაინ გამოცემებში.

“მედია-მფლობელობის კონცენტრაცია მედია პლურალიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რისკად რჩება და ბარიერს უქმნის ინფორმაციისა და მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებას”, - იუწყება მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიში 2017 წლის მონაცემებს მოიცავს და ამ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის 6 ქვეყანაში (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, პოლონეთი და რუმინეთი) მედიაბაზრის მრავალფეროვნება მაღალი რისკის ქვეშაა და ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოშია (გერმანია და საფრანგეთი) ამ მხრივ ყველაზე დაბალი საფრთხე.

მედიაბაზრის მრავალფეროვნებას ორგანიზაცია რამდენიმე კომპონენტით საზღვრავს, ესენია, მედია-მფლობელობის გამჭვირვალობა და კონცენტრაცია, მფლობელებისა და კომერციული გავლენა სარედაქციო შინაარსზე და ეკონომიკური პირობები, რომელშიც მედიას უწევს მუშაობა.

მედიაპლურალიზმის მონიტორინგი 2 სახის - ჰორიზონტალურ (როცა ერთი კომპანია მის კონკურენტებს ყიდულობს ბაზარზე) და მედიებს შორის (როცა ერთი კომპანია ფლობს სხვადასხვა სახის მედიაკომპანიას - რადიოს, ტელევიზიას, გაზეთებს, ინტერნეტ მედიას და ა.შ.) კონცენტრაციას გამოყოფს.

“ესტონეთში ჰორიზონტალური კონცეტრაციის მაღალი რისკი (83%) განპირობებულია, პირველ რიგში, სპეციფიკური რეგულაციების არარსებობით: მედიაკონცეტრაციის რისკი ყურადღების ქვეშ მოექცა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ძალიან გაიზარდა ბაზარზე Postimees (ყოფილი Eesti Meedia) წილი. მაღალია მედიებს შორის კონცენტრაციის რისკი - 88%”, - ნათქვამია მედიაპლურალიზმის მონიტორინგის ანგარიშში.

რამდენად მრავალფეროვანია ქართული მედიაბაზარი და უზრუნველყოფილია თუ არა მედიაპლურალიზმი?

საქართველოში კანონით უზრუნველყოფილია მედიამფლობელების გამჭვირვალობა. შესაბამისად, ცნობილია, რომ ქართულ მედიაბაზარზე არ ოპერირებენ უცხოური კომპანიები და ძირითადად, ვხვდებით ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან კავშირში მყოფ პირებსა და კომპანიებს მედიის მფლობელებად. ეს კი გავლენას ახდენს კონკრეტული მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკასა და მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. 

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, ნაკლებად შეინიშნება კონკრეტული 1 ან 2 კომპანიის ხელში მედია-მფლობელობის კონცენტრაცია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი (მაგალითად, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო) მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია. მათ საპირწონედ, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო "რუსთავი 2", რომელიც ზაფხულიდან ახალი მფლობელის ხელშია და ჯერ ამ ტელევიზიის კონტენტის მონიტორინგი რომელიმე პროფესიულ ორგანიზაციას არ განუხორციელებია. ყოფილი "რუსთავი 2-ის" გუნდის ბაზარზე 2 ახალი ტელევიზია აღმოცენდა და შესაბამისად, ჯერ არც ამ ტელევიზიების მონიტორინგის შესახებაა რამე ცნობილი. თუმცა, ზედაპირული დაკვირვებით უკვე ჩანს, რომ ტელევიზიების რაოდენობის ცვლილებით, რეალურად კვლავაც სახეზე გვაქვს პოლარიზებული მედია, რაც ნაკლებად ემსახურება მედიაპლურალიზმს.
კატეგორია - საქართველო

“ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს.  ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!” - ტელეკომპანია “იმედზე”, “მაესტროსა” და “GDS-ზე”,  სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.  ამის შესახებ “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

altმისივე თქმით, 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის შიდა ქსელი, რის გამოც მაუწყებელი თბილისიდან და რეგიონებიდან მასალებს ვერ იღებდა.   

imedinews.ge-ს ინფორმაციით,  "იმედში" ძვირადღირებული ტექნიკა დაზიანდა. 

„ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ", - განაცხადა imedinews.ge-სთან ტელეკომპანიის იურისტმა ანდრო ლაშხმა.

ტელევიზიების გარდა, 28 ოქტომბერს,  ტექნიკური პრობლემა შეექმნა სხვა მედიასაშუალებებსაც, მათ შორის:

  • ტაბულა
  • გურიის მოამბე
  • თრიალეთი
  • საქინფორმი
  •  parvana.ge
  • mediacentri.ge
  • zugdidelebi.ge
  • topnews.com.ge
  • tv 25
  • firstnews.ge
  • გაზეთი აჭარა
  • სამხრეთის კარიბჭე
  • tvpirveli.ge
  • civil.ge
  • okribanews.ge
  • jnews.ge
  • nor.ge

ამ   საიტების  გარდა, დაჰაკულია სხვა ათასობით სამთავრობო და არასამთავრობო ვებგვერდი. საიტების გახსნისას მათზე ჩნდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო  ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).

alt

 ვებგვერდების უმრავლესობა, რომლებზეც კიბერშეტევა განხორციელდა, კომპანია “პროსერვისის” სერვერზეა განთავსებული. კომპანიაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ პრობლემაზე მუშაობენ და ამ დროისთვის (16:30სთ) კომენტარს ვერ გააკეთებენ. ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით კი, “პროსერვისის” სერვერებზე თავდასხმა ამ დრომდე მიმდინარეობს და კომპანიაში ამ წუთებშიც შეტევას იგერიებენ.

ვებგვერდების დაჰაკვაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286 მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

[მასალას პერიოდულად ემატება იმ მედიების ჩამონათვალი, რომლებსაც დღის განმავლობაში ასევე ექმნებათ ტექნიკური პრობლემები]

კატეგორია - საქართველო

სიღრმისეული ანალიზი, კონკრეტული თემატური მიმართულებები, მულტიმედია, პოდკასტი, ვიდეო ესსე, ბლოგები,  - ეს არის მთავარი პრიორიტეტი გამოცდილი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ახალი ონლაინ მედია “პუბლიკის”, რომელმაც შთამბეჭდავი ანონსებით პუბლიკას უკვე შეუქმნა განსაკუთრებული მოლოდინი.

publika.ge - ს გუნდი ვებგვერდის გაშვებამდე ბოლო საათებს ითვლის. ყველა ის მასალა, რომელზეც ამ მედიისთვის ახალი, მაგრამ ერთად მუშაობაში გამოცდილი, ძველი გუნდი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, საიტზე ეტაპობრივად იტვირთება და მკითხველს ელის.

alt“პუბლიკა, საზოგადოება, ხალხი - პრინციპში, მესიჯიც ის არის, რასაც ეს სახელი ამბობს. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს იმ თემებზე, რაც უშუალოდ ეხება მათ ყოველდღიურობას, რაც მათი მომავალი, უკეთესი ცხოვრებისა და ინფორმირებული არჩევანისთვის არის საჭირო”, - გვეუბნება “პუბლიკას” მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

ლიკა ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც გამოცემა “ლიბერალიდან” წამოვიდნენ და ახალი მედიის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. “პუბლიკას” თითქმის უცვლელი შემადგენლობით ქმნიან, - 8 მათგანი, ძველ გუნდს მხოლოდ ერთი წევრი გამოაკლდა. ერთად მუშაობაში გამოცდილმა გუნდმა ზუსტად იცის, ვინ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მიზანი ყველას ერთი აქვს - ოპერატიულად, და ამავე დროს, მარტივად და გასაგებად მიაწოდონ აუდიტორიას სანდო და გადამოწმებული ამბები.

alt

“პუბლიკაში” ფიქრობენ, რომ მათი ერთ-ერთი გამორჩეული მხარე კონკრეტული თემატური მიმართულებები და ამ თემების სიღრმისეული ანალიზი იქნება. ექნებათ ახალი ამბებიც.

“განათლება, ჯანდაცვა, გარემო, ქალთა უფლებები, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული ამბები - ვფიქრობთ, რომ ამ და სხვა თემატური მიმართულებებით, ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით. გვაქვს კონკრეტული სტრატეგიაც, გვინდა, რომ ამ საკითხების გაშუქებისა და ამ თემებზე სიღრმისეული, ამომწურავი და ექსკლუზიური ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ მოვიაზრებოდეთ”, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.

“პუბლიკას” ახალი ამბების რედაქტორის ნათია ამირანაშვილის თქმით, გამოცემის პრიორიტეტებს მკითხველი ვებგვერდის გაშვებისთანავე, მალევე შეამჩნევს: “სექტემბრიდან, ადმინისტრაციული საქმეების პარალელურად, კონტენტზეც ვმუშაობდით. რეგიონებშიც ვიყავით, გვინდოდა, მასალები თემატურად შეგვერჩია. ბევრ სფეროს შევეხეთ, მათ შორის, კულტურა და ურბანული განვითარება”.

“პუბლიკას” ექნება ბლოგებიც, ნათია ამირანაშვილის თქმით, რამდენიმე ავტორის ბლოგი უკვე მზადაა.

altბასტი მგალობლიშვილი ამბობს, რომ "პულიკა" აუდიტორიას პოდკასტებსაც მოუმზადებს. “დიდი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან გაამრავალფეროვნებს ჩვენს კონტენტს. ექსპერიმენტებს ვატარებთ, გვინდა, რომ ვიდეო ესეს ფორმატიც შემოვიტანოთ. მაგალითად, მე ვაკეთებ კინოზე ვიდეო ესსეს და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა. გვექნება ფოტო რეპორტაჟებიც”, - გვეუბნება ბასტი მგალობლიშვილი და ამატებს, რომ კონტენტის ვიზუალი მათი ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია: “მიუხედავად მცირე რესურსებისა, ბევრი ვიფიქრეთ ვიზუალურ მხარეზე. რა თქმა უნდა, მთავარი შინაარსია, მაგრამ ფორმა, როგორ მიიტან მკითხველამდე ინფორმაციას, არანაკლებ მნიშვნელოვანია”.

მულტიმედიური კონტენტი რომ “პუბლიკას” ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება, გვიდასტურებს გამოცემის მთავარი რედაქტორიც. ლიკა ზაკაშვილის თქმით, ვიდეო მიმართულების განვითარება მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მუშაობა ამ კუთხითაც დაწყებულია.

“ვცდილობთ, რომ მოვერგოთ თანამედროვე აუდიტორიას. ვიცით, დღეს რამდენად მნიშვნელოვანია მულტიმედია კონტენტი. უკვე დავიწყეთ მუშაობა, ტექნიკური რესურსი რომ გაგვიჩნდება, მეტს გავაკეთებთ”, - გვეუბნება ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც ძირითადად კონტენტის ამ ნაწილზე აგებს პასუხს.


alt

გეგმებთან ერთად ბევრია გამოწვევაც, მათ შორის მთავარი, ტექნიკური და ფინანსური რესურსები. ახალი მედიის შექმნა ძველმა გუნდმა ნულიდან დაიწყო, მეგობარი ორგანიზაციების მხარდაჭერით. პირველ ეტაპზე საჭირო აუცილებელი ტექნიკის უზრუნველყოფა მოახერხეს.

“ცუდად არ ვართ წარმოდგენილი, მაგრამ, ცხადია ჯერ ყველაფერი არ გვაქვს”, - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

“პუბლიკას” ამ ეტაპზე ორი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს - ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” და “ევროპის დემოკრატიის ფონდი”. კონტენტთან ერთად, გუნდის გეგმაა სარეკლამო შემოსავლებზე იმუშაოს.

“გვაქვს ხედვა და ვაპირებთ მალე დავიწყოთ მისი სისრულეში მოყვანა. რა თქმა უნდა, მხოლოდ სარეკლამო შემოსავლებზე ვერ ვიქნებით, უბრალოდ, ჩვენი მიზანია, რომ ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.




“ლიბერალის” გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.მიზეზად მედიის მფლობელთან სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობა დასახელდა. ახალი მედიის დაარსება მაშინვე დააანონსეს, პირველი გზავნილები სოციალურ ქსელში კი “ლიბერალის” დატოვებიდან დაახლოებით 4 თვეში გაჩნდა - 18 ოქტომბერს “პუბლიკამ” სოციალურ ქსელში ჩაუშვა გვერდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ გვერდზე მხოლოდ მედიის შესახებ მოკლე ვიდეოანონსები და გუნდის შემადგენლობაა, “პუბლიკას” უკვე ჰყავს (28 ოქტომბრის მონაცემებით) 10 000-ზე მეტი გამომწერი.

alt

“მართალი გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, ამხელა გვერდში დგომას, მე პირადად, არ ველოდი. გვერდის გაზიარებები რომ დაიწყო, ჩვენი ერთგული მკითხველები რომ მოუწოდებდნენ საზოგადოებას გამოეწერათ გვერდი და მოგვყოლოდნენ ფეისბუქზე, ეს იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული და უფრო მეტი პასუხისმგებლობა”, - ამბობს ნათია ამირანაშვილი.

აუდიტორიის ამგვარმა რეაქციამ პასუხისმგებლობა ყველა ჟურნალისტს გაუორმაგა. ბასტი მგალობლიშვილი ფიქრობს, რომ მათი მკითხველი იმ ღირებულებებს უჭერს მხარს, რასაც მათი გუნდი წლების განმავლობაში ემსახურებოდა.

„ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის და რაც მთავარია, მკითხველის აზრით, ვქმნიდით სანდო, კვალიფიციურ, მიუკერძოებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ მედიაკონტენტს“, - დაწერეს 18 ოქტომბერს, ანონსში,
“პუბლიკას” დამფუძნებლებმა.



“პუბლიკას” ახალ, ძველ გუნდს, რომლის შემადგენლობაში ამ ეტაპზე არიან: ზურა ვარდიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ნათია ამირანაშვილი, თათია ხალიანი, ქრისტინე მუჯირი, ბასტი მგალობლიშვილი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და სალომე გორგოძე, იმედი აქვს რომ მალე მოახერხებენ დამკვიდრდნენ მედიაბაზარზე როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული მედია, საინტერესო კონტენტით.